ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: განთიადელი
ჟანრი: პოეზია
18 ოქტომბერი, 2024


ძლიერი იყო დედაჩემი

სამოცი წლის ვარ და დედაზე  დარდი მამძიმებს.
- დიდი ხნის წინ წასულ დედაზე
რაღა დროს შენი დედააო, იტყვი ალბათ, შენ.
ახალგაზრდავ, ძალიან ცდები.
არასოდეს არ ქვრებიან ჩვენში დედები.
თვითონ იგრძნობ, თვითონ მიხვდები,
როცა ასაკი ოცნებისგან ხახვივით გაგფცქვნის,
დედა კი, მუდამ შენი მფარველი
და შეუმჩნევლ სასწაულთა შენთვის ჩამდენი,
ერთ შორეულ, გარდაუვალ დღეს
თავად გახდება უჩინარი, დიდი ტკივილი.
იმ დღიდან კი ხმაში ალერსით,
შენ არავინ გიწოდებს "შვილოს",
არამედ  - მხოლოდ დედას, ან მამას,
ბებიას, პაპას.
ჰო, ეს ასეა.

აქამდე თვლიდი,
თავის ტკივილში უსაშველოდ ჩაძირულისთვის,
მეორე გახდი.
მის სარეცელთან აღარ იყო შენი ადგილი
და ის დაგშორდა,
გეგონა დღემდე - დაფშვნილ სამყაროს გადააბიჯე ერთი დღის ელდით,
იმ წყეული დღის
მეხსიერებას რომ გიწამლავს თავის სიცხადით.
ახლა კი იგებ, მან გამოსტაცა
ფინალის ხაზი დიად მბრძანებელს.
ეს იყო სცენა.
დღეს გადააწყდი ფაზლის დეტალს:
მას ერთხელ უთქვამს:
"ცივად ვექცევი, არ ვიკარებ
ერთბაშად რომ არ დაატყდესო უჩემობა."
ჩახუტების ჟინს გულში იკლავდა.
თუ, უკვე იცი, რა მადლია შვილის ალერსი,
მაშინ მიხვდები,  რაც  დაოკლო.

ის ერთი დღე, კი ასეთი იყო:
ორნი იყავით იმ დღეს სახლში.
ის მოკვეთილ მკერდს დააცქერდა.
შენც მიგიხმო, რათა გენახა, ხომ არ ცდებოდა.
ზამთრის ხეს გავდა ნაკერები
უხვ, წვრილ მარცვლებად გამოესხა
სიკვდილს ნაყოფი.
მერე დაძებნა და მიაგნო, ასე გულდასმით
რომ უმალავდნენ,
განაჩენის ტოლფას დიაგნოზს.
და გადმოხეთქა დატირებამ.
შენ, ექვსი წლისამ არსაიდან მოსული ცოდნით
მიხვდი სიკვდილი,
არსაიდან მოსული ცოდნით მიიღე ძალა,
  მის წინ  ცრემლი არ დაგცდენოდა.
ის სახლში იყო.
შენ ეზოში ისმენდი მის ხმას, ცრემლს იბრუნებდი.
ის გეძახოდა, კიდევ და კიდევ,
რადგან ურჩხულთან მარტო ყოფნა ეძნელებოდა.
შენ შედიოდი დაწყობილ სახით და მალევე გამოდიოდი,
ყელს მოჭერილი ცრემლის უკან ჩასაბრუნებლად .
რას აკეთებო, იკითხა ბოლოს
შენ უპასუხე - ვთამაშობო.
ხმაში სიმწარე მოემატა.
"რა უჭკუოს და უმწეოს გტოვებო შვილო.
რა გათამაშებს, დედა გიკვდება!"
მერე წახვედით მის მეგობართან.
იმ ასიოდ მეტრს დედამიწა ტორტმან -რწევით მიგაცილებდათ.
იქ განაჩენი განმეოდა მის ბაგეთაგან .
გაბერილ ბუშტზე ნემსის შეხების ეფექტი ჰქონდა
მეგობრის სიტყვებს, - "ნუ გადარიე გოგო ეს ბავშვი."
ისტერიულად ამოხეთქა ცრემლების ტალღამ.
ის  გაჩუმდა. ყველაფერს მიხვდა.

ეს იყო იმ დღეს, მეხსიერებას სიცხადით რომ დღემდე გიწამლავს,
იმ წყეულ დღეს
მან აირჩია სტრატეგია: ნაბიჯ - ნაბიჯ გადაჩვეოდი.
სუსტმა ქლმა და ძალიან ძლიერმა დედამ, უძლეველობას - თავად სიკვდილს გამოსტაცა ფინალის ხაზი.

და როცა მასთან შეგიყვანეს ნათესავებმა, ბოლო წამებში,
მან შუბლისაკენ მიქცეული მზერა მოწყვიტა მის მპყრობელს და შემოგხედა,
ის იყო ქალი, დიდი ხნით რომ სიკვდილს ებრძოდა.
ნაკლებად - დედა.

არ იდარდებდი,  ამ მთავარი დეტალის მპოვნი? დაივიწყებდი?
არა მგონია.

ასეთი არის, მეგობარო, ეს სამყარო. შენ რა გგონია?
ფეხზე თუ არა სულ სატურნის რკალზე ჰკიდია,
შენი გრძნობა თუ უგრძნობლობა;
ჭამა ბაბუამ ტყემალი თუ თაფლი სდიოდა.
მანამ მოგმწყემსავს დედამიწა, და გამოგკვებავს,
სანამდე შენი ახალი თუ ბებერი ხორცით,
ერთხელაც მუცლის ამოვსება მოესურვება.

გთხოვ მაპატიო, ჩემო კარგო, რომ დაგამძიმე.
ახლობელთაგან რომ ვერც ერთი ვერ გავიმეტე
და ნამარხ ლავას
მხოლოდ  შენს ფერხთით გავუხსნი გამოსასვლელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები