ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2024


აბიშაგის და ადონიასი (პოემიდან - ქალი სხეულით გამათბობელი)

#ლექსები

ძვირფასო მეგობრებო, ვინც ამ პოემის სხვა ნაწილებს თვალს არ ადევნებდით,  ან ბიბლიას კარგად არ იცნობთ, წაკითხვაზე ნუ მოცდებით.

ნინო დარბაისელი

პოემიდან

ქალი- სხეულით გამათბობელი
(ფინალი)

აბიშაგის  და ადონიასი

ო, ადონია,
მცოდნოდა მაინც, ვინ იყავი!
მცოდნოდა მაინც,
თავდავიწყებას რომ ვეძლეოდით ღობის ძირში ან ბნელ ტალანში,
ფეხზე წამომდგარს  მოგაბრუნებდი,
ნამდვილ სახელს დაგიძახებდი.
ან შვილი მაინც შემრჩენოდა,
არ მომწყვეტოდა,
ძუძუს ვაჭმევდი,
  ცხვარში,  მწყემსებში გაიზრდებოდა,
დრო მოაწევდა და ერთ დღესაც, როგორც თქმულია,
მეფე დავითის მონაგარი აღმოჩნდებოდა,
იქნებ ტახტისკენ გზაც  გაეკვალა.
ახლა შორიდან,
უნახავად უნდა გიტირო,
შენ მეფის ძეო,
დავითის ძეო,
ადონია,
მძლეთა-მძლეო,
ყოვლის გამძლეო!

ნეტა სოლომონს რაღად ვუნდოდი,
რამდენი ცოლი, რამდენი კიდევ კონკუბაინი!
თუ სადმე ნახა ლამაზი ქალი,
ან ცოლად ირგო ან ჰარემში დაიბინავა.
ბრძენი არისო,
მამამისი ირწმუნებოდა,
სამეფოს ვანდობ, არაფერი შეეშლებაო,
ბერშიბა მაინც არ მოგეგზავნა მთლად  სოლომონთან,
არ ეთქვა ჩემზე,  აბიშაგი, შუნამითი  ცოლად უნდაო.
ნეტა გენახა, როგორი თვალით მიყურებდა  ყოველთა დედა დედოფალი!
შენ უნდიხარო?
ცოლადაო?
შენ? თაგუნაო?
დადექი, კარგად შემოგხედოო!
დღეიდან მორჩა,
წამოხვალ და ხელზე მოახლედ დამიდგებიო,
ჩაცმაში უნდა მიშველოო,
კიდევ სასახლე დამიგავოო.

ასე დამთავრდა ამ სასახლეში ჩემი ამბავი.
არა -  თაგუნას,  ემის შერქმეულს,
უკვე აბიშაგს დამიძახებენ.
მაინც კარგია, ახალმოსულს ხომ მარწმუნებდნენ,
ვინც შემოსულა,
ან  თვალხილული,
ან ენისწვერდაუცვეთელი,
ანდა ცოცხალი არ გასულაო.
ერთს,  გულამოთქმით დაგიტირებ,
ო,  ადონია,
მეფობის ღირსო,
მეფისა ძეო,
აბსალომის მერე შობილო,
სათქმელს არაფერს ჩავიტოვებ და იმის მერე არც მინდა ენა.
დღის შუქში მაინც,
ერთხელ მაინც დამენახა შენი მკლავები,
კლდეო მაღალო,
კლდეო სალო,
მიწისძვრისგან ჩამოქცეულო,
ან სამოსელი დამენახა  მეფისწულური,
ან  მდინარეში შენი ნაქნევი ხმლის კვალისთვის წამით მეცქირა,
ან შენი ხაფი  ხმა გამეგონა,
ომიდან მოსულს  გამარჯვებით ერთხელ ჩემს წინაც  დაგეყარა ნაალაფარი
და მე იქიდან ერთი პატარა ბეჭედი,
ანდა ყელსაბამი ამომერჩია!

ჩემს თვალწინ იყო,
ძირს გართხმული ბეთშება , ჩვენი დედოფალი
  ჩვენს მეფე დავითს მორჩილად რომ ევედრებოდა,
თუკი  პირობას არ შემისრულებ და სოლომონს ახლავე არ გაამეფებო,
გვიანდებაო.
ადონიამ თავი მეფედ გამოაცხადა,
შესაწირავიც უხვად გაიღო,
ქვეშევრდომებიც ლამის ყველა ერთგულებაზე დააფიცაო.

მცოდნოდა მაინც,  რა ხდებოდა,
იქნებ დროული სიტყვით მეშველა.
გამეფებულს კი სიტყვა ჰკადრა.
ცოლად მოუნდა აბიშაგიო,  შუნამითელი? - გაცხარდა მეფე,
არად ჩააგდო  საკუთარი დედა დედოფლის სათხოვარი, მარჯვნივ მჯდომარის,
და ბენაიას დაავალა ადონია შენ მოკალიო,
და ბენაიამ უმორჩილესად  აღასრულა  ბრძანება იგი სოლომონისა.

თავიდან შენზე გული გამიტყდა,
როცა გავიგე,
მთელი ეს ხანი თურმე სასახლის,
მეფის კარიდან ამბის გამტანად მიყენებდი ჩემუნებურად,
ასე ვიფიქრე:
ემი ტყუილად კი არ ამბობდა, კაცს არ ენდოო.
და ესეც -  კაცი!
სულ  მატყუებდა,
რომ დავფეხმძიმდი,
გადაიკარგა,
სასიკვდილოდაც არ დამინანა,
რაღა დროსია, ახლა  გავიგე,
რომ  უხსოვარ დროს ჩვილად მომკვდარა,
შენ  ვის შვილადაც  ჩემს წინაშე თავს ასაღებდი,
ხოლო მანამდე  სასახლიდან ამბის გამტანად  სხვას იყენებდით,
ვითომშვილობით  მთელი ცხოვრება ატყუებდით  საცოდავ ემის,
ისიც გულწრფელად,
სულ წვრილ-წვრილად რომ  გიყვებოდათ,
სადაც კი რასმე ყურს მოკრავდა,
მეფე დავითის საერთგულოში თუ რამ ხდებოდა!

შენ კი,
შენ მართლა გყვარებივარ,
დედოფლად სურდი, შენ აბიშაგი, შუნამითი,
რომ მოესწროო,  გამაგონეს...
როგორ ყოფილა!
ქალს და კაცს შორის რაც რამ არსებობს,
ვნებაც რომ იყოს წამლეკავი,
სიყვარულობას დაიბრალებს, ვიდრე გაუვა,
თვითონ წყვილებიც ათას რაღაცას  აჰკიდებენ,
დააბრალებენ,
ხოლო ნამდვილი  სიყვარული,  ვიდრე არსებობს,
სახეს  არასოდეს  გამოაჩენს
და როცა  ქრება,
როცა უკვე აღარ არსებობს,
მისი ამბავი მხოლოდ მაშინ,
მონაყოლით
და მონაგონით-ღა დაიჯერება.
და ვინც რა იცის სიყვარულზე,
ყველაფერი-  მონაგონია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები