ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯი-კო
ჟანრი: პოეზია
10 ივლისი, 2024


ღამის ქალაქი

ჩვენ სიყვარულის აღარ გვჯეროდა -
მოვედებოდით ფერად შუქებით
გათანგულ ქალაქს
და ვინ იცის, მერამდენედ გამოცდილ გრძნობას
დავათრევდით ღამის ქუჩებში.
ქარები შლიდნენ ჩვენს მოგონებებს,
ვხედავდით მხოლოდ ვიტრინებივით მბრწყინავ აწმყოებს
და ერთმანეთის ნაირფერად ნათხაპნ სახეებს
გაკვირვებით ვაჩერდებოდით.
გვიკვირდა ყოველი ახალი წუთი
და უნებურად ვხდებოდით მოწმე,
როგორ შლიდნენ აწმყოები
წარსულებში ნანახ მომავლებს
და ჩვენს გარშემო მბრუნავი სარკე
ჭრელ-ჭრელ ფიგურებს ურიგებდა
რაღაც უხილავს და გამოუცნობს.
სიყვარულის მაინც უკვე აღარ გვჯეროდა..
სულ ერთი იყო, რას ასახავდნენ
თეატრალური ჩვენი ჯესტები,
რას ჩურჩულებდნენ ბაგეები,
რა ძალა იყო ასე ძლიერი,
ხელს რომ გვკრავდა
და გვიბიძგებდა ერთმანეთისკენ.
ქალაქი იყო ისეთი დიდი,
ვეკვროდით ერთურთს,
ჩვენ გვეშინოდა მარტო დარჩენა,
გავურბოდით, ვივიწყებდით
საკუთარ ჩდილებს და ერთმანეთს ადევნებულნი
თავად ვცდილობდით, რომ გვეტვირთა
ხვედრი ჩრდილების.
სიყვარულის მაინც უკვე აღარ გვჯეროდა...
მშიერი მზერით ვისრუტავდით მოდური ფარნის
ძალიან ცისფერ, ცივ სინათლეებს
და ოდესღაც შორ მხარეებში
ნანახ ზმანების ანარეკლებს
დავეძებდით ერთმანეთის ფართოდ გახსნილ,
უცნაურად მოჩერებულ უძრავ თვალებში.
„ქონდრის კაცები“ შლიდნენ ფერად,
დავიწყების ღამეულ ქოლგებს,
უსწრაფესად ატრიალებდნენ,
ირეოდა ერთმანეთში სუყველა ფერი,
ვხედავდით მხოლოდ ვიტრინებივით მბრწყინავ აწმყოებს,
გვიგრძელდებოდა მიმიკები
უაზობისგან დაღლილ ნიღბების..
(სახლებში კი ჩვენ დედები გველოდებოდნენ)
ფერმკრთალდებოდა პეიზაჟის ბრმა ჰორიზონტი
და წამიერად ოცნებებიც თითქოს ჩათვლემდნენ...
სიყვარულის ჩვენ არ გვჯეროდა!
მაინც ველოდით მოუთმენლად საოცარ ჟამებს -
მოვედებოდით ფერად შუქებით გათანგულ ქალაქს
და ვინ იცის, მერამდენედ გამოცდილ გრძნობას
დავათრევდით ღამის ქუჩებში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები