ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხმიადაშვილი
ჟანრი: პროზა
10 ივნისი, 2024


***

ჩემი სახლი გზაჯვარედინზეა, ერთი აღმართი საავადმყოფოსკენ მიდის, მეორე კი ქართველების ძველი სასაფლაოსკენ.
სასაფლაო ახლა უკვე დაკეტილია და ათასში ერთხელ თუ შევივლით ხოლმე დასალევად და ბარემ თელაველი მკვდრების ტყუილ-მართალსაც ვიხსენებთ. ერთი უზარმაზარი ქვა გვაქვს ამოჩემებული, სიკვდილის მხარეს დაწერილ 1860-ს რომ ძლივს გაარჩევ. დავალაგებთ ხოლმე ზედ სასმელებს, მისაყოლებელს და გაუვალი ტყესავით დაბურულ ადგილას, ვფიქრობთ წლებს შორის არსებულ ტირეებზე.
მე რაც შემეხება, კალენიკე ვარ, თუ კალე-ნიკო, ან ნიკო, რავიცი მკიდია თუ გინდათ გიორგი დამიძახეთ ამ ამბავში არაფერი შეიცვლება მაგით. ხოდა მე რაც შემეხებათქო, მთელი ბავშვობა, აი ის ნაცნობი 90-იანები, ვუყურებდი სახეწაშლილი ხალხი, როგორ ჩამოუყვებოდნენ ხოლმე სავადმყოფოდან გადმოშვებულ დაღმართს, შემდეგ კი იგივე ხალხი, სასაფლაოს აღმართს აუდიოდნენ, უხმაუროდ და მტკივნეული დუმილით. თელაველები ხო მხოლოდ სიხარულს გამოვხატავთ ხმამაღლა.
ალბათ უფრო ვრცლადაც შეიძლება დაიწეროს იმაზე, თუ რამხელა დილემაა, როცა ბავშვი ხარ და შენი ბავშვური ბედნიერებით უხერხული, შეშდები და სანამ პროცესია მიიმალება, გიჭირს გადაწყვეტა, ჭირისუფალის ტრაგიკულ თვალებს ჩააშტერდე და მიხვდე რას გრძნობს თუ ფეხის წვერებზე აიწიო და მანქანაში ღრმად შესვენებულ კუბოში ჩაწოლილ, გაშავებულ სახეს დააკვირდე. ცხოვრება ხო ადრე თუ გვიან ორივე როლის თამაშსს გაიძულებს. თუმცა ბავშვი რომ ხარ ეს არ იცი და ამიტომაც ვერ ხსნი დაუოკებელ ინტერესს სიკვდილს მიმართ. გგონია შენ არასოდეს იქნები მათ ადგილას და ცდილობ სხვისი შეიგრძნო, გაითავისო. ხოდა მეც უკვე არაერთხელ ავიარე ორივე აღმართი.
იმ დროინდელი თელავი რაღა დროსია შეიცვალა, ის სასაფლაოც გაივსო და დაიკეტა, ეგ კი არადა ცოტახანში ახალიც დაიკეტება, რაც არ გვიჭირს სიკვდილია, რო რამე ერთმანეთსაც ვხოცავთ. საავადმყოფო გაატარემონტეს, გაანათეს და გაალამაზეს, ახლა უფრო მეტ ადამიანს ემსახურება და თანამედროვე მეცნიერების დამსახურებით, იმედის ხარისხიც შედარებით გაზრდილია, მაგრამ კანონზომიერება და ბალანსი ჩემი ფანჯრების ქვეშ კვლავაც იგრძნობა. ისევ ისე ჩაივლიან ხოლმე ადამიანები გაფითრებული სახეებით, შიშით და უიმედობით სავსენი. გზაჯვარედინს რომ უახლოვდებიან, ფრთხილად ეპარებათ მზერა იმ მიმართულებით, საითაც დაკეტილი თუმცა მაინც სასაფლაოა. განხვავება მხოლოდ ის არის, რომ ახლა მობილურებში თავჩარგულები წერენ მესიჯებს და ცდილობენ, ცუდი ამბები სხვებს რაც შეიძლება მსუბუქად მოახვიონ თავს. ზოგი რეკავს კიდეც.
-თბილისში მირჩია წასვლა, რავიცი რაც იქნება იქნება...
-უნდა დავთესოთო, პასუხები მეილზე მოვა...
-თურქეთში გადავაგზავნით ანალიზებს და ვნახოთო, არ შეგეშინდეს, ყელაფერი კარგად იქნება.
-იქნებ მერიამ დააფინასოს, თუ არადა გავყიდი ყველაფერს, მაგის დედას ვატირე.
-რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს ქიმია, ყველაფერს ეცდებიან ექიმები, აუცილებლად კარგად იქნება.
-იმედს არ გვაძლევენ...
-დედა ყველაფერი კარგად არის, სერიოზული არაფერიაო, მეც დავმშვიდდი, თავს კარგად ვგრძნობ, შენც ნუ ინერვიულებ. რაც შეიძლება მალე თიშავს ტელეფონს, ტროტუარზე ჯდება და ზუსტად არ იცის, იმ ტყუილის შერცხვეს რომელიც თქვა თუ იმ სიმართლის ეშინოდეს რომელიც არ თქვა.
ბევრი მსგავსი ემოცია გადის ჩემი ფანჯრების ქვეშ ყოველდღიურად. მე კი ვზივარ ძველ, სიგარეტით ამომწვარ სავარძელში, ზუსტად ფანჯრასთან. ვეწევი და ვგრძნობ იმ მეტამორფოზას, რომელიც წლებმა განმაცდევინა. ადრე თუ ყველა მსგავსი საუბრის გაგონებისას, წამოვხტებოდი და ვცდილობდი მოსაუბრის თვალებში გაჩენილი ტკივილი და უიმედობა დამენახა, ახლა თავსაც კი არ წამოვწევ, სულ ერთ ბგერაში ვხვდები, კარგად ყოფნას იტყუება, ცუდად ყოფნის ეშინია თუ სიკვდილის. ზოგჯერ ყურადღებასაც არ ვაქცევ. ყველაფერი გაჩვეულებრივდა, ჩემი ემოციებიც გაშრა. შეიძლება, კითხვაში ან სქროლვაში გართულს, ბევრი მსგავსი დიალოგი გამომეპაროს კიდეც. აღარ მიკვირს სხვების უიმედობა, აღარც მათ მაგივრად მტკივა და აღარც მაინტერესებს, ჩემი ტრაგედიებიც მყოფნის. ხოდა აქ ვხვდები რომ გავიზარდე, ვხვდები რომ ყველაფერი სხვანაირად არის და ცხოვრების სისასტიკეს, ბუნებრივად და მისაღებად აღვიქვამ. ვიღაცეები კვდებიან, ანუ ყველაფერი რიგზეა. მიწის ზევით ვინ დარჩენილა ბოლო-ბოლო...
დღესაც გავიგე მესენჯრის ზუმერის ხმა, ვიღაც გაჩერდა და რეკავდა. მეორე მხრიდან ქალმა უპასუხა.
-რა გითხრეს ბექა? ხმა კანკალით ისმოდა, ყველაფრის მოლოდინიც ვიგრძენი, თქვენ წარმოიდგინეთ, სავარძლიდანაც კი წამოვიწიე.
-ნინო, კარგად ხარო, გაიგე? ესე მითხრა კარგად ხარო. მეტასტაზები გაქრა, არ ვიცი რა გითხრა, მაღარიჩი უნდა ვიკისროთ, ჯერ არავინ არ იცის, პირველად შენ დაგირეკე. აზრზე ვერ მოვდივარ რა ვქნა. კიდევ გადაამოწმე მეთქი და უკვე სამჯერ გადავამოწმეთო, ლამის გავგიჟდე. ჩამოდი რა, ჩამოდი, ახლა მაინც ჩამოდი, რო ჩაგეხუტო მაგრად. ხმა აუკანკალდა ამასაც. ტელეფონის მეორე მხრიდან ტირილი გავიგე, გაურკვეველი ქართული სიტყვებით გამოთქმული ბედნიერება და კიდევ რამდენიმე ხმა იყო, ასევე ჩემთვის გაურკვეველ ენაზე, რომ ელაპარაკებოდნენ ნინოს, სავარაუდოდ ეკითხებოდნენ თუ რა მოხდა. მოკლედ ერთი სიხარულის კორიანტელი დატრიალდა უცებ. ბექა კიდევ იდგა და ხან მუშტებს კრავდა, ხან თავზე ისვამდა ხელებს, დაბნეული და გახარებული.
ვერაფრით შევიკავე თავი, წამოვხტი, კიბეებზე თავპირისმტვრებით ჩავედი, გავაღე ჩემი ეზოს კარი და ბექასკენ რაც შემეძლო სწრაფი ნაბიჯით წავედი. ვერ მიცნო მაგრამ მიხვდა მასთან მივდიოდი. რამდენიმე ნაბიჯში დავუძაახე გილოცავთქო და ძველი მეგობარივით მაგრად გადავეხვიე. აუ რა შეგრძნება ბედნიერების ბურუსში გახვევა, სხვისიც რომ იყოს, თუ ჩათლახი არ ხარ მაგრად გაგისწორდება. ჩამეხუტა თუ არა ტირილი აუვარდა. მაგარი ხართქო ვეუბნებოდი, გამხდარ და ნაავადმყოფარ ბეჭებზე ხელებს ვურტყავდი, თან ვცდილობდი რამე არ სტკენოდა.
-ვინ არის მანდ ბექა? მესმოდა ტირილნარევი სიცილით და ცნობისმოყვარეობით სავსე, თავისი ბედნიერების გაზიარებით კმაყოფლი ხმა, ტელეფონიდან, რომელიც პირდაპირ ჩემს ყურთან ეჭირა.
-არ ვიცი, ნინო. უპასუხა ბექამ და ორივეს სიცილი აგვიტყდა. მერე ხელით ისე გაწია ტელეფონი, რომ ორივე დავენახეთ. მეორე მხარეს სადღაც ჩემი ასაკის გოგო იყო, ნამტირალევი თვალებით, სლუკუნ-სლუკუნით რომ იცინოდა და ჭორფლიან სახეზე მთელი სამყაროსთვის სამყოფი ბედნიერება ეხატა. უკან რამდენიმე ადამიანი ედგა, არაქართველები, ვერაფერს მიმხვდარიყვნენ მაგრამ ისინიც გაუცნობიერებელი სიხარულით თვალცრემლიანი, ჩაჰყურებდნენ ეკანს. ხელებს ვუქნევდით, ვესალმებოდით და საერთაშორისო, ბედნიერების ენაზე ვულოცავდით კარგ ამბავს ერთმანეთს. ნინოსაც მივულოცე და მე და ბექა, ცოტახანს ასე ძმებივით, ხელგადახვეულები ვიდექით. მერე მე სახლში ამოვედი. ვინ იყოო დედაჩემმა რომ მკითხა, არ ვიცითქო ვუთხარი და ისევ გამეცინა, ბექაც თავის გზაზე წავიდა, რომელიც იმედი მაქვს გრძელი და საინტერესო იქნება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები