ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
18 აპრილი, 2024


ქაღალდის ადამიანები ( ნაწილი XX )

                                                                                                                  ***

      ხეობამდე მისულებმა ცოტა ხნით შესვენება არჩიეს. გზისგან დაქანცული ცხენები მდინარის ნაპირას დააბეს და თვითონაც იქვე შორი-ახლო ჩამოსხდნენ. წინა დღისგან განსხვავებით, დარა გაცილებით მშვიდად გამოიყურებოდა, თუმცა საუბარს მაინცდამაინც არ წყალობდა. ცხადია მისი უგუნებობა არც თადეოზს გამოპარვია. დოქიდან ჭიქა წყლით შეუვსო და მის გვერდითვე ჩრდილში ჩამოჯდა. უნდოდა რაიმე ეკითხა, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაჩუმება ამჯობინა. ხეებს შორის ნიავი იმდენად სასიამოვნოდ ქროდა, რომ ბაბუას ბალახზევე ჩასძინებოდა, ხოლო პატარა რუთს ყვავილების კრეფა-კრეფით ამასობაში მთელი მინდორი შემოერბინა. ისეთი ბედნიერი და აღტაცებული ჩანდა, რომ შანსი რომ მიგეცათ უსათუოდ მთელ დღეს იქ გატარებდა, თუმცა წინ ხანგრძლივი და დამქანცველი გზა ელოდათ, ამიტომაც დარამ მალევე თავისკენ უხმო და ნელ-ნელა ისევ მზადებას შეუდგნენ. თადეოზმა ცხენები ფრთხილად შეხსნა და უკან გზისკენ გადაიყვანა. ახლად გაღვიძებული ბაბუა ცოტა უკმაყოფილო კი ჩანდა ძილი, რომ დაუფრთხეს, მაგრამ რას გააწყობდა?! სველი ხელებით თავისი ჭაღარა თმა უსიამოვნოდ გადაივარცხნა და რუთთან ერთად ისევ ეტლში დაბრუნდა. დარა წინ ჩამოუჯდა, გზადაგზა გარეთ ისე ხშირად იყურებოდა, იფიქრებდი რაღაცის ეშინიაო, მაგრამ მღელვარების დაფარვა კარგად გამოსდიოდა. კაბის კალთებზე ნერვიულად ჩაბღაუჭებულს, ერთი სულიღა ჰქონდა, რომ მისი ნანატრი სახლი ეხილა, თუმცა უჩვეულოდ მშვიდი თადეოზი თითქოს არსადაც არ ჩქარობდა. წინა კვირის შემორჩენილ ნაკვალებს უაზროდ დასჩერებოდა და თან არაფრით ასვენებდა იმაზე ფიქრი თუ რამდენად სწორად იქცეოდა, დარას რომ ხეობაში გამოჰყვა დასარჩენად. იმდენად მოულოდნელად დაატყდა ყველაფერი თავზე, რომ თითქოს განგება დახმარების მაგიერ რაღაც ახალ განსაცდელს უმზადებდა. იქნებ არ შემდგარი შეთქმულების გამო უნდა ეწვნია მარცხი?! ან მოკლული მამისა და მრჩევლის საპასუხოდ გვარიანად უნდა დასჯილიყო, როგორც განსაწმენდლის გავლა?! რას გაიგებ? ვინ იცის? საერთო ჯამში არავინ უწყოდა ღმერთი ვის რას უქადდის, ამიტომ ბედს შეგუებული უემოციოდ განაგრძობდა გზას.


      ერთი ხანობა ისაც კი იფიქრა ცხენს მოვაბრუნებ და უკან გავიქცევიო, მაგრამ მაშინვე ჭინკებივით შემოუჩნდებოდნენ, ხოლმე მამამისისა და ენეოსის სიტყვები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ლაჩარსა და მხდალს ეძახდნენ, ამიტომაც გაქცევა არ ივარგებდა. სხვა თუ არაფერი საბოლოოდ ის ხომ მაინც უნდა გაეგო თუ რა იყო ბოროტების საფასური? სიყვარულის თავისებური დიდებულება თუ ტრაგიკული აღსასრული? გონებითა და გულით ისევ სამეფო დარბაზში ტრიალებდა, სადაც ვერაფრით გადაეწყვიტა დარასთან ერთად გაქცეულიყო თუ გვირგვინისთვის ებრძოლა. ამ აუტანელი ფიქრებისას პატარა ღელეც გადაევლოთ, საიდანაც უკვე სოფლის შესასვლელიც გამოჩნდა. ნაცნობი ადგილების დანახვისას, დარას თითქოს ბორკილები შეეხსნაო და ერთიანად ამოისუნთქა. გახარებული მაშინვე რუთს გადაეხვია და შემდეგ  ისევ მობუზულ თადეოზს გახედა ფანჯრიდან, რომელიც არც თუ ისე უპრიანად გამოიყურებოდა. ეტლის რკინის საბურავები ქვებს შუაზე ხლეჩდა, წინ მოკალათებული მსახური კი, შუბლზე ოფლს ისე გამწარებით იწმენდდა თითქოს საბოლოდ დაკარგვოდა ცივ მდინარეში გადახტომის იმედი. ტილოს ჯერ მუჭში კუჭავდა და შემდეგ ისევ კეფაზე გადაისმევდა ხოლმე. აუტანელი სიცხეც ნელ-ნელა მილეულიყო და სოფელში შესვლისას გრილმა ნიავმაც არ დააყოვნა. ფოთლები დილის ავდარივით აშრიალებულიყვნენ, ხოლო მდინარის ტალღები ქვებს ისე ეხეთქებოდნენ გეგონებოდათ ახალი სტუმრების დანახვისას გულმოსული ყოფილიყო.


        გადამწვარი სახლებისა და მიტოვებული მიწების შემყურე, თადეოზი სულ უფრო მეტად რწმუნდებოდა მამამისის სისასტიკეში, ვისი უხილავი ხელიც დღემდე დაღად აჩნდა სოფლის მოსახლეობას. სანახევროდ დაცლილ ადგილებში ხალხს თითქოს უწინდებურად ჩადგომოდათ მეფის დანახვისას გამოწვეული შიში, რომლის სახელის ხმამაღლა წარმოთქმასაც დღემდე ვერ ბედავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული არც არაფერი სმენოდათ თადეოზზე მაინც ავის მომასწავლებელი იყო მისი სტუმრობა. არა და რა იცოდნენ, რომ თადეოზი დროებით კი არა სამუდამოდ აპირებდა იქ დარჩენას თორემ წარსულის შიშით გათანგულები ალბათ გზასაც კი ჩაუხერგავდნენ ამის ასაცილებლად. სახლებს შორის გავლისას უსიამოვნო სიჩუმეს დაესადგურებინა, რაც კიდევ უფრო მეტად ზაფრავდა. დედამიწაზე ხომ არ მოიძებნება ადგილი, სადაც ხალხი მტყუან-მართლის გარჩევას დაიწყებდა, ხოდა ამიტომაც გამოსავლის გარეშე დარჩენილ თადეოზს მოუწევდა სიცოცხლის ბოლომდე ეთრია აბელის შვილობა, იმ აბელის ვისი ცოდვილი ჯვარიც ახლა მას უნდა ეზიდა. საკუთარ ცოდვებს გაქცეული კარგად ხვდებოდა, რომ მისი აჩრდილი მუდამ თან სდევდა. ხან თავისი, ხანაც კი მამამისის სახით. ბედნიერების ძიებისას მაინც რა უბედური ყოფილა ადამიანი, ვისაც საბოლოოდ ყველაფერი უნდა მოკითხვოდა.


                                                                                                         
                                                                                                          (გაგრძელება იქნება)



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები