ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ლოხიშვილი
ჟანრი: პროზა
16 მარტი, 2024


ასკლიპიოდიტეს ვირთხა

    ასკლიპიოდოტე სახლში შესვლისთანავე მაგიდას მიუჯდა, რაზეც კალამი და ფურცლების დასტა გამზადებული ელაგა და მცირეოდენი ბღაჭვნის შემდეგ, როდესაც საკრავიდან შემოესმა დევიდ ბრუკის ჯაზი, ოთახის შექმნას შეუდგა:
    კედლების მაგიერ მან ფურცელზე შავი წყვდიადი აღწერა, იატაკი კი შედარებით ნათელი იყო, ძველი, დამპალი ხით შეკრული, ბზარებით სავსე. ეს ნაპრალები ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, რომ თითქოს წამი წამზე იქიდან ცოფიანი ვირთხა უნდა  ამომძვრალიყო, თუმცა იმ სამყაროში ვირთხები არარსებობდნენ; ჯერ ჯერობით არარსებობდნენ.
    ოთახის ცენტრში დადგა მაგიდა და წყვდიადის კედლის ზღვარზე ერთსაწოლიანი ლოგინი, მასზე დაფენილი თეთრეული კი შარდით დაალაქავა და ააყროლა. ასე ჩაწერა: „იმდენად ძველი იყო თეთრეულზე შარდი, რომ მომშარდავი კაი ხნის მკვდარი იქნებოდაო.
    რადგანაც ეს იყო უბრალოდ ერთი მორიგი ჩანახატი, რომელსაც არავინ არ წაიკითხავდა, სწრაფადვე, ზედმეტი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ამ ოთახში მან შექმნა სიცოცხლე; სიცოცხლე, რომელსაც ქონდა გრძელი ხელები და თოვლივით თეთრი კანი.
    ასკპლიოდოტემ აქაც არ დააყოვნა და მასთან მონოლოგი გააბა:
ტყუილად გონიათ ჩემს სამყაროში, რომ რახან მე გამოგიგონე, ესე იგი ეს ნიშნავს იმას, რომ არარსებობ. შენ ცოცხალი ხარ, შეიძლება ჩემზე მეტადაც კი.
ფრანკენშტეინისგან განსხვავებით, საქმე იმაშია, რომ შენს სხეულს, რომელზეც ჯერ არაფერი დამიწერია, მეხის დარტყმა არ სჭირდება, ამ დავალებას ჩემი ტვინის ელექტრონი ასრულებს, რომელიც სადაცაა უჯრედს დამუხტავს და ნეირონად გადააფორმირებს.
შენ ხარ მაღალი, გრძელხელება, მკდარივით გამხდარი და ფერმკრთალი. ასეთი იმიტომ ხარ, რომ ახალი შექმნილი ორგანიზმი, სხვანაირი ვერ წარმოვიდგინე.
წყვდიადში ხარ ჩაძირული, ალბათ იმიტომ, რომ ჩემი ელექტრონები საკმარის ენერგიას ვერ გამოიმუშავებენ და ფანტაზია არ მყოფნის შენი სამყაროს შესაქმნელად.
    და აქ, ამასობაში, ამ სარკაზმით აღსავსე ბოროტებაში ასკპლიოდოტეს გაუნათდა:
- მაგრამ ხარ! ხარ აგონიაში, ახალგამოჩეკილი წიწილასავით, რომელსაც მინის ბილიკი საჭყლეტში მიათრევს. მაგრამ შენ უარესი გელის, უდროობაში, წყვდიადში სამარადისოდ ჩაძირვა, მხოლოდ იმიტომ, რომ მე მომეპრიანა ლიტერატურულ სამყაროში რაღაცა, პატარა, უმნიშვნელო ჩარჩოს გადანგრევა, სადაც ავტორსა და პერსონაჟს შორის ძალიან ცოცხალი ძაფი გაებმევა.

ალბათ შენ მკითხავ:

- ბატონო ღმერთო, შენ თუ ასე მწირავ, მაშინ რას ფიქრობ შენ ღმერთზე?!

- ვირთხა ვარ ანექტინუს, შენსავით ვირთხა. - მიუგო ახალ გამოჩეკილ პერსონაჟს და ხელებ ჩამოყრილი ფანჯარასთან მივიდა. მივიდა იქამდე სანამ მინა ცხვირზე არ ააკრო.


ასკპლიოდოტემ ჩრთილოეთით გაიმზირა და იქაური მიყრილ-მიმოფანტულ ბორცვები შეათვალიერა ამდენი ხნის შემდეგ. ბოლოს ეს მან მაშინ გააკეთა, როდესაც ბავშვი იყო, ლაღი და ბედნიერი. ფიქრობდა, რომ იქ, სადღაც რომელიღაცა ბორცვის მიღმა ზღაპრული სოფელი იყო გაშენებული ზღაპრული არსებებით დასახლებული, რომელებიც დღისით მსუბუქი შრომით იყვნენ დაკავებულნი და ღამით კი გართობით, ცეცხლით განათებულ სოფელში. იქნებ ცეცხლის გარშემოც ცეკვავდნენ ველურებივით... ვინ იცის. და რატომღაც ასკპლიოდოტე იმაშიც იყო დარწმუნებული, რომ იქ, იმ ხალხებს შორის იყო ერთი ვიღაც, ვინც სიშორიდან მის ფანჯარას უმზერდა და აქაურ სამყაროზე წარმოდგენებს იქმნიდა. იქნებ ეს ორი სხეული მონათესავე სულებიც კი ყოფილიყვნენ... კარგი მეგობრები მაინც,  განგებას ეს ორი სამყარო რომ არ გაეყო.
    ძველი მოგონებებით შეღონებული ასკპლიოდოტე წერას მიუბრუნდა და ანექტინუსის ოთახში ნელი ნაბიჯებით შევიდა. აღწერა სპილენძის სკამი და მასზე დაჯდა თავჩაქინდრული.
- ცხოვრება ტანჯვაა, ანექტინუს.
ანექტინუსი ჯერ თავის ხელებს აშტერდებოდა, შემდეგ კი ასკპლიოდოტესას. მან პირველად შეიგრძნო სარკისებური ეფექტი და მისთვის ეს უროს თავში მოხვედრას გავდა. ბგერებს ვიბრაციის სახით გრძნობდა, მაგრამ ყველაფერი ესმოდა და იცოდა ის, რაც იცოდა ასკპლიოდოტემ. გულისრევის შეგრძნება მხოლოდ იმიტომ ქონდა, რომ ამდენი ინფორმაცია ერთდროულად დაეჯახა.
- ცხოვრება ტანჯვაა. ნამდვილად ტანჯვა. ეს ადამიანებმა ძალიან ძველად გააცნობიერეს, ჩემო ანექტინუს და ყველაფერი, რაც თანამედროვე სამყაროში გვაქვს, მხოლოდ ამ რეალობისგან გაქცევაა. თუმცა რეალობას არ ესმის ადამიანთა ენა, მას არ გააჩნია არანაირი ხასიათი; ის ცივსისხლიანი მწამებელია.
კი, შეიძლება ახლა ჩემთვის, უდარდელად ვზივარ სკამზე, მაგრამ ყველაფერი, რისიც მეშინია, ანექტინუს, გზაშია. ყველაფერი, რაც არ მინდა, რომ მოხდეს, აუცილებლად მოხდება. სწორად ეს არის ყველაზე უმოწყალო ტანჯვის მეთოდი, როდესაც ახლა ყველაფერი კარგად არის. ამას ჯობია ბომბების ცვენის ეპიცენტრში ვიდგე, ან კიდევ შეცოდების არ მქონე უცხოპლანეტელების საექსპერიმენტო ლაბურატორიაში ვეგდო, ასე ამ ყველაფერზე არ ვიფიქრებდი მაინც... და მეცოდინებოდა, რომ რისიც მეშინოდა, ის უკვე მოვიდა და თუ ის მოვიდა, ესე იგი ყველაფერი ძალიან მალე დამთავრდება. მაგრამ ასე, ლოდინის რეჟიმში, პროცესი უსასრულოდ იწელება. კი, ზუსტად ასეა. შენ რომ ჩემი ოთახი განახა, შემდეგ მიხვდებოდი თუ რა არის დროის მარყუჟში გამოკეტვა. ხო, დრო ისევე არ გადის ჩემთან, როგორც აქ, შენ ოთახში.
    ანექტინუსმა ძლივს ამოღერღა თავისი პირველი სიტყვები:
- რატომ... რატომ გამაჩინე?!
- არ ვიცი... იქნებ მხოლოდ იმიტომ, რომ ცოტა ხნით მეგობარი მჭირდებოდა... ვინ იცის...
- თუ ასეთია არსებობა, რატომ გამაჩინე?!
- არ იდარდო ანექტინუს, ნამდვილი ძმობა, ხომ იცი, საზიარო ტკივილით იწყებაო, გამოდის, რომ მარტო არ ხარ. შენ შემთხვევაში კიდევ ყველაფერი ძალიან მარტივად არის, დავწვავ ფურცლებს და ამით დამთავრდები
- დაწვი!
- დავწვავ.
- ახლავე დაწვი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები