ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
12 მარტი, 2024


აბიშაგი ანუ ქალი- სხეულით გამათბობელი

ერთი რედაქციისთვის შევკარი ფაილად და თუ  ამის კითხვაზე მნიშვნელოვანი საქმე არაფერი გაქვთ, აგერაა:
ნინო დარბაისელი

აბიშაგი ანუ ქალი  -სხეულით გამათბობელი



1. მამისახლი

როგორ მომწონდი.
არა, უბრალოდ კი არ მომწონდი, მიყვარდი კიდეც,
შემოგნატროდი,
მაგრამ შენამდე,  აბა,  მე ვინ  მომაკარებდა?
ჩემი უფროსი დისა იყავი.
როგორ გივლიდა,
კალმასობიდან იპარებოდა,
შუაგულ მზეში ჩრდილს გიძებნიდა,
ერთ ლეღვის ფოთოლს ქვეშ დაგიგებდა,
მეორეს  - ნაზად  გაფარებდა,
გეფერებოდა და გიმღეროდა:
“ტკბილად გეძინოს, ბერსაბეო”.
თვალს გადევნებდით,
ვუსმენდი და საიდუმლოს ცქერისაგან აფანცქალებულ გულს ვიოკებდი.

ჩემი უფროსი დის წასაყვანად მაყრიონი როცა მოვიდა,
შემოტრიალდა თვალცრემლიანი,
თვალით მომძებნა,
დამიძახა,  აქ მო, დროზე, ხელი მომეო,
იმის ფრჩხილებით მომეფხოჭნა ხელისგული,
და შენი თავი მუჭში ჩამიდო.
ჯერ არ ვიცოდი,
რომ წესია,
გათხოვებისას თავის თოჯინას
ქალი  - გვარში უმცროს ქალს ჩუქნის.

გამოხდა ხანი.
მეფის კაცები როცა მოვიდნენ და მამას უთხრეს,
გოგოები აქ მოიხმე, დაგვანახვეო,
აგვარჩევინე, რომ ჩვენს  დიდ მეფეს, თვით დავით მეფეს მივგვაროთო.
მწკრივად რომ დადგნენ ჩემი დები,
ერთმანეთზე უკეთესები,
ჩამოუარეს, სათითაოდ,
ხელით სინჯავდნენ  კისერშიაც,
იღლიებქვეშაც,
და მამას უთხრეს,
სულ ეს არისო?!
დედაჩემი შავი კრუხივით გადამეფარა,
ეს პატარაა, ნაბოლარა,
ქალური წესი ახალ მთვარეზე მოუვიდაო,
მაგრამ მეფის კაცს ვინმე რამეს გააგონებს?
ჩამჭიდა ერთმა უხეში ხელი მე  - ახალნარბენს,
მართლა,  კარგა ცხელიაო, ეს გვჭირდებაო.
ხვალ დილას მოვალთ წასაყვანად,  გაგვიმზადეთო.
სამოსელს  -ჩვენსას მოვიტანთო...
დილაადრიან  გამაშიშვლეს
და მეფისათვის არჩეული გამაბანეს ჩვენი ქალაქის  ცხელ აბანოში,
არა - ჯვალო და არა-  სელი,
სუმთლად ახალი დამახვედრეს შესამოსელი
მსუბუქი, თხელი,  გამჭვირვალე,
ზედ  ოქროსფერი ნაქარგებით,
მარგალიტებით
მე მივტრიალდი ასე ჩაცმული,
ვითომ ჩემებთან საბოლოოდ ჩასახუტებლად,
ვეცი ძველმანებს, უცებ გიპოვე  ჯვალოებში და
ლაჯებშუა მოგიმწყვდიე.
ისე გატარე სასახლემდე,
ვერც შეგამჩნიეს და აქ დაგმალე,
როცა მივდივარ ღამის სათევად,
კედლის პატარა გამონგრეულში საიდუმლო გაქვს საბრძანისი.

2. დედოფალა - კერპი -  ბერსაბე?

ბერსაბე,
სხვისთვის რად მოჩანხარ!
მუჭში ადვილად ჩასატევი
ნაფოტისგან გამოჩორკნილი  ერთი პატარა დედოფალა,
ხელ-ფეხი ცალკე,
ტანის ნასვრეტში გაყრილ ბაწარზე რომ უბია,
წითელლოყება,
შავთვალიანი,
ბალახეულის და ბოსტნეულის  ფერადი წვენით
ტანზე -  ზიგზაგებმიხატული,
სულ მეშინია, ჩემს არყოფნაში
აქ არ გიპოვონ.
აქ, სასახლეში, დედოფალას ვინ გააჩერებს,
ეს - წარმართული ღვთაებააო, შენზე იტყვიან,
ვინ ვერაგმა მოიტანაო,
ჯერ ამ ხელ-ფეხს მოგაგლეჯენ,
დაგჩეჩქვავენ,
მერე სამსხვერპლოდ შეგწირავენ,
ღმრთის საამებლად,
აი,  კაცის ხელით შექმნილი კერპი ვიპოვეთ,
შემოგწირეთო,
ცეცხლში დაგწვავენ და იქნებ მეც ზედ მომაყოლონ.
შენ კი მხოლოდ დედოფალა ხარ,
ჩემი ამბების მოზიარე, ჩუმად მომსმენი,
არსად მთქმელი.
ჩემი ბერსაბე!

იქნებ კერპი ხარ,
ღამენათევთან სიზმრად რომ მოხვალ შენ-  ხორცშესხმული,
ჩემთან ერთად რომ პეპლებს დასდევ ტრიალ მინდორზე,
ჩემთან ერთად რომ გემღერება,
აუფუარი პურის ნატეხი ნაკადულის წყალში ჩამბალი,
ზედ - ბოლომდე შემოუსვლელი ფინიკის ხურმაც
ჩემთან ერთად რომ გეამება.
ნუთუ ჩემს ხვეწნას  არასოდეს არ შეისმენ?
სინამდვილეში  ნუთუ ერთხელაც არ გაცოცხლდები?
თუმცა  არა!
სად წაგიყვანო, გაცოცხლებული!
სჯობია, ისევ  ხისა იყო,
ამ სასახლეში და გარეთაც,
ვიდრე ასული ან ძე კაცისა - დაბადებითვე სიკვდილისთვის გამეტებული.

3. აკბარი

მე  ემისათვის არაფერი არ მიკითხავს,
ვერც გავბედავდი.
რომ დამინახა, თვითონვე თქვა,
ეს რა წრუწუნა მოუყვანიათ,
აკბარიაო, მართლა აკბარი,
ასეც  დაგარქმევ ამიერიდან
მე კი ემი დამიძახეო.

ემია ჩემი მომხედავი,
საღამოსათვის ემი  მაცმევს ფერად- ფერადებს,
თმას ემი მიწნავს,
სამკაულებსაც -
ჯერ  ზარდახშიდან ამოღებულს სათითაოდ,
კუთხეებით ცერზე  და ხელის გულზე ისვამს,
მეფეს კი უყვარს, ქალი როცა შემკულია, მაგრამ ჩხაპნია არ გამოდგესო.
ნელსაცხებლებს კი ამ ბოლო დროს აღარ მახმარებს,
ჩვენს დავით მეფეს სულს  რაღაც ცუდად უხუთავს და მეტი ჰაერი ეამებაო.

დილ-დილაობით,
შინდაბრუნებულს  ოსპის შეჭამანდს დამახვედრებს,
თხილეული და ჩირეული -  გამოულევლად,
მოხატულ თეფშზე ისეც გვიწყვია.
დოქით წყალიც - მოტანილია.
რომ დამაპურებს, მერე ჩემი დღის ძილს დარაჯობს.

სულ  მეუბნება:
სასახლის გარეთ - ჯეირანობას
სასახლის თაგვად ყოფნა გერჩიოს:
თუ კარგი თვალით გიყურებენ,
შენთვის  წყალობა არასოდეს დაილევაო;
ვინც სასახლეში შემოსულა,
ვიდრე ცოცხლობს,  აქ დარჩებაო;
აქ მსახურებას დაჩვეული გარეთ აღარ გაიშვება,
არც არაფერში გამოდგებაო;
მეც შენი ხნისა ვიყავიო,  სახლს რომ მომწყვიტეს,
როცა პირველად მეფის ცოლის ხელის გოგოდ მომიყვანესო:
სასახლის მსახურს  ენა -  მოკლე და ხელები  -  გრძელი უნდა ჰქონდესო;
უფროსზე ნათქვამს  გადამფრენი ჩიტი კი არა,
სანთლის ნიავიც წაიღებსო;
გულშიც ნურაფერს გაიფიქრებ,  როცა არ გინდა,
ამონასუნთქს ამოჰყვებაო;
კაცსა და ცხოველს წყვილი თვალი აქვს, სასახლის კედლებს- ათასიო.
ხომ ასეთია,
შენ კი, ბერსაბე, არასდროს შეუნიშნიხარ.

თავიდან - ისე ძნელი იყო!
დრო გავიდა და გარეთ გასვლა  უკვე ნაკლებად მეოცნებება,
ის მახსოვს მხოლოდ,
კალოს მლეწველთა ცქერა მიყვარდა,
კალმასობისას -
წამოკრეფა ნაკვალევზე დარჩენილი თავთავებისა,
ან ცივ ჩანჩქერში  ბანაობა მზეგადასულზე
და ნაგუბარში კენჭების სროლა ყველაზე შორს და
წყლის ზედაპირზე წრეების თვლა რვამდე- ათამდე.
სხვაც ბევრი იყო გასართობი,
არც სამუშაოს გვარიდებნენ.
დედამ იცოდა,
ბავშვი ორ ფეხზე რომ გაივლის,
თავისი ჭამის ფასი შრომა არ  მოაკლდესო,
კიდევ რა მახსოვს?
რაც დღის სიზმრებში  მიმეორდება, უფრო და უფრო იშვიათად
და თუ იქ არ ხარ, გაღვიძებულზე  შენ რომ გიამბობ.
მე  რახანია, აღარ ვიცი,  ღამის სიზმარი რანაირია.

- - -
*აკბარი- თაგვი  ძველებრაულად და არამეულად
**ემი-დედა  ძველებრაულად ( ავტ., მოდიფიცირებული გამოთქმა)
*** ბერსაბე - დავით მეფე წინასწარმეტყველის ერთ-ერთი, რჩეული ცოლი, სოლომონ ბრძენის დედა. აქ - აკბარის ხის დედოფალას სახელია.

4. სასახლის ბაღში

სასახლის ბაღში დავსეირნობ  გაღვიძებულზე.
სასახლის ბაღში ვარდებია ათასნაირი,
ყვავილები,  აქამდე თვალით რომ არ მინახავს,
სახელად რომ არ გამიგია,
სასახლის ბაღში სურნელია თავბრუდამხვევი,
სასახლის ბაღში  ულამაზესად ბოლოგაშლილი ფარშავანგები
უშნოდ ყივიან და
ისინი რომ გაჩუმდებიან,
იადონები და შაშვები ეჯიბრებიან,
მებაღე?!
რა ვთქვა!
არ დამინახავს,
ალბათ საქმეს დილით ილევს,
არ დამინახავს არც ჩრდილის გრილში მოსეირნენი.
ბაღი გალავნის შიგნითაა და გაკრეჭილი ბუჩქებითაა შემოსაზღვრული.

ემიმ თქვა ადრე:
-თუ გინდა რამე უჩვეულოს შეასწრო თვალი,
უჩვეულო დროს, უჩვეულო ადგილას მიდი!

წუხელ ჩამთვლიმა დავით მეფესთან ჩახუტებულს,
მერე ძილმა თავი წამართვა,
სამაგიეროდ,  დღეს შუადღეზე არ დამეძინა და სასეირნოდ ბაღში გამოველ.
ერთგან, ბუჩქების სულ კუთხეში ემის კაბის ბოლო ვიცანი,
გარეთა კაბის კალთა ბოლომდე აეკეცა და
ბუჩქის ძირას ხელშეყოფილი ნუგბარს აწყობდა,
ვერ დამინახა,
ჩემს იქ ყოფნას ვერც იფიქრებდა.
თან, რა დასტვენა სცოდნია თურმე,
რომ არ მენახა,  ვინმე ფრინველის
ფრთაფერადის ხმიანობა მეგონებოდა.
სტვენაზე ბუჩქის იქით მხრიდან კაცი გამოჩნდა,
ალბათ უფრო მეომარი
სულ წამოკრიფა ის  ნუგბარი და ბოლოს ხელი ღრმადაც შემოყო,
ემის ხელს მისწვდა, იმის თითებს,
წამით ეჭირა და იმწამსვე გაუჩინარდა.

5. აბსალომ!

როგორ მივმართავ?!
როგორც მასწავლეს:
- მეფეთ-მეფეო, დიდო დავით, ნება მიბოძეთ!
გულში კი ვამბობ:
- იქით მიიწი, ბერიკაცო, ვეღარ ვეტევი!-
ხანდახან ისე გახურდება,
გავარვარდება,
მე  - გამათბობელს უფრო მაცხუნებს.

მესაწოლენი შუაღამისას იცვლებიან,
და იარაღიც მუდამ ასხიათ.
ბორგავს ძალიან,
მთელი ღამე არ ეძინება.
წუხელ ჩათვლიმა და თავისივე ტირილის ხმამ გამოაღვიძა:
- შვილო, აბსალომ,
ეს რა ცეცხლი მოგვეკიდაო,
ამნონი-  შენი  ძმა იყო და თამარი - დაო, სისხლისმიერი ძმა გყავდაო,
მამისძეობით ერთი იყავით,
არ ერგებოდა დასთან წოლა,
რად მოუნდაო?
და შეაცდინა და გაუშვა,
რა ვუყოთ, თავი შეირცხვინა,
გზა მართალი გაიმრუდაო,
მაგრამ ქალისთვის,
ძმას მტრად ვინმე მოეკიდაო?
ქალი - შვილადაც არ ითვლება,
სამკვიდრო რჩება  მხოლოდ მაშინ,
მთელი კლანი თუ  გადაშენდაო.
ძმაზე წინ როგორ დააყენე, მითხარ, შენ, დაო?
დრო გავიდა და  გულისჭირი არ დაგნელდაო,
ლამის სამეფო ამოაგდე, ამოვარდაო,
ჰარამხანასაც დაერიე,
არ დამირჩინე  არა წმინდაო,
მწარე ხარ, შვილო,  შენ, აბსალომ,
ნეტა  გეცოცხლა, ღმერთი სიკვდილს მომივლენდაო,
მამის ლომოო,
ვაი, აბსალომ, აბსალომოო!
- ასე ტიროდა.
მესაწოლენი ისე შორს იდგნენ,
იმსიშორიდან
ტიროდა თუ ღაღადებდა, არაფერი გაირჩეოდა
მე კი პირველი,
რაც მითხრეს და რაც დამარიგეს,
შენი ნათქვამი სიტყვა გავა და
შენი ენაც თან გაჰყვებაო -
- და ხანჯლად ხელში უელავდათ,
სიკვდილის ენა.
ასე ყოფილა,
სასახლელებში მოახლეებად მუნჯებსა და საჭურისებს ამჯობინებენ.
ან ვისთან რა ვთქვა!
გულს შენთან ვიცლი დაბრუნებული,
მაინც ხისა ხარ,
დედოფალა,
ჩემო ბერსაბე,
ხოლო ხის ენა - კაცთა შორის არავის ესმის,
ხოლო თუ ცეცხლი მოეკიდა,
ენა ცეცხლისა,
ვიდრე რამეს ფერფლად აქცევდეს,
დანაცრებამდე მთელ ამბავს ყვება
და  ცხელ ქარს მერე  ეს ამბავი ზეცამდე მიაქვს.

6.  დავითის გოდება შვილზე

ეს მერამდენედ, ძილში რად ჰგოდებ,  მეფსალმუნევ, დიდო მეფეო?
წუხელღამ  ვითომ ჩაგეძინა,
ან  იქნებ კიდეც ჩაგეძინა და  ძილღვიძილში ცრემლიანი მოსთქვამდი ასე:

- გასაგებია,
არ მერგებოდა მე საკუთარი მხედართმთავრის,
ჩემი ერთგული მეომრის ცოლი!
ვნებას ავყევი და ქმარი იგი უთანასწორო ომში გავუშვი დასაღუპავად.
ცოდვისა იყო ის სარეცელი,
ბერსაბესთან,
თანაც მრავალგზის რომ გავიყავი,
ცოლად შერთვისთვის დავისაჯე…

დიდი ხარ მამა,
ყოვლგან მყოფი,
ყოვლად ძლიერი,
გაუგებრობა - თვისებაა შენი მარადი,
მაგრამ ხომ არის რაღაც მაინც,
ის, რაც მოკვდავსაც გაეგება,
და რატომ არის,
რომ ყველაფერი, რაც მოკვდავისთვის ცისქვეშეთში გასაგებია
და ყველაფერი, რაც ცისზესეთშიც გასაგებია,
გასაძლებად უმწარესია,
უსველესია კაცის ცრემლით,
მიწის ჭამას რომ მოგანდომებს ამ სიმწრისაგან.

რად მომიკალი შვილი იგი!
გასაგებია, ცოდვის ნაყოფი ჩამოწყვიტე,
ის ცოდვა გვეტკბო,
მაგრამ რატომ წაიყვანე,
რად მიითვისე,
ბავშვმა განა რა დააშავა!
მამა, ბავშვებმა რა დაგიშავეს კაცთა მოდგმისა,
მშობლის ქცევაზე პასუხი ხომ არ მოეკითხებათ!
დე, გაიზარდონ,
გაიხარონ!
განა ყველანი ცოდვის შვილები არა ვართ, ღმერთო,
განა ცოდვისთვის არ გამოაგდე უშორესი ჩვენი მშობლები იმ სამოთხიდან?
განა ცოდვისთვის არ უთხარი,
პირზე ოფლით ჭამე პურიო,
ან უხსენებელს სადაც ნახავ, თავი უნდა გაუჩეჩქვოო,
და თუკი მაინც ცოდვის ბრალია,
იმის მაგივრად დედამისი წაგეყვანა,
მე წაგეყვანე!

ღმერთო, დამხედე, რას დავემგვანე!
თავზე ნაცარი დავიყარე,
შესამოსელი შემოვიხიე,
ხმის ჩახლეჩამდე, ხმამაღლა მოვთქვამ,
აღარც კი ვიცი,
რომ გიგალობდა,
სად აგდია დღეს ჩემი ქნარი,
მიწაზე ვგდივარ და მიგია შენგან აქ ნარი,
მომეტევება ცოდვა ესე, ჩემი ნაქნარი?


7. ჩახუტებისა

ასე მზრდის ემი:
-  გესმის, აკბარო, პაწაწინავ?!
ნუ გეგონება, რამე იცოდე ჩახუტებისა.
ჩახუტება -  ბევრნაირია.

სხვა არის,  როცა მონატრებულს  გულში  გიკრავს დედა-მშობელი,
გეფერება და  თითქოს ისე გაპატარავებს,
მღვიმეში უნდა დაგიბრუნოსო;
ან  გეხუტება დედმამიშვილი,
თითქოსდა წლები არც გასულა და რიკფაინის სათამაშოდ,
ძველებურად  გაგაქცუნებსო;
სხვა - როცა  დობილს  კარგახნის  შორი, უნახავი  ხვდება დობილი;
ეხუტება და თითქოს ეჭვი უნდა დაახრჩოს,
ჩემი ნათქვამი  არაფერი გაუთქვიაო;
მოღალატური ჩახუტებაც არის ცნობილი,
გეკვრის და თითქოს თან  სხეულზე ადგილს გისინჯავს,
დანა რომ დავკრა, სად უფრო კარგად შეცურდებაო…
მტრობის - არ გვინდა, სიყვარულზე ვილაპარაკოთ!
სულ სხვაგვარია ჩახუტება  ახალთახალ შეყვარებულთა,
რიდიანი, გამოსაცდელი,
ორივეს უკან გასახტომი მანძილი  რომ აქვს შეგულებული;
განშორებულთა ჩახუტებაც სრულიად სხვაა,
თითქოს ცდილობენ,
ტკბილი ცრემლებით ჩამოიბანონ დროის კვალი პირისახიდან;
ეხუტებიან უკვე ყოფილი შეყვარებულნიც,
უკვე სხვადასხვა მხარეს წასულნი,
ეს ჩახუტება ნარევია  წამიერი სითბოსი და ცივმეგობრობაგარეული სიყვარულისა,
ყველას სჯობია ჩახუტება,
რომლის იქითაც რაღაც საერთო ნეტარების მწვერვალებია,
ან მონატრებულ  წყვილისცალთან შორეული ნეკი-ნეკისა,
ეს- ისეთია,
ისეთი დენის გამტარია, ქვეყნად ვერცერთი ჩახუტება ვერ ეტოლება...
თუმცა შენ  ამას  რას გაიგებ, საქმესთან - ახლო!

ვინმე  მოხუცსა და ავადმყოფს გასათბობად თუ ეხუტები,
იმის ლოგინში ფიცრის ნაფოტად  კი არ ეგდო,
ზურგიდან კარგად შემოეხვიე ხელებით და
და ფეხებითაც  შემოეხლართე!
წარმოიდგინე,
ზეთისხილის ტოტისაგან გამოთლილი კოვზი ხარ თითქოს,
ის კიდევ  - შენი ულუფაა.
შეჭამანდია,
წვეთიც არ უნდა დაგეღვაროს, არ გაგიცუდდეს!
რატომ ზურგიდან?
იმიტომ,  რომ ავადმყოფს ხომ ჰაერი უნდა,
სუნთქვა უნდა, როდისაც -  როგორ და რამდენიც გაუხარდება,
ჰო და თუ არ გთხოვს,  კისერშიაც არ ჩააორთქლო,
ცხვირ-პირი გარეთ მიიბრუნე,
არავინ იცის,  რომელ ავადმყოფს როდის ვისგან რა ეამება.
სხვა რაღა გითხრა მაგ საქმისა?
ჰო, კიდევ, ერთი -  ზედმეტ კოტრიალს მოერიდე,
დასაფარებლის შენკენ ქაჩვას,  შიგ გამოხვევას,
მგრძნობიარეა ავადმყოფი კაცის სხეული,
ყოველი შენი გადაბრუნება ძილ-ღვიძილში
ციხე-გალავნის ჩამონგრევად მოეჩვენება. -
- ასეთ საუბრებს მიმართავს ემი  შუადღეზე,
დაძინებამდე, დამავალესო,
თანდათან რამე შეასწავლე,
აუხსენი,
შენ ხელშიაო!


8. ოთახი. გებირა

მთელი სასახლის დარბაზებში -  იატაკზე - მოზაიკაა,
ჩემს ოთახში კი, ყველაფრისგან განაპირაში - ფილაქანი,
ზედ ჭილოფებდაფენილი,
დაბალი ტახტი
და მაგიდაც ასე დაბალი.
შუქი პატარა სარკმლით შემოდის,
ზეთის სანთელი სულ გვინთია.
შმორის და ობის ეშინია ემის ძალიან,
ჭირი იცისო
და მდუღარეში ჩარეული მყრალი გოგირდით
აქაურობას მალ-მალ რეცხავენ.

გუშინწინ ვკითხე, ემი,
აქ რა ხატია-მეთქი
და ტახტის უკან დავანახვე და
ხედავ, მაინც მოუსწრიაო?!
წრიულად სახე იყო მუქწითლად შემოხაზული,
ზედ ორი თვალი,
ცხვირის ხაზი და პირღიადან  - ენა იყო გამოყოფილი
და დაბლა ენა -  წრიულად არა,
არც წვეტიანად,
ზედ გადასმული სწორი  ხაზით ბოლოვდებოდა.
თავისი სისხლით და ნეკათი უხატიაო…

შენამდე  - ერთი გოგო გვყავდა,
ცუდი არ იყო,
ენა დაცვითეს, მაგრამ დენა არ შეუჩერდა, რა არა ვცადეთ,
მაგრამ  დილამდე სისხლისაგან დაგვეცალაო.

ეგ არ გენახა,
მე თვითონაც ვაპირებდი დღეს ენაზე შენთან ლაპარაკს.
მომილოცია,
კარგი თვალით გიყურებენ!
მეფეთა-მეფემ,
მორჩილიაო,
მონდომებული,
ერთხელ გაგუდვას გადამარჩინა, გამოდგებაო
და გადაწყვიტეს,
აქ დავიტოვოთ,
მარტო ენა  დავცვითოთო,
აი, როგორი იღბლიანი ხარ!

მე თუკი ცოცხლად,
ამდენი ხნით
აქ დამიტოვეს,
ენა რატომ-ღა არ დამცვითეს?!
ბერსაბეს მოვყევ სასახლიდან,
იმის კბილა ვარ,
პირველი შვილი - მე მივიღე,
მეორისა - სოლომონისა -  გადია ვიყავ,
იმის ტირილზე ძუძუებიდან რძე თქრიალით გადმომდიოდა.
რომ გაიზარდა,
ყრმა სოლომონმა,
პირველ ბრძოლაში მიმავალმა,
ყველას ფიცი დაადებინა,
რომ ასე დავრჩე,
ემი, ემიო, ჩემი ემიო, ასე მკითხულობს,
პატარობისას ერთხელ გულში ჩამეხუტა და  მეკითხება,
არ შეიძლება, შენ რომ დედა დაგიძახოო?
ბერსაბე?
მუდამ ცოლი იყო მეფეთ-მეფისა,
მოუფროსე,
სხვა ცოლებში  და საყვარლებში გამორჩეული,
შვილს იშვიათად  თუ აკითხავდა,
წესი ასეა!
აქ, სასახლეში გადია - დედის ტოლფასია,
დედა - დედოფლის,
დედოფალი?!
-  ეს  უკვე ისე, რასაც მეფე მოიწადინებს.
დავითს -  არა და სოლომონს კი,
მომავალ მეფეს -  დედამისი,
ის ბერსაბე,
ზოგჯერ სიცხიანს ბროწეულს რომ უგზავნიდა ან ორ კბილ  ხურმას,
ცოტა თხილით,
გებირად უნდა!
მთლად გებირად!
გებირა რაა?
- დედოფალთა დედოფალია!
მე კი გადია, დედათა შორის უდედესი…
გამიშვან მაინც!
ან რომ გამიშვან, სად წავიდე!
ერთი შვილი მყავს,
სოლომონზე ცოტა უფროსი,
ისიც  - სხვა ქალის  გაზრდილია, თავისებთან,
ტოლ-სწორებთან
ახლო დაბაში, გალავანგარეთ.
წესიერია და მამაცი,
მეფის საჭურველმტვირთველია,
ცოლშვილიანი,
ხანდახან ცოტა ჩირს თუ მივაწვდი,
რომ შვილიშვილებს მოვუკითხო,
რაც აქ ბევრია.
ნასასახლარი -
იმათ კარზე მე ვერ მიუვალ.

დღე  - დაიძინე,
საღამოთი - საქმეს მიხედე,
გათენებულზე იქ მოგაკითხავ და
გამოგყვები, სადაც ენის დასაცვეთია.
ეგ დედოფალაც,
აქამდე  ვითომ მე რომ მიმალე,
გამოგადგება,
თან წაიყვანე,
როგორც აქამდე მოგიყვანია.
მანამდე - დროა.
თუ რამე გინდა,
დღეს მითხარი,
ახლა მითხარი,
თორემ ხვალე გვიან იქნება!

9. ფათური

გესმის, აკბარო?! -
- ერთხელაც ემი მეუბნება,-
ნეტა თუ ხვდები,
ბედმა როგორ გაგიღიმაო,
მეფე დავითი არა მხოლოდ დაგინახავს,
ან არა მხოლოდ პირადად იცნობ,
ყოველღამ ხედავ,
მთელი ღამე
სარეცელში,  გვერდით უწევხარ
და თავიდან ფეხებამდე  ეხუტებიო.
იცი, რამდენი ქალის ნატვრა აიხდინეო?!

მეფე საულის ჰარამხანა ხომ მთლიანად დაიტოვაო,
თვითონ  - იმდენი მიუმატა,
თუ სადმე ვინმე  დამარცხებული მეფის
ცოლი,
ასული იყო,
სილამაზით განთქმული  იყო,
ყველა თავისთვის წამოიყვანა.
რომ ვერ ატევდა,
თავის ქალაქში სულ ახალი აიშენაო.
ბევრს თვალითაც კი  არ დაუნახავს
და მოლოდინით დაილია,
ახლა ცოლებს არ იკითხავო?
მგონი შვიდი თუ რვა  უზისო,
მუდამ მორთულ -მოკაზმული, სურნელოვანი
და რომ ეახლოს,
ერთ მეფურ ნიშანს ელოდებაო,
ჯერ ან ბერსაბე,
აბიგაილი,
მიქაელი რომ დაგანახაო…
ემის რა ძველი ამბები ახსოვს,
ამის ცოლები ალბათ,
უჯოხოდ,
უკვე  ვეღარც დააბიჯებენ.

ამ ძვალ-ტყავზე კი,
ხან რომ ძაგძაგებს და ხან ჭირის ოფლი რომ ასხამს,
ჩემი პაპის მამის ხნისაზე,
სამოცდაათი წლის მოხუცზე მეუბნება,
გიყვარდეს და გაიხარეო!
მე უკვე ვიცი,
ვინ და როგორ  უნდა მიყვარდეს
და როგორ უნდა გავიხარო
და გულს არ სჯერა ემის სიტყვები,
რომ ერთჯერადი გახარებისთვის
მთელი ცხოვრება,
მრავალჯერადი ტანჯვით უნდა გადავიხადო.
და თუ გადახდა არ ამცდება,
სულ არაფერს არ სჯობია,
იყოს რაღაცა,
რაღაცა იყოს?!
ვიცოდე მაინც,  რომ თუნდაც ერთი გახარებისთვის დამეკისრა გადასახადი.

იცი, ბერსაბე,
ერთი რაღაც აღმოვაჩინე,
დიდი შვებაა, აქ წოლისას წარმოვიდგინო,
რომ ბაღნარში ვარ,
იადონთა გალობა ისმის,
ვწევარ მოლზე და
ისევ  მზენაკრავ და დაკუნთულ სხეულს  ვეხვევი,
რომ  სადაცაა ნეტარების შადრევანში ჩაიღვრებიან
შეერთებული ჩვენი ოფლის ნაკადულები…

ეს დავითი კი,
ეს ბებერი,
თანაც, იცი, როგორ მეპყრობა?
თითქოს უსულო კრამიტი  ვიყო,
აგური ვიყო,
ღუმელში მისთვის გაფიცხებული.
არც კი ვიცოდი,
ჩემი სახელი თუ სმენოდა,
სულ ერთხელ მითხრა ან მომეჩვენა:
- აკბარ, რაღაც, ძალიან მცივა,
იქნებ ცოტა მიფათუროო,
ან საფათურო სად რა ჰქონდა,
როგორც ამ  ჩემი კაბის ბოლოს,
აი, ამ ქსოვილს მოეფათურო.
მალევე მითხრა,
მეამა, მაგრამ  უკვე გეყოფა,
მოვითენთე,
მეძინებაო.

თვალები მუდამ სანახევროდ მოხუჭული აქვს,
ზოგჯერ თავისთვის ლაპარაკობს,
ვერას გაარჩევ,
ვერც კი  გაიგებ,
როდის ღვიძილობს,
როდის ძილობს,
ან ძილიდან  თუ გამოვა და გაიღვიძებს.

მიყვარს თუ არა?
აბა, როგორ მოგატყუო,
განა ჩვენ ვინმე გვეკითხება?
სიყვარული - ქალის ვალია.
როგორც მეფე და მბრძანებელი,
როგორც უფროსი,
როგორც უხვი და მწყალობელი,
უნდა მიყვარდეს!
მაგრამ არ ვიცი,
ზოგჯერ მუცელში
ისე,  თითქოს
სადაცაა კუჭი    უნდა მომეშალოსო,
რაღაც  ჟრჟოლა რატომ მივლის
მასთან ყოფნისას,
ან მარტო მყოფს მასზე ფიქრისას,
რისი ჟრჟოლაა,
შიშისა თუ სიყვარულისა,
ან შიშისა და სიყვარულის ჟრჟოლა - ერთია.

10. აბიგაილი

მე არც მიკითხავს,
ბერიკაცმა თვითონ დაიწყო:
“- ლამაზი იყო აბიგაილი,
მთელი ქვეყანა შემოვიარე,
არ შემხვედრია სხვაგან  არავინ,
თან ქალი და თანაც ასე ჭკვიანი,
არა ჭკვიანი, არამედ ბრძენი,
ბრძენთა-ბრძენი,
ქმარი კი მართლა სულელების სულელი  ჰყავდა.
ერთი ხარბი და გაუთლელი,
თანაც მდიდარი.
ქვეყნის კიდეზე რაც მიწაა და საძოვრები, სულ მისი იყო.
ჩემი შიშით კი,
აქ დავითის  საზღვრებიაო,
მტერი ვეღარ ეკარებოდა.
ამას კი კარგი გადახდაც უნდა!

ჩემს მშიერ ბიჭებს
ერთი ლუკმა პურიც არ მისცა,
წყალიც კი არ გამოუტანა,
მეფე დავითი ვინღააო, დასცინა კიდეც!

აღვენთე ბრაზით,
მეორე დილის  ბრძოლისთვის ვემზადებოდი,
რომ მტვრად მექცია იქაურობა.
მაშინ მეახლა აბიგაილი,
ძღვნით მეახლა,
მიწას განერთხო,
გვაპატიეო,  შეგვიწყალეო,
მე ვარო მარტო დამნაშავე,
მე რომ გამეგო,
არაფერი მოხდებოდაო.

მომილბა გული,
ვაპატიე,
არ ამოვწყვიტე,
რომ ნადავლი სულ წამომეღო
და ნადავლში საუკეთესო
როგორც წესია,
ჩვენი ღმერთისთვის შემეწირა
და მეორე დღეს
მის ბრიყვ ქმარს უცებ გული გაუსკდა.

ჩვენი წესია,
სადაც ვინმეს დაიმორჩილებ,
ცოლი წაჰგვარო,
ჰარამხანაში მიიმატო კონკუბაინად.

მასაც იგივე ბედი ელოდა.
ლამაზი იყო და ჭკვიანი,
ნდომისაღმძვრელი და მე ვუთხარი,
დედოფლად დაგსვამ,
თუკი ცოლად გამომყვები,
გახარებ-მეთქი.

გაიხარა და თავისი ფეხით,
საპალნიანი ვირით მეახლა,
ხუთი მხევალი გამოიყოლა
და სასახლეშიც შეიფერა მეფის ცოლობა.

ისიც არ ვიცი,
რომელი  ქალი უფრო მეტია,
ვინც შენი ვნებით ვარვარებს  და  გონებას ჰკარგავს,
როგორც ბეთსიბა
და უგნურებას  შენც არაერთხელ ჩაგადენინებს,
თუ ვინც გონების ხმას მიჰყვება,
შენც  გაგიყოლებს,
და საკუთარ ვნებასაც მართავს,
წყვილი  ცხენივით,  საბრძოლო ეტლში შებმულვით და არ გაუშვებს  არასოდეს ხელიდან აღვირს?

ლამაზი იყო აბიგაილი,
ხრიკიანობაც როდი აკლდა..
ჭკვიანი იყო,
არა, ბრძენი და ბრძენთა-ბრძენი!
უცნაურია, ბრძენ მშობელს შვილიც
ბრძენი რატომ არ ებადება?
უგონო ქალი  -  ბრძენს გაგიჩენს…
კიდეც დაგირჩენს და თუ დასჭირდა,
ტახტისკენ გზასაც თვით გაუკვალავს…

თუმცა როდესაც ვნება გიქრება,
ვინ-ღა გაიგებს,
ქალთა შორის ვინ როგორია,
ვინ ვის სჯობია.
ძველი ამბები გაგონდება ფიქრთგასართველად…”

ღამეა გრძელი,
მე -  საწოლში - ვითარცა ძელი
და  ეს ამბები ძველისძველი,
მე - დაძაბულმა გათენებამდე
თუ გავუძელი!

11.  სიზმარი ჩემი - აბიგაილის ერთი ხადუმი

სამეფოდ მზრდიდნენ, დედოფალო,
ჩემს ქვეყანაში,
როცა შემიპყრეს თხუთმეტი წლისა,
როცა აქეთ წამომიყვანეს,
მეფემ  ხომ მკაცრად გააფრთხილა
ასისთავები,
ამას ხელი არავინ ახლოს
დედოფლისათვის ძღვნად მჭირდებაო,
ვინ დამინდობდა,
ასოსთავებიც და ქალნატრული მეომრებიც
სულ ჯგუფ-ჯგუფად მეუფლებოდნენ.
ბოლოს დამაგდეს მომაკვდავი,
სულ ბოლოს,
როცა გავსისხლმდინარდი,
ისევ ქალებმა მომიარეს,
გადამარჩინეს,
ხმა ამომეღო?
ვინმეს რამეს გავაგონებდი?

ხელქვეითების წესი არის შურისძიება.
მეფეს - მეფობას ვერასოდეს აპატიებენ.
თვით მესასმისე,
ხომ მეფის პირის მეღვინეა
და ჩემი თვალით შევსწრებივარ,  ყმაწვილობისას,
მოფარებულში ხელმწიფის ჯამში რომ იფურთხება
და მესაწოლეც -
იჭინთება და მონდომებით
მეფის მოსვლამდე საბრძანისში  ჰაერს აფუჭებს.

საჰარამხანოდ,
ძღვნად მეფე როცა მამზადებდა,
თვემდე დასჭირდა.
რომ წამიყვანეს უთენია,
შანთივით რაღაც იარაღით სათქვენოდ დამასაჭურისეს,
წინაც დამცვითეს,
გამდნარ ფიჭაში არეული მალამოებით  მიმომლესეს,
ოცდაერთი დღე დასაბანად ვერ შემიყვანეს.
მერე აბანო გაახურეს,
კარგად დამზილეს,
ნელსაცხებელიც არ დაუკლიათ,
შემმოსეს ფერად-ფერადებით,
სირმა- ფოჩებით,
თქვენთვის მოსართმევ ძღვენს რარიგადაც ეკადრებოდა,
უხვია მეფე!

მომღერალი ვარ,
პოეტი ვარ,
ერთი მათგანი,
ვინც ულამაზეს ქალთა კრებულში
ტრიალებს მუდამ,
ვინც ზოგისათვის ერთადერთია,
მოკაზმულობას
ან სილამაზეს ვინც მოუწონებს,
მაგრამ ვერცერთი  ქალი მისი  ვერ შეიქნება.
რა შემიძლია?!
რაც  და სადამდეც შემიძლია,
უკან არასდროს დამიხევია,
განა ხადუმად ამისთვის არ გადამაქციეს?

ათი წელია,
მზის სხივს სარკმელთან ვეგებები,
ათი წელია,
ღინღლი - წვერადაც აქ გადამექცა,
აქ დამიმსხვილდა ეს მხარ-ბეჭიც,
ათი წელია,
მე ნამდვილი,
ვარსკვლავიანი ზეცა აღარც კი  დამინახავს.

აქ, ამ დარბაზში შემოვდივარ,
დროს რომ ვიპოვი და ამ ლურჯ გუმბათს ვარსკვლავებით მიმოხატულს,
ამ კენტ ღრუბელს,
ამ ოქროს მთვარეს ასე ავცქერი,
ზემაცქერალი თითქოს  ნამდვილს ვესაუბრები.

ადამიანი თავდახრილთა მოდგმისა არის,
მიწას ხნავს,  დაბლა იყურება,
კითხულობს?! - დაბლა იყურება,
მიდის?!-  ჯობია,  დაბლა იყუროს,
წინ იყუროს
და არა სადღაც,  უკან-უკან!
წერს?! - ძირს დასცქერის,
კისერი უნდა მოიდრიკოს ყველა მწერალმა!
ერთადერთია მამაცი -  ომში - მტრისკენ  როცა გაიხედავს, თვალს გაუსწორებს!

და ავიწყდება ადამიანს,
საით უნდა იხედებოდეს.
სმა თავდახრილმაც რომ დაიწყოს,
თასის ბოლოში როცა ჩავა,
ბოლოს კისერი უნდა გამართოს,
უნდა თუ არა, ცას ახედოს!
ადამიანი
ნამდვილ ზეცას  უნდა უცქეროდეს თვალმოდარაჯედ.
ყველა ნათქვამი - ტყუილია,
ყველა ნამღერი - ტყუილია,
ყველა ნასიზმრი - ტყუილია,
ზეცა თუ არ გამოუვლია!

ჩემი მზე შენ ხარ, დედოფალო,
წლები გავიდა და ხელმწიფეს არც ახსენდები,
თავისი მიწის დამტოვებელი,
ვირზე შემჯდარი,
ბრძენი ქვრივი აბიგაილი.
წლები წასაღებს არსად ტოვებენ,
აბიგაილ!
უწყლოდ დამჭკნარიც ლამაზია ვარდი -
ხავერდი,
ოღონდ შორიდან, თორემ თითებში შემოგეფშვნება,
მარტო ვმღერივარ და  ვარსკვლავებით მოჭედილი შორი გუმბათი ექოდ მიბრუნებს:
ჩემი დედა ხარ,
დაც და შვილიც,
მიყვარხარ, ჩემო დედოფალო,
მიყვარხარ, ჩემო დედოფალო,
როგორ დავფარო,
არ დაადუმო,
არ დაადუმო შენი ხადუმი!




12. დავითის ათი კონკუბაინი

რა გულმოდგინეთ გვემსახურებით,
მოხვალთ,
რაც გვინდა, რაც სჭირდება მეფეთა მეფეს,
მოაწესრიგებთ
და  მორჩილად გაიკრიფებით…

დავითის ათო კონკუბაინო,
ათო კედარო ლიბანისა,
ოდესღაც მართლა ტანკენარო,
ცეცხლში დამწვარო,
ათივე  მუნჯო  მოჩვენებავ,
ზეთის სანთლებით ხელში
სასახლის
ბნელ ტალანებში თავდახრილად მოსიარულევ!

დავითის ათო კონკუბაინო,
ემიმ ამიხსნა,
ეგენი ერთად, ერთ ოთახში,
ჩვენი სასახლის მეორე ბოლოს ბაღი როა, იქ ცხოვრობენო,
ყველას ენა აქვს დაცვეთილი,
ენის წვერს ჭრიან,  ოსტატურად, სულ  ერთი დაკვრით,
თორემ
მთლიანი  თუ მოაჭრეს,
ადამიანი ლუკმას ვეღარც დაღეჭავსო,
ენა - კბილებს ეხმარება,
უკბილონი რომ იღმურზლებიან,
ენას  - კბილადაც მოიხმარენო.

დავითის ათო კონკუბაინო,
სათითაოდ დაპყრობილი ქვეყნებიდან
არჩეულებო,
საჰარამხანედ მოყვანილებო.

ვინ იცის,
ვისი  და იყავით,
ვისი ასული ან  ვის საცოლედ დანიშნული,
ვის ეხსომება თქვენი სახელი!
აქ ხომ წესია,
ადამიანს სახელს უცვლიან,
ახალს არქმევენ,
მერე ეჩვევა და
იმ ძველის დაძახებაზე  აღარც მოგხედავს,
სასახლის გარეთ ცხოვრებასავით
ალბათ სიზმარში თუ ახსენდება.

ემიმ, დავითი
უკვე კარგად ხანდაზმული
მეფობის წამრთმევ  ძეს თავისას,
აბსალომს როცა  გაექცაო,
მთელი ამალა,
ორმოცივე  უმამაცესი მეომარი  და
კიდევ მთელი ჰარამხანა წაიყვანაო,
აქაურობა -  ათ კონკუბაინს ჩააბარაო.
აბსალომი კი შემოიჭრა,
ყველა შეიპყრო,
მერე ჯარი  და აქ დარჩენილი მოსახლეობა,
უკლებლივ ყველა მესაყვირეებს მოახმობინა,
საცოდავები  ათივენი, გაბაწრულები  დიდ მოედანზე გამოყარა და
მამამისის - მეფე დავითის საბოლოოდ დასამცირებლად,
ათივე მათგანს  ყველას თვალწინ დაეუფლაო.
ასეთი რამე არაკაცს ქვეყნად არ უქნიაო, როგორ შეეძლო!
კაცი - ერთი და
ქალი - ათიო!

ვინ უშველიდა, საწყლებს
ვერავინ შეეწიაო,
თავი ცოცხალი არ უნდოდათო,
იმ აბსალომმა ხომ ჯერ სიცოცხლით გაგვიმწარა მეფე დავითი,
მერე სიკვდილით  - ათი იმდენად გაგვიმწარაო,
ჯორზე დამჯდარი  შუა ომში ხეს გამოედო,
ტოტზე  ეკიდა მწიფე ნაყოფად
და ჯოაბმაც ერთი მოქნევით ჩამოწყვიტაო,
ჩემს ხელმწიფეს გავახარებო, დაამწუხრა კი
და სასახლეში დაბრუნებულმა
გულმდუღარე და გულმოწყალე
ჩვენმა ხელმწიფემ
აბსალომის წაბილწულები ჰარამხანაში ცოლებთან  რომ ვერ დააბრუნა,
ვერც ერთგულება დაუკარგა, რომ დაეხოცა და ათივენი აქ მხევლებად-ღა  დაიტოვა,
ხელზე მოახლედ,
ოღონდ
ენები დაცვითაო,
მოწყალეაო ჩვენი მეფე,
დიდი დავითი!
ათივე მეფის ერთგულია,
მე კი ათივეს უფროსი ვარო,
აქ სასახლეში ჩვენ გარდა,  ქალი არ ჭაჭანებსო.

დავითის ათო კონკუბაინო,
ათო კედარო ლიბანისა!
მუნჯო ლანდებო,
ირიჟრაჟებს და  ენას დამცვეთენ,
მეც მეთერთმეტედ მოგემატებით!

13.  მე - აბიშაგი

მეფეო,
მეფსალმუნე მეფეო დავით,
შენ მძლეთამძლეო,
ექვსი დედოფლის  და  უზარმაზარ ჰარამხანაში
სამასამდე  კონკუბაინის  დედოფლურად შემნახავო,
შენ, ბერიკაცო მოცახცახევ, სულ გაყინულო,
ცარიელო ძვალო და ტყავო,
ვინ დაიჯერებს,  რომ ღამღამობით,
მესაწოლეებს როცა გარეთ გაისტუმრებ,
მაგ  შენი ქნარით  მე  -  შენს აკბარს, შენს თაგუნას,
შენს - შუნამიტს,
შენს -  აბიშაგს,
ქებათა-ქებას მე მიძღვნი და მიმქრალი ხმით მე მიმღერი,
ღამ-ღამობით, როცა არ გძინავს!

ეგ შენი ცხვირი ლიბანის კოშკზე სწორიაო,
ქურციკი ხარო,
მზენაკრავობა როგორ გშვენისო....

ეჰ,  რახანია,  სხეულს ჩემსას მზე არც უნახავს,
როგორ მითხარი?!
ფირცხელ არისო სიყვარული ვითარცა შური,
ფრთე მისი - ფრთეა ცეცხლისაო.

ამასობაში მეფეო,  ხელშიც შემოგეზარდე.
მე აღარა ვარ ის ვენახი თავდაპირველი,
ტკბილ-მწიფობაში შემოსული,
მაგრამ  ჯერაც ხელუხლებელი.

მე - გაგეპარე  ერთხელ გარეთ,
მე - გაგეპარე ნელსურნელით ტანდაზელილი,
უცხო ქსოვილით  შენი  მიმცხრალი თვალის  საამოდ  ფერად-ფერადად შემოსილი,
არაჩხაპნია, ძვირფას-ძვირფასი სამშვენისებით ტანდახუნძლული,
როგორც ვენახი მსხმოიარე,
როცა დავრწმუნდი, რომ ღრმა ძილით ჩაგეძინათ შენც  და  და მცველებსაც.

ერთ სასახლეში მუდამ  ორი სასახლეა,
ერთი  - დიდია,  ბრწყინვალეა, რომ შეეფეროს  მბრძანებელსა და მის რჩეულებს,
ხოლო მეორე  -  უსარკმლოა, დღე და ღამ ბნელი,
ხელში სანთლით  გზაგასაკვალი.
ენადაცვეთილ მსახურ-მხევალ-პირისფარეშთა -
  - ბნელტალანელთა  ერთობისაა
და ეს ერთობა ნაჩვევია ბნელში დანახვას და სიარულს,
ბნელის ამბები  ბნელში ხდება, ბნელშივე რჩება და  ბნელით ბნელში გადაეცემა.
ჩემსავით ყველას სად შეუძლია,
ნათელშიც  და ბნელშიაც გასძლოს,
ორგან  ხედავდეს
რადგან  სინათლე თვალს ჭრით მუდამ,
თავბრუს ახვევს და თვალთ უბნელებს ბნელტალანელებს.

ამ სასახლეში ყველაფერი  ისე  არის მოწყობილი,  მოფიქრებული,
რომ ჩვენი გზები არასოდეს იკვეთებოდეს,
რომ მბრძანებლებმა და მსახურებმა თავ-თავისი  საქმე აკეთონ,
ერთმანეთი კი  ვერასოდეს ვერც დაინახონ,
თუ  თავად მეფემ არ ინება!

ტალანს გავყევი,
ძირგამოთხრილი ბუჩქის ძირში გავძვერი და
ქვაფენილებზე, ფეხშიშველამ,
სატრფოს  ძებნაში ღამის  ქალაქი შევაჯერე,
ვიდრე მცველები დამიჭერდნენ და
ვინა ხარო,  ამ შუაღამეს აქ რა გინდაო,
ვის დაეძებ, რას დაეძებო,
შენი სატრფო მაინც რითი გვჯობიაო,
აბა, კარგად შემოგვხედეო,
თან როხროხებდნენ,
თან ერთმანეთის  მიმხედურობით,

თმა ამირიეს,
ცალი საყურე დამაკარგინეს,
ტუჩები წუწვნით დამიმჟავეს სისხლისდენამდე,
მიჭყლიტეს მკერდი -  მარჩბივები.
რა კარგი ხარო,
კიდე მოდიო,
მაგ სახელისა აქ არავინ გაგვიგიაო.
გამოვიქეცი  ტალანისკენ,  სულს ძლივს ვითქვამდი,
შიგშემოსწრებულ  გულს ბაგაბუგი გაუდიოდა,
ბნელში მკლავები შემომეხვია, უსიტყვოდ დამცა და  დამეუფლა,
აბა,  ხმას როგორ ამოვიღებდი, თან სიბნელეში სუნზე  ვიცანი,
ნეტარების ნებას დავყევი,
დაბრუნებული  მძინარე მეფეს კვლავ  შევუწექი,
გაღვიძებულზე წუხანდელ სიზმრად მოვუყევი ეს ყველაფერი,
მეორე ღამეს უკვე ქნარზე ამღერებდა,
სიმებს  უღონო ხელს ჩამოჰკრავდა და ჩემს საამოდ  ხმასაც უწყობდა.
ხმაც მიგლევია,
დავით დიადო, მეფსალმუნეო!
წუხელიც როგორ,  სულ ამაოდ მელამუნეო,
ო, რა დუნედ მებლადუნეო,
ვნება  შეგრჩა და ძალი უკვე აღარ მოგყვება,
ბერიკაცობის  სიძნელეო,
სიბნელეო,
სიძაბუნეო!

14. ტალანი

-  ემი, ბინდდება და მეც მზადა ვარ, ტალანს უნდა გავუყვე იქით.
განთიადიდან
ალბათ სიტყვასაც ვეღარ გეტყვი,
ახლა მისმინე:

- ის შენი შვილი, რახანია მკვდარია, ემი,
წელიც იქნება,  უკურნებელ ჭირს წაუყვანია.
რატომ არავინ გაგაგებინა?
აბა,  რა ვიცი, არ ჩათვალეს ალბათ საჭიროდ,
მოკეთე ალბათ იფიქრებდა,
რას უშველისო,
გული რაღაზე მოვუკლათო.
იმისი ბიჭი, სამოელი,
ახოვანი, სახენახმლევი,
იმის ადგილას აიყვანეს  სოლომონ მეფის  ამალაში.
სულის გაცლამდე  მამამისს თხოვნა მოუსწრია,
დაუქმებულზე,
ბაღის კუთხეში ძველებურად
დაგლოდებოდა
და შენს სტვენას რომ გაიგებდა,
ის ნუგბარი ჩამოერთმია,
ეგეთი სტვენა
ვიწვალე და მეც  კი ვისწავლე.
და უკვე  ორჯერ მოდიოდა,
ვლაპარაკობდით, ის - გარექვეყნის ამბებს ამბობდა,
შიდა ქვეყნისას - მე ვუამბობდი,
და როცა ხელის ჩაჭიდება აღარ კმაროდა,
იქითა მხრიდან ბუჩქს ძირი ხანჯლით გამოუთხარა,
აქედან ცოტა მეც მივეშველე
და როგორც იქნა, ჩავიხუტეთ
და როცა  სადმე გაგიგულებდით,
შემოძვრებოდა დასტვენაზე და ნეტარებას ვეძლეოდით,
როგორც შეგვეძლო.
თავიდან -  ამის იქით - არაო,
წელთან მკაცრ საზღვარს დამიდებდა,
მტანჯავდა და თავს იწვალებდა,
მე დავაძალე და
საბოლოოდ ჩემს ნებას დაჰყვა
და იმის მერე არ მინანია -
ბაღი - ჩვენი სარეცელია!

ორი მთვარეა,
ქალი ვარ და ქალური წესი აღარ მქონია,
თუ გადავრჩები,
შენებურად უკვე ჩემთვისაც უნდა უსტვინო და გაგვეცალო.
თუ გინდა, შორით გვიდარაჯე;
თუ ბავშვი გაჩნდა,
შვილთაშვილად გეკუთვნის და როგორც გინდა,
ვისაც გინდა გააზრდევინე
თუ გოგო იყოს, ჩემს სახსოვრად, აკბარი ერქვას,
ბიჭს  - მოსე- შენი ბიჭის სახელი.
თუ ვერ გადავრჩით,
ვერც მე,
ვერც ბავშვი,
დე,  სამუელი თავის მეომრულ ბედს ეწიოს, გააგებინე,
თავის აკბარს ნუ მოელის.
ჩემს ერთადერთ სიმდიდრეს კი
- ამ  დედოფალას -  შენ მიმიხედე!
ამოვისუნთქე, ეს ყველაფერი რომ გითხარი.
განთიადიდან
ენაც რომ მქონდეს,
სხვა სათქმელი არაფერი მაქვს…

ქალს  გონარეულს,
მოქვითინეს გულში ჩაეკრა,
მოხურა კარი და  აკბარი
მეფეთ-მეფის  საძინებლისკენ
ხელში სანთლით  ტალანს გაუყვა.
ხოლო ემი რომ დაუბრუნდა თავის საცხოვრისს,
ტახტზე დამჯდარა,  არც რამე უთქვამს,
არც უკვნესია, როგორც წესია,
ვინმესთვის უცებ დაძახებაც კი არ უცდია,
დოქისკენ ხელიც არ გაუწვდია,
თურმე ეგონათ,  დაიღალა და ჩათვლიმაო
და მთელ საღამოს შემომვლელები ვერაფერს მიხვდნენ,
რომ  ტახტზე დამჯდარ მკვდარს უყურებდნენ
და დილით როცა აღარა და აღარ გაინძრა,
მებაღეს უხმეს და მებაღემ სადღაც წაიღო
და დედოფალა  ბერსაბე კი  აკბარსაც აღარ გახსენებია.

15.  დასაცვეთელი. დიდი ღამისა

მე მთელი ღამე
ენის დაცვეთის  შიში როგორ დამაძინებდა!
მაგრამ არც მეფეს უძინია,
სულ  ქვეშაგებში წრიალებდა ჩემი მოხუცი,
მეც ვეზედმეტე,
არ ეამა ნორჩი სხეული,
ნელსაცხებლებით დაზელილი,
სურნელოვანი.
გამეცალეო, ჯერ მიბრძანა,
მომასვენეო,
მერე თქვა,
რაღაც,  მომშივდაო,
კარისკაცს სთხოვე,
ცოტა პური მომიტანოსო
და კარისკაცი რომ დაბრუნდა,
უკვე ეძინა,
სახეზე ღიმი დასთამაშებდა,
ღარებიც აღარ ემჩნეოდა.
ერთი ვიფიქრე,
რამე ხომ არ მოუვიდა,
ობლად ხომ არ დაგვყარა- მეთქი,
მაგრამ სუნთქავდა.

და კიდევ ერთხელ, საბოლოოდ  გავეპარე ნასწავლი გეზით
და კიდევ ერთხელ გავიარე ბნელი ტალანი
და ქვაფენილზე წკარუნობდა ჩემი ტერფები და
ის მცველებიც ისევ იქ იყვნენ,
მაგრამ  ამჯერად ხერხი ვიხმარე,
ამოვეფარე  ქვის კედელს და  ყური დავუგდე.

- მამაცი არის ადონია,
მეფე ვერ გახდა, მაგრამ  ძალა ხელში უჭირავს,
თვით სოლომონმა შემოირიგა,
ასისთავობა ჩააბარაო,
გალავანს შიგნით თუ რამე ხდება, პირველმა იცის.
ამბობენ,
ამბის გამომტანად ქალები ჰყავსო,
ბაღის კუთხეში იბარებსო,
თავს შეაყვარებს და საჩუქრებსაც  არ ინანებსო,
მაგ სასახლეში მოლაპარაკე ქალი - ერთია,
ყველას უფროსი.
შვილმკვდარი არის,
მაგრამ  არ იცის,
შვილი  გაზრდილი და ცოცხალი ჰგონებიაო
და იმის შვილად  ადონია თავს ასაღებს და წვრილად იცის,
შიგ, სასახლეში რა ხდებაო.
ეგ რა არისო,
ჩიტმა ამბავი გამოიტანა,
მეფის ლოგინის გასათბობად ქალწული რომ ჰყავთ,
იმასაც თავი შეაყვარა, ოღონდ ასაკით რომ რგებოდა,
მოატყუილა,
ის, მამა მოკვდა,
მე - ახალგაზრდა შვილი ვარო,
ამასობაში მგონი კიდეც შეუყვარდაო, ცოლად უნდაო.
დიდხანს თუ დგახარ და ყურს დაუგდებ,
ყრუ კედლებიც ლაპარაკობენ…

გამოვიქეცი არეული,
ისევ ტალანს გამოვუყევი,
სულ მოველოდი,
აი, ახლა შემომხვევს ხელებს,
შემომხვევს მკლავებს ჩემი სახენაიარევი და  ძველებურად  ძირსაც  დამცემს, ვით დავუცივარ,
აი,  აქ მელის სუნთქვაშეკრული,
აი,  კუთხიდან მისი ჩრდილიც  გამოიწელა,
ყველაფერს ვკითხავ, ყველაფერს მეტყვის,
გავიგებ,
რატომ დამეკარგა,
ნაჩვევ ადგილას რატომ არ მოდის,
სად მოელიან,
მაინც ვინაა?
ადონიაა?
სამოელია?

მაგრამ ტალანი მარტოობაში გამოვიარე.
ასე ყოფილა,
ბედნიერება ერთ ადგილას ორჯერ არ მიდის!
როცა დავბრუნდი,
მეფე  დავითი უკვე მართლა აღარ სუნთქავდა.

მეფე დავითი აღესრულა
და სასახლეში ჩამოეფარა ყველაფერს თალხი,
გლოვობდა ხალხი, სასახლე  და ქალაქი მთელი
აღარც არავის  გახსენებია დასაცვეთელი,
ბნელ ტალანებში კონკუბაინებს  ვიღაც ხომ უნდა ჩასდგომოდა,
წესი დაეცვა?!
რაკი სოლომონს  არ უნდოდათ ასე უცებ ვინმე გარედან რომ  მოეყვანა,
აკბარს მიანდეს საქმე ესე.
მეფე დავითი  დავით ქალაქს გადაასვენეს
და თითქმის წელი ღვთისმიერი გლოვობდა ერი.
ხოლო  აბიშაგს ბედმა აკმარა, რაც ააკბარა,
და გახდა ემი  - დედობილი,
ყველაზე მრწემი.

16.  დასასრული
აბიშაგის და ადონიასი

ო, ადონია,
მცოდნოდა მაინც, ვინ იყავი!
მცოდნოდა მაინც,
თავდავიწყებას რომ ვეძლეოდით ღობის ძირში ან ბნელ ტალანში,
ფეხზე წამომდგარს  მოგაბრუნებდი,
არა სამოელს, ნამდვილ სახელს დაგიძახებდი.
ან შვილი მაინც შემრჩენოდა,
ძუძუს ვაჭმევდი, ცხვარში,  მწყემსებში გაიზრდებოდა,
დრო მოაწევდა და ერთ დღესაც
მეფე დავითის მონაგარი აღმოჩნდებოდა,
იქნებ ტახტისკენ გზაც  გაეკვალა.
ამ დარბაზებში  ერთხელ მაინც მოსულიყავი,
მეფის ძედ მაინც დამენახე და მეცანი სახენახმლევი!
ახლა შორიდან უნდა გიტირო,
შენ მეფის ძეო,
დავითის ძეო,
ადონია,
მძლეთა-მძლეო,
ყოვლის გამძლეო!

ნეტა სოლომონს რაღად ვუნდოდი,
რამდენი ცოლი, რამდენი კიდევ კონკუბაინი!
თუ სადმე ნახა ლამაზი ქალი,
ცოლად ირგო  და ჰარამხანაში დაიბინავა.
ბრძენი არისო,
მამამისი ირწმუნებოდა,
სამეფოს ვანდობ, არაფერი შეეშლებაო,
ბერსაბე მაინც არ მოგეგზავნა მთლად  სოლომონთან,
არ ეთქვა ჩემზე,  აბიშაგი, შუნამითი  ცოლად უნდაო.
ნეტა გენახა, როგორი თვალით მიყურებდა  ყოველთა დედა დედოფალი!
შენ უნდიხარო?!  შენ - აკბარო, ცოლადაო?
შენ ხომ უკვე ემი გახდიო,
დადექი, კარგად შემოგხედოო!
დღეიდან მორჩა  სასახლეში  შენი ემობა,
სხვა ვინმე ნახონ
ჩემთან წამოხვალ და მოახლედ დამიდგებიო,
ჩაცმაში უნდა მიშველოო,
კიდევ დარბაზი დამიგავოო.

ასე დამთავრდა ამ სასახლეში ჩემი ამბავი.
მაინც კარგია, ახალმოსულს ხომ მარწმუნებდნენ,
ვინც შემოსულა,
ან  თვალხილული,
ან ენისწვერდაუცვეთელი,
ანდა ცოცხალი არ გასულაო.
ერთს,  გულამოთქმით დაგიტირებ,
ო,  ადონია,
მეფობის ღირსო,
მეფისა ძეო,
აბსალომის მერე შობილო,
სათქმელს არაფერს ჩავიტოვებ.
კლდეო მაღალო,
კლდეო სალო,
მიწისძვრისგან ჩამოქცეულო,
ან სამოსელი დამენახა  მეფისწულური,
ან  მდინარეზე შენი დაკრული  ხმლის კვალისთვის წამით მეცქირა,
ან შენი ხაფი  ხმა გამეგონა,
ომიდან მოსულს  გამარჯვებით ერთხელ ჩემს წინაც  დაგეყარა ნაალაფარი
და მე იქიდან ერთი პატარა ბეჭედი,
ანდა ყელსაბამი ამომერჩია!

ჩემს თვალწინ იყო,
ძირს გართხმული  მაშინ ბერსაბე  -
  ჩვენს მეფე დავითს მორჩილად რომ ევედრებოდა,
თუკი  პირობას არ შემისრულებ,
სოლომონს ახლა არ გაამეფებ,
გვიანდებაო.
ადონიამ ხომ  თავი მეფედ გამოაცხადა,
შესაწირავიც უხვად გაიღო,
ქვეშევრდომებიც ლამის ყველა ერთგულებაზე დააფიცაო.

მცოდნოდა მაინც,  რა ხდებოდა,
იქნებ დროული სიტყვით მეშველა.
გამეფებულს კი სათხოვარი სიტყვა შეჰკადრა.
-  ადონიამ თქვა, ცოლად მინდა აბიშაგიო.
-
- შუნამითიო!!! - გაცხარდა მეფე,
არად ჩააგდო  საკუთარი დედის თხოვნა,  მარჯვნივ მჯდომარის
და ბენაიას დაავალა,  ადონია დღეს მოკალიო,
და ბენაიამ უმორჩილესად  აღასრულა  ბრძანება იგი სოლომონისა.

თავიდან შენზე გული გამიტყდა,
როცა გავიგე,
მთელი ეს ხანი თურმე სასახლის,
მეფის კარიდან ამბის გამტანად მიყენებდი ჩემუნებურად,
ასე ვიფიქრე:
ემი ტყუილად კი არ ამბობდა, კაცს არ ენდოო.
და ესეც -  კაცი!
სულ  მატყუებდა,
რომ დავფეხმძიმდი,
გადაიკარგა,
სასიკვდილოდაც არ დამინანა,
რაღა დროსია, ახლა  გავიგე,
რომ  უხსოვარ დროს ჩვილად მომკვდარა,
შენ  ვის შვილადაც  ჩემს წინაშე თავს ასაღებდი,
ხოლო მანამდე  სასახლიდან ამბის გამტანად  სხვას იყენებდით,
ვითომშვილობით  მთელი ცხოვრება ატყუებდით  საცოდავ ემის,
ისიც გულწრფელად,
სულ წვრილ-წვრილად რომ  გიყვებოდათ,
სადაც კი რასმე ყურს მოკრავდა,
მეფე დავითის საერთგულოში თუ რამ ხდებოდა!

შენ კი,
შენ მართლა გყვარებივარ,
დედოფლად სურდი, შენ აბიშაგი, შუნამითი,
რომ მოესწროო,  გამაგონეს...
როგორ ყოფილა!
ქალს და კაცს შორის რაც რამ არსებობს,
ვნებაც რომ იყოს წამლეკავი,
სიყვარულობას დაიბრალებს, ვიდრე გაუვა,
თვითონ წყვილებიც ათას რაღაცას  აჰკიდებენ,
დააბრალებენ,
ხოლო ნამდვილი  სიყვარული,  ვიდრე არსებობს,
სახეს  არასოდეს  გამოაჩენს
და როცა  ქრება,
როცა უკვე აღარ არსებობს,
მისი ამბავი მხოლოდ მაშინ,
მონაყოლით
და მონაგონით-ღა დაიჯერება.
და ვინც რა იცის სიყვარულზე,
ყველაფერი-  მონაგონია.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები