ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
14 მარტი, 2024


წერილი ბ-ნ ამირან გომართელს

#ოპუსები
#დილაუზმოს_ფიქრებიდან


ნინო დარბაისელი

წერილი ბ-ნ ამირან გომართელს

მოგესალმებით, ბატონო ამირან!
    მაპატიეთ, რომ წერილობით გაწუხებთ. რატომღაც ჩავთვალე, რომ წერილობითი ფორმა უფრო გამიადვილებს არეული ფიქრების დალაგებას და აზრის ჩამოყალიბებას.
    ჩვენი წუხანდელი სატელეფონო საუბრის მერე, ცოტა არ იყოს, შევფიქრიანდი. მართლა არ ვიცი, რაღა ვიფიქრო, ყოველივე ქართულს ისეთი გულმოდგინებით ებრძვიან მანდ რაღაც ძალები, ლამისაა, ვუთხრა, თუ საუკუნეთა, ათასწლეულთა მანძილზე მართლა ასეთი სულ ცუდები და გამოუყენებლები ვიყავით, არცერთი მეფე არ გვივარგოდა, არცერთი მოღვაწე, არც ძველი, არც შედარებით ახალი, მაშინ ან ერად არსებობა რაღად გვინდა, ან რამე-მეთქი.
იმ ამბავმა სულ გამაოგნა, სასულიერო მწერლობა ამოვიღოთ პროგრამიდან და თანამედროვე ავტორებით ჩავანაცვლოთო. არ ვიცი, ზუსტად ასე ითქვა თუ არა პირველწყაროს მიერ, ვინცაა, მაგრამ ფეისბუქზე ანუ ჩემს ვირტუალურ ფანჯარაში საიდანაც საქართველოს ვხედავ, სწორედ ასე გაშუქდა. ასეთი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება ხდება. ვიღაც გულმოდგინედ მუშაობს.
      ერთგან დავწერე, გამოდის, რომ სულ ქართველების ბრალი ყოფილა, თხუთმეტსაუკუნოვანი მწერლობა რომ გვაქვს და დასავლურ პროკრუსტეს სარეცელზე ვერ ეტევა, მაინცა და მაინც უცხოელი კეთილის მსურველების თარგებს უნდა მოვარგოთ ყველაფერი ქართული-მეთქი?
      ვიღაცას უთქვამს, ბერძნულ სკოლებში აგიოგრაფიას ძალზე ლიმიტირებული დრო ეთმობაო. მსოფლიოში თითებზე ჩამოსათვლელია კულტურები, ლიტერატურები, რომელთაც ჩვენზე ხანდაზმული ისტორია აქვთ და მათ შორის ბერძნული, ანტიკური - ერთ-ერთია.
    აგიოგრაფიის გაჩენამდე ისეთი ვრცელი გზა გაიარა მათმა ლიტერატურამ და ძირითადად, რომაულის წყალობით, ისე კარგად მოაღწია ჩვენამდე, რომ აგიოგრაფიას უფრო დიდი დრო რომ დაუთმონ, მთელს ამხელა ლიტერატურულ კორპუსზე უარის თქმა მოუწევთ, ან მხოლოდ მიმოხილვით უნდა შემოიფარგლონ იმისა, რაც საერთო- საკაცობრიო კულტურის კუთვნილებაა და მათს წიაღში კი შეიქმნა. არადა ანტიკური მემკვიდრეობის უცოდნელად მთლად თანამედროვე დასავლური ლიტერატურის რეცეფცია, დეკოდირებაც კი შეუძლებელია.
    ახლა ერთი შეუმოწმებელი აზრი მინდა გაგიზიაროთ. ტოტალური შეტევა ხორციელდება რაზე? - ქართულ კულტურაზე!
    თუ კულტურასა და ცივილიზაციას გავიაზრებთ, როგორც ოპოზიციურ წყვილს, თეორიულად გვერდზე გავწევთ მათ მიზეზ_შედეგობრივ ურთიერთდამოკიდებულებას, უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ საუკუნეთა მანძილზე კულტურა ყოველთვის გაცილებით მაღალი გვქონდა, ვიდრე ცივილიზაცია. ძნელბედობის გამო, დღემდე კულტურული განვითარების ხაზი მეტნაკლებად უწყვეტად შევინარჩუნეთ, რაც შეეხება ცივილიზაციას, კარგა გვარიანად ჩამოვრჩით დასავლეთს. დღეს დასავლეთს, რომლისკენაც საქართველოა ორიენტირებული, აქვს ცივილიზაცია, ხოლო კულტურის ნაცვლად - უკვე, რახანია, კულტურის ისტორია. ვიეთნიმენი, როგორც ჩანს, მიიჩნევენ, რომ დასავლურ სივრცეში დროული ინტეგრირებისათვის მოედანი უნდა გავუთავისუფლოთ სწორედ ცივილიზაციას, ხოლო კულტურული განვითარების ჯერაც მიმდინარე პროცესი - უნდა შევწყვიტოთ, ხოლო კულტურული მემკვიდრეობა, რომელსაც მომგებიან საქონლად ვერ ვაქცევთ, რომ დასავლეთში გავასაღოთ, დროულად უნდა გავზიდოთ, როგორც რამ ბალასტი, სადაც მოგვიხერხდება?!
      გაწუხებთ ახლა ამ უსაგნო საუბრით. კონკრეტულად მინდა ვთქვა, რომ საქართველოში გვყავს მოწოდებით ქართულის მასწავლებლები, რომელთა ნაწილსაც ვიცნობ, მაგრამ, სამწუხაროდ, დღემდე არა გვაქვს ჩამოყალიბებული ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების თანამედროვე მეთოდიკა,
    მეთოდიკა და მეთოდიკა!
      რომ ვეცნობი ინგლისურის ამერიკულ სასკოლო სახელმძღვანელოებს, მუდმივად შური მეუფლება, როგორ, რა დონეზე ისწავლება, როგორაა დამუშავებული ეს ყველაფერი!
    რა თარგმანებანი, პარალელური ტექსტები, ცხრილები, ლექსიკონები, დავალებები!
    ამერიკა რახანია - მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ღირსეული პატრონია. არ მინდა, ამ თემაზე საუბრით დაგღალოთ, ვიტყვი მხოლოდ, რომ ამ, ყველანაირად მულტი-ქვეყანაში, როგორც ზღვაში, მდინარეებად ჩამოდინდა მთელი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობა იმ ხალხთან ერთად, რომელთაც ოკეანე გადმოლახეს.
      ცნობილი ფაქტია, რომ ამერიკული ლიტერატურა სულ სამიოდე საუკუნეს ითვლის, მაგრამ აქ მემკვიდრეობადაა გააზრებული მთელი ინგლისურენოვანი ლიტერატურა და ბიოვულფი და უძველესი მითებიც კი ძალზე საფუძვლიანად ისწავლება სკოლებში. შექსპირზე და მილტონზე და ასეთ დიდ ავტორებზე არაფერს ვამბობ.
      მოგეხსენებათ, აქ სკოლები განსხვავებულად იყოფა საფეხურებად: ელემენტარული, შუა და მაღალი - მოკლედ, 12 წლიანი სწავლებაა. ინგლისურის სწავლება უდაბლესი საფეხურიდანვე იწყება და არ არის გაყოფილი ენად და ლიტერატურად. ახლა, თუ რაიმე კერძო სკოლაა და საკუთარი კონცეფცია აქვთ ამ მხრივ, არ ვიცი. ჩემი შვილიშვილები ჩვეულებრივ სკოლებში სწავლობენ, სადაც ელემენტარულ საფეხურზე უკვე საფუძვლიანად ასწავლიან მართლწერას, გრამატიკას - სახალისო ფორმების მთელი ფეიერვერკის მოშველიებით, შემდეგ და შემდეგ ინგლისურის სწავლება კი არ სუსტდება, მეტად და მეტად ძლიერდება და მიჩნეულია, რომ ყველაზე მეტი კლასგარეშე საკითხავი სწორედ ინგლისურში აქვთ მოსწავლეებს.
    ჰო, კიდევ რაღაც საგანია’’ ინგლიშ თველვ“ –( ინგლისური 12 ) ჰქვია, ჩემს თინეიჯერ შვილიშვილსა და მის მეგობრებს, რომ იტყვიან გახსენებაზე აკანკალებთ, ისეთი ძნელი ჩასაბარებელია. საქართველოში -კლასგარეშე ლიტერატურა ნიშნავს არასავალდებულოს, აქ, ამერიკაში კი - ამ სფეროს ცოდნაც მოწმდება. ‘’ჰაი სქულს’ რომ ამთავრებს მოსწავლე, თუ უმაღლესში მიდის, რა სპეციალობაც არ უნდა აირჩიოს, ინგლისური უნდა იცოდეს, რადგან წერითი თუ ზეპირი სამუშაოები მუდმივად ექნება და სახელმწიფო ენის უცოდნელად ვერაფერს იზამს. აქაური მშობლებისგან მსმენია, რატომ ვსწავლობთ ჩვენ ბრიტანული ლიტერატურის ისტორიას, ხოლო ბრიტანელები ჩვენსას - არ სწავლობენო. არ ვიცი, ალბათ სწავლობენ კიდეც რამეს. აქ სკოლებში არსებობს არჩევითი და მანდატორული ანუ სავალდებულო საგნები. ინგლისური - ჩვეულებრივ სკოლებში და როგორც ვიცი, კერძოებშიც, მანდატორულია, თუმცა შეგიძლია, აიღო არჩევითი კლასებიც, მაგალითად, ლექსის თხზვაში.
ახლა ერთ რამეზე დავფიქრდი და მგონი ქართული ენის სწავლების პრობლემას მივუახლოვდი. ინგლისური - ამერიკელებისთვის სახელმწიფო ენაა, ქართულიც სახელმწიფო ენაა საქართველოელებისთვის, არა?!
        ამით ვგავართ, მაგრამ განსხვავება ამის მერე იწყება. ინგლისური არის საერთაშორისო ენა და მის უცოდნელად დღესდღეობით, წარმოუდგენელი თუ არა, ძნელია რაიმე ნაბიჯის გადადგმა მეცნიერებასა თუ განათლებში, ამისგან განსხვავებით, ქართული ენის, კულტურის და ყოველივე ქართულის გავრცელების არე უაღრესად შეზღუდულია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მცირერიცხოვანი ერი ვართ, ძირითადად მცირე ტერიტორიაზე ლოკალიზებული, არამედ იმიტომაც, რომ თავის დროზე, ვიდრე კულტურა კულტურობდა, ჩაბმულნი ვერ ვიყავით ერთიან საკაცობრიო კულტურულ პროცესში, დავაგვიანეთ და როცა კულტურული მიღწევები გამოვკვეთეთ სხვადასხვა სფეროში, დღევანდელ მსოფლიოს კულტურისთვის, როგორც ღვიძლი საქმისთვის, უკვე ისე აღარ სცალია,  ცივილიზაციითაა დაკავებული, გაჯერებული. დასავლეთი პერიფერიების კულტურულ სწრაფვებს, მათ კულტურულ პროფილს შეძლებისგვარად პატივს კი მიაგებს და შეიწყნარებს, იქნებ წამყვანმა დასავლურმა ძალამ პოლიტიკური ზემოქმედებისთვისაც მარჯვედაც გამოიყენოს, გაამხნეოს, აღმოჩენადაც გამოაცხადოს, მაგრამ ახალსა და მისთვის სრულიად უცნობსა და მოულოდნელს - არსაიდან ბევრს აღარაფერს მოელის, მეტადრე ინტერნეტმა წვდომა სხვადასხვა კულტურულ სივრცეებთან მეტისმეტად დააჩქარა და გაამარტივა.
ერთი საკითხიც, საზეპიროებთან დაკავშირებით:
      რაც შეეხება საზეპიროებს, სკოლებში, როგორც გავარკვიე, ინგლისურის სწავლებისას პრაქტიკულად არ გამოიყენება, უფრო ტექსტის პრაქტიკული ‘ქლოუზ რიდინგით” ( გულდასმითი კითხვა) და ანალიტიკური შესწავლით არიან დაკავებულნი, ვისაც რა დონეზე შეუძლია და ამას თავისი ახსნა აქვს.
      აქ მიღებულია მოსწავლის ინდშესაძლებლობებზე გათვლილი სწავლება, რომლის საფუძველიც მარია მონტესორის თეორიაა. ჩვეულებრივ, სკოლაში, ერთ კლასში, გვერდიგვერდ სხედან უნარძლიერი და უნარშეზღუდული ბავშვები. დისლექსია და ამ ტიპის სინდრომული რამეები, ნევროზული გამწვავებანი, თანამედროვე მოზარდის განვითარებას რომ ახასიათებს, აქ რატომღაც ძალზე ხშირია. არ გამოვრიცხავ, რომ არც საქართველოში იყოს ნაკლები და უბრალოდ, დროული დიაგნოზირება არ ხდებოდეს.
      მრავალმხრივი საკონკურსო გარემო საშუალებას იძლევა, არა მხოლოდ ინგლისურით, არამედ სხვა სფეროებით გატაცებულმა, ნიჭიერმა ბავშვმა თავისი ნიშა ისე იპოვოს, რომ არც თანატოლთა სოციალურ გარემოს მოსწყდეს. საკუთრივ ზეპირობა კი - ფართოდ გამოიყენება მეხსიერების პრობლემების დასაძლევად, სხვადასხვა ასაკში.
      ეს მეთოდი მგონი უკვე საქართველოშიცაა დანერგილი, ყოველ შემთხვევაში, 84 წლის დედაჩემი დღეში ერთ სტროფ ლექსს სწავლობს და მეხსიერება შესანიშნავ ფორმაში აქვს.              მოდით, საკითხი ასე დავსვათ: გამოგვადგება თუ არა ჩვენ, ქართველებს მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლებისას ან თუნდაც სხვა სფეროებში პირდაპირ ამერიკული მიდგომების გადმოტანა?
    მე ვუპასუხებდი, რომ არა!
რატომ?!
ამერიკამ ინგლისურის სწავლება უკიდურესადაც რომ შეზღუდოს, ამ ენის მსოფლიო გავრცელების არეალი იმხელაა, გაუძლებს, სხვა ინგლისურენოვანი ქვეყნები მიხედავენ. რაც შეეხება ქართულს, მას ჩვენ გარდა პატრონი არა ჰყავს და არც ეყოლება. იგი სულ რაღაც ერთ თაობაში მკვდარ ენად, ისტორიის კუთვნილებად შეიძლება იქცეს. 
  ის, რაც ანტიკური დროიდან დღემდე მოგვიტანეს წინაპრებმა, როგორც ერის მეობის ძირითადი ნიშანი, ჩვენი პრაგმატიზმის გამო ხელში ჩაგვაკვდება.
      რაღაც პათეტიკის ხასიათზე დავდექი. ქართული სახელმწიფო ენის გარეშე ჩვენ ერად, თუნდაც თანამედროვე პირობების შესაბამისად, მოდიფიცირებულად, ვერა და ვერ ვიარსებებთ, ერის გარეშე კი საქართველო იქნება არა ქვეყანა, არამედ ოდენ ტერიტორია…
და იქნებ უგნურ მოკეთეს ან ვერაგ  მტერსაც სწორედ ეს უნდა!

    ჩემი წერილი მდინარესა და  ზღვაზე  საუბრით დავიწყე, ზღვიდან ოკეანეზე გადავალ  და მოდით, ამითვე დავასრულებ.
    ინგლისური ენა, ზოგადად ინგლისური სამყარო, დასავლური ცივილიზაცია - ეს არის ოკეანე, თავისი ღია და ფარული დინებებით, შკვალებით, დიდი, მაგრამ მონელებადი  კატასტროფებით …მოკლედ, მთელი ოკეანური სტრუქტურით, ამისგან განსხვავებით ქართული - მთის პატარა, თუმცა დღემდე სასწაულებრივად, მარადმედინი მდინარეა. სიცოცხლის, არსებობის სრულიად სხვა ციკლები, რეჟიმი, მე ვიტყოდი, მისტიკაც აქვს.
      რასაც ოკეანე აიტანს, რა მინარევებსაც იგი მოინელებს, მდინარე იმას ვერა და ვერ მოერევა. ეს შეეხება ყველა სფეროს. ამიტომ გვმართებს დიდი სიფრთხილე, როცა რაიმეს გადმონერგვას ვცდილობთ…
      თუმცა რის შესახებაც მე ახლა აზრის ჩამოყალიბებას, გამოთქმას ვცდილობ, თქვენ ეს ყველაფერი საფუძვლიანად მოგეხსენებათ.
      ჩემს მდგომარეობაში, სამშობლოსგან მოშორებული ადამიანისთვის მართლა დიდი შვება და ფუფუნებაა, საქართველოში გულითად მეგობრად რომ ეგულებით.
გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს!

თქვენი ნინო დარბაისელი სტრონი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები