#დილაუზმოს_ფიქრებიდან
ნდს
ცენტრიდანული წრეები წყლის ზედაპირზე
მას შემდეგ, რაც რეპრესიების შედეგად საბჭოთა ტოტალიტარულმა სახელისუფლო მანქანამ ნამდვილი ინტელიგენცია მოსრა, იდეოლოგიური მუშაობა ერთდროულად ორი მიმართულებით წარმართა: 1. დარჩენილებს, ანუ მისდამი გარეგნულად მაინც, ლოიალურებს ხომ სასათბურე პირობების შექმნა დაუწყო და 2. გაჩენილი ვაკუუმის დაუყოვნებლივ შესავსებად მუშურ-გლეხური გარემოდან ამორჩეული და დაწინაურებული ახალი ფენის - საბჭოთა ინტელიგენციისა და მისი ელიტის შექმნაზე ინტენსიურ მუშაობას შეუდგა.
ამ საქმეში, საზოგადოებრივი აზრის სამართავად, აქტიურად და წარმატებით იყენებდა ხელოვნებას, განსაკუთრებით მასობრივი ზემოქმედების ისეთ მძლავრ საშუალებას, როგორიც იყო კინემატოგრაფი (დღემდე გადაღეჭილი იქნება ეს საკითხი და სიტყვის გაგრძელება არ ღირს)
ცხადია, ასეთ შემთხვევებში იარსებებდნენ ბედნიერი გამონაკლისებიც, ყოველ შემთხვევაში, ასეთ საკითხზე მსჯელობისას მათი არსებობა აუცილებლად უნდა დავუშვათ.
ამ ახალმა კონგლომერატმა შვა ახალი თაობა, თავისი ელიტით - კარგად ნაკვებ- განათლებულით, სასათბურე პირობებში გაზრდილით, წინასწარ სამომავლო არხგაჭრილით.. - რომელსაც ბევრ ისეთ რამეზე მიუწვდებოდა ხელი, მის თანათაობელებს მხოლოდ ოცნება რომ შეეძლოთ. ამ თაობის ელიტისადმი უკვე ახალი მიდგომის შემუშავება იყო საჭირო საბჭოთა სპეცსამსახურების მხრიდან, მაგრამ არც უცხოეთის სპეცსამსახურები იყვნენ, როგორც იტყვიან, მხარ-თეძოზე წამოწოლილები. ახალთაობელთა მიმართ ორივე მხრიდან , ძირითადად “თაფლაკვერის მეთოდი” გამოიყენებოდა. ანუ ეს ახალი ელიტა ერთდროულად ორი ,, მზრუნველი” ძიძის ხელში აღმოჩნდა. ამან არაერთი ახალთაობელის დეზორიენტაცია გამოიწვია.
და რაკი სოციალურად პრივილეგირებული ეს ფენა საზოგადოებაზე გავლენის მოსახდენ ბერკეტებთან ახლოზე ახლოს იყო, ეს დეზორიენტაცია - წყალში ჩაგდებული ქვის ირგვლივ ცენტრიდანული წრეები რომ ჩნდება, ისე ვრცელდებოდა საზოგადოებაზე - უფრო ახლო წრეები “ჩავარდნის ცენტრის” მეტ გავლენას განიცდიდნენ, ცენტრიდან - მეტად და მთლად დაშორებულებში - ეს გავლენა შესაბამისად - თანდათან სუსტდებოდა. დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება ითქვას, რომ შინაგანად გაორებული ეს თაობა, მისი დიდი ნაწილი საბოლოოდ მაინც ტრაგიკული აღმოჩნდა. გადარჩენილები, ვისაც მეტი მოქნილობის უნარი დაჰყვა, დიდ სახელისუფლო, სისტემურ, სოციალურ ცვლილებებს კარგად მოერგო, ყოველთვის მიაგნო სათავისო ნიშას და ხანდაზმულობაში საკუთარი წარსულის “გადაწერას” - ახლებურად კითხვა - გავრცელებას შეუდგა… ეს ფიქრები “ფეისზე” გელა ჩარკვიანის გამონათქვამმა გამოიწვია. ისე ლაპარაკობს საბჭოთა მმართველობასა და ინტელიგენციაზე, თითქოს საქართველოს მთავარი იდეოლოგის - პარტიის ცეკას მდივნის კანდიდ ჩარკვიანის შვილი თვითონ კი არა, სხვა იყო. ტიპობრივია ასეთ მემუარებში მოზარდის ოჯახური მოდელი - მკაცრი მაგრამ სამართლიანი, პატიოსანი მამა, რომელიც გარეგნულად კი პრივილეგირებულია, მაგრამ სინამდვილეში - რეჟიმის მსხვერპლია და სათნო დედა. ეს იგივეა, კომუნისტების დროს საქართველოს მთავარი ცენზორის - ელგუჯა მაღრაძის შვილმა - დათო მაღრაძემ საბჭოთა ცენზურის კრიტიკას რომ მიჰყოს ხელი, ან ახლა სხვათა, კოლეგა - შემოქმედთა საქმიანობაში საბჭოთა ცენზურის კვალს ხედავდეს და საკუთარი ბავშვობის ოჯახური მოდუსიც ამ მოდელს შეუსაბამოს. საბედნიეროდ, გონიერება ჰყოფნის, ასე არ მოიქცეს. ყველაზე სასეირო რამ მაინც ერთი იყო. წლების მანძილზე იგი ხელმძღვანელობდა ,,პენ საქართველოს”, მისი ცენტრის ბრიტანული “ პენ ინტერნეიშენალის” და შესაბამისად ,, პენთან” შეერთებული ყველა ქვეყნის ძირითადი საქმიანობა კი სწორედ ცენზურის წინააღმდეგ ბრძოლაა. ჩავთვალოთ, რომ “ის ურჩევნია მამულსა”. ინფორმაციისთვის - როგორც პოეტზე - დათო მაღრაძეზე კარგი აზრისა ვარ!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება ითქვას, რომ ბევრი სადარდებელი, საკრიტიკო და პრობლემები დაგროვდა , დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება ითქვას, რომ ბევრი სადარდებელი, საკრიტიკო და პრობლემები დაგროვდა ,
|
|
მონაცემები არ არის |
|
|