ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
24 დეკემბერი, 2023


ქაღალდის ადამიანები ( ნაწილი XI )

- ღვინო დამალევინე...
   

      თადეოზი მშვიდად წამოდგა, თიხის მოზრდილ თასში ღვინო ჩამოასხა და მამას გაუწოდა. მართალია შინაგან მღელვარებას ძლივსღა უმკლავდებოდა, თუმცა მეფე არაფრის თქმას არ ჩქარობდა და არც ის ცდილობდა რომ მისთვის ძალა დაეტანა, რადგან მამა გამორჩეულად უყვარდა, იმაზე მეტადაც ვიდრე ენეოსს, თუმცა ენეოსზე როგორც უფროს ვაჟზე და ტახტის მემკვიდრეზე გაცილებით დიდ იმედებს ამყარებდა მიუხედავათ იმისა, რომ თადეოზი ყველაფერს ცდილობდა მამის გულის მოსაგებად მაგრამ დღემდე არც ერთი ტკბილი სიტყვა არ დასცდენია მას უმცროს შვილზე. თადეოზი ხასიათებით არც დედას ჰგავდა და არც მამას. უყვარდა საინტერესო ხალხთან საუბარი და ურთიერთობა, მაგრამ იმასაც კარგად იაზრებდა რომ მამას სწორედ თავისნაირი შეუბრალებელი მემკვიდრე სჭირდებოდა სამეფოსთვის, რომელიც ისეთივე შიშის ზარს დასცემდა ქვეყანას, როგორც ის მთელი ცხოვრების განმავლობაში. ასე მიაყუჩა მასში ყველა საუკეთესო თვისება თუ უნარი ოღონდ კი სამეფო გვირგვინი სწორედ მას რგუნებოდა, მაგრამ მეფე მასთან ისევ საეჭვოდ დუმდა. მამის ჭოჭმანობამ დიდ საგონებელში ჩააგდო თადეოზი, რაც ერთადერთ გამოსავლად მის მასწავლებელთან სტუმრობას თვლიდა, რომელიც მეფის მრჩევლიც იყო და შეეძლო კიდეც დაერწმუნებინა მეფე იმაში რომ თადეოზი ერთადერთი რეალური კანდიდატი იყო ლიტონის წინამძღოლად. ახალგაზრდა ჭაბუკი საკმაო ხელმარჯვეობით გამოირჩეოდა საბრძოლო უნარებში, ხოლო მისი ხმლის ერთ მოქნევას შეეძლო კაცი შუაზე გადაეჭრა. არც სისხარტე აკლდა და არც გონივრულობა, მაგრამ დიბეკრონის სამეფოსთან ზავის დარღვევას და მისი ტერიტორიების ხელში ჩასაგდებად ეს არ კმაროდა. მეზობელ სამეფოზე ყოველთვის ათასგვარი ჭორი დაიარებოდა ხოლმე ლიტონში. ამბობდნენ რომ თავიანთ ყოვლისშემძლეობას მხოლოდ ჯადოქრობითა და ავ სულებთან მეგობრობით ინარჩუნებდნენ და ასევე იმასაც, რომ მათმა მეფემ თავისი სული პირდაპირ ეშმაკებს მიჰყიდა, რაც სანაცვლოდ „ბედის წიგნით“ დაგვირგვინდა და ამის შემდგომ მან შეძლო სრულიად სამყაროზე ებატონა, რადგან ნახევარი საუკუნეა ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოახერხა დიბეკრონის გალავნის აღება და ქალაქში არმიით შეღწევა. ერთადერთი დიბეკრონის მეფე იყო, რომელსაც ნების წინააღმდეგ აბელ II იძულებით ემორჩილებოდა, რადგან ერთხელ უკვე გაგონილი ჰქონდა თუ როგორ გადაურა დიდ ქალაქს ცეცხლისმფრქვეველმა დრაკონებმა და როგორ ფერფლად აქციეს იქაურობა. მას შემდეგ ის ადგილი სიკვდილის მიწად ქცეულიყო, სადაც ვერც სახლს ააგებდი და არც არაფერი აღარ ხარობდა. იქ გავლაც კი აშინებდა ხალხს, რადგან განწირული კივილისა და გოდების ხმა მთელს ტერიტორიაზე დღედაღამ ისე ისმოდა თითქოს დაქვრივებული ქალების სულები კვალავ დაძრწოდნენ მკვდართა მიწაზე. აბელ II-ს კი დიბეკრონის აღება მემკვიდრეობით სურდა გადაეცა ლიტონის მომავალი მეფისთვის, რათა მას მაინც შეძლებოდა ის რაც თავად დღემდე ვერაფრით მოახერხა.


-      მეფეო მომიტევეთ, მაგრამ თქვენ მართლა გჯერათ ცეცხლისმფრქვეველი დრაკონების, ბედის წიგნისა და მეფე ლუციუსის უძლეველობის? - ჰკითხა თადეოზმა, რაზეც მეფემ მოულოდნელად წამოდგომაში დახმარება თხოვა შვილს, შემდეგ კი ფართოდ გაღებულ სარკმელთან მიიყვანა, საიდანაც მთელი ლიტონის ხედები იშლებოდა.
- იმ ქედს ხედავ? -ხელით ანიშნა აბელმა. - ერთადერთი იმ ჩრდილოეთ ქედთან სრულდება ლიტონის საზღვრები, მაგრამ მე ყოველთვის მსურდა, რომ ჩემს ქვეყანას არ ჰქონოდა არანაირი საზღვარი... იქ დიბეკრონი იწყება
- იქნებდა კმარა ეს ყველაფერი დიდო მეფეო? - უპასუხა თადეოზმა, რაზეც განრისხებულმა აბელმა სახეში მთელი ძალით გააწნა შვილს. თადეოზი პირდაპირ მის ფეხებთან წაიქცა. შეშინებულმა და დაბნეულმა მტკივან სახეზე ხელი მოიკიდა და ფრთხილად წამოდგომას შეეცადა - მაპატიე...
- შემირცხვენია შენი შვილობა. ახლავე გაეთრიე მეფის საძინებლიდან და ჩემს დაკრძალვაზეც კი არ გაბედო ფეხის მოდგმა ლიტონის შემარცხვენელო. მამაჩემის დანატოვარი სამეფო უსასრულობად ვაქციე, ჩვენი დინასტია კი სახელოვნად და შენ! როგორ ბედავ და იძახი რომ კმარა ეს ყველაფერიო? ხვალვე, გესმის? ხვალვე ერთ ლუკმად არ ეყოფი შენს მტრებს იმდენად უსუსური ყოფილხარ. - თვალებში სისხლიღა ჩაუდგა გაბრაზებულ მეფეს, რომელიც უყურებდა კარისკენ მიმავალ და შერცხვენილ თადეოზსს. ხის კარები მძიმედ მიიხურა. აბელი ერთხანს ჩუმად იდგა, შემდეგ კი კმაყოფილებით გადახედა ქალაქს და ხელბგაშლილმა თავისთვის ჩაიჩურჩულა - დიდება მეფეს!
   

    გასვლისთანავე გზად ენეოსი შემოხვდა, რომელიც მაშინვე მიხვდა რომ რაღაც უჭირდა და ძმას მიუახლოვდა.
- თადეოზ... შემახედე, სისხლი გდის სახიდან.
- არაფერია - უსიამოვნოდ უპასუხა, ენეოსმა კი მეფის საძინებელს გახედა და ისევ თადეოზს მიუბრუნდა.
- ჩემთან ერთად წამოდი, ხვალიდნელი დღისთვის ნადიმი გავმართე და ყველანი იქ არიან. - კიბეებით დაბლა დაეშვნენ და ვრცელი დერეფნის გავლის შემდგომ მომცრო დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც  ენეოსთან ერთად მრჩევლები, ლიტონის რამდენიმე მეომარი და მთავარ-სარდლები ნამდვილ ავ-ხორცობასა და დროს ტარებას მისცემოდნენ. თადეოზის გამოჩენისთანავე ერთ-ერთმა სარდალმა თასი ღვინით შეივსო და სხვების ყურადღების მისაპყრობად მაგიდაზე ავიდა, საიდანაც ხმამაღლა მოუწოდა იქ მყოფთ.


- ... და აი ისიც მეგობრებო. ხვალ ერთ-ერთ მათგანს მეფედ აკურთხებენ, ამიტომ მინდა კიდევ ერთი სადღეგრძელო შემოგთავაზოთ. ყველამ შეივსეთ სასმისები - კმაყოფილი სახით გადახედა ძმებს და თასი კიდევ უფრო ზევით მომართა - დალოცვილი იყოს ლიტონის ახალი მეფე. დაე სწორედ მან აქციოს ჩვენი ქვეყანა დიდებულ სახელმწიფოდ, ისეთად რომლის ფეხ-ქვეშაც დანარჩენი სამყარო გაერთხმევა, ხოლო ჩვენ ყველგან და ყოველთვის გვებატონოს. დაე ხალხი გვემუდარებოდეს, რომ შევიწყალოთ... და არც ასეთი მშვენიერი არსებები მოკლებოდეს ჩვენს არმიას, რომელებიც დღეს ასე ლამაზად გვიმშვენებენ გვერდს. მაღალმა ღმერთებმა დაგლოცოთ!
- ძალიან დათვრა - თადეოზს გადასჩურჩულა ენეოსმა, თუმცა მაშინვე შეატყო ძმის უგუნებობა - რაც არ უნდა მომხადარიყო შენსა და მამას შორის დაივიწყე. მოხუცდა თავადაც არ იცის რა უნდა. სიმართლე გითხრა ჩემთვის ის დიდიხნის წინ მოკვდა, ამიტომ ხვალ ვინც არ უნდა ავიდეს ტახტზე, ერთმანეთს ახლავე უნდა მივცეთ პირობა, რომ გამეფების შემდგომ თანაბარ უფლებებს დავიტოვებთ, ერთმანეთს პატივსვცემთ და დავიცავთ. - ღვინო ერთიანად მოსვა და ძლიერად დადგა მაგიდაზე. - გაუმარჯოს ლიტონის იმპერიას.
- მან მე შემარცხვინა...
- ნუ იქცევი ლაჩარივით. მოკიდე ხელი აი ამ მშვენიერ ქალბატონს და დაამტკიცე, რომ ნამდვილი მამაკაცი ხარ.- პირდაპირ კალთაში ჩაუსვა ახალგაზრდა ქალი, თადეოზსს. ღვინით დასველებული წვერ-ულვაში ხელით შეიმშრალა და მის წინ მდგარ მაგიდას ჩამოეყრდნო. - დალიე, გაერთე და დაივიწყე სულელი ბერიკაცი, რომელსაც ორი პარასკევიღა დანარჩენია.
     

    თადეოზს კი ამასობაში სულ სხვა ზრახვები ამოძრავებდა. ძმის რჩევებს დაეთანხმა, თუმცა მისი ყურადღება მრჩეველმა მიიპყრო, რომელიც არხეინად მიმოდიოდა სასმისით ხელში, ამიტომ შესაბამისი დროის შერჩევა ამჯობინა, რათა თავის სათქმელი უკეთ აეხსნა სანამ ჯერ კიდევ საღ გონებაზე დაიარებოდა, თუმცა საქმე ისე მიდიოდა რომ ღმერთები დღეს აშკარად არ წყალობდნენ მას. ბოლოს ისევ მშვენიერ ქალბატონს შეხედა, რომლის თხელი, ნაცრისფერი და შეღეღილი კაბიდან საუცხოო მკერდი მოჩანდა, აღარაფერი რომ აღარ ვთქვათ მის ნაზ, დახვეწილ და ქალურ ფორმებზე, რომელმაც სქელ თმებში ფრთხილად შეუცურა ხელი თადეოზსს და ტუჩებზე ძლიერად მიიკრა. მოულოდნელი სიამოვნებისგან სუნთქვა შეკრულს კი მთლად დავიწყებოდა ყველაფერი.
- თქვენს თავს შეხედეთ როგორი კარგი ხართ, როგორი სქელი ტუჩები და ძლიერი მხრები გქონიათ. ალბათ თქვენს თვალებს ბევრი ქალის გული გაუტეხავს უფლისწულო. თქვენ კიდევ ისიც არ გინდათ, რომ წამიყვანოთ საძინებელში...
- მაცდუნებ? - გაეღიმა თადეოზს. - დედოფლობაზე არც იფიქრო...
- მე მხოლოდ დღევანდელ ღამეზე ვფიქრობ. თქვენთან წავიდეთ, ახლავე მოვშორდეთ აქაურობას უფლისწულო. - კიდევ უფრო ახლოს მიიწია და ყურში ჩასჩურჩულა - ... და გპირდებით, რომ კაბასაც კი საკუთარი ხელით გავიხდი. 


                                                                                                 
                                                                                                              (გაგრძელება იქნება)


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები