ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პროზა
11 მარტი, 2024


მამაჩემის იავნანა

16
ადამიანი ცალკეული ინდივიდია. ამა თუ იმ საკითხზე მისი შეხედულება, აღქმა და განცდაც შესაბამისად ინდივიდუალურია. ერთსა და იმავე სიტუაციაში ჩავარდნილმა სხვადასხვა პიროვნებამ შეიძლება ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ემოციები აჩვენოს. სიხარულსა თუ მწუხარებას ყველა თავისებურად გამოხატავს, რადგან ყველა მათგანის ხედვაც თავისებურია.. სწორედ ასე დაემართა თაიასაც, როცა სიყვარული აუხსნეს. მისი გაურკვეველი ქმედებიდან ზუსტი დასკვნის გამოტანა შეუძლებელი იყო. დაცინვა თუ თანაგრძნობა?... მან ბიჭის გრძნობები გაამასხარავა თუ?.. დიახ, დიახ... აქ, "თუ", ნამდვილად დროულია! გოგონამ იმ უცნაური ქცევით ირონია კი არა, თავისი სიხარული, თავისი განუსაზღვრელი ბედნიერება გადმოსცა. მასაც ისევე შეყვარებოდა მაქსიმე. მასაც უნდოდა გული გადაეშალა საყვარელი ადამიანისთვის, მაგრამ რამდენჯერაც საუბარი დააპირა, იმდენჯერ უკან დაიხია. სათქმელი ენის წვერზე დაიტოვა. მოერიდა, შერცხვა და დალოდება ამჯობინა. მერე კი, როცა ბიჭი თვითონ გამოუტყდა გრძნობებში, ემოციები ვეღარ მოთოკა და აკისკისდა. იმ დღიდან ეს ორი ახალგაზრდა წყვილად იქცა. იმ დღიდან ისინი ცალცალკე აღარავის უნახავს. ყველგან ერთად იყვნენ. მუდამ ერთად! როცა ეს ამბავი გავიგე, ძალიან გამიხარდა. პატარა მაქსი, რომელიც მამამისის იავნანას გარეშე არ იძინებდა, უკვე კაცი გამხდარიყო და მალე ცოლსაც შეირთავდა. ერთხელ ქუჩაში შემხვდნენ შეყვარებულები, სეირნობდნენ და ერთმანეთს საუცხოო მზერით შესციცინებდნენ. შემამჩნიეს თუ არა, მაშინვე შეჩერდნენ. ჩემმა "პატარა" ბიჭმა თავისი დიდი სიყვარული გამაცნო. მე კი ორივე იმ წამსვე სახლში მივიპატიჟე. საინტერესოდ მოსაუბრე აღმოჩნდა გოგონა. ჭკუა და თავდაჯერებულობაც არ აკლდა. მოკლედ, მისით აღვფრთოვანდი.  შემდეგაც მესტუმრნენ რამდენჯერმე. ყველა ნახვაზე უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი, რომ მაქსიმეს ნამდვილად ღირსეული ადამიანი შეახვედრა განგებამ. ერთად ცხოვრების უსაზღვრო სურვილის მიუხედავად წყვილი შეთანხმდა არ ეჩქარათ და უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ დაქორწინებულიყვნენ, თუმცა მაინც ვერ მოითმინეს და მესამე კურსის ბოლოს ოჯახად იქცნენ.
როცა დაჩიმ შვილის გრძნობების შესახებ შეიტყო ანერვიულდა, მაგრამ სიტუაციაში კარგად გარკვევის შემდეგ, ისევ დამშვიდდა და ბიჭს ყველანაირად დაუდგა გვერდით. და დადგა ის დღეც, როცა მარტოხელა მამამ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა! წამოსვლამდე ერთი კვირაც არ იყო დარჩენილი მაქსის რომ ესაუბრა. მან კი ისეთი ამბავი უთხრა, რამაც კაცი უცნაურად ააფორიაქა. თურმე დინას გამოჯანმრთელება დაუწყია. გული საგულეში აღარ უჩერდებოდა ლოდინზე გამარჯვებულ ქმარს. ერთი სული ჰქონდა ჩამოსულიყო და ცოლი ენახა. ოცნებაც აუხდა! რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე ერთადერთი შვილი იქორწინებდა, საბოლოოდ დაბრუნდა საქართველოში. იმ ღამეს ქუთაისში, მაქსიმესთან დარჩა. მეორე დილით კი ერთად წავიდნენ ყოფილი ავადმყოფის სანახავად. ქალი მართლაც კარგად გამოიყურებოდა. დაჩის დანახვაზე ბევრი იტირა. ბევრიც ეფერა მონატრებულ მეუღლეს. ამდენი წლის შემდეგ პირველად გაერთიანდნენ. ამდენი წლის შემდეგ პირველად ისაუბრეს ჯანსაღად. ყოველ მეორე წინადადებაში ბოდიშს იხდიდა დედა და ცოლი შვილისა და ქმრის წინაშე. პატიებას ითხოვდა მათგან. ისინი კი აჩუმებდნენ და გულში იკრავდნენ. მერე ერთმანეთს დაემშვიდობნენ. ამჯერად დროებით. ექიმების თქმით, დინას სრულად გამოჯანმრთელებას დრო კიდევ ჭირდებოდა. ამიტომ ჯერ სახლში ვერ გაუშვებდნენ. არა უშავდა. ცოტასაც მოითმენდა მამა-შვილი. სულ ცოტაც და ეს სამი ადამიანი აღარასოდეს დაშორდებოდა. მანამდე კი ძველებურ ცხოვრებას დაუბრუნდებოდნენ "ბიჭები".
***
კურსის ბოლო გამოცდა ჩააბარეს თუ არა, თაია მაქსიმეს გაყვა ცოლად. წყვილი რამდენიმე დღით ბათუმში წავიდა. იქიდან დაბრუნებულებმა პატარა წვეულება მოაწყვეს. ხელი მოაწერეს და ჯვარიც დაიწერეს. დინაც დაესწრო შვილის ქორწილს. ორი კვირა იყო, რაც სახლს დაბრუნებოდა და თავს თან ბედნიერად, თან უცნაურად გრძნობდა. მას რაც ახსოვდა, ის აღარ არსებობდა. გარემო და  ადამიანები შეცვლილიყვნენ. წლებს ცხოვრება სხვანაირ რიტმში გადაერთო! ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევდა. ყველაფრის ახლიდან სწავლა. მზად იყო ამისთვის. ჯეროდა რომ აუცილებლად შეძლებდა. გვერდით ისეთი ქმარ-შვილი ჰყავდა შიში არაფრის ჰქონდა. მოსვლის დღიდან სულ ცოლთან იყო დაჩი. მარტო არ ტოვებდა. ყოველ წუთს ესაუბრებოდა, პასუხობდა, ეკითხებოდა, უხსნიდა. ახალ სამყაროს აცნობდა ნაოჭებგამრავლებულ ქალს. ქალს, რომელსაც  ახალგაზრდობის წლები რთულად შესასრულებელი დავალებასავით გამოეტოვებინა. განებივრებული დინა ბედნიერების მწვერვალს იპყრობდა. მის შემყურე ქმარს სიცოცხლე უხაროდა და უფალს მადლობას წირავდა არსებობისთვის.
***
ახალდაქორწინებული წყვილი ოქტომბერში ქუთაისს დაუბრუნდა. სწავლა უნდა გაეგრძელებინათ. პარალელურად  სტაჟირებასაც გაივლიდნენ პროფესიული კუთხით. უნივერსიტეტშიც ერდად ივლიდნენ და პრაქტიკებზეც. ერთ დილას თაიამ თავი ცუდად იგრძნო და სახლში დარჩა. მეორე დღესაც იგივე განმეორდა. მაქსიმეს შეეშინდა და ცოლი ექიმთან წაიყვანა. როგორც გაირკვა, გოგონა ფეხმძიმედ დარჩენილიყო. ბიჭის სიხარულმა მთელი საავადმყოფო აახმაურა. მერე ხელში აყვანილი მეუღლე მანქანაში ჩასვა და სოფლის გზას დაადგა. ეს სასწაული მშობლებისთვის უნდა ეხარებინა. წლების მანძილზე რაც არ გაუღიმია დაჩის, იმ ბოლო თვეებში აინაზღაურა. უკვე სერიოზულად შიშობდა, ერთბაშად ამდენ ემოციას არ ევნო. ყველაზე მეტად ახლა სურდა სიცოცხლე. ყველაზე მეტად ახლა უყვარდა სამყარო.
თაიამ ტყუპი გოგონა გააჩინა. ორი ქალიშვილის მამა გახდა მაქსიმე. ბებიის გენმა შვილიშვილთან იჩინა თავი (თუ გახსოვთ, დინასაც ჰყავდა ტყუპისცალი და). ბავშვები ჯანმრთელები დაიბადნენ. გასაზრდელადაც უპრობლემოები იყვნენ. თითქმის არასდროს ჭირვეულობდნენ. რძალს დინა ეხმარებოდა ჩვილების მოვლაში. ქალი მაქსიმალურად ცდილობდა, ის სითბო და ზრუნვა, რაც საკუთარ შვილს დააკლო, შვილიშვილებისთვის ეჩუქებინა. რამდენიმე თვეში მაქსი და მისი გაზრდილი ოჯახი ისევ ქუთაისში წავიდა. დედ-მამამ კი კვლავ სოფელში დარჩენა ისურვა. ბოლო პერიოდებში დაჩი წნევებმა შეაწუხეს. სისუსტეებიც დასჩემდა. ყველაფერს დაღლილობას აბრალებდა. ექიმთან არ მიდიოდა, რადგან ცოტას დაისვენებდა თუ არა კარგად ხდებოდა და ეს ათამამებდა. დინა მის გამო ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ ქმარი ვერაფრით წაიყვანა ანალიზების გასაკეთებლად. არც შვილის თხოვნას მოუსმინა მამამ. გამუდმებით საავადმყოფოებში სირბილით იმდენად იყო კაცი გაბეზრებული, იქით გახედვაც აღარ უნდოდა. თანაც ფიქრობდა, რომ სერიოზული არაფერი ჭირდა. ერთ დღეს კი თავბრუსხვევა იგრძნო. აღებინა კიდეც. მერე გონიც დაკარგა. სასწრაფო მართლაც სწრაფად მოვიდა, ცოცხალს მოუსწრეს, მაგრამ მგზავრობისას იმდენად დამძიმდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ვეღარ გაუძლო წლების სიძაფრეს ტკივილებისგან დაფლეთილმა გულმა. გარდაცვალების მიზეზად ინსულტი დასახელდა.
მთელი სოფელი მოკვდა დაჩისთან ერთად. მე კი კარგა ხანს შოკიდან ვერ გამოვედი. ყოველდღე უამრავი ადამიანი მიდიოდა პანაშვიდზე. ყველა ცხარე ცრემლით ტიროდა. ქალები კიოდნენ, კაცები ღრიალებდნენ. ტკიოდათ და ებრალებოდათ ცხოვრებისგან დაჩაგრული ქმარი და მამა. ხალხი სამყაროს კიცხავდა ამგარი სიცოცხლის ხელყოფისთვის. ბუნებას სამდურავს ეუბნებოდნენ მის გამო. მაქსიმე და დინა ადამიანებს აღარ ჰგავდნენ. იმის შიშით დედაც არ დაეკარგა ბიჭი გვერდიდან არ შორდებოდა ქალს. რამდენიმე დღის შემდეგ, ერთადერთმა შვილმა, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე საიმედო მამიკო მონატრებული დედის გვერდით დაკრძალა. მერე კი თავის ცალად დარჩენილ, ნატანჯ მშობელს მოკიდა ხელი და ქუთაისში წაიყვანა. ამიერიდან მას, სრულიად მარტოდმარტოს, მთავარ საყრდენ გამოცლილ ახალგაზრდა კაცს, ოთხ ქალზე ზრუნვა და მათი გაფრთხილება ევალებოდა. ცხოვრება გაგრძელდა. მაქსის თითქმის ყოველ კვირაში დაყავდა სოფელში დინა. საფლავზე გადიოდნენ და მერე ისევ ქალაქს უბრუნდებოდნენ. ქალს დარჩენა უნდოდა, მაგრამ შვილი ამის უფლებას არ აძლევდა. შვებულების დღეებში ყველა ერთად სტუმრობდა ხოლმე ჩვენს უბანს. მართალია დაჩის გარეშე მათი ხილვა გულს გვიკლავდა, მაგრამ ვეგუებოდით. სხვა გზა არ იყო. თანაც ტყუპები  ისეთი საყვარლები იყვნენ, ყველაფერ ცუდს მომენტალურად გავიწყებდნენ. ერთ საღამოს მდინარის პირას გავისეირნე. ქვაზე მჯდომ ადამიანს მოვკარი თვალი. შორიდან ვერ ვიცანი, მიახლოებულმა კი მაქსიმე დავინახე. ჩაფიქრებული იყო. უეჭველად მამას უცქერდა წყლის წიაღში. არაფერი მითქვამს. მხოლოდ გვერდით დავუჯექი. ცოტა ხანში თვითონ დაიწყო. გული გადამიშალა. იმაზე მეტად ტკიოდა თურმე დაჩის წასვლა, ვიდრე გარშემომყოფები ვგრძნობდით. თითქმის ყოველ ღამე მესიზმრებაო. ძილში ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ უიმისოდ გათენებული ყველა დილა მტანჯავსო. ვერაფერი ვთქვი. ცრემლები მაღრჩობდა. მერე მადლობა გადამიხადა. რისთვის-მეთქი? ყველაფრისთვის, განსაკუთრებით კი მამაჩემის იავნანასთვისო. იცი?- დღესაც ისე ჩამესმის მამაჩემის ღიღინი, როგორც წლების წინო. ხანდახან კი მეც ვუმღერი ჩემს გოგონებსო. რომ იცოდე როგორ ტკბილად იძინებენო. მამას გვანან ჭკვიანებიო და ისეთი სიყვარულით გაიღიმა ხელახლა ავტირდი!
ახლა დეკემბრის თვეა, მალე 2024 წელი შეამოაბიჯებს მსოფლიოში. მეორე წელია, რაც ოჯახი დაჩის გარეშე ხვდება ახალ წელს. უბრალოდ ხვდება!
***
რა ქვია ჩვენს ცხოვრებას, დროებითი ბედნიერება თუ?..
და მაინც, რატომ არასდროსაა სიცოცხლე საკმარისი?

დ    ა    ს    ა    ს    რ    უ    ლ    ი

/სოფო ნემსაძე/

[2023 წელი. 23 დეკემბერი.]

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები