ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
19 მარტი, 2024


ცხოვრება

წინ დამისვა ერთხელ დედაჩემმა,
(წლოვანებას ვერ ვიხსენებ ახლა)
აპრილის მზე აყვავებდა ტყემალს
დედის ფიქრი ჩემს მომავალს ალბათ.
თვალი თვალში გამიყარა ქალმა,
ქალმა, მე რომ მომავლინა ქვეყნად,
თმა შეუკრთო გადავლილმა ქარმა
იასამანს დამიმსგავსა დედა.
ცოტა ხანი მესაუბრა მზერით,
მხოლოდ დედებს რომ ჩვევიათ ისე,
მერე თავზე გადამისვა ხელი
და სიტყვებიც მოიშველა მყისვე.
-"მეგობარი!"- როგორ გესმის დედი?
-ერთად რომ ვართ სულ და ყველგან, ასე...
-როცა გიყვარს და გაფიქრებს ბედი
მისი, მისით გული რომ გაქვს სავსე.
-"სიყვარული?"-შენი აზრით რაა?
-შენ ხარ, მამა, და-ძმის, სხვების ცქერაც...
-სიყვარული ჯერ ღმერთია, ცაა
და მერე კი დანარჩენი ყველა.
-"ერთულება?"- ერთგულება ჩემო?
-რომ არავის უღალატებ ალბათ...
-ყოჩაღ, ტყუილს და ღალატის გემოს
რომ არ ეტრფი... არც გაივლებ არსად.
-და "პირობა?"- რასაც ნიშნავს იცი?
-პირდები და შესრულებას ცდილობ...
-როცა ნათქვამს არ ჭირდება ფიცი,
როცა კაცი სიტყვას არ ტეხს შვილო!..
მერე ცოტა შეისვენა დედამ,
ახლა უკვე თავდახრილი მზერით,
თმაზე აჩნდა სულ ოდნავი სევდა...
გრძელ გზას ჰგავდა იმ წამს დედაჩემი...
-დავუშვათ და გაწყენინა ვინმემ?..
კვლავ შეირხა მისი ტკბილი ბაგე?
უცებ ბრაზმა დაჰკრა სულის სიმებს...
-წყენისათვის ყველა პასუხს აგებს-
ვუთხარი და გავიშალე მხრებში,
მაშინ მთელი ქვეყნის ძალას ვგრძნობდი,
ჰო, შემეძლო გადამედგა მთებიც,
იმ მომენტში მე სამყაროს ვფლობდი.
ჩემს ქცევაზე გაიბადრა დედა,
სიამაყის სხივი ჩასწვდა თვალში,
არ იფიქროთ მომიწონა ხედვა
ან შემაქო თითისტოლა ბავშვი.
არა, მის ამ სიამაყეს სულ სხვა
ელფერი და განმარტება ახლდა-
დიახ, ჩაგვრის არ მოთმენა... თუმცა
სხვანაირად სურდა დედას დაცვა.
მითხრა, ვიდრე პასუხს მოთხოვ შვილო
ჯერ იკითხე, რად მოიქცა ასე?
იქნებ შეცდა... აპატიო ცდილობს...
ნუ გექნება გული ბოღმით სავსე...
იმის შემდეგ გაქრა ბევრი წელი,
დედაჩემიც ვეღარ მხედავს ხშირად,
თუმცა მხარზე დადებული ხელით
კვლავ დამყვება იმედად და ხიდად.
ცხოვრებაში მქონდა და მაქვს დარდი,
გვერდით კი მყავს მეგობარი კარგი.
მე ერთგული სიყვარულიც დამაქვს
ჩემს პირობას არ ჭირდება დავა!
.....
წინ დამისვა ერთხელ დედაჩემმა
ის დრო იყო ტყემლის კვირტი ფეთქდა,
გვიხდებოდა გაზაფხულის ცქერა,
იასამანს ჰგავდა მაშინ დედა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები