ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა_გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
29 იანვარი, 2024


მარია

ბავშვობასავით მახსოვს,
ყოველ საღამოს, ჩვენს უბანში,
მოხუცი ქალი ჩამოივლიდა
ბაზრის ჩანთით და "სემიჩკას" ყიდდა.
რუსული აქცენტი ჰქონდა მარიას,
ჰო, ასე იყო, მარია ერქვა.
რას აღარ ამბობდნენ მასზე,
იაღოველი არისო, აგენტი იყო ახალგზარდობაშიო,
ალბათ რომ გეკითხა,
ყველა კითხვაზე გიპასუხებდა და
ნათელს მოჰფენდა მის ისტორიას,
მაგრამ მარიასთვის არასოდეს
არავის არაფერი უკითხავს,
მხოლოდ "სემიჩკას" ყიდულობდა მისგან მთელი უბანი.
მე სულ პატარა ვიყავი მაშინ,
და ზუსტად მახსოვს,
პირველი ვალი მარიასი მქონდა,
10 ან 20 თეთრი,
მარილიანი მზესუმზირის ვალი,
არასოდეს უთქვამს უარი ნისიაზე,
არავისთვის უთქვამს უარი ნისიაზე,
არასოდეს მინახავს მის ხელში ნისიების რვეული...
ერთ დღესაც გაქრა...
მისი გაქრობის არც დღე მახსოვს,
არც თვე და წელი,
ნელ-ნელა გაქრა, გადაგვავიწყდა,
არც სიცარიელე დატყობია უბანს,
არც სევდა და სენტიმენტები,
არც უბანს, არც მე...
უბრალოდ ახლა, როცა ბევრი წელი გავიდა,
ზუსტად ვიცი რომ იმ უბანში
თუ ამ ლექსს წაიკითხავენ გაეცინებათ,
მარიაზე დაწერილ ლექსზე გაეცინებათ,
მაგრამ ისიც ვიცი რომ
ლექსები სწორედ მარიაზე უნდა იწერებოდეს,
რომელიც შეიძლება
იეღოველიც იყო
და კაგებეს აგენტიც, ახალგაზრდობაში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები