| ავტორი: დებორა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 24 მარტი, 2024 |
#გალაკტიონოლოგიური_ოპუსები #კრიტიკა_ლიტმცოდნეობა
ესეც შეპირებული
ნინო დარბაისელი
გალაკტიონის ენიგმათა გასაღებისთვის
მე თვითონ ამჟამად შინ, კომპთან არ ვიმყოფები და “გუგლით” მზა ნახაზები მოვიპოვე თვალსაჩინოებისთვის, დავნომრე და ასე “მოვირგე”. ლიტმცოდნეობითი გამოკვლევის ტრაფარეტს ცოტათი მაინც რომ მოვერგოთ, აქ - ჩათვალეთ, რომ დევს მიმოხილვითი ნაწილი ჩემი ოპუსისა და მასში აღნიშნულია ყველა იმ პიროვნების როლი და ღვაწლი, გალაკტიონის პოეზიის ენიგმატური ბუნების სხვადასხვა ასპექტთა გაშუქებას რომ მიეძღვნა სხვადასხვა დროს და პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ… თუმცა მანამდე თვითრეკლამა ხომ არ უნდა დამავიწყდეს, არა? შეიძინეთ ამ თვის ნომერი ჟურნალი “ცისკარი”, რომელში გამოქვეყნებულ არაერთ საინტერესო მასალასთან ერთად გელით ჩემი წერილი აღნიშნული საკითხის ზოგი ასპექტის შესახებ. ჟურნალის კომერციული ინტერესების გამო, უფლება არა მაქვს, გაგაცნოთ წერილი და მის გამოსვლამდე შეგიძლიათ, ამ ოპუსით შეიქციოთ თავი. თვითრეკლამაც მოვილიეთ,ახლა - პირდაპირ საქმეზე! გალაკტიონი - გენიოსია! ამაზე ვთანხმდებით. ამ გენიოსს, ერთი სიმბოლისტური მეტაფორული ტერმინი რომ გამოვიყენოთ, აღმოჩენილი აქვს “პოეტური ალქიმიის” საკუთარი ფორმულა. მის ენიგმატურად მიჩნეულ სახე- კონცეპტთა და პოეტურ სინტაგმათა ამოხსნის მცდელობისას გალაკტიონოლოგიის პრობლემატიკაზე მომუშავე მკვლევარები (არ ჩამისწოროთ, მკვლევრები როა სწორი ფორმა, ვიცი და ვლიცენციობ - ნდს), აცნობიერებენ თუ არა, ერთ მუდმივ პრობლემას აწყდებიან. - შესწავლილი მასალის რაღაც ნაწილი მუდმივად ეწინააღმდეგება მათ კონცეფციას, სულ უხდებათ კვლევითი ყურადღების არედან რაღაცის “გატანა”. ასე ვთქვათ, ,,თვალის მოხუჭვა” და ჩემი ფიქრით, ეს მათი ბრალი სულაც არაა. მაგალითად ავიღოთ ლექსი, “მას გახელილი დარჩა თვალები” 1. აკაკი ხინთიბიძის აზრით “მას”-ში აქ ქართული პოეტური გამოცდილების ისტორიიდან ტრაგიკული მომენტი - ნიკოლოზ ბარათაშვილის უცხოეთში გარდაცვალება იგულისხმება; 2. ვენერა კავთიაშვილი - ანტიკურ კულტურასა და ნიცშეანიზმთან კავშირს ხედავს; 3. ამირან გომართელი - ქრისტიანულ სამყაროსთან კავშირს და ასე შედეგ და ეს მოსაზრებანი ერთმანეთს კი არ გამორიცხავენ ან აუქმებენ,( თუმცა მათი ავტორები ასეც შეიძლება მიიჩნევსნენ), არამედ, ჩემი აზრით, პირიქით, ყველა მათგანი მართებულია და საბოლოოდ, ერთად ერთმანეთს ავსებენ. აქ ისე გამომდის, თითქოს მე ტექსტის ინტერპრეტაციების უსასრულო შესაძლებლობათა ცნობილი თეორიის აპოლოგეტი ვიყო. ამ თავისთავად მნიშვნელოვან თეორიას მე ბოლომდე ვერ ვიზიარებ, რადგან საქმე სხვაგვარად მესახება. კერძოდ, ვთვლი, რომ ნებისმიერ ტექსტს აქვს თავისი საზღვრები, თავისებური აკრძალვის ზონები, რომელსაც ავტორი და მასთან ერთად ან გარეშე, მისი კულტურაც აფიქსირებს, დებს ტექსტში… მაგრამ აქ შევჩერდეთ, რადგან თავისთავად საინტერესო, მაგრამ მაინც სხვა პრობლემატიკის, სხვა თეორიული საუბრის თემაში ვიჭრებით. არცთუ იშვიათ შემთხვევაში, გალაკტიონის ენიგმათა, ზოგადად მისი შემოქმედების კვლევით მიღებული შედეგი - მართებულიცაა, მაგრამ ერთი მუდმივი ნაკლი აქვს - გარეთ რჩება ის, რაც გარეთ თავად მკვლევარმა გაიტანა, ანუ საბოლოოდ, მთლიანად ენიგმას მაინც ვერ მოიცავს და ისღა რჩება, ათასმეერთედ ვაღიაროთ, რომ ენიგმა ამოუხსნელია და მეტიც, ამოუხსნელადაც უნდა იყოს, რათა ამრიგად დარჩეს სიმბოლისტური ესთეტიკის საზღვრებში. პანაცეის შემოთავაზებას არც მე ვაპირებ. უბრალოდ, საკუთარ კვლევით გამოცდილებაზე დაყრდნობილ კონცეფციას გიზიარებთ. შესაძლოა, ზოგადად აღებული ეს კონცეფცია, რომელსაც აქ ჩემად მოვიხსენიებ, ხელოვნების სხვადასხვა დარგთა გენიოსებს ყველასაც კი მოერგოს, მაგრამ გალაკტიონის შემთხვევაში - საშუალება გვაქვს საკუთრივი, გალაკტიონისეული ნიშნები გამოვავლინოთ და იმასაც კი ვფიქრობ , რომ ეს საშუალებას მოგვცემს, სხვა დიდ ქართველ პოეტთა “არაგენიოსთა” შემოქმედების ,,წაკითხვაშიც” დაგვეხმაროს.
პირველ ფოტოზე ვხედავთ ხუთ ფერად, ჩემ მიერ დანომრილ წრეს. ამჯერად მათ ფერებს ყურადღებას ნუ მივაქცევთ, რაც ვიპოვე, ვიპოვე, უბრალოდ ვცადე, შემდეგ ფოტოზე გამოსახული ფერადი წრეების ნომრები შესაბამისი ყოფილიყო.
ახლა ვეცდები, მოკლედ ავხსნა და დავა ხასიათო თითო წრე.
გალაკტიონის ენიგმებში შერწყმულია შემდეგი წრეები:
1. ყვითელი წრე - უცხოური, ძირითადად დასავლური და. რუსული ხანგრძლივი პოეტური გამოცდილება, ანტიკიდან - მოდერნამდე, იგი შემოდის გალაკტიონისეული პოეტური მითქმნადობის გზითაც. 2. მწვანე წრე - ბიბლია, ქრისტიანული რელიგია - (გალაკტიონის რწმენისმიერ- განათლებისმიერი სფერო) 3. ლურჯი წრე - გალაკტიონისეული პოეტური წარმოსახვა, ზმანება, გამომგონებლობა, ქმნადობა და აშ. ვუწოდოთ კრეატიულობა 4. წითელი წრე - პოეტის პირადი ცხოვრებისეული გამოცდილება 5. მრავალსაუკუნოვანი ქართული პოეტური გამოცდილება, ზოგადად კულტურა აკუმულირებული ენაში, რომელსაც იგი არა პოეტურ იდიოლექტად, არამედ საკუთარ გალაკტიონისეულ პოეტურ ენად გარდაქმნის. ეს ენა მოიცავს სალიტერატურო ენას, უცხოურ ტერმინოლოგიას, რომელაც “ამითებს” პოეტი, პლიუს ქართული დიალექტები, ძირითადად იმერული და საკუთარივე სიტყვათწარმოება, პოეტური ნეოლოგიზმები. გალაკტიონის და ნებისმიერი გენიოსის შემოქმედებაზე საუბრისას გვიწევს ტრადიციისა და ნოვაციის გზაჯვარედინზე, გზაშესაყარზე, შეხვედრის წერტილზე და აშ. ლაპარაკი. შევხედოთ მეორე ილუსტრაციას, მასში ეს ხუთივე წრე ხომ თან ერთმანეთთანაა კავშირში, ასევე, რთული საერთო სივრცე აქვთ და ეს ყველაფერი - ენობრივი წრის (N 5) საზღვრებშია მოქცეული, ანუ როგორც სხვა დიდი პოეტი იტყოდა ,, მხოლოდ ენით და ენაში პოეტობს პოეტი”. (ხოლო დამატებით, ავტორისეულ მეთოდზე სიმბოლისტური სახე- კონცეპტების შექმნისას იხ . ზემოთნახსენები ჩემი წერილი ჟ. ცისკარში) ზემოთ ენიგმათა გახსნის მცდელობისას წარმოშობილ ძირითად პრობლემაზე ვსაუბრობდით. ახლა, რა ხდება. ავტორის, გალაკტიონის მიერ შექმნილი წრეთა ინტეგრაციის, ანუ შერწყმა-შეერთების ცენტრიდან, - ქართველი მკითხველისათვის შექმნილი რეცეფციის ცენტრიდან მკვლევარი როგორც კი გაღწევას შეეცდება რომელსამე ზემოთ ჩამოთვლილ წრეში, სხვა წრეები მისი ყურადღების მიღმა რჩება, რადგან ამ წრეებს რაღაც ურთიერთშეხების არე შეიძლება კი ჰქონდეთ, აუცილებლად ექნებათ კიდეც, მაგრამ საბოლოოდ, მხოლოდ ცენტრში ერთიანდებიან ,, ერთმანეთს ეწვნიან ისინი.. ახლა არ გინდა , ეს ყველაფერი შენსავე შექმნილ ან საშენოდ , შემოქმედებითად გადამუშავებულ პოეტურ ფორმაშიც მოაქციო, თავისი უამრავი ორიგინალური რითმიანად? აი ამიტომ არის გალაკტიონი - გენიოსი, სხვა დიდი პოეტები - დიდი პოეტები და დანარჩენები კი - უბრალოდ, პოეტები.
დავალება: თავშესაქცევად სცადეთ და თქვენთვის სასურველი რომელიმე პოეტის, ცნობილისა თუ ნაკლებადცნობილის წრეები შექმენით, დათვალეთ, ნახეთ, მისი ცენტრალური წრე როგორი იქნება და რამდენს “გაქაჩავს”. გალაკტიონის პოეტური ალქიმიის რთული სივრცული სისტემა მე სქემატურად, სიბრტყობრივად წარმოვადგინე, მაგრამ ვთვლი, რომ უქმად მაინც არ გავრჯილვართ, მის სამყაროში, მასზე ფიქრში გავლიეთ ეს დრო.
ილუსტრაციების გარეშე ვფიქრობ, გაუგებარი იქნება. მათი ნახვა შეგიძლიათ ლინკზე:
https://www.facebook.com/share/p/mD57MvHwC2jERCf6/?mibextid=WC7FNe
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. გამომექცა კომენტარი. ჯურნალი "ცისკარს" წავიკითხავ. გამომექცა კომენტარი. ჯურნალი "ცისკარს" წავიკითხავ.
1. დავალება: თავშესაქცევად სცადეთ და თქვენთვის სასურველი რომელიმე პოეტის, ცნობილისა თუ ნაკლებადცნობილის წრეები შექმენით, დათვალეთ, ნახეთ, მისი ცენტრალური წრე როგორი იქნება და რამდენს “გაქაჩავს”. ეს დავალება რომ, შევძლო, თქვენი დონის ცოდნა უნდა მქონდეს, არა ვერ "გავქაჩავ", ჟურნალი "ცისკარას მადლობა ყურადღებისთვის. დავალება: თავშესაქცევად სცადეთ და თქვენთვის სასურველი რომელიმე პოეტის, ცნობილისა თუ ნაკლებადცნობილის წრეები შექმენით, დათვალეთ, ნახეთ, მისი ცენტრალური წრე როგორი იქნება და რამდენს “გაქაჩავს”. ეს დავალება რომ, შევძლო, თქვენი დონის ცოდნა უნდა მქონდეს, არა ვერ "გავქაჩავ", ჟურნალი "ცისკარას მადლობა ყურადღებისთვის.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|