ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
13 დეკემბერი, 2023


ეკა და კატო

კატო და ეკა ერთ სოფელში, ერთ ქუჩაზე, ერთმანეთის მოპირდაპირედ ცხოვრობენ. ისინი მარტო მეზობლები კი არა, მეგობრებიც არიან და სეხნიებიც. რატომ?  სკოლაში რომ წავლენ ორივე მათგანი ეკატერინე იქნება. ამ  ყველაფერთან ერთად ეს ცუგრუმელა გოგონები ტოლებიც გახლავთ, თუმცა, კატო ათი დღით უფროსია ეკაზე და ამას იფერებს კიდეც. ვინმე რომ იკითხავს: ეს გოგონები ტოლები არიანო? დინჯად მიუგებს: არა , მე უფროსი ვარო.
მათი ქუჩა ცენტრალური ქუჩა არაა, ამიტომ იქ მანქანა იშვიათად გაივლის და გოგონები თავისუფლად მიდი-მოდიან უფროსების გაცილებისა და კონტროლის გარეშე. ხან კატოსთვის მოწყობილ საბავშვო მოედანზე ქვიშისგან სასახლეებს აშენებენ, ხან გვირაბები გაჰყავთ, ხან კი, ეკას ეზოში, მსხლის ხეზე დაკიდულ ფერად საქანელაზე ქანაობენ ხოლმე.
ამ დილითაც, როგორც კი ისაუზმა, კატომ ბებოს დაუბარა: „ ეკასთან მივდივარო“ და მეგობრის ლამაზ ეზოში შეაბიჯა. ეკასაც მოემთავრებინა საუზმე და საქანელაზე იჯდა. რა კი დამქანავებელი არავინ ჰყავდა, მას წაღმა-უკუღმა ატრიალებდა. კატოს დანახვა ძალიან გაუხარდა და ეგრევე, დამაქანავეო, თხოვა.
კატოს თვითონ უნდოდა ექანავა, მაგრამ მეგობარს ხათრი არ გაუტეხა და გულმოდგინედ დააქანავა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. ეკა აღმა-დაღმა დაქროდა, კისკისებდა, აფრიალებულ კუკულებს მალი-მალ ისწორებდა და „კიდევ, კიდევო“ იძახოდა.
კატოს თვითონაც ძალიან მოუნდა ჰაერში ქროლა.
- გეყოფა ეკა, ახლა ჩამოდი, მე დავჯდები და შენ დამაქანავე - თხოვა მეგობარს.
- არა, ჯერ ისევ მე მინდა - გააპროტესტა ეკამ.
- რამდენი ხანია ქანაობ...
- მერე რაა? კიდევ მინდა - ჯიუტად გაიმეორა გოგონამ.
- მეც რომ მინდა?
- საქანელა ჩემია და რამდენ ხანსაც მინდა იმდენ ხანს ვიქანავებ - ჩამოსძახა ეკამ.
- კარგი, მაშინ იჯექი და იქანავე - გაბრაზდა კატო. მეგობარს ენა გამოუყო, გაიქცა და ჭიშკარი გაიჯახუნა.
ცოტა ხანს კიდევ ადი-ჩადიოდა საქანელა, მერე კი, ხელის მკვრელი რაკი აღარავინ იყო, ნელ-ნელა შენელდა მოძრაობა და  გაჩერდა კიდეც.
ეკამ მიმოიხედა. საოცრად ცარიელი ეჩვენა ეზო კატოს გარეშე. ინანა: „ცუდად მოვიქეცი, კატოს რომ საქანელა არ დავუთმეო“. ჩამოხტა საქანელადან და კატოსთან წასვლა გადაწყვიტა.
გაბრაზებული, გულდაწყვეტილი კატო ეზოში შევიდა და თავის მოედანს მიაშურა. ვერ გადაეწყვიტა, ქვიშაში ეთამაშა თუ სასრიალოზე ესრიალა. ჩამოჯდა გვირილებიან ძელსკამზე და მიმოიხედა. მასაც ცარიელი მოეჩვენა ეზო ეკას გარეშე, მაგრამ როგორც კი გაახსენდა, როგორ არ დაუთმო საქანელა ეკამ, წამსვე გაუქრა მასთან ყოფნის სურვილი.
უცებ, ქუჩიდან ეკას განწირული კივილი მოესმა. კატოს ყველაფერი დაავიწყდა და სწრაფად გაიქცა ჭიშკრისკენ. ეკა ღობეს აკვროდა, მის წინ სამი ბატი იდგა. კისერწაგრძელებულები, სისინებდნენ და საკბენად იწევდნენ. ეკას ხელები სახეზე აეფარებინა და კიოდა.
კატო არ დაიბნა. ირგვლივ ჯოხი ვერ იპოვა, მაგრამ კენჭები მოხვეტა და ბატებს დაუშინა. ისინი შეშინდნენ და უკან დაიხიეს. სისინი შეწყვიტეს და გზა გააგრძელეს. კატო ეკას ჩაეხუტა. შეშინებულმა გოგომ ხელები მაგრად მოხვია და ახლა ზლუქუნი ამოუშვა.
- ნუ გეშინია, მე შენთან ვარ, არ მიგატოვებ - ეუბნებოდა კატო და თავზე ხელს უსვამდა.
- არ მინდოდა შენი წყენინება, მოდი, ერთად ვიყოთ და თუ გინდა, სულ შენ იქანავე - სლუკუნ-სლუკუნით ეუბნებოდა ეკა და უფრო და უფრო ეხუტებოდა მეგობარს.
- არა, არ მწყენია - დიდსულოვნად იცრუა კატომ და თვითონაც ხელი მაგრად მოხვია ეკას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები