ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
12 აპრილი, 2024


გულნარას ამანათი

  ნივრის დათესვის დრო მოვიდა. ჩავკვდი რა, რო იტყვიან სიქა გამძვრა. არა და გადადებაც აღარ შეიძლებოდა, ისედაც ნახევარზე მეტი კბილი ცალიერი დამხვდა, გაპარულან ეს ნივრებიც ჩემი ქალობასავით. მთელი კვალი ჩავიტანე. წელი ჩემი აღარაა, ვეღარ ვიშლები ხერხემალში. ახლა მარტო ეს ხო არაა, იქით კრუხი მყავს მისახედი, აქეთ ეს ძროხა მისაბინავებელი, სახლის საქმეს ხო ნუღა იტყვი. არა, ქა, ვეღარ ავუდივარ, ჯერ ალაგებული არა გაქვს სუფრა და თავიდან უნდა გაშალო, ვერ ისწავლეს ადამიანურად ერთად დასხდომა და ერთად ჭამა. ამათ ჩემი შრომა რაში ენაღვლებათ, ან რა შრომა, ნეტა რას აკეთებო, რითი იღლებიო, ჩემი კაცი მეუბნება. არა და აი მაღლა ღმერთს გეფიცები, თუ ვტყუოდე, შაქარი რა არი, შაქარს არ მოურევენ ჩაიში, ეგეც მე უნდა გავაკეთო, რატომაც არა რა, მიჩვეულები არიან, ჩემი ბრალია, სხვა ვინ გავამტყუნო. ეს ჩემი შვილები ხო მამაზე უარესები, დედა მშია, დედა მწყურია, დედა ნასკი, დედა ისე, დედა ესა. რა ვიცი ქა, სხვისი შვილები იზრდებიან, იზრდებიან და აქეთ უვლიან მშობლებს, ჩემი არა, როგორც თოთოები იყვნენ, ისე არიან, უჩემოთ ვერაფერს გააკეთებენ.  ყვირილი ხო იციან, ყვირილი გიყვარდეს, ამათი ჯიშის ხალხს ხმა რო აქვს, რა ვიცი, ბურღით აქვთ ყელი გახვრეტილი.
  ახლა დაისვენებ და საღამოს გულის გადასაყოლებელია რამე თუ რა. ე მეზობელი, სანთლით რო ეძებო, აღარ გვყავს, ტელევიზორი გინდა და ახლა აქაც დიდს არაფერს უჩვენებენ, მაგრამ ჩემს ქმარს აქვს ისე ჩაბღაუჭებული პულტი, რო მოკვდე ერთი არ გადაგართვეინებს, შეჰყურებს ამ პოლიტიკას და აგინებს მკვდარსა და ცოცხალს. ჯერ სუ რა იყო, ამ ტელევიზორმა სუ გაანერვიანა.
  მე კიდევა ერთი ეს ტელეფონი მაქვს, ჩემმა ბიჭმა ახალი იყიდა და ეს მე მაჩუქა. დავჯდები ხოლმე და თვალიერებით ვერთობი:
  ქა, ამ ლამზირას რძალს უყურე რა, დღე ერთია და ათნაირ სურათს გამოსდებს ხოლმე, ხან ალთას არის და ხან ბალთას. რა ენაღვლება, ლამზირას გამოგზავნილი ევროებით დატლაშუნობენ. ახლა როგორ კოხტა-კოხტა კაბებს იცვამს, სულ ნაირ-ნაირებს, კაი შესახედი გოგო კია, ჰა ვერაფერს დაუწუნებ. უიმე, ნუნუ მამკვდარა. დედა, როგორ შემეცოდა ეგ უბედური, ისე კი დაისვენებდა, რაც მაგან იტანჯა, რაც ეგ  ეწვალა ამ წუთისოფელს. იჰ, ამას უყურე, შეხე ერთი ჩვენი  მარი როგორ იპრანჭება, ჩაქრი შენა, რამხელა გოგოა უკვეა. როგორ ჩქარა იზრდებიან ეს ბავშვები, თუ ჩვენს მომატებულ ასაკს ამ ბავშვების ზრდით ვგრძნობთ ჰა? ლეო, კაცო, ნახე ერთი ეს როგორი სალათის ფურცელია, დახე დახე იასამნისფერია სულა, ნეტა ეს შეღებილია თუ მართლა ასეთია ჰა? ხომ არ გვეყიდა ცოტა თესლი, აესე ჩავამწკრივებდი ეზოს პირად. ახლა შენ კიდე რა, იტყუებიან და ოხრობაშიც იყოს მაგათი თავი, ბევრიც კი არა ღირს.
  ამაებში ვარ და არ ამოხტა ეკრანზე: აქცია! ორი ერთში, თმის კერამიკული უთო სავარცხელი. რამდენიმე მოძრაობა და სალონური ვარცხნილობა მზადაა! 50% ფასდაკლება, უფასო მიწოდება ყველა ქალაქსა თუ სოფელში, იჩქარეთ! აქციის დასრულებამდე სულ რამდენიმე საათიღა დარჩა. შეუკვეთეთ ახლავე და ორ სამუშაო დღეში თქვენ აღარ გექნებათ ვარცხნილობაზე საფიქრალი.  ამას უყურე რა კაი რამეა, ქა თან დენზეც მუშაობსო და ისეცაო, იტენება და შეგიძლია თან გაიშრო, თან დაივარცხნოო. ნახე თან როგორ აბზინვარებს თმასა, გეგონება აბრეშუმი იყოს. აღარც კი მახსომს სალონში როდის ვიყავი, სალონში კი არა და ისე გავა მთელი დღე, სავარცხლის გადასმისთვის ვერ ვიცლი. რა ვიცი ქა, თავისით გამექცა ხელი და დავაწექი გამოწერას. არც რა პასუხი დამიბრუნეს და ვიფიქრე ნეტა მე ვინ მიმასუნენებს -მეთქი აქციებსა და ფასდაკლებას, სადა მაქვს-მეთქი მაგისი ბედი, ეგეებიც სუ ტყუილია, ისევ თავისიანებისთვის უნდათ-მეთქი.
  მეორე დღეა, უკვე კარგად ვარ დაქანცული, საჭმლისთვის შემოვედი სახლში, იმის ფიქრში ვარ, დღეს რაღა გავაკეთო-მეთქი, ეს კარტოფილი კი მაქვს ცოტა, ცოტა მაკარონიც მქონია, ავდგები და სუპს გავაკეთებ. არა და სუპი გუშინ არ დავასრულეთ? ამოვიდა ესეც ყელში, ნეტა კომბოსტო თუა დარჩენილი, იქნება და... ტელეფონი რეკავს. გისმენ-მეთქი, რომელი ხარ. ქალბატონი გულნარა ბრძანდებითო? ახლა ბრძანებას ბევრი კი მიკლია, მაგრამ მე ვარ, რომელი ლაპარაკობს -მეთქი. შოკშოპიდან ვრეკავო, გილოცავთო, თქვენ მოხვდით აქციაში და უნივერსალური სავარცხელი შეუკვეთეთო. აა, ისა-მეთქი, შვილო, ხელი დამეჭირა-მეთქი ალბათ. ახლა უკვე ახალი დღის საღ გონებაზე ვფიქრობ, რა გესალონება და გესავარცხლება შე უბედურო-მეთქი ვერა ხედამ წყალწყალა სუპი რაა და მაგაზეც საფიქარლი გაქვს, რამ გამომაშტერა ამხელა ქალი. თან არის და ჩვენს კედლის სარკეში ვიხედები, ე დაუმორჩილებელი, გაწეწილი თმები, თან მე მექაჩემა ჩემი თავი, რა ხარ ასეთი უბედურიო, რა იყო ქალო, ერთხელ შენც გაიმეტო შენი თავისთვინა რამეო, მაგიტომ არი, როგორც შენ აფასებ შენ თავს ისე რომ გაფასებსო ყველა. მიხედეო რა შენს თავსა, ცალკე კიდე ეს გოგო, უიმე გალექსილია, ან როდისღა სუნთქავდა ის მამაცხონებული, ან ეგრე სხაპასხუპით სად ისწავლა ლაპარაკი, უნიკალური შანსი მოგეცათო, ამხელა ფასდაკლებაო, თან ჩინური და რამე კი არ გეგონოს, ისეთი ხარისხიაო, აი მეც შევიძინეო, ამდენი ვატიაო, ასე ასწორებსო, ასეთი მსუბუქიო ხელში, ვერც იგრძნობ თუ გიჭირავსო, ესაო ისაო. კაი კაი-მეთქი, იყოს, ოხრობაც იყოს ამისი, ვიყიდი-მეთქი. ჩაიწერა, გვარი, სახელი, მისამართი, ე ტელეფონი ისედაც ჰქონდა და ორ დღეში მოვაო თქვენი ამანათი.
  ეს ორი დღეა და მოსვენება მაქვს დაკარგული, ხან არი და იმას ვფიქრობ, ნეტა როგორია-მეთქი, ახლა ისეთი უბედურ დღეზე ვარ გაჩენილი, ხო ვიცი მაინცადამაინც ჩემი არ ივარგებს. ნეტა ისეთ დროს მოიტანონ ესენი სახლში არ იყვნენ, ახლა რამეს კი არ იტყვიან, არ არის ძუნწი ჩემი ქმარი, მაგრამ მაგის დრო იყოო, თუ არ იტყვის იფიქრებს მაინცა. მართლა და რა მაგის დრო იყო, ქვეყანა თესლი მაქვს საყიდელი, შარშან კი სულ გაგვივერანა ყველაფერი სეტყვამ, მაგრამ რაც არის, კაცო, ცოტას მაინც ხო გაგვაქ თავი, მწვანილი რო საყიდელი არ გაქვს, ხახვი და ნიორი ეგეც ხო საქმეა. მაგრამ იმ გოგოსი არ იყოს, ჩვენაო ქალებმა თავი უნდა გავანებივროთო, ხანდახან მაინც უნდა გავუკეთოთო საჩუქარი ჩვენ თავსაო. დილით რომ ადგები, ჩამოისვამ ერთს და მთელი დღე თავდაჯერებული ხარ, თავიც რომ მოგწონს, დღეც პოზიტიურად მიდისო.
  თავი ბოლოს როდის მომეწონა, აღარც მახსომს და ჩემს თავზეც ბოლოს როდის ვიფიქრე, ეგეც აღარ მახსომს. ამათზეც გავბრაზდი, ჩემებზე და ჩემ თავზეც. ეს ორი დღე პატარა ბავშვივით მიხარია, აღარც ეს ჩემი აკოსილი თმა მომწონს, აღარც ეს ჩემი როდინოვის დროინდელი სავარცხელი. იმ ფოტოებში ი სავარცხლები მწვანეც იყო, შავიც და თეთრიც. როგორ გამოვშტერდი, ისე ჩქარა კი გამითიშა, მეთქვა მაინც, ნეტა თეთრი არ მომიტანონ, ხელათ იცის ხოლე თეთრმა ფერისშეცვლა, შავიც კაია, მარა მწვანე მაინც იყოს, კაი ბალახისფერი იყო. ხასხასა. ნეტა მშრალზე უნდა დავივარცხნო თუ ცოტა ნესტიანზე, ნეტა მარტო ასწორებს თუ ახვევს კიდეც. აი რო ახვევდეს კარგი იქნება. ადრე მიყვარდა, ბოლოებს ავიპრეხდი ხოლმე.
  ძლივს გავიდა ეს ორი დღე. კურიერიც მოვიდა. ახლა ისე ლამაზად შეფუთული მომიტანა, ისეთი აკურატულად. ეჰ, აღარც კი მახსოვს ბოლოს როდის მივიღე საჩუქარი, აი ასე, შეფუთული, რო ხსნის და არ იცი რა დევს შიგნით. ახლა იმან კიდე, ქალბატონო გულნარაო, აი თქვენი ამანათიო. ისე გადმომცა, თავი დიდი ვინმე მეგონა, გეგონება და მეც ვინმე მნიშვნელოვანი ვყოფილიყავი. არ გავხსენი. დავდე ასე.  ხელები გასვრილი მქონდა, თეთრ მხალს ვაკეთებდი. ბარემ გავალ-მეთქი ბოლოში, მგონი  იმ სიჩქარეში მარილიც დამავიწყდა. მერე მივკარ ხელი, მივალაგე-მოვალაგე. ბარემ გადავივლებ-მეთქი წყალსა, ამ მტვრიან თმაზე ხო არ ჩამოვისვამ სავარცხელსა, დავიბან და ბარეღამ დავივარცხნი. თან სულ ბაგა-ბუგი გაუდის გულსა, თან კიდე როგორ გაუკვირდებათ-მეთქი, აესე გასწორებული თმით რო დამინახავენ, ისეთი ბეყეები არიან, ვინ იცის ვერც შემნიშნონ-მეთქი. არა ქა, მაშ ბრმები ხო არ არიან, ახლა თან იმდენი ხანია ე კოსა არ მომიხსნია, იქნებ  ვერც ვიგუო გაშლილი თმა-მეთქი. დავიბანე თავი. ამ სიჩქარეში სუ კისერში ჩამსვლია წყალი, გამოვიცვლი-მეთქი ბარეღამ. გამოვიწკეპე, მივიკეტე ოთახის კარი და ვხსნის  მიწაშერჩენილი ფრჩხილებით ჩემს ამანათსა. ე ყუთი კიდე კაი მოზრდილი ჩანს. ვაჰ, კი მიკვირს, აკი თქვა მეთქი, პატარაა, მსუბუქი, მოსახერხებელი. გულმა კი რაღაცნაირი რეჩხი მიყო. გავხსენი და ვედროა, ჰო, არ მოგესმა, რა სავარცხელი,  რი სავარცხელი, ნაგვის ვედროა, იკეცება და იშლება, აი ასე თეთრი, ბრდღვიალა ნაგვის ვედრო. ვზივარ საწოლზე, წურწურით ჩამომდის თავიდან წყალი, ხელში ე ვედრო მიჭირავს და ვიცინო თუ ვიტირო აღარ ვიცი.
  ალო-მეთქი, შოკშოპი გისმენთო, შვილო, გულნარა დეიდა  შემოგევლოთ, სავარცხელი შევუკვეთე და ე ვედრო შემარჩა -მეთქი. ნაგვის ურნაო? სამზარეულოს კარადაზე რომ მაგრდება, იშლება და იკეცება ეგ ნაგვის ურნაო? ვაიმეო, როგორი იღბლიანი ყოფილიხართო. თქვენ არ იცით ეგ რა საოცარი რამეაო. ისეთი მოსახერხებელი, ისეთი კომფორტული, გამოიყენებ, არ გინდა ასე გამოდგმული იყოს, დაკეცავ შეინახავო. ვაიმეო, ბედი გქონიათო, არა, ჩვენ ასე იაფად არ ვყიდით მაგ ურნას, მაგრამო თქვენ ისეთი კარგი ქალბატონი ჩანხართო, რახან ამხელა გზაზე ჩამოგიტანეს, გულს არ დაგწყვეტთო და დაგიტოვებთ მაგ ფასშიო. ოღონდ ერთი პირობითო, იცოდეთ შემდეგშიც ჩვენი ერთგული მომხმარებელი უნდა იყოთო. მადლობა-მეთქი, შვილო, თქვენ ყოფილიხართ ვინც ყოფილხართ. თქვენი არ ვიცი და შოკში მე კი ნამდვილად ვარ-მეთქი.
  გულნარა, გულნარა, ქალო, სად დაიკარგე, ე ქათმები თავისით შევლენ საბუდარში?-ყვირის ჩემი კაცი მთელი უბნის გასაგონად. ახლა კი ვეღარ შევიკავე თავი და ამიტყდა სიცილი, მეცინება ისე, სულ ღაპა-ღუპით მომდის ცრემლი. რა სავარცხელი, ქალო, რა სალონი, ადე მიხედე-მეთქი საქმეს. ე ვედრო კიდე მშვენიერიაო, იკეცება და იშლებაო. წავიკარი ხილაბანდი და მივდივარ საქათმისკენ და თან ჩემს თავს ვეკითხები, არა იკეცება და იკეცებაო ახლა ასჯერ რო მითხრა, რა ჯანაბად მინდა დასაკეცი ნაგვის ვედრა, თან უნდა ვატარო თუ როგორაა ჩემი საქმე? არა, ქა, რამ გამომაშტერა ამხნის ქალი, მაგ ფულით რამოდენა რამე მომივიდოდა, ახლა ი ვარდისფერი პამიდვირს თესლიც საყიდელი მაქვს, კნიწა ხახვიც, ჭარხალიც... აფსუს ჩემო პენსიავ, რამდენი რამე მომივიდოდა. სავარცხელი, სავარცხელი და  ჯანდაბა ჩემ თავსა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს