ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
31 მარტი, 2024


* * *

მე კი ვიქნები, როგორც მთვარის ბიჭუნა,
როცა ის ახალშეღამებულზე
ერთადერთ ანთებულ ვარსკვლავს უყურებს ცაში ჩემი ფანჯრიდან.
სულ გზას ადგანან დონ კიხოტები და ოდისევსები.
არ არის აუცილებელი, გზაზე სიარულისას
სხვებს ხელი შევუშალო.
მთავარია, ჩემს გზაზე ვიარო და მოძრაობის წესები დავიცვა.

გვერდითაც დაგისვამ,
მოგწონს ვარსკვლავების ყურება?

როცა გაქვს ვალები
და როცა გადაკარგულში ცხოვრობ
პოეტიც არ ჩანს, შენზე რომ წეროს
და თვითონ იწყებ,
ეს რამხელა სითავხედეა.

ერთხელ ჩავიფიქრე, მამაჩემს დავმგვანებოდი.

ერთხელ კი მახსოვს,
დისშვილს გაბრაზების გამო ბოდიში რომ მოვუხადე,
მზე როგორ გვანათებდა.
მე ყველაფერი მამახსოვრდება,
რასთანაც გემოებით ვიყავი მიბმული,
როგორც მსხალი ხეზე ყუნწით.
სამყარო თავის ენაზე იწყებდა საუბარს მაშინ,
გესმის ეს რას ნიშნავს?
მახსოვს, ბავშვს რომ გულიანი ბოდიში ვუთხარი
და მზე გამოვიდა ღრუბლებიდან.

მე ხომ გარედან ვერ ვუყურებ ჩემს თავს
და ყოველ დილით ვიბადები,
ანუ თვალის ასახელად ვარ განწირული.
ახლაც ეს ლექსი კი არა, ემოციაა ცივი წყლის გადავლებისა
და თუ რამე შევცოდე დღეს
ნებით,
თუ უნებლიედ,
მაპატიოს იმ ბავშვმა,
რომელსაც შეუძლია თქვას
და რომელსაც დაეჯერება
"ბოდიში," "მიყვარხარ," "მადლობა."

გაჩერებულა ჩემი საათი
და თითქოს გულით უნდა გავზომო აწი ყოველი.
მაგრამ თვალებში ისევ ის ქოხი და კრამიტია,
და დაცემული მე ვარ,
ვინც ტირის
ხოლო ჩიტი მსხლის ხის ტოტიდან
ახლა უკვე თითქოს დასცინის, გამოაჯავრებს ამ ბავშვის ტირილს.
მახსოვს ტირილი და მახსოვს ბაბუაჩემი,
ვინც ვერ გაუძლო ჩემს გაბრაზებას სამყაროზე,
მოვიდა და წამომაყენა,
წამომაყენა და დიდი პეშვი
სისხლის ნაკადს შემოუჭირა
რომ ხელის გულით ეთქვა ჩემთვის -
აღარ იტირო.
ბაბუაჩემო, აღარ მახსოვს, იქ რა მითხარი,
მაგრამ იცი, რატომაც არ დამავიწყდები
არ უნდა წამოგეყენებინე.
რადგან აქ უკვე აღარ მყავხარ
გვერდით და მე კი
ხშირად ვეცემი ისევ ბავშვურად.
ჩავვარდები ხოლმე ჩემს გვამში
და იქ მხვდებიან დემონები
და აჩრდილები
იმა სოფლისა.
არის აქ ვინმე კარგის მსურველი?
იქნებ სიტყვები -
არ მოიპარო
არა იმრუშო
ივარჯიშე და დაიცავი მარხვა
შენებურად მაინც.
და დაუკვირდი შენივე თავს
და შეაჩერე კითხვებით -
რატომ?
რისი გულისთვის?
შეაჩერე, თორემ მას უნდა
მთელი სამყარო კუჭში ჩაინთქას.

მსურს, გულად ვიქცე და ვფეთქავდე ამ ერთ სამყაროს.

გაფუჭებულა ჩემი ხათრი და მანერები
და ამის გამო მე ბევრ მიდგომას გამოვრიცხავ არაპირდაპირს.
გაუგებარი კონტექსტია თხოვნა, თავაზი
კარს გაგიღებ და კართან დიდხანს დაგელოდები,
რადგან წყაროზე ჩამიყვან და წყალს არ დამალევინებ.

თუ გავბრაზდი და გავიბუტე,
გარეთ ნაგავია.
მე კი არ მყოფნის,
რომ ამ ბრაზით უნდა ვიარო?

ვიყავი ბრაზით დამძიმებული -
თუ დაუწყია ვინმე ცნობილ რომანისტს წიგნი ამ წინადადებით,
იქნებ მირჩიოთ
და გამოვნახო ვითარება კონფორმისტული.

ახლა ამ კალამს გავუშვებ და
ის დაემგვანება ავადმყოფობის შეტევას,
რომ რაც ხმებია ამ ყურებში,
და რაც ტალღები
იმათ ენაზე გაგესაუბროთ,
იქნება კი ეს საინტერესო შენთვის, მკითხველო?
მაშ რატომ წერენ ვიღაცები სისულელეებს
ლექსის სახელით?

თუ ციცერონის მსგავსად გავალ და დავიწყებ აგიტაციას,
რომ ადრე სხვაგვარად იყო ყოველი,
ახლა კი აღარავინ კითხულობს წიგნებს
ეს აღწერა ხომ ძალზე ძველია
მაგრამ ჩვენში ჯერ კიდევ არშემოსული.

რამ გამიჭირა საქმე
ანუ რაზე ვწერ ახლა?
იქნებ მივაახლოო კალამი სიცილთან,
როგორც იარაღთან და ფართან
რომ დამავიწყოს უბედურება?
მოვიგერიო უბედურება, ეს შეიძლება?

და რაში მჭირდება ცრემლი?
იქნებ შენ იცი, ბაბუაჩემო,
რაში ჭირდება ცოცხალ არსებას ცრემლი, რომელსაც
გემოზეც იცნობს ხოლმე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები