ნაწარმოებები


გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინა ტაბაღუა
ჟანრი: პოეზია
28 ივლისი, 2024


შიშის წამალი

|

არსობისა პურისა,
მხოლოდ ჩიტებს რომ სწამთ,
იმ დროში შემომძახე
როცა ხიდგაღმა იდექი,
ვერცხლის სასმისივით განსხვავებული.

ისეთი განსხვავებული,
თითქოს შენს გარდა კაციც არ მენახოს.
არ დავიშურე ხმის სიქათქათეც :
ღმერთს ჩიტზე მეტად ცხვარი უყვარს,
შენ ჩემზე მეტად - ჩემი შიში.

||

აღარ ჰგავს შიშიც უშნო სიმარტოვეს,
არც არითმიულ სიზმარს,
და მაინც, რატომ ხდება ხოლმე,
როცა ლექსებით ვყვები ჩვენს ამბებს,
ცრემლმა გათქვას ის საიდუმლო სამალავი,
სადაც ორ ტანს ვკეტავთ
სულის მოხუთვამდე,
როგორც სხვენის თრიები,
უთენიამდე ღრნასა და ფშვინვაში.

გაყოლებ თვალს და ო, როგორ მომწონს,
ის, რაც წინა გაქვს წამოწეული -
შენი ხელები მარდი და მწიფე.
მონატრებულ ღამეში,
თითქოს ფუტკარიც იყო, ფრთხილად შემყავდე ტკბილ სკაში.

|||

შენ გხიბლავს საუბრები სისხლისფერ ბიჭვინთაზე,
რესტორან ,,ამრაზე", დიდ ქეიფებზე,
გადარეულ ზღვაზე.
ზღვა, რომელიც ჩემს თვალებს გაგონებს და გახრჩობს.

მე მძულს საუბრები ტკივილებზე,
ბავშვობის შიშებზე,
ჩემს გულწრფელობასა და ცილისმწამებლებზე,
მათ მოუშუშებელ ჯავრის ყრაზე.

IV

და მაინც, ვღელავ ასე უშიშრად,
როცა ძლიერ მკლავს წელზე შემომღვრი,
თითქოს შიშის წამალიც იყო,
გურამ რჩეულიშვილიც იყო, გადამრჩენელად მოსული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები