ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
3 ივნისი, 2024


ჰეტეირა, პორნეა და ტაძრის მეძავი

#გალაკტიონოლოგიური_ოპუსები

ნინო დარბაისელი

ჰეტეირა, პორნეა და ტაძრის მეძავი

ძალიან კარგ,  ინგლისურენოვან,  ილუსტრირებულ  წიგნს ვკითხულობ ათენის შესახებ - ლეონარდ ვეისგარდი ,, ათენელები”.
სავსეა სალექსო თემებით.
რომელ აბზაცზეც შეჩერდები,  ფანტაზიები გეშლება და გეფურჩქნება, ხელი გაგირბის, რომ ლექსად აქციო.
სოკრატეზე ხომ  უკვე დავდე  კიდეც ამას წინათ.

***
  ახლა მოკლედ შევჩერდები ათენელი კურტიზანი ქალების ორ ტიპზე.
1. პირველი იყო პორნეა  (პორნოგრაფია გავიხსენოთ)
    ეს იყო იაფიანი მეძავი,  ტყვე - ქალი, არა  - ათენელი მოქალაქის ოჯახიდან, ძირითადად საქმიანობდა პორტების მიდამოებში.  “უკეთეს” შემთხვევაში გაერთიანებული იყო თავისმაგვართა ჯგუფში, ჯგუფს  ჰყავდა  თავისი მამაკაცი - ხელმძღვანელი, ,, პატრონი”, რომელიც იღებდა გასამრჯელოს (ანტიკური ტრეფიკინგი!) , უზრუნველყოფდა პორნეას შენობით, (თუმცა არა ყოველთვის, ბევრი იყო  ქუჩის პორნეა), რომელიც არაორგანიზებულ სქესობრივ მომსახურეობას ეწეოდა, ანუ უდაბლეს ფენას მიეკუთვნებოდა. იგი  შესაძლოა  ახალგაზრდობისას პატრონის მფარველობაშიც ყოფილიყო, მაგრამ მაგ. ხანდაზმულობის გამო ქუჩაში აღმოჩენილიყო.
პორნეას მოვალეობას წარმოადგენდა მხოლოდ  მამაკაცების სექსუალური მოთხოვნილების  დაკმაყოფილება, შესაბამისი გასამრჯელოს ფასად, შეეძლო დღეში იმდენ მამაკაცს მომსახურებოდა, რამდენსაც გასწვდებოდა. იგი არ მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მით უფრო, პოლიტიკაში,  არ გააჩნდა პირადი ქონება, მოკლედ, დაბალი, ლიმიტირებული სოციალური სტატუსი ჰქონდა. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი  ,, ვარგისიანობისა” და სიცოცხლის ხანგრძლიობაც არ იყო დიდი.
    რაკი ათენში სანაოსნო საქმე  მაშინდელი სტანდარტებით, უმაღლეს დონეზე იყო განვითარებული,(ტრირემა - სამ მწკრივად განლაგებულნიჩბებიანი  დიდი ნავები ძირითადად  ათენელებს ჰყავდათ,  ხოლო ამ ნიჩბებზე მუშაობდნენ ძირითადად მონანი და არა  - ათენელი მოქალაქენი) , პორნეა - ქალები  ძირითადად ემსახურებოდნენ ამგვარ  მონებს, დაბალი გასამრჯელოს ფასად.(ათენელი მონა განსხვავდებოდა იმ დროს  მონის საზოგადოდ გავრცელებული ტიპისგან, მას - თავისი უფლებები ჰქონდა, ეს - ცალკე თემაა).

2.  ჰეტეირა - მისგან განსხვავებით, შეიძლება ყოფილიყო  განთავისუფლებული  მაღალი წრის ტყვე ქალი.
ასევე, პორნეასგან განსხვავებით მისი  ცხოვრება და საქმიანობა არ იყო ჯგუფური, ინდივიდუალური იყო, თუმცა შეეძლო რომელიმე მაღალი წრის სოციალურ ჯგუფთან ყოფილიყო დაახლოებული.
მას  ჰყავდა ერთი  ან რამდენიმე, გრძელვადიანი პარტნიორი,  ათენის მაღალი წრიდან,  მაგ. მხედარმთავარი და არა  - ჯარისკაცი) ესმოდა  იმდროინდელი ხელოვნება, პოეზია, ფილოსოფია, ჰქონდა შესაბამისი აღზრდა-განათლება,    ფლობდა რაიმე მუსიკალურ ინსტრუმენტს, შეეძლო კაცის შექცევა… მოკლედ, იყო არა მხოლოდ სექსუალური არამედ  მენტალური პარტნიორი კაცისა,  მიღებული იყო საზოგადოებაში, ფლობდა ქონებას, მონაწილეობდა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. (რაღაცით გეიშას- უახლოვდება, არა?)
    ზოგიერთი ჰეტეირა, გამონაკლისის სახით,  დაშვებული იყო მამაკაცთა ნადიმზეც- სიმპოზიუმზე.
   
  მე თარგმნილი მაქვს უხსოვარ დროს რაინერ მარია რილკეს ,,ჰეტერათა სამაროვნები”, აქაც მედო.
    თავისი მხრით, ჰეტეირები განსხვავდებოდნენ ტაძრის მეძავებისგან, რომელნიც ტყვედ რჩებოდნენ,  როგორც ცოცხალი ნადავლი - ტაძრისთვის იყვნენ ცოცხლად შეწირულები (“შრაინ პროსტიტუტებისგან”), რომელთაგან ერთს - დიოტიმას - სოკრატეს ახლო მეგობარს პლატონის ,, სიმპოზიუმიდან” ვიცნობთ.     
    ტაძრის მეძავებს  - იცნობს  უძველესი ებრაული კულტურაც, მაგალითად - ერთ- ერთი თამარი -  სწორედ ტაძრის მეძავად ასაღებს თავს, როცა მამამთილს “შეაცდენს”( ამაზე ხომ მქონდა ლექსი) .
    რაკი პირადად მე ტაძრის მეძავებზე ადრე  ცოტა როდი მიწერია და მისაუბრია ამ გვერდზე,  აქ მათზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ. დევს ძველი პოსტები.
აქ მოკლედ ვიტყვი, რომ ჰეტეირა ვერასოდეს გახდებოდა ტაძრის მეძავი, მაგრამ თუ საქმე კარგად არ წაუვიდოდა,  შეიძლება, პორნეა გამხდარიყო,  სიბერეში ქუჩის  პორნეას პერსპექტივით.
    ტაძრის მეძავი - ვერასოდეს გახდებოდა ვერც ჰეტეირა და ვერც პორნეა. როგორც ტაძრისთვის შეწირული, იგი სიკვდილამდე ტაძარში რჩებოდა.
  პორნეა - ლოგიკურად,  ვერასოდეს გახდებოდა ვერც ტაძრის მეძავი და ვერც ჰეტეირა.
  როცა ასეთი წესები არსებობს,  ვფიქრობ,  სწორედ აქ ჩნდება ღრიჭოები შემოქმედებითი ფანტაზიისთვის, მაგ. შეიძლება შეითხზას ისტორია ქალისა, რომელმაც ეს სამივე მდგომარეობა გამოიარა, (გავიხსენოთ  მამაკაცური “ისტორიებიდან” ბენ ჰური - მონად გაყიდული)
 
    დავუბრუნდეთ ისევ  ჰეტეირას, რომელმაც “ჰეტერას”  სახით პოვა გავრცელება დასავლურ გარემოში.
გავიხსენოთ გალაკტიონის ,, გეტერა”. - მისი ყველაზე ეროტიკული  ლექსი ან ლექსთაგანი.  ,”ქსანტე, შეჩერდი!” მიმართავს მას მოქანდაკე, შეგახსენებთ, მოქანდაკე  ქალღმერთი აფროდიტას ქანდაკების მოდელად  ჰეტეირა/ჰეტერა/ გეტერას სხეულს იღებს.
    იდეა გალაკტიონის ლექსისა ღიად ექსპლიცირებულია  მისსავე  ფინალში:

გამოგვიქროლებს ძველი ფიქრები,
ოდნავ შეარხევს ოცნების აკვანს.
არვინ იკითხავს, თუ რას ჩავდივართ,
არვინ იკითხავს, თუ ვის ვცემთ თაყვანს,

ან რომელს ვხედავთ ამ ერთ სახეში
ან რაა ჩვენი ლოცვის საგანი,
წმიდა ტაძარში თვით აფროდიტა
თუ სათაყვანო გეტერას ტანი?

ლექსის სათაურის დაწერილობა -  გ - ჰ- ს ნაცვლად ადასტურებს, რომ პოეტს  წყაროდ რუსული ტექსტი აქვს აღებული, რადგან სწორედ რუსულშია ჰ- გ- დ გადასული.
    ქალღმერთ აფროდიტემდე ჰეტეირას კი,  რასაკვირველია, ბევრი აკლია, მაგრამ მთლად კონტრასტი - ბინარული ოპოზიცია უფრო ალბათ მაშინ გამოვიდოდა,  ლექსში მის  ნაცვლად  ვინმე პორნეა რომ ყოფილიყო.
    მე აქ  ჩემი შთაბეჭდილებები გაგიზიარეთ წიგნიდან, ხოლო ვისაც ინტერნეტის წყაროებით უყვარს სარგებლობა, ვინც ენდობა ვიკიპედიას, როგორც წყაროს (ხანდახან მეც ვენდობი  ინგლისურსა და რუსულს - დასაკვალიანებლად, ქართული ვიკიპედიაა განსაკუთრებით არსანდო და საფრთხილო) ლინკს გიდებთ:

https://en.m.wikipedia.org/wiki/Hetaira

დღესდღეობით არ წარმოადგენს პრობლემას უცხოურენოვანი ტექსტის მითითება. უკეთ და უკეთ, ერთ წამში თარგმნის  უამრავი  “ტრანსლეიტერი”

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები