ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წეროს თოვლი
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2024


  ჩამოტვირთვა

მეორემეს

მეორემეს

რაც შენ აღარ ხარ, მეგობარო.
რაც შენ წახვედი..
მე ამ სამყაროს ვერ ვუყურებ ფართოდ გახელილ
თვალებით, რადგან
დამენისლა მზერაც მახვილი.
რაც შენ წახვედი..

მე ვერსად ვპოვე მოზიარე მსგავსი სევდისა,
ვისაც ოდესღაც ამღვრეული ტბები ესიზმრა..
ვინც უმღერებდა ზოგჯერ ვერსალს, ზოგჯერ ერმიტაჟს.
/წასვლა მეც მინდა/.

მე ვერსად ვნახე, რომ ცხოვრობდეს ვინმე ხალისით
შავ-თეთრ სიზმრებში.
დაისიზმროს ზღვების დაისი,
სადაც შავ ზღვებს თეთრი თოვლი.. სადაც მაისშიც
წვიმს და არ უნდათ.

მხოლოდ ცხოვრობენ,
ცხოვრობენ და დარდი აქვთ ყოფნის.
ჩვენ კი, რამდენჯერ გვიგლოვია
ჩვენი არ ყოფნა.
მე ეს ლექსები ღვინოდაც და პურადაც მყოფნის.
სხვა გზა არც მქონდა.

მხოლოდ ვმღეროდი აისებს და ვსუნთქავდი მზის მტვერს.
სევდას ვპარავდი სირინოზის ნაღვლიან სიზმრებს.
ახლა ვზივარ და
წერით დალილ თითებსაც ვიმტვრევ.
/წყლებს განგებ ვიმღვრევ/.

ეს გზებიც ჩვენ ვართ, რომ მივყვებით
და კვალსაც არ ვშლით.
ჩვენივე თავზე სიცილი ხომ
ვისწავლეთ მაშინ,
როცა ვიყავით მგზავრები და ვიყავით გზაში..
ანუ ჩვენს თავში

ვიზებიპებდით გაკვეთილებს მწარეს, საზარელს.
როგორ დაგვღალეს.
ცხოვრებითაც როგორ დაგვღალეს.
დიდხანს ვიდექით, ჩემო კარგო,
თურმე სხვა მხარეს..
ვდუმდით ამბავზე,

რომელიც აღარც გვაღელვებდა,
აღარც გვავსებდა.
ვიდექით ზოგჯერ სიგიჟის და შეშლის საზღვრებთან.
მაგრამ სიკვდილი არ გავრისკეთ, მაინც არცერთმა,
საყდრის სარკმელთან.

მხოლოდ ვილოცეთ. მხოლოდ მათთვის, ვინც კვლავ გაგვყიდა.
/ვინც გვიღალატა/ კაპიკებად,
ოცდაათ ვერცხლად.
ვინც არ ეძებდა ჩვენში ქრისტეს,
ჩვენში მაცხოვარს
და სიკვდილზე
ადრე დაგვხოცა.

ჩვენ ხომ ვიცოდით ყველაფერი
უხმოდ, უსიტყვოდ.
ჩვენ ხომ ვუსმენდით ყანჩელსა და ბობის მუსიკას .
ზოგჯერ კი ძველი პოეტების მუზის უნისონს..
ახლაც ვუსმინოთ

მათ, ვინც ჩვენი, ვერასოდეს,
ხმა ვერ გაიგო.
ვერ წაიკითხა ჩვენს თვალებში
დარდის ტაიგა.
ვუსმინოთ, მაგრამ მეგობარო, მაგრამ
ვაი, რომ
ჩვენში დაინგრა

ის, რაც ვაშენეთ.
ის რაც ვზოგეთ.
რაც კი შევქმენით.
შურით გვიმზერდნენ უხუცესი სევდის ღმერთებიც.
ჩვენ ხომ ვისწავლეთ, როგორ გავხდეთ გამძლე- მეწყერნი..
დარდი შევწყვიტოთ

და როცა დიდი ტრაგედია თავს დაგვატყდება,
გამოვიგონოთ უფრო დიდი ტრაგედიები.
ვიქცეთ უწყვეტი ტკივილების ანდამატებად.
ვიბედნიეროთ..

/რაც შენ წახვედი, მეგობარო.
რაც შენ წახვედი..
მე ვერ ვუყურებ ამ სამყაროს ფართოდ გახელილ
თვალებით.
რადგან../

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები