ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წეროს თოვლი
ჟანრი: პოეზია
30 ივნისი, 2024


.. .. ..

**
შორით გიყვარდა
გარეჯი
შორით გიყვარდა
კაცხი
ფიქრის საწერად დაჯექი
მზეებს
ოქროს თმებს ვარცხნი
მხოლოდ ლექსიდან ხედავდი
და სტრიქონებად წერდი
ვერ მიაღწიე მცხეთამდე
ვეღარსად ნახე ღმერთი

ლექსით გივლია რამდენი
უსაზღვროს გასცდი საზღვრებს
ცხოვრების წერე ზღაპრები
ახლა ზიხარ და
არღვევ
დაზეპირებულ კანონებს
გადამღერებულ წესებს
სიცოცხლე სიზმარს გაგონებს
უძილობით რომ კემსე

ერთი უბრალო ლექსმწერი
არც ყოფილხარ და არც ხარ
სიკვდილის მწვერვალს შესცქერი
დაბადებიდან დაგყვა
სიმძაფრე სულის ობლობის
განდეგილობის განცდა
პოეზიაში მოგროვდი
მიმოფანტული ცხრა მთას

ალბათ ეს არის საფლავიც
სადაც მთლიანი დარჩი
თუ ამ ლექსივით დამთავრდი
უსასვენნიშნოდ მარტში
მაშინ იქცევი მზის ჩასვლად
ან დამშვიდებულ ზღვის ხმად
ბრალი მას
ვინც ვერ გისწვლა
შენ დარდს
ვერასდროს მიხვდა

ბრალი მას ვინც ვერ აიღო
შენი მზერიდან სითბო
სულო
დარდებით დაღლილო
გულო
გამსკდარო რითმად
იყავი თან არც იყავი
სახლობდი მეცხრე ცაზე
მერე იქნები იგავი
ვინმე პოემად დაგწერს

მდორე ცხოვრების პროზიდან
ბასრ პოეზიად იშვი
ისე ძალიან მოგინდა
წერით მოგეკლა შიში
წერით მოგეკლა წადილი
ქრისტე გენახა ერთხელ
როდის ხარ ნეტავ ნამდვილი
ლექსში თუ
ლექსის შემდეგ

როდის იწამე სიცოცხლე
ალბათ უყვარდი როცა
მოკვდი - თვალები გიკოცნეს
მანამდე
გმარხეს ცოცხლად
..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები