ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გელაშვილი ანნა
ჟანრი: პოეზია
29 ივნისი, 2024


ღმერთს თუ უნდა...

პაწაწინა ჩიტი ჭალის,
წვრილ ფეხება წკირივით,
გულზე ფერი ცეცხლის ალის,
ნორჩი, დაუღალავი,
თითის სიგრძე ფრთის ფრთხიალით,
გვერდს აუვლის ყვავილებს,
გადახედავს ცალი თვალით,
შროშანებს და ნარგიზებს,
ცაზე შეკრავს ღრუბლის რკალებს,
შიგ მზეს დააბინავებს,
ააკენკავს მერე სხივებს
გაიკეთებს ნაწნავებს,
გვირგვინს დაწნის წვიმის ნამით,
თეთრი ღიღილოებით,
კაბას მოქსოვს ფერთა გამით,
ოქროსფერი ღილებით,
ლაპლაპა კლდეს გზად აღმართულს,
ნამცეც-ნამცეც გამოლევს,
მუხას ცისკენ ტოტებ გართულს,
ცხრა მთას იქით გაითრევს,
ხან ღრუბელზე შეასკუპებს,
ხან მზის სხივზე დაჰკიდებს,
ხმელ ფესვებზე ნამს აპკურებს,
ბროლის ბუდეს დაიდებს,
კენწეროზე შემომჯდარი,
გაზაფხულზე იმღერებს,
სადაც კარგი არის დარი,
მუხას იქით წაიღებს...
პაწაწინა ჩიტი  ჭალის,
კლდეს აქცევს იაგუნდად,
მერე ნამცეც-ნამცეც დაშლის,
ძირს დასცემს, ღმერთს თუ უნდა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები