ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
6 აპრილი, 2024


ბადას ლექსი (პატარა პოემა)

ხომ ხედავ - თვალებში ბინდია,
შეეხე, სულ თეთრად მონისლე.
საზანდარს მომართავს მინდია,
გულარღოს ახანჯლავს ონისე.
პირველი ფეხონსაც უარყოფს,
მეორე იდარდებს ამ ზამთარს,
ონისე ახანჯლავს გულარღოს,
მინდია მომართავს საზანდარს.

ბადა კი, იტყოდა, ნატიფი -
თვალებში ვარსკვლავად ინათე!
ბადამ კი, მოთიბა სათიბი,
ბადამ კი - სათიბი იმათი…
ტოვებენ სოფელს და მიდიან,
ამ ტკბილ ხმებს არასდროს მოისმენ.
ხომ ხედავ - თვალებში ბინდია,
შეეხე, სულ თეთრად მონისლე.

ტკბილია აბრაგის ბადაგი,
აბრაგი დათრობას გიპირებს,
აბრაგი დათვრება, ბადა კი -
იტირებს, იტირებს, იტირებს.
შენს არდაგს ელფერი გადასდის,
შენ არდაგს დასქერის ალუდა.
სიცოცხლე ნისლია ბადასთვის,
ბადას ხომ სიცოცხლე არ უნდა

გულყვითელ მოლაღურს დაახრჩობს
მომდგარი ხიფათი, აშკარა,
ქარიშხლით მოწყვეტილ ყაყაჩოს,
საზღვართან რომ დახვდა ლაშქარი-
მხედართა პირველი დამქაშის
მაჭარი იმდენი ისვა, რომ
ქარები ჩაგვიდგნენ ქარქაშში-
დუმილის ქარები, სიზმარო.

წავიდნენ ქულფათთა, მაყართა,
ისე, ვით ფუტკართა ნაყარი,
ბადა კი, დამჯდარა მაყვალთან-
ხელებში ჭკნებოდა მაყვალი.
ერთმა თქვა - შევაბათ აღვირებს!
მეორემ - დავუკლათ ალათი!
ტყის გზაზე პირუტყვი აყვირეს -
ჯალათებს გადავცეთ, ჯალათებს!

ლანძღავდნენ სიტყვებით უშვერი,
ისე, ვით კისერი მოღერო,
დედა კი, ამბობდა -უშველე,
უშველე, უშველე, ოხერო!
ხომ ხედავ, დაექცა სამყარო!
ხომ ხედავ, თვალები აღაპყრო.
მარილი მოგაკლდა, სამხარო,
არ მათბობ, არ მათბობ, არაყო.

სიზმარი წაიყვანს მსახურებს
და მაშინ, სადაფის ანდა ლურჯს,
ბაღებში ვიპოვი საყურეს,
ვიღაცის დაკარგულ არტანუჯს.
ნაწნავს შლიდა და ვარცხნიდა,
თეთრ შუქზე დგებოდა ფაცხების,
ქარი რომ მოვარდა მარცხნიდან,
ქარიშხლით, ცისფერი ქარცხვების.

დააგდო ნაქსოვი ფარდაგი,
ხელადით მოვიდა ბადასთან.
ხელებში დაუწვა, ბადა კი,
ბადას კი, ყლუპი არ გადასცდა.
ამბობდნენ - მწყურვალეს ვუშველოთ!
ამბავი ზღაპარში გადასდის,
სიცოცხლე ნისლია უშენოდ,
სიცოცხლე - ნისლია ბადასთვის.

ის უნდა, ვერცხლის წყლით ნაცხებთა,
ასული მახვილის, ვეშაკის,
დამდგარი ტანმაღალ ცაცხვებთან,
თვალებში სხივებით ეშმაკის.
ქარები ციხე-კოშკს ლეწავენ,
ის კი, დგას ვეშაკად და-ძმების,
ურხევი ყაყაჩოს ლერწამით,
მაღალი ხერხემლით ნაძვების.

კაცები მთას იქით მიდიან,
მათ ტკბილ ხმებს არასდროს მოისმენ,
საზანდარს მომართავს მინდია,
გულარღოს ახანჯლავს ონისე.
ბადა კი, სიბერეს აყოვნებს.
ბადა კი, შავ ყორნებს მოისევს.
თვალებშიც ხომ ხედავ შავ ყორნებს-
შეეხე! სულ თეთრად მონისლე!

მე მისი მოსისხლე შევრისხე!
ასეთი იგავი ვინ ნახა?!
ბადა რომ დამსკდარი ტყემლის ხე
უეცრად ქცეულა ვენახად.
მათ მისი გაქრობა  ვერ ნახეს,
ადრეც რომ არასოდეს ენახათ,
ბადა კი, შეერწყა ვენახებს,
ბადა კი, ქცეულა ვენახად.

ამბავი ცხრა მთას რომ გადაცდა,
მოვიდნენ წკვარამის მთევანნი
და ისიც მოვიდა ბადასთან,
მოვიდა, მოწყვიტა მტევანი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები