ბნელა ოთახში. ფანჯარასთან მიდის ლანდი ჩემი სხეულის. ჩემი თვალები უყურებს სივრცეს და შავ ფონზე ნაირთერად განათებული წერტილების ქაოსს აღიქვამს. ნაცნობია ეს ფერები ჩემი ტვინისთვის - მაჟრჟოლებს ისევ და სიგიჟემდე მივყავარ გრძნობას, რომ ერთდროულად სუყველგან ვიყო! ჩემი მზერა ისრუტავს ქალაქს მისტიკური ორნამენტების.
* * * ხელოვნური შუქით ფენილი ღამეული მოცისფრო ქუჩა. როცა გრძნობები სხეულის გარსში მყუდროდ თავსდება და არ განათებს მზე - პროჟექტორი. ტროტუარს მიუყვება ცივი კედლები და საკუთარი ფეხის ხმა გესმის. და სიბრტყულად შემოდის ტვინში არეალური დასიზმრების დაფიქსირება - ჩაწერილია წასულთა და მომსვლელთა ხმები. ასოციაციას იპყრობს უმოძრაო ტოტებში დახლართული ცის ნაფლეთები, ნაირფერადი მკრთალი სცინტილაციები ჰაერში და მისრიალებ წუთიერი სტუმარი ღამის.