| ავტორი: დებორა ჟანრი: თარგმანი 9 თებერვალი, 2024 |
#თარგმანები
#პოეტური_პაექრობა
ჰორეს სმითი
ოზიმანდიასი
ეგვიპტეში, მდუმარეა სადაც სილა, დგას ეულად ფეხი ქვისა, დიდზე-დიდი და ჩრდილს ისვრის. მაცნე არის იმ მდუმარე უდაბნოსთვის ნეტა ის რის, ან წარწერა, იმ კვარცხლბეკზე აქამდე რომ დამჩნეულა: “დიდი ოზიმანდიასი, მეფეთ-მეფე, ეს ქალაქი - საოცრება - არის მისი.” ქალაქი კი არ არსებობს, ყველაფერი დაკარგულა. ვერაფერი ირგვლივ, ვერ რა შორეული ამ ბაბილონს ვერ გაგვაცნობს, დაბუგულა.
ვინ რა იცის, ალბათ მონადირეებიც უდაბნოში ჩვენებრ პასუხს დაეძებენ, სად ლონდონი თავის მდევარ მგელს შეება, ვინ გაიგოს, რას ამბობენ ეს შრეები. რა უცნობი რასა გაქრა, ძლიერ გულთა რა სამეფო - ერთიანად განადგურდა!
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
მთარგმნელისაგან
ჩვენს წინაშეა ორი ლიტერატურული ლექსი - სონეტი ერთ თემაზე და ეს შემთხვევითი როდია. (შელის ამავე სათაურის ლექსი ორიოდე დღის წინ დავდე ჩემს კედელზე). ადრე ვისაუბრეთ ლიტერატურული პოეტური პაექრობის უძველესი ტრადიციის შესახებ, რომლის კვალსაც ა. გომართელმა მიაკვლია მეცხრამეტე საუკუნის პოეზიაში, აკაკისა და ილიას ქმნილებათა ქრონოლოგიურ-თემატური შეჯერების შედეგად. (უნდა ვაღიარო, რომ ეს ყველაფერი მსმენია, მსმენია მაღალი შეფასებანიც იმ გამოკვლევისა, თუმცა პირადად ტექსტზე თვალი არ დამიდგამს, იქნებ იმიტომაც, რომ ელექტრონული ვერსია ვერ ვიშოვ და არც არსებობს) ძველებს ეხსომებათ ასევე დასაწყისი ფილმისა “დავით გურამიშვილი” სადაც ამგვარი პოეტური პაექრობის ნიმუში გვაქვს დასაწყისში და ჩემთვის არაა ცნობილი, ,, დავითიანშივე” თქმული სიტყვების გარდა - “ჯავახიშვილს გამალექსეს, მოშაირეს ჩემებრ ცუდსა” - სხვა რა წყარო დაედო ამ ეპიზოდს საფუძვლად. ზემოთ პაექრობის კონტექსტში უკვე ორჯერ ვახსენე სიტყვა ,,ლიტერატურული” და ეს შემთხვევითი როდია. ჩვენ ქართულ ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში დღემდე გვაქვს მდიდარი შაირობა- ლექსაობა- კაფიობის იმპროვიზაციული , მახვილგონივრული თუ ენამახვილური ლექსითი პაექრობის მდიდარი გამოცდილება. მაგრამ ის სხვა სფეროს ეკუთვნის. ადრე, სულ ადრე შევეხეთ გოეთესა და შილერის ცნობილ პოეტურ პაექრობას და ვთქვით, რომ თემა ასეთი აიღეს ,, ხელთათმანი”, ჰქონდათ ასევე რაღაც ფაბულური მონახაზი. მაღალი წრის ქალზე დედოფალზე(?) შეყვარებულია პოეტი, მისი თვალის საამებლად და გულის მოსაპოვებლად იგი გადის არენაზე , ბრძოლას იგებს და გადამწყვეტ მომენტში ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, გადააგდებს თუ არა არენისკენ სატრფო ხელთათმანს. პოეტი არ აიღებს გადაგდებულ ხელთათმანს, მიხვდება, რომ დაუნდობლად მოტყუვდა სიყვარულში, ტოვებს არენას და იკარგება.. მაპატიეთ, ზეპირად კარგად აღარ მახსოვს. მახსოვს, რომ ამ ამბის ალუზიებზე დაყრდნობითაა დაწერილი გალაკტიონის აუზისაგან (ოღონდ არენა აქ აუზითაა ჩანაცვლებული).
აუზისაგან
ჭოგრიტით მზერა, ხელთათმანი... შენ აისრულე სურვილი დიდი და დაბურულ ბაღის დარდები, ლაღი ირემი სიყვარულით ხარ დაისრული წყურვილმოკლული აუზისაგან მიემართები.
შენ მოგდევს კოცნის გამძაფრება და თვითეული ძარღვი ხელების... შავი ხალი მაღალი ყელის. შენ გელის დაფნა, შენ დიადი დიდება გელის, პოეტო! არვინ არ ყოფილა ესდენ ძლეული.
1915
1817 წელს ამგვარი პაექრობა გაიმართა პერსი ბიში შელისა და ჰორეს სმითს შორის. იმ დროს ეგვიპტის ამბებით ინგლისი და საფრანგეთი დიდად იყო დაინტერესებული, ფულიანებმა დაიწყეს შესყიდვა აღმოჩენილი ნივთებისა და ევროპაში გაზიდვა. ამაში ნაპოლეონის ამბების წვლილიც იყო. ლექსები გამოქვეყნდა 1819, ზოგი ისტორიკოსის ცნობით, 1818 წელს. რეალია, რომელიც საფუძვლად უდევს ამ ქმნილებებს, ასეთია: იმ დროს ლონდონის ნაციონალურ მუზეუმში გამოიფინა ფარაონის რამზეს მეორის ანუ ბერძნულად ოზიმანდიასის კოლოსალური ქანდაკების ცალი ფეხი და წარწერიანი ქვის ფრაგმენტი, შეძენილი ეგვიპტეში… (აქედან გასაგები ხდება “ლონდონის” გაჩენა სმითის სონეტში. დიდ ბრიტანეთში მგელზე მრავალი ლეგენდა არსებობს, ამ მხრივ გამორჩეული ცხოველია, მაგრამ ლონდონის სახელთან მიბმული ეს ლეგენდები უფრო გვიან, ჰოლივუდური ფილმების წყალობით უნდა იყოს. შეიძლება , მგლის ამბის მაშინდელი სამყაროს თავისებურ კულტურულ ცენტრთან - მსოფლიოს ერთ- ერთ უძველეს ქალაქთან - ლონდონთან- რომის იმპერიის ნაწილთან დაკავშირება, მისი ქალაქ რომთან შედარებითაც იყოს გამოწვეული. აქ მეტს ვერაფერს ვიტყვი. რაც შეეხება შელის. იგი საერთოდ არ იყო ნამყოფი ეგვიპტეში, თუმცა არც სმითის იქ ყოფნა დასტურდება. ორივე ლექსი ამ პოეტთა ფანტაზიის ნაყოფია. პაექრობაში გაიმარჯვა შელიმ, თუმცა დიდად არც მეორე ლექსი დაიწუნებოდა, ტექნიკურად იქნებ უკეთესიც კი იყო. ჩემი ფიქრით, აქ გადამწყვეტი აღმოჩნდა განზოგადება, რომელიც შელის ლექსის ბოლოში გვაქვს. სმითმაც სცადა ფინალში განზოგადებისმაგვარი, მაგრამ უცნობი რასის უკვალოდ გაქრობის იქით ვერ წავიდა. გვაქვს თუ არა პოეტური პაექრობის რაიმე მაგალითი მეოცე საუკუნის პოეზიაში? მჯერა, აუცილებლად აღმოჩნდება, ვინმე ამგვარ კვლევას რომ მიზნად დაისახავდეს. ამისთვის საჭიროა, ერთმანეთს შეუდარდეს დაახლოებით ერთ დროს, ერთ თემაზე დაწერილი, სხვადასხვა ავტორის ლექსები, მაგალითად, ტოტალიტარიზმის კონტექსტში, მიზნობრივი იდეოლოგიური კრებულები - საბჭოთა ქართველი პოეტები ლენინს, სტალინს, ამა თუ იმ ყრილობას, დიდ სამამულო ომს და აშ. მანდ, საჯაროში ექნებათ ეს ყველაფერი ცალკე კატალოგში… რა კარგად დავიწყე მსჯელობა და სად მოვედი! აქ ვჩერდები, დანარჩენი “სხომის იყოს”!
Horace Smith
Ozymandias
In Egypt's sandy silence, all alone,
Stands a gigantic Leg, which far off throws
The only shadow that the Desert knows:—
"I am great OZYMANDIAS," saith the stone,
"The King of Kings; this mighty City shows
"The wonders of my hand."— The City's gone,—
Nought but the Leg remaining to disclose
The site of this forgotten Babylon.
We wonder,—and some Hunter may express
Wonder like ours, when thro' the wilderness
Where London stood, holding the Wolf in chace,
He meets some fragment huge, and stops to guess
What powerful but unrecorded race
Once dwelt in that annihilated place.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. http://urakparaki.com/?m=4&ID=113792#comments http://urakparaki.com/?m=4&ID=113792#comments
2. ძალიან, ძალიან მომეწონა თარგმანი.
რაც შეეხება
საბჭოთა ქართველი პოეტების ლექსებს ლენინს, სტალინს, ამა თუ იმ ყრილობას, დიდ სამამულო ომს და აშ. თავადაც ხომ იცი ,რომ უამრავია, სხვა გზა გადარჩენისთვის არ ჰქონდათ დრო ბატონობდა. სტალინის გარდაცვალებაზეც იყო ლექსები მაგ." მამავ ძვირფასო გვანუგეშე , ეგ ხომ ძილია, გადაღლილი გოლიათისა" ავტორი არ მახსოვს . სტალინ, სტალინ გეხვეწები ჩემი მამა გამოუშვი.ამნაირებიც იყო. ძალიან, ძალიან მომეწონა თარგმანი.
რაც შეეხება
საბჭოთა ქართველი პოეტების ლექსებს ლენინს, სტალინს, ამა თუ იმ ყრილობას, დიდ სამამულო ომს და აშ. თავადაც ხომ იცი ,რომ უამრავია, სხვა გზა გადარჩენისთვის არ ჰქონდათ დრო ბატონობდა. სტალინის გარდაცვალებაზეც იყო ლექსები მაგ." მამავ ძვირფასო გვანუგეშე , ეგ ხომ ძილია, გადაღლილი გოლიათისა" ავტორი არ მახსოვს . სტალინ, სტალინ გეხვეწები ჩემი მამა გამოუშვი.ამნაირებიც იყო.
1. მუხა, მაპატიე, სდებორას ნიკით მქონია დადებული წინა, შელის ოზიმანდიასი, მე კი დროის გასვლას ველოდებოდი აქ დავდე მუხა, მაპატიე, სდებორას ნიკით მქონია დადებული წინა, შელის ოზიმანდიასი, მე კი დროის გასვლას ველოდებოდი აქ დავდე
|
|
მონაცემები არ არის |
|
|