ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
10 ივლისი, 2024


ისტორიები ზედა თაროდან II (იმ მემანქანეს თოვლი უყვარდა)

იმ მემანქანეს, როცა გაყავდა
მატარებლები ძილის დეპოდან,
ქუხდა პირველი არხი.
იდგა ქალაქში სუნი ბაზრობის,
ძველ სადგურებში დილა დგებოდა,
გამოდიოდა ხალხი.

იმ მემანქანემ იცის ზეპირად,
მეოთხე სკოლის მთელი განრიგი,
გაკვეთილების მერე,
ის, გამოქცეულ მასთან ბიჭუნას,
ხელებდასვრილი ხშირად არიგებს:
-წერე, ბიძიკო, წერე!

ახლა ვინ იცის, როდის დგებოდა
ან იქნებ, სულაც აღარ ეძინა,
ჰქონდა თუ არა სახლი...
და განუწყვეტლივ ლაპარაკობდა,
მხოლოდ საქმის დროს დუმდა მეწილად
ან უჩიოდა სახსრებს.

შემოდგომაზე უფრო ტკიოდა,
როცა ჰაერში ნესტი იმატებს,
ფეხებს წყევლიდა - გახმით!
როცა ჩართავდა შუქებს, ხუმრობდა-
დამთავრებული მაქვსო ფიზ-მათი,
რაღაც მაგარი განხრით.

უყვარდა ფილმი, ძველი, შავ-თეთრი,
ვასილ ჩხაიძეს ხშირად ბაძავდა
და შორ ღვედისწყლის ყელას,
სულ უმადლოდა დედას შვილების
და ბერდებოდა თავის „ვაგზალთან“,
როგორც ვბერდებით ყველა.

მძინარეებზე, როცა ლიანდაგს,
გეზს თავის დროზე გადაურთავდა,
შეერხეოდა არც რა
და ზედმიწევნით კილომეტრები
იცოდა, ლამის გუდაუთამდე,
ამ მხიარულმა კაცმა.

სულ პირდებოდა სკოლის ბიჭუნას:
ერთხელაც ერთად წავალთ კარჩხაზე,
მის იქით ტყეა ტევრი.
და პასუხობდა კითხვას გადაჭრით,
რომ ბარნოვი და ჯემალ ქარჩხაძე,
ზედმეტია და ბევრი.

იმ კაცს უყვარდა თოვლი ზუგდიდის,
თეთრი, ვით შორი გემის არქანი.
ერთხელ კი, გულის თრთოლვით,
რომ იგუნდავეს იმ ძველ ბაქანთან,
დაუვიწყარი გახდა ბაქანი
და ერთადერთი თოვლი.

მოიშორებდა მაზუთს თოვაში
და ასატანი იყო კატორღა,
კაცი სადგურის ტოლი.
თვითონაც თოვლი  იყო ის კაცი,
თოვლი უყვარდა, თოვლი- რატომღაც,
თეთრი თებერვლის თოვლი...

ხშირად იტყოდა - ჯაყოს დედაცო,
რომ არსაკიძეს ხელი მოაჭრეს,
რომ კარგი იყო წინათ,
ბაზართან მჯდომი, ხილის დახლებთან,
ის, მისი გულის გარემოვაჭრე-
ცოლი, სახელად თინა.

რაც არ იციან მევახშეებმა,
თინამ ამ ქვეყნად უკვე იწვნია,
მაინც მზით სავსე კალთა
სახლში მოაქვს და იმ შავ სიზმრებში,
დაუსრულებლად ცეცხლში იწვიან,
გუდაუთა და შხალთა.

თინამ შხალთაში გული დატოვა,
მის გულს შხალთაში ხელს ვინ ახლებდა?!
გული მზეების ხელა,
მაინც უთრდოდა, როგორც ბეღურას
და ბერდებოდა თავის დახლებთან,
როგორც ვბერდებით ყველა.

ქმარს უმზადებდა მწვანე ლობიოს,
სვანური ნიგვზით, ოდნავ მოცხაროს,
კაცსაც მოსწონდა გემო
და როცა ტაბლას მიუსხდებოდნენ
ქმარი ეტყოდა - ჩემო მოცხარო
ჩემო მაყვალო, ჩემო...

როცა კაცი კი უკვე მობერდა
და დაავიწყდა ქვეყნად ვინ იყო,
მხოლოდ სახლის წინ ხე და
ძველი ჭიშკარი ელანდებოდა,
თქვა დარდიანად ბოლოს: -თინიკო,
არაფერი... ხომ ხედავ.

ახლა, როდესაც სადგურს ჩავუვლი,
ან აღმოვჩნდები ახლოს ბაზართან,
სადაც წამლავენ მწერებს,
ასე მგონია, სკოლის ბიჭუნა
იმ მემანქანე კაცმა გამზარდა
- წერე, ბიძიკო, წერე!

ახლაც ქალაქში დადგა ზამთარი-
თოვლი მტრედების სიზმარს გაგონილს
ჰგავს და მტრედები ქარცი,
აფრინდებიან ცაში გუნდებად,
გადაიფრენენ მწვანე ვაგონებს
და არსად არის კაცი...

და აი, ჩემთან, სახლში მოვიდა,
(მე რომ ვნატრობდი ზამთარს უდიდეს).
კუთხესთან თბილი თონის,
ფერად-ფერადი, დიდი ბუშტები
გაფრინდნენ თოვლში, თოვლი ზუგდიდის
დავიწყებაა თოვლის.

და დამავიწყდა ძველი სადგური
და თამაშები ჩემი ტოლების,
კაცმა რომ წყალი ასვა
და ახლა, თოვლის მოსვლის მაგივრად,
მეც დამებედა წასვლა თოვლების,
დიდი თოვლების წასვლა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები