ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯი-კო
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2024


ღამის სონატა

თხევად სინათლეს სწოვდა ობობა
ძალიან მრგვალი, სავსე მთვარიდან,
საამო შუქით ქსელავდა წყვდიადს
და მოფრინავდნენ ყოველი მხრიდან
მკრთალნი ვარსკვლავნი, ობობის ქსელში
გახლართვის ჟინით ანთებულები.
მოციმციმმე და დაძაბულები,
ფართო თვალებში შიშჩადგმულები,
დაქსელილ ცაზე ყველა თავისთვის
მიჩენილ ადგილს თრთოლვით ეკვროდა
და ათასფერად ამოქარგული
ღამის სუდარა თითქოს მღეროდა
უცნაურსა და წკრიალა ხმაზე
და ეშვებოდა დედამიწაზე,
დედამიწა კი გარინდულიყო
გაურკვეველი იმედით სავსე.
და ობობა კი, ხარბი აჩრდილი,
მთვარის ნათელით მუცელავსილი,
ცის კიდურისკენ იპარებოდა
და მთელი ძალით ექაჩებოდა
თითქმის დარღვეულ
საბრალო მთვარეს.
... და დაამთავრა ობობამ ქსოვა,
სულ გამოცალა ოქროს ფიალა,
რა მიღწია სამყაროს კარებს,
მოურიდებლად შიგნით შევარდა
და მოქსოვილი ხალიჩიანად
კარების უკან გაუჩინარდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები