ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რ_____ო_____ი
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2024


გულა შინვარიმ

სად გაიფანტა
მინდვრისფერი თვალების ფერფლი
გულა შინვარიმ?
დაბერდნენ შენი თანატოლები,
უცებ დაბერდნენ.
სად, რომელ ცეცხლში
იწვის ახლა ფორთოხლისფერი
შენი თავშალი?
რა ალაყაფში გაგატარეს
ცელქმა მიზნებმა?
შენ კვლავ ათი წლის გოგონა ხარ,
შენ ხარ სიზმარი,
ძილისპირულზე დედამიწას რომ
ესიზმრება.
სად გაიფანტა
მინდვრისფერი თვალების ფერფლი
გულა შინვარიმ?
შენს ნატერფალზე ამოსულ იებს
ვინ რწყავს სისხამზე,
რომელი ბიჭი გიწერს ლექსებს,
ცალ ხელში თოფით, ცალშიც კალმით,
ვის უსველდება უპეები ზამთრის ღამეში,
ნეტავ შენი ცა ისევ ისხამს მზეს?
თუ ჯერ კიდევ არ გადიკარა
ომის ღრუბელმა...
სად გაიფანტა
მინდვრისფერი თვალების ფერფლი
გულა შინვარიმ?
გახსოვს,
მამა რომ სათევზაოდ ემზადებოდა,
როგორ გაყევი ერთ დღეს ჩუმად
და დაიკარგე,
დარჩი მარტოკა მთელი ღამით
ტბის განაპირა,
როგორ გეხურა თავშალივით
იმ ღამით ის ცა,
როგორ აივსო შენი ცრემლით
ტბის ფოსოები,
როგორ ჩაიმსხვრა შენი მზერა
ტბაში რომელიც -
მეორე დილით - მწვანე ტბად იქცა...
სად გაიფანტა
მინდვრისფერი თვალების ფერფლი
გულა შინვარიმ?
შენი თმის ჩანჩქერს ვინ  ჩაჰყვება
ახლა ფსკერამდე?
ვინ ამოკრიფავს მისხალ-მისხალ
წარსულს განძივით,
ან ვინ მოგაწვდის თბილი პეშვით დაკარგულ დღეებს,
ვის შეუძლია ნეტავ გულში შენი დატევა?
შენ ხარ სამშობლო,
შენ ხარ დედა,
შენ ხარ სიზმარი,
ათი წლის ბავშვში ჩატეული
ქალის ხატება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები