ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2024


მოქცევა (გაგრძელება)

              თავი  VI
მეფის წინაშე წარსდგა მებაღე,
დაეცა მუხლზე, ანთხია ცრემლი, -
- ჩემო  პატრონო! შავი დღე ვნახე,
გამოვიარე წუხილის გრდემლი.
ლაზეთს გადასვლა სწრაფად შევძელი,
უპირველესად ჩავედი ფაზისს,
იქ  გავიცანი ვიღაც ბერძენი,
შესყიდვა სურდა ლაზური ვაზის.
ბიჭვინტას წაველ და ისიც მახლდა,
თვალი ვუსწორე ავბედით ვარამს,
მინას ვყიდიდი გზადაგზა ნარდად,
სამი დღის შემდეგ ჩავედით  ქალაქს.
მან მიმიწვია მოძმეთა გემზე,
ღვინით დამათვრეს, დავკარგე გონი,
,,ჯაჭვი“ დამადეს ორთავე ფეხზე,
ორი თვის შემდეგ ვიხილე რომი.
მონად გამყიდეს უცხო მხარეში,
გემზე შეგვყარეს და ნაპირს გავცდით,
მათაც შემაგდეს ცხვრებთან ფარეხში,
ბედი დავწყევლე  განცდილი მარცხით.
ნაპირთან ახლოს, გემბანზე ატყდა,
მონათა ჯგლეთა და მუშტის ცემა,
მცველების რაზმი როგორღაც გატყდა,
ძალით მოხერხდა იმათი ძლევა.
მეც დრო ვიხელთე, გადავხტი წყალში,
რადგან ბორკილი შევიხსენ ფეხზე,
დიდხანს ვიცურე მხარულით მაშინ,
ჩემდა საიღბლოდ გავედი ველზე.
იქ, ერთი ვიღაც პლებეი ვნახე, -
პლებეი ჰქვია მეფევ მდაბიოს,
ეს, ის დრო იყო, გუგულის ბარტყებს,
როცა პაწია ჩიტი გადიობს;
შვიდი თვე დავრჩი მის ქოხში სრულად,
აღიარებდა ღმერთ-კაცის ძალას,
ამ ხნის მანძილზე ვცხოვრობდით ძმურად
და მასთან ერთად ვმწყემსავდი ფარას.
ურიასტანში დაბადებულა,
იქვე აღმსდგარა იესო მკვდრეთით
და მის სხეულში განკაცებულა,
ქვეყნის გამჩენი, დიადი ღმერთი.
მე არ შევმდგარვარ მათ რჯულზე მეფევ,
თუმცა კი მქონდა პირობა ამის,
არმაზის ძალას ბოლომდე ვენდე,
მანაც მიჩვენა ბილიკი სახლის;
- უხმეთ ხუარას! - მეფისგან ითქვა,
დარბაზში გაჩნდა მისი მთავარი,
პატრონს შესცინა, საურმაგს ჰკითხა:
- რომში ცხოვრება არის რავარი? -
- ახლა ხუმრობის არ არის ჟამი! -
ხელმწიფემ სიტყვა წარმოთქვა მწყრალად:
- თუ იცი, მცხეთას, რომ ვიღაც ქალი,
ქრისტიანობას ავრცელებს მყარად?
დღეის შემდგომად შეუდექ  ძებნას,
დაუდარაჯდი ქოხის წინ, ხუარ!
უსულო ცოცხლებს დააკლებს ვერას,
მის მოსაშთობად გამართე ძუა; -
მეფე წამოდგა, გაუშვა ყველა,
გუმანით რაღაც იეჭვა თითქოს,
საურმაგს მგონი შეცვლოდა რწმენა,
,,ჟანგი მოედო“ წინაპრის იქორს;
მდუმარედ  მიხვდა მებაღეც  სათქმელს,
უნდა ეღონა სასწრაფოდ რაღაც,
წაუხდებოდა უცილოდ საქმე,
თუ არ  ,,გაჭრიდა“ გაზომილს საღად.-
ქოხში მობრუნდა, კარებში ჩადგა,
ანასტამ  ცეცხლთან დაუდგა სელი,
ხელით უჩვენა, მერე კი ეს თქვა:
- მიირთვი ოსპი, ვიდრეა ცხელი! -
- ჭამა არ მინდა,  ფიქრი მახელებს,
მეფემ შემხედა რატომღაც  ცერად,
როგორ მოვიქცეთ, ჟამი გვაჩვენებს,
კარზე მოგვადგა ჭირი და ვნება! -
ნინოც გამოჩნდა, კიდეც დაღამდა,
ტაბლაზე დადგა წვნიანი ჯამით:
- დილით შევზილე ღვინო ბალახთან,
ცოტაც ვაბკურე ზამბახის ნამი.
შესვი წამალი, შეასვი ცოლსაც! -
უთხრა საურმაგს: ,,დაგლოცოს ღმერთმა,
რომ შვება იგრძნოს სულმა და ხორცმა,
ფესვზე იხაროს პატარა ნერგმა! ...
- ფრთხილად იყავი! - ეს თქვა მებაღემ:
- არსით დაგლანდოს მსტოვარმა თვალით,
თუ ეს ცხოვრება ვარამს შეგასმევს,
მიჯობს, რომ ვიყო დიაცო, მკვდარი! -


          თავი  VII
,,ცხრა თვე გასრულდა, რაც თქვენთან ვსახლობ! -
უთხრა ტყვე-ქალმა ანასტას ერთ დღეს:
- აქვე გადავალ, გორაკის ახლოს,
ბინას დავიდებ მაყლოვნის ფერდზე; -
ნინოს წასვლიდან ათი დღის შემდეგ,
ცოლ-ქმარს ეყოლათ მზისდარი გოგო,
გახარებული ლოცავდნენ შედეგს,
,,გადავიხადოთ ამაგი როგორ“? ...
ნინო დაარქვეს პატარა ასულს
და გაინათლნენ ორთავე მტკვარში,
ზურგი აქციეს საეჭვო წარსულს,
ქრისტეში ჰპოვეს სიცოცხლის არსი; -
მაყლოვანს იჯდა, ბალახს არჩევდა
და ფანტელებად ათოვდა ფიქრი,
კოპიტის ფოთლებს სიო არხევდა,
ნინოს ცეცხლისთვის შეენთო ფიჩხი.
არ გაუგია როგორ მოადგა,
ვიღაც ქვემოდან და ,,გული გახსნა“,
დარდმა იმძლავრა, სევდად  იბარტყა,
კარვის წინ წარსდგა მღიმარე ფარსმან; -
- არმაზის მადლით გიპოვე, ნინოვ! -
წარმოთქვა ვაჟმა გვერდით მიუჯდა:
- როგორ დაგკარგე, მას მერე ვფიქრობ,
წყეულმა ჟამმა რატომ მიმუხთლა?
დუტი მომიკვდა ჯგლეთაში მთაზე,
ეჰ, ახლაც მზარავს ამაზე ფიქრი,
თავი  ეხალა საბრალოს ქვაზე
და ყურებიდან სდიოდა სისხლი;
ძლივს ჩავიყვანე ჩემი და მცხეთას
და წავასვენე ჩვენივე ურმით,
ვერ ვუმკლავდები მოწოლილ სევდას,
იმ დღეს ვიხსენებ წყევლით და ურვით; -
გული ატკინა დუტის სიკვდილმა,
ცრემლმა იწვიმა ნინოს თვალთაგან;
ვაჟმა წარმოთქვა: ,,მე დღეს მივდივარ,
წვევა მივიღე დილით მგზავრთაგან“; -
დაემშვიდობა, უსურვა სიმხნე,
ფარსმანი ბილიკს დაუყვა ნელა,
ნინო შებრუნდა კარავში იქვე,
გარედან ესმა ანაზდად ხველა.
გამოიხედა კარვიდან გარეთ,
ქალი იხილა მცხეთელი ერთი,
მანაც შესთხოვა: ,,პატივი დამდე!
შვილი მყავს ავად, ილოცე ღმერთი“! -
ნინომ შეიცნო მასში ის ქალი,
მას რომ სწყევლიდა მცხეთაში ხშირად, -
ქალმა წარმოთქვა: ,,რა ვქნა მითხარი?
ვატყობ, რომ წყევლა დამიჯდა ძვირად“! -
ნინოს სახეზე სხივი გაბრწყინდა,
ავადმყოფს ჯამით შეასვა წვენი,
მერე ილოცა, ჯვარი დაჰკიდა,
ბედნიერების უსურვა დღენი; -
ეს დღეც გასრულდა  სიკეთის მადლით,
,,გადაღლილი მზე“ შემოდგა სერზე,
შაშვის ჭახჭახი ისმოდა გაღმით,
ბინდი წვებოდა არაგვის ველზე.


        თავი  VIII
კარვის წინ იჯდა,  კემსავდა ჭილობს,
გამოეგზავნა ხუარას კაცი:
,,შეუძლოდ ვარო“! - უთვლიდა ნინოს,
გამოეტნია საჩუქრად ვაცი.
დიდხანს იცინა ნინომ თხის გამო:
- აქ  მობრძანდესო პატრონი შენი,
რადგან ლოცვებით უნდა ვუწამლო,
რომ გავუმრავლო ხუარას დღენი; -
მზე  შუბის ტარზე  წამოიმართა,
როცა მოადგა ხუარა კარავს,
ნინომ ილოცა მხურვალედ ჯვართან,
ბალახის წვენიც შეასვა მთავარს.
მოკეთდა იგი,  ყველაფერს მიხვდა,
სული დამშვიდდა და გახდა ქველი,
იბერიაში შემოსვლის დღიდან,
ნინოს გასვლოდა სულ სამი წელი ...
ტყვე-ქალს ეახლა აბიათარიც
და სიდონია. მეუღლე მისი,
მუხლზე დაეცა უცებ ცოლ-ქმარი,
ნინოს წინაშე წარმოთქვეს ფიცი:
- კვართი ჩვენ გვერგო, აქ არის, მცხეთას! -
თქვეს და მოქცევა ისურვეს თავად:
- გვინდოდა ჩვენი სულები გვეხსნა,
ვიდრე ცხოვრების დღენი არ გავა;
იქვე მოიქცნენ ქრისტიანებად,
ნათლის სხივფენამ  სიბნელე დაგმო,
წვერით ათრიეს მისიანებმა,
აბიათარი მოქცევის გამო.
არ დაიშალა, მაინც განაგრძო,
ნინოსთან დგომა, ქრისტეზე ლოცვა,
ჯვარის დიდების სიტყვა განავრცო,
ერთი წამითაც არ ჰქონდა მოცლა.


        თავი  IX
მეფემ პირიდან  ,,ცოფები ჰყარა“,
რაკი ტყვე-ქალის შესახებ ესმა:
,,უნდა მოკვდესო ეგ  ქალი ჩქარა“! -
სრულად დაუხშო გონება გესლმა.
თვისი განძრახვა გაანდო ნანას,
ღიმილით შეხვდა ისიც განაჩენს;
უთხრ:  ,,ტყვე-ქალი შევყაროთ ვარამს,
მერე მივხედოთ მეფევ დანარჩენს“! -
თხოვნა შებედა:  ,,წავიდეთ გიშში,
მანამდე მოვკლათ მისანი ქალი,
მტერ-მოკეთეში დავთესოთ შიში
და განვამტკიცოთ სამეფო გვარი“! -
მეფემ მიუგო: ,,უნდა გავთვალოთ,
განსჯა სჭირდება, აზრსაც და ფიქრსაც,
ჯერ მოვიაროთ რანის სამთავრო,
მერეც მოვასწრებთ მოშთობას ტყვისას“!  ...
ორი დღის შემდეგ დაადგნენ შარას,
ცხენით მგზავრობა ისურვა ნანამ,
,,ბედის ბორბალის“ უკუღმართ თამაშს,
გაურკვევლობის ებურა ფარდა.
მეფე მისდევდა დედოფალს გვერდით,
ერთად იარეს მდუმარედ დიდხანს,
როს ჩაათავეს ხეობის ფერდი,
ნანას ბაგეთგან უეცრად ითქვა:
- ასე ცხოვრება უკვე მომბეზრდა,
როგორ აპირებ ტყვე-ქალის მოკვლას?
იქ, მაყვლოვანში ეს ვერ მოხდება,
სასახლეში კი არ იზამს მოსვლას! -
- ძღვნად გავუგზავნი მოწამლულ კურდღელს,
ნადირის ხორცით  ვიხმაროთ ფანდი! ...
მზე მიეფარა ანაზდად ღრუბელს,
აუტანელი ჩამოწვა ხვარტი.
ცხენზე შექანდა,  დაკარგა ფერი,
ნანა  დაემხო  მიწაზე თავქვე,
უცებ შემოკლდა დედოფლის დღენი,
ბედმა დაუგო  საბრალოს მახე. -
შიშით და ძრწოლვით მობრუნდნენ მცხეთას,
სამი დღის შემდეგ მოვიდა ფერზე,
მეფის  აქიმმა უწამლა ერთხანს,
მაგრამ ვერ დადგა სნეული ფეხზე.
ხუარამ ბრძანა: ,,მოარჩენს მხოლოდ,
ვინმე ტყვე-ქალი, ვთხოვოთ შეწევნა,
საქმე ეხება  ბოლოსდაბოლოს,
დედოფლისათვის წამლის შეძენას;
მაყლოვანს სახლობს“! - დატკბა ხუარა:
მკურნალი იგი, შემახო ჯვარი,
მაშინ მეხვია  თავზე ბრუალა,
კიღამ წავიღე უსტარი ჯავრით“! ...
დედოფალს მთაზე ამალა აჰყვა,
შვილიც თან ახლდა, უმრწმესი რატი,
მთაზე ასულებს სიგრილე დახვდათ,
მცხეთას კი იდგა სიცხისგან ხვარტი.
ნინო ღიმილით შეხვდა დედოფალს,
ჯამში ჩაუსხა, შეასვა წვენი,
მერე კი უთხრა: ,,ტანჯვა გეყოფა,
უნდა დაძლიო  ჯვრის მადლით სენი! -
ძალა შემატა მისმა სიტყვებმა,
დედოფლის სახეს დაეცა სხივი,
სული დატოვეს მძიმე ფიქრებმა
ათინათინდა ცრემლების მძივი.
ფრთხილად წამოდგა, აღაპყრო ხელი
და აღიარა ღმერთ-კაცის ძალა,
ტიროდა ნინო, ხარობდა ერი,
სიხარულისგან ტიროდა ნანაც.


        თავი  X
მირიანს დიდხანს უმტკიცა ნანამ,
რომ ნინოს ღმერთმა შემატა სიმხნე,
აზვირთდა მეფე, ყვირილით ბრძანა,
ფეროზი იხმო რანიდან მყისვე.
ქედდადრეკილი რანის მმართველი,
მეფის წინაშე  თოვლივით  დადნა,
მღელვარებისგან ძლივს თქვა სათქმელი,
,,კბილს არ უხსნიდა“ მირიანს დანა:
- შენ უნდა შეძლო დედოფლის მოკვლა,
სწორედ ამისთვის მოგიხმე მალე,
არ გამაგონო, ხვნეშა და ოხვრა,
ნადირის გერში მოვსინჯოთ ხვალე,
მერე, შენ იცი, როგორ იქმნ საქმეს! -
თქვა და მცირე ხნით მეფე გაჩუმდა
და ფიქრის შემდგომ დააგო მახე,
რანის ერისთავს სპერიც აღუთქვა; ...
შაბათი იდგა, ივლისის დილა,
მწევრები ყეფით მოედვნენ ველზე,
მეფემ მარეკებს ნიშანი მისცა
და მაშინათვე ამხედრდა  ცხენზე; -
ღელე გატოპა, შეუყვა გორას,
ფეროზიც მიჰყვა ცხენდაცხენ მეფეს,
ერთად მისდიეს მცირე ხნით ქოფაკს
და გადაევლნენ გვიმრების მესერს;
არ ეტყობოდა ხელმწიფეს დაღლა,
ფეროზიც ძალით იჩენდა სიმხნეს,
ტახი დალანდეს ქარაფის გაღმა,
თვალით გაზომეს მანძილის სიგრძე.
ჭენებით მიჰყვა მირიან ნადირს,
მისდია დიდხანს, შეჰყვა უღრანში,
შიშმა შეიპყრო, მოზიდა აღვირს,
მარტო აღმონნდა რძისფერ ბურანში; -
სხივი  ჩაიწვა  სიბნელის მძლევი,
მზე  ,,მიიცვალა“ სიკეთით სავსე,
ბინდმა შეცვალა სინათლის ფერი,
განგებამ მეფეს დაუგო მახე.
ბევრი იყვირა, მოუხმო არმაზს,
მაგრამ არ დადგა ირგვლივ ნათელი -
,,ჯვარზე ვილოცებ“! - წარმოთქვა ცალყბად:
- იქნებ დამადგეს ბნელში საშველი;
ტყვე-ქალის ღმერთო! მექმენი შემწედ!
მზეო დიადო, კვლავ ამობრწყინდი! -
დაიწყო ლოცვა, მოვიდა ფერზე,
ნათლით ნელ-ნელა შეიმღვრა ბინდი; -
გაბრწყინებული მობრუნდა მცხეთას,
მაგრამ აუწყეს ამბავი ესე:
- ბიზანტიელნი ითხოვენ მძევალს
და სთავაზობენ ერთობას ისევ! -
ხელმწიფემ მშვიდად ,,აწონა სიტყვა“,
ბექა აახლა დიდ კონსტანტინეს:
- რადგან ერთობა ფიცის ქვეშ ითქვა,
ალბათ ამიტომ მოიწადინეს,
ბიზანტიელთა ჩვენი მოყვრობა! -
თქვა და გადაჭრა მისხალით აზრი:
- ასე აჯობებს,  ,,თავის მოქონვა“,
იბერიისთვის იქნება ნაღდი;

(გაგრძელება იქნება)


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები