ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
7 დეკემბერი, 2023


ქაღალდის ადამიანები ( ნაწილი IX )


            დამიანე მაშინვე მიხვდა, რომ დილეგში მარტო აღარ იყო. შეცბუნებული ფეხზე წამოდგა, კარებს აეკრა და დაჟინებული მზერით ცდილობდა მეზობელი შეემჩნია. ამის გაფიქრებისას სქელლანჩიანი ფეხსაცმელი სიბნელეში გაუჩინარდა და დამიანეს პირისპირ უზარმაზარი სილუეტი წამოიმართა, რასაც ფანრის ჩხაკუნიც მოყვა და მის წინ გოლიათივით თმა გაჩეჩილმა წვეროსანმაც გამოანათა. მამაკაცი შუა ხნის მიტანებული იქნებოდა, რომელსაც ტანზე აქა-იქ შემოხეული პერანგი და გრძელი ნაჭრის შარვალი ეცვა, ხოლო სახე იმდენად ჩამალული ჰქონდა თმებში, რომ თვალებიც კი ძლივსღა მოუჩანდა. ფანარი დამიანეს სახესთან აათამაშა და დანახვისას უკმაყოფილოდ დააბრუნა მაგიდაზე. თიხის მომცრო ჭიქიდან წყალი ერთიანად გადაჰკრა, დასველებული წვერ-ულვაში მკლავით შეიმშრალა და ხის მოზრდილ სკამზე მძიმედ ჩამოჯდა. ფანრის მბჟუტავი ნათება საკანს სანახევროდ ჰყოფნიდა. შეშინებული დამიანე ისევ კართან იდგა და ვერაფრით გაერკვია მისი მეზობელი პატიმარი იყო თუ „ცოცხალი მიცვალებული“. გამთენიისას როდესაც ზამთრის ცივმა ნაკადმა, დილეგშიც ჭარბად შემოაღწია უცნობმა მასთან გამოლაპარაკება სცადა.


- ზედა სართულის დილეგებში სარკმელი მაინც იყო, აქ კი ვერაფერს ხედავ, ვერც ერთ სულიერს ვისთანაც გამოლაპარაკებას შევძლებდი. ვატყობ ქერუბიმებმა პირდაპირ აქ მოგიჩინეს ადგილი, რადგან ჩვენს მეფეს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დაუშავე. სახარბიელოდ ნამდვილად არ გქონია საქმე. კაცმა არ იცის რა მეთოდით დაგსჯის, მაგრამ ფაქტია, რომ მის რისხვას ვერსად გაექცევი, მითუმეტეს აქედან.
- მე მისთვის არაფერი დამიშავებია, რადგან საერთოდ არ ვიცნობ. ნეტავ ის მაინც მაცოდინა ქერუბიმები ვინ არიან აქ? - ჰკითხა დამიანემ.
- წყევლის შესახებ რაიმე გსმენია?
- ვიცი, რომ საუკუნეების წინ შეთქმულებისა და მეფე-დედოფლის მოკვლის გამო აქაურობა დაიწყევლა. - უჩვეულოდ ჩაფიქრდა - თქვენ რა გქვიათ?
- ზენონი - დოქიდან წყალი ჩამოუსხა და ფრთხილად გაუწოდა. - გამომართვი, შენს მოკვლას არ ვაპირებ.
დამიანემ წყალი მშვიდად შესვა, შედარებით განათებულ დილეგს კიდევ ერთხელ მოავლო თვალი და ყურადღება ისევ ზენონისკენ გადაიტანა.


- ქალაქში ერთი თვის წინ დავსახლდი. ლიტონზე აქამდე არაფერი მსმენია გარდა იმას, რომ აქ კოსმოსური ცენტრია. კოსმოსი, ინფორმაციები, ჩანაწრების კეთება ყოველთვის მხიბლავდა, ამიტომ ეს ქვეყანა საუკეთესო ადგილია ჩემნაირი ადამიანებისთვის, თუმცა მას შემდეგ რაც აქ მოვხვდი ყველაფერი შეიცვალა. აქაურებთან გამოლაპარაკება თითქმის ვერ შევძელი, რადგან ხალხი განსაკუთრებით ჩუმი და გარინდიულია. ქალაქის გაცნობა ერთადერთხელ ვცადე და ისიც კინაღამ მომკლეს. ორი დღის წინ მოხდა ეს ამბავი და რომ არა ერთი გულისხმიერი კაცი, ნამდვილად განწირული ვიყავი.
- დესპანები?
- დამალვას აზრიც აღარ აქვს. იმ კაცმა დესპანები მოკლა და ეჭვი მაქვს თადეოზმა ეს ყველაფერი უკვე გაიგო და სწორედ ამიტომაც ვარ ახლა აქ. - უპასუხა დამიანემ.
- არ მგონია მხოლოდ ეგ გამხდარიყო შენი შეპყრობის მიზეზი. კიდევ რა იცი ლიტონის შესახებ? -უცნაურად ჩაეძია.
- არც არაფერი. აკი გითხარით არავისთან არ მისაუბრია თქო.
- თადეოზი, გვედერს აქამდეც მოუღებდა ბოლოს, თუმცა როგორც ვხედავ შენ ისევ ცოცხალი და საღსალამათი ხარ. ესეიგი მეფეს შენდამი სულ სხვა განზრახვები ამოძრავებს და სწორედ ამის გაგებას ვცდილობ ახლა.
- გვედერი? ეგ რას ნიშნავს?
- თქმულების მიხედვით, გვედერი არის ადამიანი, რომელიც არ არის ლიტონის მკვიდრი და არც წყევლა მოქმედებს მასზე. მხოლოდ გვედერს შეუძლია მეფის მოკვლა და ლიტონის ხსნა საუკუნოვანი სასჯელისგან. 
- რამდენი ხანია რაც აქ ხართ?
- დაახლოებით ათი წელია. შესაძლოა კიდევ უფრო მეტიც. - ფეხზე წამოდგა და დამიანეს მიუახლოვდა. - მას შენ სჭირდები და არაფერს დაგიშავებს. შენი საუბრიდან ყველაფერი ისედაც ცხადია. მე კიდევ ავაზაკობისთვის ვზივარ და კიდევ კარგა ხანს მამყოფებენ აქ. უკვე ისიც დამავიწყდა რა შეგრძნებაა ხალხთან საუბარი, მზის სხივის შეხებისას განცდილი სითბო, სველ ბალახზე ბრილიანტებივით მოკიაფე წვიმის წვეთები და საყვარელი ქალის სურნელი, რომლისთვისაც არასდროს მითქვამს თუ რა ძალიან მიყვარდა.
- ახლა სად არის?
- ჩვენს სახლში - სევდის აუტანელმა სიცივემ გოლიათივით კაცი,თითქოს წამში დააპატარავა - როცა ადამიანი გიყვარს, თითქოს სახლში ხარ, თუმცა როდესაც ერთ-ერთი მათგანი მას ტოვებს, დარჩენილი სიცარიელე გაუსაძლისი ხდება, რადგან იქაურობას აღარ ეკუთვნი. იქ აღარ არის ადგილი, სადაც ოდესღაც გელოდნენ.
- ზენონ - შემაწუხებელი სიჩუმის დარღვევა ისევ, დამიანემ სცადა - შვილები გყაავთ?
- ორი ბიჭი. წლების წინ ლიტონის სამეფო ლეგიონს შევუერთდი, რომელიც მეფისა და ქალაქის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. თითოეული მათგანის ვალი იყო, რომ მკაცრად დაეცვა ლიტონის საიდუმლოება და არავის მისცემოდა უფლება ახალი ომის წამოწყების, რომელმაც ერთხელ უკვე დიდ განსაცდელში ჩააგდო ქვეყანა. თანამედროვე კაციობრობა ვერასდროს გაიგებს ამ წყევლის შესახებ სანამ აქაურობა სრულ თავისუფლებას არ მოიპოვებს. ჩვენ ვერ გავწყვეტთ კავშირს დარჩენილ სამყაროსთან, თუმცა აქ დაწყებული არეულობები მხოლოდ იმას მოიტანს, რომ ლიტონიდან ცოცხალი აღარავინ დარჩება. დღევანდელობა არ არის მზად ამ ყველაფრის მისაღებად. სწორედ ამიტომ შევუერთდი ლეგიონს, რომ ჩემივე ოჯახის კეთილდღეობაზე მეზრუნა მუდამ.
- მაშინ რა მოხდა? რატომ ხართ აქ?
- მათ ჰგონიათ, რომ ის ნივთი მაქვს ნაქურდალი, რომელიც მეფისთვის სასიცოცხლოდ საჭიროა. - უთხრა ზენონმა.
- რა ნივთია ასეთი, რისთვისაც აქ ყოფნა ასე გიღირთ? თქვენი ოჯახისგან, ცოლისა და შვილებისგან ამდენად შორს?
- „ბედის წიგნი“. სანამ დესპანები და ქერუბიმები მას არ იპოვიან, იქამდე აქ მომიწევს ყოფნა, თუმცა როგორც ატყობ უკვე ათი წელია მას დაეძებენ. წიგნი მე ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ... - დამიანესგან ზურგით დადგა, პერანგი წამოიწია, სადაც გაშოლტვისგან დარჩენილი იარები მთელ სხეულს უფარავდნენ. - ეს ყოველ თვე მიწევს. ათი წელია, ყოველ თვე მიმათრევენ იმის იმედით, რომ ერთ დღესაც ადგილ-მდებარეობას ვეტყვი, მაგრამ ამაოდ. მე ის წიგნი არ დამიმალავს. - და ისევ სკამზე ჩამოჯდა.
- ... და რაში სჭირდებათ ის წიგნი? - მიუბრუნდა დამიანე.
- ის წიგნი მეფე თადეოზს ეკუთვნის, რომელიც წლების წინ სასახლიდან მოიპარეს და ეჭვი აქვთ, რომ აქაური მაგას ვერ შეძლებდა, ამიტომ გვედერებშიც ეძებენ. თუ წიგნი თადეოზზე უარეს ადამიანს ჩაუვარდა ხელში დაწყევლილი ლიტონის ბედს სრულიად კაცობრიობა გაიზიარებს და ხალხს სიკვდილი სანატრელი გაუხდება, რადგან სააქაო და საიქიო სამყარო დედამიწაზე მოიყრის თავს და მისი მმართველი მხოლოდ წიგნის პატრონი იქნება. გრებრერები უძლურნი გახდებიან წიგნის გარეშე, ხოლო თითოეული ადამიანის სული სამუდამოდ აქ განაგრძობს ცხოვრებას. ვისაც ჟამი მოუწევს, სიკვდილი უმალ თავზე დაატყდებათ, თუმცა ბედის განგებით ისინი კვლავ გაცოცხლდებიან და ასე უსასრულოდ გაგრძელდება მანამ, სანამ წიგნი გრებრერებს არ დაუბრუნდებათ. ადამიანები და ადამიანებად დარჩენილი სულები ვერასდროს ჰპოვებენ შვებას. ერთად მოუწევთ ცხოვრება და იმის კეთება რასაც პატრონი უბრძანებს. წარმოგიდგენია სამოთხე ანგელოზების გარეშე? ბოლო სამი ათწლეულია იქ არავინ მომხვდარა და ახლა შენ თუ რომელიმე შენს ადამიანზე ლოცულობ, შეიძლება ლიტონის მრუდე ქუჩებში გადააწყდე, რადგან  სამოთხის ნაცვლად ყველანი აქ არიან. ახლა ხომ ხვდები თუ რა ძალაუფლება გააჩნია „ბედის წიგნს“?
- გრებრერები წიგნის იცავენ?- ჰკითხა დამიანემ.
- არა მხოლოდ. ისინი განაგებენ ადამიანების ბედისწერას და გარდაცვლილთა სულებს ჯოჯოხეთსა და სამოთხეში ანაწილებენ. ვის ხელშიც წიგნია, სწორედ მას ემორჩილება წიგნიც. - უპასუხა ზენონმა, რომელიც აშკარად მიუხვდა დამიანეს ინტერესს. - თუ ასე გაინტერესებს მაშინ მე მოგიყვები ორი სამეფო კარის დაპირისპირებების ამბებს, რომელმაც ახლანდელი კაცობრიობის ბედი სრულიად შეცვლა.



                                                                                                                        (გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები