ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო სარალიძე
ჟანრი: პოეზია
15 მარტი, 2024


მიყვარდი, მეთქი

მიყვარდი, მეთქი... ეს სიტყვები რამდენჯერ თქმულა,
უთქვამს რამდენს და ჩაქნეული ხელივით ბასრი
სინანულისთვის ჩაუხედავს თვალებში. სულ მთლად
უნაყოფოა ეს სიტყვები და მაინც აზრი
თუ კი აქვს რამეს, დამიჯერე, არ მოჭრა ბერწი
ხე, რადგან ხის ჩრდილს შეიძლება ნაყოფზე ძლიერ
ნატრობდეს კაცი უსაშველო სიცხეში. მეტი
რა გითხრა, შენით სიყვარული ვისწავლე. იერ-
შეცვლილი, არა მოვარდისფრო, არამედ მუქი -
ღამის ტილოზე იისფერი ტკივილის გასმა.
მოგდევდი, მაგრამ უპასუხო ძახილში ჩაქრა
ციცინათელას კიაფივით იმედის შუქი
და ჩემში შენგან აჩრდილების ფეთქვაღა დარჩა.

*
მიყვარდი, მეთქი... სულ ესაა ჩემი დეპეშა,
სიმართლეს ვამბობ, ღმერთი არის ჩემი თავმდები.
რომელმაც იცის, მისი სახლის მყუდრო კედლთან
სამი სანთლიდან ერთს რომ მუდამ შენთვის ვანთებდი.
რაც უნდა გითხრა, ვიცი არის მაინც სულ ერთი,
ვერ მოგიტანენ ჩემს ბარათებს ქარის მტრედები.
როდესაც შენთან საუბარი მინდოდა - ვწერდი,
ყოველდღიურად, ნერვდაწყვეტით, თავგამეტებით
და ამ გზით მე შენ ისე ცხადად გელაპარაკე,
თუ არ გესმოდა, ზუსტად ვიცი, რომ უნდა გეგრძნო,
(როდესაც ვწერდი, თითქოს თავი შენს მხარზე მედო)
და ჩემი სული, უკანასკნელ კელაპტარივით
შენი თვალების ზურმუხტისფერ ციაგში ენთო.

*
მიყვარდი მეთქი, მინდა, ერთხელ ღრიალით გითხრა,
მერე კი თუნდაც პროზაული სიკვდილით მოვკვდე.
ვუტოვებ ამ ჩემს სიმარტოვეს არათუ მიწას -
შენი დუმილის ასე მშიერ და ერთგულ ყორნებს.
და როგორც ზღვაში უმნიშვნელო, რიგითი ტალღა,
მივდივარ სადაც დავიმსხვრევი, ანუ იმ კლდემდე,
რომელზეც მუდამ ერთი იყო ომიც და დაღლაც,
და სურვილიც და გულგრილობაც ერთია დღემდე.
მივდივარ ჩემთვის უკომპასოდ, ძველი აფრების
ამარა, თითქოს შენი მზერა უკან მომდევდეს
და სიარაფრის უსაშველოდ ნამდვილ მოლბერტზე,
როგორც ფანტელი დიდი თოვაში, ვუჩინარდები,
რომ კიდევ ერთხელ, თუნდაც უფრო ძლიერ, მოგბეზრდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები