ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
4 აპრილი, 2024


მეც დედა ვარ

შიმაგანს ჩავხედე, გზები ამოდიოდა, იმგვარად მოსწორებული, ვეღარ გავივლიდი.
წყარო ჩამოდიოდა, ჩავიხედე და ვეღარ მოვწყდი. ტყე იყო გაშენებული წიგნისფურცლებიანი, დაბურული, გრილი და მოჭიკჭიკე. ყველა გრძნობის მცნობელი და მოწმე. პატარა ბავშვი იჯდა, გოგონა, და იცდიდა, როდის გაივლიდა ყველა ბილიკს-გულში დაგებულს.
        დავდივარ და ვეძებ მსგავს ადგილებს. გამოცალკევებითა და კონცენტრირებით თვალთახედვიდან მეღვრება სიმწვანე და ძგერა ხეების, ჩქამ-შრიალი და ოხვრა, ვუახლოვდები და ვიკუნტები, მათი სიხასხასე ისე მაღალია, ხანდახან ფიქრითაც შემიძლია მივწვდე. ჩემშია ეს ხეები; ხან ერთს ვტაცებ ხელს, ხან-მეორეს, მინდა ამოვქაჩო და შევეხო, მაგრამ არ შემიძლია, მატერია არ არის და ხელიდან მიქრება. რაც ნამდვილია მას ხომ ვერ შეაჩერენ, მიდის, ფერებს იცვლის, ვითარდება, გაიკვირტება, გაიფოთლება, გაყვავდება, ნაყოფს მოისხამს, მერე გაიცვენს და თავიდან შეიმოსება. ასეა ჩვენს შინაგან სამყაროში. გვეცვლება გუნება-განწყობა, შეგრძნებები, დამოკიდებულებები, მოვალეობები. შინაგანი, ეს სიმწვანე რომ არა, ამდენს ვერ შევძლებდი, ვერ ავიღებდი პასუხისმგებლობას საკუთარ თავსა და სხვა ადამიანებზე-შვილებზე. პასუხისმგებლობა ზრუნვასა და სხვა უამრავ აქტივობას გულისხმობს, სადამდეც რესურსი გაგაჩნია, სადამდეც მოგყვებიან, საფუძველში დავურგავთ ნერგებს, გავამწვანებთ მათში შინაგან შეგრძნებებს, წყალს დავუსხამთ, გავუფხვიერებთ ნიადაგს. მოვალეობა მხოლოდ გაზრდა არ არის, მათი გამოკვება მხოლოდ, შინაგანი, სულიერი არსების კვება საჭირო ფერებით, სიყვარულით, სწავლებით, ზოგჯერ გაბრაზებით, მათ სინდისზე ზემოქმედებით. მათში ნერგი იზრდება, ფოთლებს გამოიტანს, კითხვის ნიშნებით დაიხუნძლება, პასუხები ყვითლად გამოინასკვება ნერგებზე, შედეგია რომელსაც მოწყვეტს მშობელი. ბავშვი ვერ ხვდება რომ გემრიელია ეს ნაყოფი, რადგან იწვალა, გამოვიდა კომფორტის ზონიდან, გაისარჯა, ინერვიულა, იდარდა დავალებების დროულად არ შესრულებაზე, შემდეგ კი შედეგებით სიამოვნებისა და კმაყოფილების გემო გაიგო. მას ჩვევა უყალიბდება. სწავლით მიღებული სიამოვნების ხათრით, საკუთარი თავის სრულფასოვნების შეგრძნებას რა ერთხელ განიცდის, აღარასდროს აღარ დათმობს, მოთხოვნილებად ექცევა, თავი იგრძნოს საჭიროდ და მნიშვნელოვნად, იმ გარემოში, სადაც გამოწვევები ეძახის და მუდმივ ჩართულობას მოითხოვს.
  პირველ ეტაპზე ვერ ხვდება, რომ ეს სჭირდება. მშობელი ამ დროს ყურადღებითაა,  აწვდის შესაბამის ინფორმაციას,  რესურსს, უქმნის გარემოს, რათა ბავშვმა დაიკმაყოფილოს სწავლის წყურვილი. ჩვევაში უნდა ჩაუჯდეთ, ყოველდღე ხელი გადაუსვან შინაგან მწვანე წალკოტს, მორწყან, მოუჩრდილონ მზესა და ავდარში. ასე უნდა დაიწყოს მშობელმა ბავშვის შინაგანი ფორმირება. მეცადინეობას მიჩვევა უნდა  სისტემატიურობა და რეჟიმი. წიგნის სიყვარული საკუთარი თავისკენ მიმავალი გზაა, გზის გაკვალვისა და შინაგანი ბუნების გამოკვლევის, შინაგან სიღრმეებში ჩასვლის, უხერხული შეკითხვების დასმისაც კი, საკუთარი თავის ამგვარად გამოცდის. მშობელი რა გარემო-პირობებსაც უქმნის, ისაა მისი ბუნებრივი მდგომარეობა და ჩვევა, ზოგჯერ სავალალო და გადამწყვეტიც კი. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები