ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2024


ანგელოზური პროსტიტუცია

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ანგელოზური პროსტიტუცია

1.
ვეღარ გაუძლებ ზოგჯერ ყოფას,
იტყვი - მეყოფა,
რას ვემსგავსები, თავი აღარ გამომეყოფა,
მიმდევარი ვარ ფეხის ხმათა,
სტილის და მოდის…
იტყვი რამეს და რომც არ გინდოდეს,
ლექსად გამოდის!

რისი ბრალია, რომ ჩვენში ყველა,
თითოეული,
ვინც ლექსს არა და,
თუნდაც სადმე ერთ ტაეპს შექმნის,
უხსოვარი დროიდან - დღემდე,
უცებ რწმუნდება, რომ სუყველაზე უკეთესია, გამორჩეული
და ისიც სჯერა,
მასზე კარგი მცოდნე არ არის
და პოეზია - მას რომ ესმის,
ისე - არავის?
(მეც იმათსავით ქადილში ვხმები,
მეც იმათ ხმებში ვიგულისხმები).

2.

ლინგვისტი ალბათ გიპასუხებთ, რომ მოხდა ასე,
რაკი მწერლობა, ლიტერატურა საუკუნეთა მანძილზე ჩვენში ის დარგი იყო ხელოვნებისა,
ენას დღემდე რომ პოეზიის საგანძურში გვინახავდა ძნელბედობისას (ანუ მუდმივად),
ლიტერატურის, პოეზიის და ხალხის ენა
უშუაღობო მეზობლებივით
ერთმანეთში სულ გადადი-გადმოდიოდნენ.

ლიტმცოდნეები  - ალუზიებს მიაწვებიან,
რაღაც, რემინისცენციააო,
ტექსტი - კონტექსტი, კონოტაცია;
წინწასული ხომ - პოსტმოდერნსაც მოიხსენიებს.
თავზე დაგვაყრის ტერმინთა ცვენას - ჩიტების ენას.

შენ რომ გგონია, რაიმე ლექსი პოეზიის რამ ნარგავია,
ლიტერატურის და ხელოვნების არმცოდნენი -
ერთი მისხლითაც არ შეცდებიან,
თუ აღნიშნავენ, თანამედროვე პოეზია  - სულ ნაგავია,
ეს რა ლექსია!
ლექსი ის იყო,
ადრე რომ წერდნენ.
როგორ იცოდნენ სულის რგებაო,
რა აზრიანი დარიგებაო,
ეს ვერ გავიგე,
თორემ კლასიკა - შესანიშნავად გამეგებაო.
(ვაი, შენ, ჩემო განწირულო სიტყვისგებაო!)

მიდი, უხსენი,
რომ რამე ძველი და
ძველისძველი,
უკვე ადგილმიჩენილი
ჩვენს ცხოვრებაში,
რა სფეროც არის, ყველგან, ყოველთვის ყველაფერი უკეთესია
და  ამ სიტყვებით იმას იმკის,
რაც არასდროს დაუთესია,
მიდი, უხსენი, რომ მოწეულზე ვინც სხვების ყანას უდარაჯდება,
ის ვერასოდეს ვერ გაიგებს, შრომა რა ჯდება;
რომ დრო გავა და არეული ქვიშა დაჯდება,
წყალი დაწდება და გამოჩნდება,
ეს უნდოობა რის გამო ჩნდება;
ჩვენზეც იტყვიან, დაიცაო მან დანა ნებით,
თავს ჩაქინდრავენ  თან  დანანებით,
თუ ერი დარჩა, აღმოაჩენენ,
დღეს რა კარგები ვყოფილვართ თურმე,
რომ ტრასას სჯობნის ძველი საურმე.

3.

პოეტი - იტყვის ძლეული მეხით და გულგატეხით,
რომ ანგელოზის მომლოდინეთ გამოგვადგა მუზა - მეძავი,
რაც შეუძლია,
ახალგაზრდად რომ უჭირავს თავი,
არ ეჩვენება სხვას მოურთავი,
საქმეს მოილევს ოსტატურად,
კვნესა-კვნესით და ცრუ ორგაზმებით -
- თანაყოფის მოსაკაზმებით,
დასვენებასაც აღარ დაგაცლის,
წამოფრინდება და
უკანასკნელ ლუკმას გაგაცლის,
ერთს, საბოლოოდ ჩაგეხუტება და სხვა, ახალი კლიენტისკენ გაშურებული,
თან მოგაძახებს:
- ვნებით მხურვალო ვეფხვო მძვინვარო,
შენ, შეუვალო,
სისხლის მწყურვალო,
ჯერ შენისთანა არ შემხვედრია
ერთადერთი ხარ,
დედამიწაზე ღმერთის ნაცვალო,
შენ გენაცვალო!
დამიკავშირდი,
კიდევ მოვალო!

მიდი, ელოდე!

4.
ეს - კაცებისა!
ქალისა რა ვთქვათ?!
არც არაფერი!
ეს მარტოობა - შესაზარია,
გულის კედლები დაუბზარია,
აღარ ჩამოჰკრავს ჩვენთვის ზარია?
ბებერი ბოზი - ნაბოზარია,
მუზა - ნაანგელოზარია,
უსქესო, მრავალსქესიანი,
რაღაც, უწესო წესიანი,
ქალ კლიენტებთან - კაცად მიდის
და სულ პირველი სიყვარულის
მიიღებს იერს,
ნატრულს და ხმიერს.
(დანარჩენი - როგორც ტექსტშია).

იტყვიან, ნინოს რა აზრებმა შემოუტია,
ასე უმწეოდ რა აკნავლებს, თითქოს კნუტია?
რა ფრივოლური სიბეცეა, სიციბრუტეა!
ანგელოზია - მუზა ჩვენი, განა კუტია!
არა, უბრალოდ, სევდას ებრძვის. რა ცუღლუტია!
როგორც ძველ სლენგზე, ითარგმნება,
,,ბალამუტია”:

-ჰო, მეძავია ჩვენი მუზა, პროსტიტუტია,
მაგრამ უმისოდ პოეტის ყოფა - ნაცარტუტია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები