ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
19 მარტი, 2024


მთის მოტივზე

მთის მოტივზე ერთი ამოსუნთქვით ვწერ. მთის მოტივზე წერა ვაჟას პოეზიის გავლენით დავიწყე.

შოთა ნიშნიანიძეს ერთ ლექსში ასეთი სიტყვები აქვს ნათქვამი:

„აღარც ხინკალი ჭიხვინებს,
არც ხინკალივით შაირი.
მთაო, ერთხელაც აკურთხე
კაი ყმა ვაჟასნაირი“.

ნიშნიანიძის ამ სტრიქონების მიხედვით ეს ლექსი დავწერე:

ვარ თვით კაი ყმის ქვეყნიდან,
მიყვარს ფშაური ხინკალი.
შაირი ვუთხარ ჩარგლის მთებს,
სურვილი მით მავიკალი.

ისე მიყვარან კოლხიდელს
ვაჟასნაირი ფშავლები,
რომ მათთან ჟიპიტაურსაც
სიტყვის უთქმელად დავლევდი.

იმათ შემყურეს მსურს ვჭექო
სიმღერა გარიჟრაჟული,
ჯიხვის რქით დამილოცნია
ვაჟაის მთების ნაჟური.

რაც დრო გადის, ვაჟას კიდევ უფრო მეტად ვაფასებ, ვიდრე აქამდე ვაფასებდი. გარდა პოეზიისა და პროზისა, ვაჟას ფილოსოფიური ნარკვევებიც აქვს, რაც უფრო მეტად ამაღლებს ჩემს თვალში, როგორც რიგითი მკითხველის.

2011 წლის ზამთრის სუსხიან დღეს მივუყვებოდი ჩარგალში ვაჟა-ფშაველას ნაკვალევს და თან ვაჟას სიტყვებს ვიმეორებდი გულში:

„ნეტავ თუ დაგვიფასდება
ქართველთა შვილებს ამაგი?!“

დაგვიფასდება, აუცილებლად დაგვიფასდება! სხვანაირად არც შეიძლება, ჩვენ ხომ რაზიკაშვილების მშობელი ერი ვართ!

ვაჟა-ფშაველა სულ სხვა განზომილებაა, სხვა ფენომენია! მის ნაწარმოებებს ლოცვასავით ყოველდღე უნდა ვკითხულობდეთ, რომ უფრო მეტად შევიგრძნოთ სიღრმე და სიდიადე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს სიტყვას, სიტყვის ძალას! ვაჟა ჯერ კიდევ მაშინ ამბობდა სიმართლეს, როცა მამათა და შვილთა ბრძოლა მიდიოდა! მიკვირს წიგნებში როგორ ეტევა ლუკა რაზიკაშვილის გენია!

ვინც ვაჟას შემოქმედებას აფასებს, ის ჩემთვის მამულიშვილია!

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

ქალმა მიმღერა ლამაზმა,
წყალიც მასმია ხელსურით,
მერე რაა, რომ არა ვარ
ფშაველი ანდა ხევსური.

მაოცებს ვაჟას გენია,
სევდა მაწვალებს ჩოხელის,
რაც ქართულია-ჩვენია,
გულიც ამაყობს ოხერი.

ქალავ!-კოლხიდელს მაჩნიხარ,
შენთვის ანთია ცისკარი,
მითხარ: ,,ქალი ხარ, ალი ხარ“,
თუ სიყვარულის სიზმარი?

ვარ შენი მთების მეხოტბე,
მთებსაც აქვთ ძალა ზევსური,
ჯიხვის რქით დამილოცნია
მე ყველა ფშაველ-ხევსური.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები