ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
9 იანვარი, 2024


ბუმერანგის პრინციპი, ანუ „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“ - ბიბლიური ამბავი

ისააკს და რებეკას დიდხანს/19 წელი/ არ ჰყავდათ შვილი. გავიდა დრო და რებეკა დაორსულდა /ტყუპებით/. ძმებს ისეთი ამბავი ჰქონდათ დედის სხეულში, რომ შვილსდანატრებულ რებეკას ისიც კი ათქმევინეს, „რად მინდოდა, თუ ასე იქნებოდაო“. დადგა დროის სისრულე და პირველი ესავი გამოვიდა, ის წითელი და ძალიან თმიანი იყო. მას მოჰყვა ძმის ქუსლზე ხელჩაჭიდებული იაკობი. /იაკობის ხელი და ჩაჭიდება ძალიან საინტერესო, თუმცა ცალკე თემაა. / მამას-ისააკს ესავი უყვარდა, ხოლო დედას-  რებეკას - იაკობი.
როცა ისააკი დაბერდა, დაბრმავდა. მოიხმო ესავი /მინადირე იყო/ და უთხრა, წადი ინადირე, მოიტანე ნანადირევი, გააკეთე შეჭამანდი, რომელიც მიყვარს, ვისადილოთ და დაგლოცავო. წავიდა ესავი.
ეს საუბარი გაიგონა რებეკამ, მას უნდოდა, რომ ისააკს იაკობი დაელოცა. უთხრა შვილს, მე მოვამზადებ სადილს, რომელიც უყვარს მამაშენს, შენ შეუტან მას, ისადილებთ და დაგლოცავსო. იაკობი შეწუხდა, მამა რომ მიხვდეს და დამწყევლოსო? ჩემზე იყოს ეს წყევლაო, ასე „შორს წავიდა“ რებეკა. მართლაც მოამზადა კერძი, ჩააცვა იაკობს ესავის მდიდრული ტანსაცმელი, ხელებზე და კისერზე გადააკრა ბეწვიანი ტყავი და შეუშვა მამასთან.
ისააკი შეეჭვდა ხელით მოსინჯა იაკობი და თქვა, ხმა იაკობისაა, ხოლო ხელები ესავისო. იაკობი მიუახლოვდა და აკოცა მამას. ისააკმა იგრძნო ესავის სამოსის სუნი, თითქოს ირწმუნა და, თუ რამ სიკეთე და მადლი ემეტებოდა, ყველაფერი დაალოცა.
დაბრუნებულ ესავს ასეთი ამბავი დახვდა და მისი ღრიალი არე-მარეს აყრუებდა.
იაკობმა გადაწყვიტა, გარიდებოდა ძმას და მესოპოტამიაში ლავანთან წავიდა.
მივიდა თუ არა იმ მხარეში, დაინახა მშვენიერი რაქილი და შეუყვარდა. მისი გულისთვის შვიდი წელი ემსახურა ლავანს. ვადის გასვლის შემდეგ შეიქმნა დიდი დღესასწაული/ქორწილი. ხოლო ღამით ლავანმა იხმო თავისი უფროსი ასული ლია/ლეა და მიჰგვარა იაკობს. დილით იაკობმა აღმოაჩინა, რომ ეს ლიაა, გაბრაზდა და უსაყვედურა ლავანს, მე რაქილისთვის გემსახურე და შენ სიტყვა არ შეასრულეო. ლავანმა უპასუხა, რომ ტრადიციით ჯერ უფროსი და უნდა გათხოვდეს, ხოლო შემდეგ - უმცროსი. ჯერ ლია იქნება შენი ცოლი, შემდეგ რაქილსაც შეგრთავ და კიდევ შვიდი წლის განმავლობაში მისთვის მომემსახურებიო.
აი, ნათელი მაგალითი იმისა, თუ დათესილი სიცრუე როგორ დაუბრუნდა იაკობს.
ერთ მხარესაც დედმამიშვილების/ძმების შეცვლა მოხდა და მეორე მხარესაც დედმამიშვილების/დების შეცვლა. ასე იწვნია იაკობმა საკუთარ თავზე წლების შემდეგ უკანდაბრუნებული თვალთმაქცობა.


მზია თვალაბეიშვილი
2024 წლის 9 იანვარი

განთავსდა 2024 წლის იანვრის თვის თავფურცელზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები