| ავტორი: ჯი-კო ჟანრი: პოეზია 27 ივნისი, 2024 |
სიზმრების სუნთქვა ჩუმად გვიორთქლავს დახუჭულ თვალებს და გამჭვირვალე ლინზების მსხვრევას ბოლო არ უჩანს. ცისფერი პლაზმის მკრთალი სინათლე უხმობს ზმანებებს და სიყვარულით ყელში წაგვიჭერს მთვრალი სიზმარი მთრთოლვარე ხელებს - გაბრუებული და მოცახცახე. და ტალღოვანი, ნელი ბუტბუტის გზაარეული ზედაპირები ელასტიური ზამბარებივით მაღლა გვისვრიან და აღარც ვჩანვართ, სიშორისაგან ვპატარავდებით. უსასრულობა ჩვენც შეგვისრუტავს არარსებული წვრილი ხვრელებით და ჯოჯოხეთის ცაზე გაკრულებს ანგელოზები მოგვიტაცებენ გადასარჩენად - მთლად განწირულებს.
...ჩამოკიდულან მთვარის გარშემო სიზმრის ზარები და ერთ-ერთ ზარში მძინავს მეც ალბათ სიზმართან ერთად. სიზმრები ცვივა უძირო ცაში - დაყრუებულან თურმე საწყლები. ჩემი სიზმარი სადღა წავიდეს? მე სად წავიდე ამ სიზმრის მერე? ზარები რეკენ, რეკენ ზარები... სადღაც მივქრივარ ელვისსისწრაფით - გადამარჩინეთ, მხურვალედ გვედრებთ, გზები მიჩვენეთ, გზები მიჩვენეთ!..
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|