ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანანია ბროველი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
3 თებერვალი, 2024


დედნის მკვლელი თარგმანი

თავიდანვე მინდა განვაცხადო: საუბარია რომან ,,დათა თუთაშხიაზე“ და მის საბჭოთა დროინდელ რუსულ თარგმანზე. როგორც ცნობილია, აღნიშნული რომანი წიგნად გამოცემიდან რამდენიმე წლის შემდეგ ითარგმნა რუსულად ჭ. ამირეჯიბის მიერ. ცხადია, უცხო ენაზე ეროვნული ნაწარმოების გადატანა ღირსშესანიშნავი საქმეა. ასევე ცხადია, რომ პროზაული ნაწარმოებიც კი ხშირად ვერ გადააქვთ სხვა ენაზე უნაკლოდ. თუმცა, ცხადზე უცხადესია, რომ ნაწარმოების დედააზრი ყოველთვის შენარჩუნებულ უნდა იქნას. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა ,,დათა თუთაშხიას“ შემთხვევაში.

რომანი ,,დათა თუთაშხია,“ როგორც გახმაურებული ნაწარმოები, პირველად რუსულ ენაზე რომ ითარგმნა, გასაკვირი არ არის, ვინაიდან ეს ენა ავტარკიულ საბჭოთა სახელმწიფოში უფროსი ძმის და აქ თავმოყრილი ხალხების მთავარი საურთიერთობო (ასევე, ოფიციალური) ენა გახლდათ. აქედან გამომდინარე, ცხადია, საბჭოთა (რუსული!) ცენზურა მისთვის სასარგებლო კუთხით რომ მოახდენდა თარგმანზე გავლენას. თუმცა, ერთია გავლენის მოხდენა, ხოლო მეორე - ეროვნულ ენაზე შექმნილი ნაწარმოების სხვა ენაზე გადატანისას მისი დედააზრის განადგურება.

ცნობილია, რომ რომანი ,,დათა თუთაშხია“ ოთხი კარისაგან შედგება. ყოველ კარს წამძღვარებული აქვს ძველქართული ენით და ბიბლიური მანერით ნაწერი გრძელი ეპიგრაფი.

ყოველი ეპიგრაფი ლიტერატურული გმირის ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპის წინდაწინი, ზოგადი ხასიათის გააზრებაა. ამ ეპიგრაფებიდან ნაწარმოების დედააზრი, ბოლო, მეოთხე კარის ეპიგრაფშია  გამჟღავნებული. ვნახოთ, თუ რატომ და რისთვის მობრუნდა ადამიანებზე გულაცრუებული თუთაშხა სოფელსა შინა:
,,...მაშინ აღავლინა ღაღადისი თუთაშხამ მიმართ ცათა:
-  ჰე, უზენაესო! არა სართეველად თავისა ვეზიარე ფიქრთა; არა კვართისა ჩემისათვის ვბეჭვე ქსელნი; არა ძიებად შუბისა ვეც მახვილნი და არა ათინათისგან მოჯადოებით გარდვიქმენ ძედ ხორციელად. არამედ სნებათაგან განკურნებისთვის მოდგმისა კაცთა. გარნა უქმ მექმენ ხმევანი გონთა და ძალთა , ვერა მოიღო ნაყოფი კეთილი თესლმან, რომელი ვბნიე მე, რამეთუ არა მომეც ნიჭი გარდაქცევისათვის სიკეთედ ბოროტებისა. აწ მოველ და მომაგე ხვედრი ჩემი და მივაგო ნაგრამსა შენსა.
და განისმა ხმა:
- არა იყავ ძე ხორციელი და მით ვერა ეზიარე სიღრმეთ კაცთა ბუნებისა. წარვედ და ჰპოვებ მეინახეთა, რომელნი: იზრახვიდნენ ძღვნისა მირთმევას მავანისათვის, გარნა მიჰქონდეთ უბითა მახვილი და ფლასთაგან ძრცვიდნენ მას; ეკრძალვოდნენ აუგის თქმასა მიმართ მოყვასისა, გარნა ამოხორვილ ჰქონდეთ პაღვი ხორცითა მისითა და ეწადოთ მეტ, ჰღაღადებდნენ თაყვანს ღმრთისასა, გარნა სასოებდნენ სატანასა და მძლავრებას მისას ღმერთსა ზედა. ხოლო შენ სდექ მკვიდრად და ურყევლად რწმენასა, ვითარმედ სრულქმნისათვის ღვაწლი არს ჭეშმარიტი დანიშნულება კაცისა და დაგესხმის ნიჭი გარდაქცევისათვის სიკეთედ ბოროტებისა!
მიეცა თუთაშხა ნებითა თვისითა წამებასა უმძიმესსა, სწორად მათისა, რომელნი იყვნენ ერისკაცნი უწამებულესნი. შემდგომ მარტვილობისა განმოეფინა შუბლისა იგურდივ ნათელი სხივთა, უკუმოიქცა სოფელსა და ჰრქვა:
- ესერა, კაცნო! მოველ ხსნისათვის თქვენდა მძლავრებისაგან ურჩხულისა. ჰა, მაგალითი, ვით არს ჯერ მისვლა მსხვერპლად მოყვასისა თვისისათვის, ერისა მარადისობისათვის, სრულქმნისათვის სულისა კაცობრიულისა!“ [დათა თუთაშხია. 2003., გვ.518].

აი, ეს გახლავთ თუთაშხას სოფელსა შინა უკუმოქცევის დედააზრი, რაც განსაკუთრებით ბოლო ორ აბზაცშია გადმოცემული. ,,ნათელია, რომ თუთაშხამ აბსტრაქტულ წამებას კი არ მისცა თავი..., ...არამედ ისეთს, როგორიც გამოუვლიათ უწამებულეს ერისკაცებს. გარდა ამისა, ძნელი არ არის იმის დანახვაც, რომ სოფელსა შინა უკუმოქცეულ თუთაშხას ნათქვამში მოქმედების სამი ძირითადი მიმართულება გამოიყოფა: მოყვასის გადასარჩენად, ერის მარადისობისთვის და კაცობრიული სულის სრულქმნისათვის შემართება.“ [ანანია ბროველი. აკაკი ბაქრაძის ,,ტარიგი ღმრთისაის“ გაგებისათვის. [,,ჭოროხი“ 2015. #3].

ახლა ვნახოთ, თუ როგორ თარგმნა ჭ. ამირეჯიბმა ზემოაღნიშნული ციტატის ბოლო ორი აბზაცი რუსულად:
,,Вступил тогда Туташха на тернистый путь мук и страданий, после всех терзаний души и плоти и преодоления их вспыхнул вокруг его главы чудный свет, и все увидели его.
Тогда он вернулся в мир и сказал людям:
- Послал меня всевышный к вам, дабы очистить души  ваши от скверны драконей, внемлите же принесшему себя в жертву во имя душ ваших и бесмертия их.“ [Чабуа Амиреджиби, Дата Туташхиа. Тбилиси. ,,Мерани“ 1987. Стр.527].

როგორც ვხედავთ, რუსულ ენაზე განხორციელებულ თარგმანში აღარ გვხვდება დედანში არსებული, ზემოაღნიშნული მესამე აბზაცის შემდეგი სიტყვები: ,,სწორად მათისა, რომელნი იყვნენ ერისკაცნი უწამებულესნი,“ ხოლო მეოთხე აბზაციდან გაქრა თუთაშხას სოფელსა შინა უკუმოქცევის და თვით ნაწარმოების დედააზრი: ,,ჰა, მაგალითი, ვით არს ჯერ მისვლა მსხვერპლად მოყვასისა თვისისათვის, ერისა მარადისობისათვის, სრულქმნისათვის სულისა კაცობრიულისა!“

თავს უფლებას მივცემ და პატივცემულ მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ რომან ,,დათა თუთაშხიას“ დედააზრი სწორედ მეოთხე კარის ბოლო, მეოთხე აბზაცშია გამჟღავნებული. ამ აბზაცის მიხედვით, ნაწარმოების მთავარი გმირის პროტოტიპი თუთაშხა, ერის მარადისობის საკითხითაა შეწუხებული და ამგვარი მარადისობის უზრუნველყოფის წინაპირობად მოყვასის სულიერ და ფიზიკურ გადარჩენას მიიჩნევს, საჭიროების შემთხვევაში, მსხვერპლად მისვლის გზითაც კი. მოყვასის ფიზიკური და სულიერი გადარჩენით ერის მარადისობის უზრუნველყოფა კი კაცობრიული სულის სრულქმნის წინაპირობადაა მიჩნეული.

ცხადია, საკითხის ასე დაყენება ხელს არ მისცემდა საბჭოთა (რუსული!) იმპერიის მესვეურებს და ისიც ნათელია, რომ, მათ ნაწარმოების თარგმნისას ჭ. ამირეჯიბი რაღაც მანქანებით დაითანხმეს ერის თავისუფლებისთვის მებრძოლი, მოყვასის (მუშნი ზარანდია, ძობა ძიგუა, მოსე ჯაგალია, ბონია მეწისქვილე და სხვ.) სულიერი თუ ფიზიკური გადარჩენისთვის თავის გამწირავი ლიტერატურული გმირისთვის ეროვნულობის ნიშნები (მინიშნებითი ხასიათის) წაერთმია და, საბოლოო ჯამში, გზააბნეულ (ნაპირების მძებნელი) ზნეობრივ გმირად წარმოეჩინა იგი, რაც, როგორც ზემოთაც ვნახეთ, წარმატებით მოახერხეს კიდეც. სამწუხარო კი ის არის, რომ ბატონმა ჭ. ამირეჯიბმა ორ ათეულ წელზე მეტი იცოცხლა პოსტსაბჭოთა საქართველოში, მაგრამ დედანსა და რუსულენოვან თარგმანს შორის მისივე თანხმობით გაჩენილი შეუსაბამობების შესახებ არც  უთქვამს და, მით უმეტეს, არც მოუმოქმედებია რაიმე.

დათა თუთაშხიას, როგორც ეროვნულ გმირად (დედნის მიხედვით) წარმოდგენილი ლიტერატურული პერსონაჟის  დაყვანა მხოლოდ ზნეობრივ გმირამდე და მისი გზააბნეულობა კარგად გაფორმდა ნაწარმოების ეკრანიზაციისას, როცა ფილმს პირველწყაროსგან შინაარსობრივად განსხვავებული, სრულიად შეუსაბამო სახელწოდება შეურჩიეს - ,,ნაპირები.“ თუმცა, ,,დათა თუთაშხიას,“ როგორც რომანის აღქმა-გაგებას პირველი სერიოზული ზიანი აკაკი ბაქრაძემ მიაყენა თავის ცნობილ წერილში ,,ტარიგი ღმრთისაი,“ რომელიც 1975 წელს, ნაწარმოების წიგნად გამოცემიდან ახლო პერიოდში გამოქვეყნდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ რომანის რუსულ ენაზე განხორციელებული თარგმანი მნიშვნელოვანწილად ეყრდნობა და ითვალისწინებს ა. ბაქრაძის ზემოაღნიშნულ წერილში გაცხადებულ იმ მოსაზრებებს, რომელი მოსაზრებებიც მიმართულია ლიტერატურული პერსონაჟისთვის ეროვნულობის ნიშნების წართმევისკენ, მხოლოდ ზნეობრივ გმირად შერაცხვისკენ (დათა თუთაშხია, როგორც ,,ტარიგი ღმრთისაი“ - ნონსენსია!), შემდგომში კი, გზააბნეულად წარმოჩენისკენ. იგივე შეიძლება ითქვას მრავალსერიან ფილმზეც - ,,ნაპირები.“

პატივცემულ მკითხველს შეუძლია გადაამოწმოს რომან ,,დათა თუთაშხიას“ წინათქმის წინ და პირველი სამი კარის წინ არსებული პრელუდიები (მეოთხე კარზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ) და შეადაროს ისინი მათსავე რუსულენოვან თარგმანებს. ამ შემთხვევაში, იგი აღმოაჩენს, რომ ქართული სიტყვა ,,ერი“ (Нация) რუსული ,,отчизна“-თია (სამშობლო, მამული) ჩანაცვლებული, სხვა შემთხვევაში კი სიტყვა ,,народ“-ით (ხალხი). ცხადია, სიტყვა ერი საბჭოთა (რუსული) იმპერიის მეუსვერებისთვის მიუღებელი და საშიში იყო.
მსგავსი მაგალითები ნაწარმოების ძირითად ნაწილშიც გვხვდება. მაგალითად, თბილისში, ადვოკატ ირაკლი ხურციძის ბინაში, მეგობრულ სუფრაზე დასასწრებად სპეციალური მისიით მისული გრაფი სეგედის თხოვნით მოსაუბრე დათა თუთაშხია ერთგან ამბობს: ,,ერის შვილი ვარ მე.“ თარგმანში ეს სიტყვები ასე გამოიყურება: ,,Я сын своего народа,“ ე.ი. ერი ,,народ“-ით იქნა ჩანაცვლებული.
გარდა აღნიშნულისა, ყურადღებას იქცევს ის ფაქტიც, რომ დედნის მიხედვით მესამე კარის ბოლო მთხრობელი გახლავთ რობერტ პავლეს-ძე ხაპლანი, რომელიც აღწერს, თუ როგორ ჩააცილა მან სამტრედიის რკინიგზის სადგურიდან თბილისამდე საკუთარი ნებით ციხეში მიმავალი დათა თუთაშხია, როგორი რევოლუციური განწყობა-სურათი ნახეს მათ დედაქალაქის ქუჩებში და როგორ მიაცილა მანვე აბრაგი მთაწმინდის უბანში არსებულ ჟანდარმერიის სამმართველომდე. რუსულ თარგმანში ეს მონათხრობი მეოთხე, ბოლო კარის დასაწყისშია გადატანილი, ალექსი სნეგირის მონათხრობის წინ, როგორც რევოლუციური თემის გამაძლიერებელი ქმედება, როგორც ლიტერატურული გმირის გარევოლუციონერების გზის დასაწყისი, რაც ღიმილის მომგვრელია, ვინაიდან დედანში მას (რევოლუციას) სხვა დატვირთვა აქვს - დათა თუთაშხია იწყებს პიროვნული ზრდის ახალ ეტაპზე გადასვლას - ადამიანთა ფართო მასების მართვის პროცესების შეცნობა-შესწავლას, რაც, გარკვეულწილად, ციხეში მოწყობილი ამბოხის დროს გამოვლინდება. ასეთი ცოდნით შეიარაღებული და ციხიდან გაქცეული დათა თუთაშხია ცდილობს იმპერიის სპეციალური სამსახურების მიერ მოსყიდული, გადაბირებული ადამიანების უკან გადმობირებას (გზა ერის შვილების მომრავლებისა, მათგან წინააღმდეგობის გამწევი ფართო მასების შექმნის მიზნით). [იხ. ანანია ბროველი. დათა თუთაშხიას პიროვნული ზრდა, როგორც საფრთხე იმპერიული სახელმწიფოსათვის. ჭოროხი. #6. 2009.].

დედანში აღწერილი უმთავრესი ლოგიკური ხაზის, - ქართველი ერის მიერ იმპერიული სახელმწიფოს მარწუხებისგან თავის დასაღწევი გზების ძიება-გააზრების, მისი შინაგანი დუღილის გამომხატველი ლიტერატურული გმირის მოქმედებების ცალკეული მომენტების დამახინჯებულმა, გაუკუღმართებულმა თარგმნამ ნაწარმოების აღქმა-გაგებას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ამის ერთ-ერთი დადასტურებაა გიორგი გაჩევის ნაშრომი ,,Космософия грузии,“ სადაც იგი წერს: ,,Тут же (იგულისხმება საქართველო, ა.ბ.) переделать все на новый лад – равносильно самоуничтожению, самовыкорчевыванию. И поэтому нравственный герой Дата Туташхиа  в итоге приходит к принципу Дао, недеяния, воздержания от всяческого действия, ибо у него все хуже получается в итоге.“ [Гачев Г. Национальные образы мира. Космо-Психо-Логос. – М.: Издательская группа ,,Прогресс“ – ,,Культура,“ 1995. გვс.419].

როგორც ვხედავთ, გ. გაჩევისთვის დათა თუთაშხია ის ზნეობრივი გმირია, რომელიც სიკეთე-ბოროტების ურთიერთდამოკიდებულების საკითხში გაიხლართა და შედეგად დაოს პრინციპების გაგებამდე მივიდა, რამაც, გაჩევისავე გაგებით, ლიტერატურულ გმირს უმოქმედობა აიძულა, ვინაიდან მის ყოველ ახალ ქცევას, მოქმედებას მხოლოდ უარყოფითი შედეგი მოჰქონდა. ცხადია, გ. გაჩევის მხრიდან დათა თუთაშხიას ამგვარი შეფასება სიმართლეს არ შეეფერება, ღიმილის მომგვრელია (მით უფრო, თუთაშხიას დაოიზმი), თუმცა აქ უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ მისი ეს დასკვნები ხელოვნურად შეცვლილი, არსობრივად დამახინჯებული  თარგმანის საფუძველზე გაკეთდა.
დედნისეული დათა თუთაშხია, როგორც ლიტერატურული პერსონაჟი, უპირველეს ყოვლისა, გახლავთ ეროვნული გმირი, ზნეობრივ პრინციპებზე მდგომი ეროვნული გმირი, ხოლო თვით რომანი ეძღვნება სამშობლო-ქვეყნის იმპერიული სახელმწიფოსგან გამოხსნის გზების ძიებას, რაც ამ გმირის, ვითარცა უწამებულესი ერისკაცის ცხოვრების ფონზეა წარმოდგენილი. რომანში ,,დათა თუთაშხია“ ნაჩვენებია ეროვნული თავისუფლებისკენ მიმავალი გზა და ნაჩვენებია, თუ როგორ, რა ეტაპების გავლით მოახერხა ეს ერთმა ადამიანმა, დათა თუთაშხიამ, რომელმაც ამ გზის გავლას ოც წელიწადზე მეტი დრო მოანდომა.

ამ წერილში ასევე მინდა ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე გავამახვილო პატივცემული მკითხველის ყურადღება. საქმე ის არის, რომ ,,დათა თუთაშხია“-ს თარგმნა მსოფლიოს სხვა ხალხების ენებზე საბჭოთა პერიოდის ზემოაღნიშნული ჭ. ამირეჯიბისეული რუსული თარგმანიდან ხდებოდა და არა - დედნიდან. მაგალითად, 1985 წელს, მოსკოვში, გამომცემლობა ,,RADUGA PUBLISHERS”-მა ,,დათა თუთაშხია“ ინგლისურ ენაზე ,,მერანის“ 1979 წლის რუსული გამოცემის (ჭ. ამირეჯიბის თარგმანი) საფუძველზე გამოსცა. შესაბამისად, მსოფლიო ხალხთა ენებზე რომანი ,,დათა თუთაშხია“ ითარგმნება იმ რუსული ვარიანტის მიხედვით, რომლითაც დაკმაყოფილდა საბჭოთა (რუსული) იმპერიული მოთხოვნები - უკუგდებულ და წაშლილ იქნა ეროვნული თავისუფლებისკენ მიმავალი გზის კონტურები, ხოლო ამ გზის მაჩვენებელი ლიტერატურული გმირი, რომელმაც პიროვნული ზრდის რამდენიმე ეტაპი გაიარა, წარმოჩენილ იქნა გზააბნეულ, ნაპირების მძებნელ პერსონაჟად.

ამ წერილის მიზანს არ წარმოადგენს იმის გარკვევა, - მსოფლიოს სხვადასხვა ენებზე ,,დათა თუთაშხიას“ თარგმნა დედანზე დაყრდნობით ხორციელდება თუ მისი რუსულენოვანი თარგმანის საფუძველზე, ვინაიდან ეს სრულიად სხვა წერილის თემაა, თუმცა გარკვეული მყარი მტკიცებულებები ამის თაობაზე წერილის ავტორს უკვე აქვს. აქ შეიძლება იმის დარწმუნებით თქმაც, რომ ქართულ ლიტერატურულ წრეებში არსებობს გარკვეული მოთხოვნა იმაზე, რომ რომანი ,,დათა თუთაშხია“ საერთაშორისო მკითხველი საზოგადოებისთვის წარდგენილ იქნას როგორც ზნეობრივ თემაზე შექმნილი ტექსტი, მისი ეროვნული შემადგენლის იგნორირებით, რასაც დედანში არსებული, თავდაპირველი ქსოვილის დარღვევამდე მივყავართ და რაც, საბოლოო ჯამში,  ნაწარმოებს შინაარსობრივად გაუგებარს ხდის. 

ამრიგად, რომანი ,,დათა თუთაშხია,“როგორც ქართული ლიტერატურული ტექსტი, თავის საწყის, დედნისეულ დონეზე წარმოგვიდგება როგორც იმპერიული სახელმწიფოს მარწუხებში მოქცეული ხალხის (ზოგადად ხალხების!) ეროვნულ-განმათავისუფლებელი სულისკვეთებით გამსჭვალულ ტექსტად, რომლის მთავარი გმირი, გარკვეული დროის განმავლობაში, ზნეობრივ პრინციპებზე დაფუძნებული ეროვნული მსოფლმხედველობრივი გაგების წყალობით მიდის ამ ხალხის (ერის) იმპერიული ტყვეობიდან გამოხსნის, მისი მარადისობის უზრუნველმყოფელი ფორმულის მიგნება-აღმოჩენამდე, ხოლო რუსულენოვანი თარგმანი-ტექსტი კი დღემდე რჩება საბჭოთა (რუსული) იმპერიული მოთხოვნების გათვალისწინებით შერყვნილ ტექსტად, რომლიდანაც, სამწუხაროდ, ხორციელდება მსოფლიო ხალხთა ენებზე მისი თარგმნა-ტირაჟირება. საბოლოო ჯამში, არსებობს ერთი სახელწოდების, მაგრამ განსხვავებული დედაზრის მქონე ორი ტექსტი - პირველი, ქართულ ენაზე (დედანი, შინაგანი ეროვნული ხაზით) და მეორე, რუსულ ენაზე (დედნისგან განსხვავებული დამახინჯებული თარგმანი, იმპერიული ხაზით).

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები