| ავტორი: სოფო88 ჟანრი: პროზა 6 იანვარი, 2024 |
(გაგრძელება)
2 იმ მომენტიდან, რაც ახალი "მოსწავლე"(დინა-ასე ერქვა გოგონას) მასწავლებლის ყოველდღიურობაში შეიჭრა, დაჩის დღე ორ ნაწილად გაიყო: დინამდე და დინას შემდეგ. გრაფიკი ისე შეადგინეს, ორივესთვის მოსახერხებელი რომ ყოფილიყო. რადგან გამოცდები ახლოვდებოდა პედაგოგმა თავის "დატვირთვა" გადაწყვიტა და "აბიტურიენტს" სამის ნაცვლად კვირაში ოთხი გაკვეთილი დაუნიშნა. გაოცებულ და მორიდებულ გოგონას მიზეზად დარჩენილი დროის სიმცირე დაუსახელა და ისიც ავტომატურად დათახმდა. სიმართლე რომ ვთქვათ ერთერთი მიზეზი ნამდვილად იყო ეს, მაგრამ მეორეს და პირველზე არანაკლებ მნიშვნელოვან მიზეზს დაჩი თვითონაც ვერ აცნობიერებდა. ვერ იაზრებდა რა და რატომ ხდებოდა მის თავს? რატომ იყო უსაფუძვლოდ ბედნიერი? რატომ ეღიმებოდა იმაზე ხშირად, ვიდრე მანამდე და რატომ თვლიდა იმ დღეს უინტერესოდ, როცა დინასთან მეცადინეობა არ ჰქონდა? აპრილის გაფურჩქვნასთან ერთად ბიჭის გულში გოგონას ხატება უფრო იწმინდებოდა, თბილ ფერებად ციმციმდებოდა, ყვავდებოდა და ბნელში შეპარული შუქივით ბრწყინდებოდა, იმ შუქივით, რომლის გამოჩენას ფეხდაფეხ აუცილებლად მოჰყვება ცისკარი, ცისკარს ახალი დღე, დღეს კი თავად ადამიანი ქმნის შესაძლებლობისამებრ. თავად ადამიანი აქცევს მას კარგად თუ ცუდად, საინტერესოდ თუ უინტერესოდ, ნაყოფიერად თუ უნაყოფოდ. ჰო, ადამიანი თვითონ წყვეტს როგორ მოირგოს დღეები ისე, რომ კომფორტის ზონა შეიქმნას ან პირიქით. დაჩისთვის არ იყო საკმარისი დინასთან გატარებული დრო, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, ის უნდა ეკმარა, რასაც გარემოება მისთვის იმეტებდა, იმ წუთებით და საათებით უნდა ეკვება გემრიელად, რომელსაც გოგონას გვერდით ატარებდა და ასეც იქცეოდა. თავიდან, ვიდრე თავს დატეხილ მღელვარებაში გაერკვეოდა, მასწავლებელს ეგონა ალბათ ეს ნერვიულობა იმის ბრალია, რომ ცოტა დროა დარჩენილი და მასალა კი ძალიან ბევრიო, იქნებ პასუხისმებლობა ასე მარტივად არ უნდა ამეღოო... მერე კი, სწრაფად იშორებდა ამგვარ ფიქრებს და დინასა და საკუთარ ხასიათებს ადარებდა. შეიძლება ითქვას დინა ცოტა ჯიუტი გოგო იყო, ამასთანავე ბრძოლისუნარიანიც. ძირითადად მაშინ ჯიუტობდა, როცა იმის სიმცდარეს უმტკიცებდნენ, რის სისწორეშიც თვითონ ასი პროცენტით იყო დარწმუნებული. მანამ არ გაჩერდებოდა, სანამ "მოწინააღმდეგე" მხარეს, ადვილად ათვისებადი წიგნივით არ გადაუშლიდა ფაქტის წარმომშობ მიზეზებს და მის რეალობაში არ დაარწმუნებდა. სხვა მხრივ მას მშვიდი, გაწონასწორებული ხასიათი ჰქონდა, მზიანი, მრავალფეროვანი გონება და დამაბნეველი მზერა, მზერა, რომელშიც ზოგჯერ, წყალზე მოცურავე ფრინველივით ამოტივტივდებოდა ხოლმე ყოველგვარი განცდა თუ სათქმელი, ზოგჯერ კი ისე ღრმად ინთქმებოდა შიგნით ყველანაირი ემოცია, ვერ შეძლებდი გამოგეცნო ამ დროს გოგონას თავს რაც ხდებოდა. სწორედ ეს მზერა იყო პირველი მიზეზი, რის გამოც დაჩის დინა შეუყვარდა. დიახ, შეუყვარდა და ამის გაცნობიერებამ მასწავლებელი ასმაგად გააბედნიერა. ბიჭი ძალიან კარგად ხვდებოდა, რომ არც გოგონა იყო მის მიმართ გულგრილი, მაგრამ გადაწყვიტა არ ეჩქარა. დინას ფიქრები ახლა ძირითადად სწავლისკენ უნდა ყოფილიყო მიმართული და დაჩის არ უნდოდა მის გულსა და გონებაში არეულობა გამოეწვია. გადაწყვიტა, როგორც კი მისი საყვარელი "მოსწავლე" გამოცდების შედეგებს გაეცნობოდა, სწორედ იმ დღეს დაელაპარაკებოდა თავის გრძნობებზე და ბედნიერების აღსანიშნავადაც ორმაგი მიზეზი ექნებოდათ. მასწავლებელი დარწმუნებული იყო, რომ გოგონა გამოცდებს წარმატებით ჩააბარებდა. *** ადამიანები მუდმივ ბრძოლაში ვიმყოფებით დროსთან, მუდამ უკმაყოფილონი ვართ სწრაფად მორბენალი ან პირიქით დაუსრულებლად გაწელილი წუთებით, საათებით, თვეებით... ზოგჯერ წამი საუკუნედ გვეჩვენება, ზოგჯერ კი წელიწადი ისე შეგვალღვება ხელში, გეგონება წინა ღამით მოსული თოვლი ყოფილიყოს. ჩვენ ორივე შემთხვევაში ნაწყენები ვართ-დროზე... დაჩი და დინაც ვერ ჩამოყალიბებულიყვნენ რა უნდოდათ: დროის მალე გასვლა და საგამოცდო ეიფორიის ასევე მალე ჩაცხრობა თუ პირიქით, დღეების ნაბიჯ-ნაბიჯ გავლა, რადგან გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი იყო ის საოცარი მელოდია, რომელსაც ორივე მათგანი სუფთად ასრულებდა, მართალია მხოლოდ საკუთარ თავთან, მაგრამ ვერ ელეოდნენ თუნდაც ამგვარ "ცალად იდილიას", იმიტომ რომ სადღაც, შორს, იმედისა და უიმედობის გზაგასაყარზე მაინც შიშობდნენ მომავლის "ხმაშეუწყობლობის" გამო. არ ვიცი რომლისთვის როგორი სიჩქარით გაიფრინა საიდუმლო თავგადასავლებითა და "შემთხვევითი" სიურპრიზებით სავსე მეცადინეობებმა, მაგრამ ვიცი, რომ დრომ თავისი გაიტანა და უანგაროდ აჩუქათ ის დღე, რომელსაც თავისი მრავალმნიშვნელოვანებითა და მაინც ჩვეული უბრალოებით უნდა შეეცვალა მოსწავლე-მასწავლებლის დამოკიდებულება. ყველაზე ბოლოს მათემატიკის გამოცდა ჰქონდა დინას. თითქოს არ უნდა ენერვიულა, რადგან ყველა საკითხი კარგად ჰქონდა მომზადებული. ასჯერ მაინც გაუმეორა საკუთარ თავს ემოციებს არ აჰყოლოდა, მაგრამ ვერაფრით ვერ დაწყნარდა, მანამ, სანამ "ის" არ შენიშნა, უნივერსიტეტის ეზოში მდგარი, ნაცნობ კოლეგებთან საუბარში გართული, თუმცა ამავდროულად გოგონას მზერის დამჭერიც. მოსაუბრეებთან ბოდიში მოიხადა, მოსწავლეს მიუახლოვდა, ცოტა ხანს უყურა, მერე კი - " მე და შენ, შენი გვჯერა"- მხოლოდ ეს უთხრა და ღიმილით დატოვა ჟრუანტელდავლილი, ხელით კალამსჩაფრენილი, უკვე თავდაჯერებული გამოსაცდელი. დინა სტუდენტი გახდა! (გაგრძელება იქნება)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. სასიამოვნოდ იკითხება 5 სასიამოვნოდ იკითხება 5
2. საინტერესოა რა მოჰყვება სტუდენტობას. +3
ველი გაგრძელებას საინტერესოა რა მოჰყვება სტუდენტობას. +3
ველი გაგრძელებას
1. ბედნიერებაა სტუდენტად გახდომა. ბედნიერებაა სტუდენტად გახდომა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|