ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ავტ2
ჟანრი: პროზა
3 აპრილი, 2024


უსათაურო მოგონებები - თავი 2

თავი II
დამბო, ყველაზე ვაჟკაცი, ყველაზე აგრესიული, ყველაზე ძლიერი და ამავე დროს ყველაზე უბედური იყო ჩვენ სამეგობროში. ამავე დროს ძალიან კეთილი გული ქონდა, თუმცა ეს იმ დროში ძალიან იშვიათად ჩანდა. მახსოვს დაახლოებით 10 წლისები ვიქნებოდით, რომ დედამისს კიბო დაემართა. საწყალმა რამოდენიმე წელი იწვალა ჩაწოლილმა, სანამ გარდაიცვლებოდა. ამ პერიოდში დამბოს ცხოვრებამ ქუჩაში გადმოინაცვლა. მართლაც უაღრეს ეკონომიკურ სიდუხჭირეს, უშუქობას, უფულობას და უიმედობას დედამისის ტანჯვაც ემატებოდა და ალბათ ამიტომაც ქუჩაში ყოფნა უფრო უადვილდებოდა, ვიდრე ჩაბნელებულ და დეპრესიულ პატარა ბინაში, სადაც დედამისი საწოლს იყო მიჯაჭვული. ამ პერიოდში დამბო აგრესიით გამოირჩეოდა და ხან ვის სცემდა ხან ვის. ამავე დროს რაც არ უნდა გასაოცარი ყოფილიყო, ყველაზე კარგად სწავლობდა სკოლაში და მასწავლებლების საყვარელი მოსწავლე გახლდათ. ეს იმიტომ, რომ არ უნდოდა დედამისს დამატებით რამეზე ენერვიულა და ეს იყო მისი საჩუქარი და ცხოვრების შემსუბუქების მცდელობა დატანჯული დედისთვის. ოჯახში ღარიბულად ცხოვრობდნენ. მართლაც, უმწეო მამამისს ორი ბიჭის გაზრდა მეუღლის გარეშე ძალიან უჭირდა. დედის გარდაცვალების შემდეგ ჩვენი დამბოს ცხოვრება სულ მთლად გაცუდდა. მას აგრესია მოემატა და თითქოს საკუთარი ცხოვრებაც არაფრად მიაჩნდა. შეეძლო მაგალითად მტრულ უბანში გამართულ ქორწილში სიძე გაელახა და ზუსტად იცოდა, რომ მითუმეტეს იმ მტრულ პერიოდში თავისუფლად შეიძლება ამის გამო მოეკლათ კიდეც, თუმცა დალევდა და შემდეგ ყველაფერზე მიდიოდა. მართლაც რამოდენიმე სიტუაციას სასწაულად გადაურჩა. 22 წლის ასაკში, სწორედ მაშინ როდესაც მამამისმა რაღაცნაირად მოახერხა და სამხრეთ გერმანიაში გაუშვა სასწავლებლად და ამოისუნთქასავით, საზარელი ცნობა მოვიდა გერმანიიდან, რომ დამბო გარდაიცვალა.. დღემდე არავინ იცის გარდაცვალების მიზეზი, თუმცა ამას უკვე რა მნიშვნელობა აქვს..  მას შემდეგ 23 წელი გავიდა, თუმცა მკაფიოდ მახსოვს ის უბედური დღე და თბილი ცრემლები ჩემს ყვრიმლებზე...
ერთი სიტყვით იმ დღეს, როდესაც მე გერმანიაში მაცილებდნენ, დამბოს ბინაში ავედით დასალევად და გამოვტყვერით. მთვრალებზე 18-19 წლის ბიჭები კიდევ უფრო აგრესიული და საშიში ვხდებოდით და გადავწყვიტეთ მესამე ეზოელებისთვის შური გვეძია იმის გამო, რომ ერთერთი ჩვენი უბნელი მარტო მოიხელთეს და დაჩაგრეს. არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ იმ დროში (მხედრიონის დროა) იარაღი საკმაოდ ბევრ ადამიანს ქონდა და ჩვენს სამეგობროშიც როგორც მინიმუმ ერთი “ნაგანი“, ერთი „მაკაროვი“ და ერთი „კალაშაც“ აუცილებლად გვქონდა. ჩავილაგეთ აღნიშნული იარაღები და გავწიეთ მესამე ეზოსკენ. შორიდან დავინახეთ, რომ მესამეეზოელებიც უშუქობას ეზოში დანთებულ ცეცხლთან ებრძოდნენ და საკმაოდ ბევრნი შეკრებილიყვნენ. ძალიან ახლოს მისვლა სარისკო იყო ამიტომ დაახლოებით ორასი მეტრიდან პაშკამ დედისტრაკის გინება დაუწყო და რომ წამოცვივდნენ და ჩვენსკენ გამოქცევა დააპირეს დავუწყეთ სროლა. რა თქმა უნდა უმალვე ყველა გაიფანტა, თუმცა ჩვენი სროლის დასრულებას დამატებითი სროლა მოყვა გაუგებარი მიმართულებიდან, რის შედეგადაც პაშკა დაგვიჭრეს. ნაბოზარი ბოროტას ძმა იყო თურმე თავის აივანზე ჩამალული და იქედან გვაკვირდებოდა და ბოლოს გვესროლა კიდეც... პაშკა ყველაზე სიმპატიური, ყველაზე მხიარული, მაგრამ ამავე დროს ყველაზე უჭკუო და რაღაცნაირად ასევე ყველაზე დაჩაგრული იყო ჩვენს საძმოში. უბანში, იმის მიუხედავად, რომ ყველას სტანდარტული ბინები ქონდა, რატომღაც ყველაზე პატარა ბინა პაშკას ოჯახს შეხვდა. მამამისი კაფელის ხელოსანი იყო. უბანშიც მუდმივად პაშკას დაცინვა მიდიოდა. პაშკა იყო ადამიანი, რომელიც იშვიათად გადიოდა უბნიდან და რომ არ მოეყოლა რამოდენიმეჯერ საჩხერეში და მოგვიანებით ზღვაზე ვიყავიო ნამდვილად მეგონებოდა, რომ უბანს თავის ცხოვრების მანძილზე არასდროს იყო მოშორებული მაქსიმუმ  5 კილომეტრის რადიუსზე მეტით. პაშკას გარეშე უბნის წარმოდგენა ძალიან რთულია. სულ ბირჟაზე იყო, დილიდან საღამომდე. არც ვიცი სკოლა ქონდა თუ არა დამთავრებული. ალბათ უფრო არა. პაშკა სვამდა და იკეთებდა, მთელი ცხოვრება. ბოლო დროს უფრო სვამდა და პათოლოგდებოდა. მართლაც წარმოიდგინეთ 40 წლის პაშკა, რომელიც ერთის მხრივ ტოპ მოდელს გავდა გარეგნობით, მაგრამ არ გაუმართლა იმიტომ, რომ დაიბადა იქ, სადაც დაიბადა და ისწავლა ის, რასაც უბანში უფროსი თაობის ბიჭებისგან ხედავდა. მისი მთელი მსოფლმხედველობა დაფუძნებული იყო უბანზე, ბირჟაზე და ქუჩურ გაგებაზე. არადა რა კარგი გულის ბიჭი იყო ჩვენი პაშკა. ბოლო დროს ბევრს სვამდა და შემდეგ აპათოლოგებდა, რაც პრინციპში გასაგებიც არის. მის ირგვლივ რაღაცნაირად, ასე თუ ისე ყველამ რაღაცა სამსახური იპოვა, დაოჯახდა, განვითარდა, ხოლო პაშკა ზუსტად იგივე რჩებოდა, რაც იგი იყო 18 წლის ასაკში. სამწუხაროდ ისიც გამოგვეცალა ხელიდან ეს უკვე 40 წლის ასაკში. საწყალმა დედამისმა იმდენი დამამშვიდებელი მისცა მთვრალზე, რომ არ გაეპათოლოგებინა, რომ პაშკამ ვეღარ გაიღვიძა. ჩვენ კი იმ დილით დედამისის საზარელმა კივილმა გაგვაღვიძა...
ძნელი ყოფილა ბავშვობის მეგობრის დაკარგვა, მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურად განსხვავებულები ჩამოვყალიბდით საბოლოო ჯამში და აბსოლუტურად სხვადასხვა მსოფლმხედველობა გვქონდა ბოლო წლებში.. მაინც პაშკა იყო პაშკა და ნამდვილად მთელ უბანს განსაკუთრებით დააკლდა. აღარც მინდა უბანში მისვლა, რაღაცნაირად ვერ წარმომიდგენია იგივე ეზო პაშკას გარეშე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები