მშვენიერი ამინდი იყო – წითელი მზე კაშკაშებდა პლანეტა მარმარინოს ბაცად მომწვანო ცაზე. საფრენ ბილიკებზე დაფრინავდნენ ანტიგრავიტანტები (ანტიგრავიტაციული საფრენი აპარატები). აიოკო საფრენ მოტოციკლს მოახტა და უმაღლესი სასწავლებლისკენ გაეშურა. - ხომ არ გაგვიანდება, ჭკუისკოლოფო? – კურსელი გერუ წამოეწია თავისი მკოტოციკლით. - როგორ გაქვს საქმე, გააკეთე ნაშრომი? – დამამთავრებელი კურსის ნამუშევრები ჰქონდათ გასაკეთებელი. - თითქმის, ტრუტი გკითხულობდა, რატომ არ ჩანდი? - ვმეცადინეობდი. - ზედმეტი არ მოგივიდეს!
აიოკო ასტრო-ფიზო-ფსიქო ფაკულტეტზე სწავლობდა. ძალიან უყვარდა ინტუიციის და ტელეპატიის ლაბორატორიაში ჯდომა, სადაც სხვა პლანეტებზე არსებული სიცოცხლის მრავალფეროვნებას, ძირითადად კი ფსიქოლოგიურ პროცესებს აკვირდებოდა. ლაბორატორიაში იყო ტვინის რეცეპტორულ-რეზონანსული გამაძლიერებლები, ღრმა მედიტაციისა თუ ძილის სხვადასხვა ფაზებში გადამყვანი მოწყობილობები. აიოკოს შეეძლო შორი პლანეტების დანახვა – სხვა ვარსკვლავთა სისტემებში, სხვა გალაქტიკებში... წარსულში და მომავალში... როგორი პლანეტები და სიცოცხლის რა საოცარი ფორმები აღარ ენახა!.. სულიერ პლანეტებზე გაღწევასაც ცდილობდა, მაგრამ ეს ადვილი არ იყო... ძალიან დიდი ენერგია სჭირდებოდა! ერთხელ თითქოს გააღწია, მაგრამ როცა დაბრუნდა, არც არაფერი ახსოვდა და ვერც სხულს გრძნობდა მთელი თვე. “საერთოდ რომ დაბრუნდი, მოსალოცად გაქვს საქმე!” – დასცინოდნენ ამხანაგები. მასწავლებელიც კარგა ხანს მარტო აღარ ტოვებდა ლაბორატორიაში.
აიოკო და გერუ გვერდიგვერდ მიფრინავდნენ. უცებ ვიღაცამ ჩაუქროლათ გიჟივით, მერე მოუხვია და მათ გარშემო დაიწყო ტრიალი. - ტრუტი?!.. აბა, ეგ რა თამაშია! - მეცადინეობა ცდება, - თქვა ტრუტიმ, შეგვიძლია გავერთოთ, სხვა პლანეტაზე გასეირნებაზე რას იტყვით? - მაინც რომელზე? – იკითხა აიოკომ. - რომელზეც შენ გინდა! - მე გაიუათი პირის ჩატკბარუნებაზე არ ვიტყოდი უარს, - თქვა გერუმ, - იქ ძალიან მდიდარი და ლამაზი ბუნებაა, საუცხოო ჰაერი... - და გიგანტურფრთიანი და ბასრკლანჭიანი პილანოზავრები! - მაგათი გეშინია?! სანამ ეგენი მოფრინდებიან, მთელი ხის ჩამოკრეფას მოვასწრებ. - მე ლაბორატორიაში წავალ, საქმე მაქვს, - თქვა აიოკომ. - გეხვეწები, დღეს არა, რამდენი ხანია შენთან ერთად არსად ვყოფილვარ! – სთხოვა ტრუტიმ. - არსად გაგიშვებთ, დღეს ჩვენთან მოდიხარ! – აჰყვა გერუც. ტრუტის სახლთან დაეშვნენ. თეფშის ფორმის საპლანეტათაშორისო ანტიგრავიტანტში ჩასხდნენ, თან ცოტა ფერადი საკვები ბურთულებიც გაიყოლეს, რომ გზაში წაეხემსათ.
პლანეტა ბოკარი მეზობელი მზის სისტემაში იყო. დიდი დრო არ დასჭირდათ მის ვარდისფერ ატმოსფერომდე მისაღწევად. ვარდისფერ ნისლში გაეხვივნენ, სიჩქარე შეანელეს და ტკბებოდნენ ფაფუკი თეთრი, ვარდისფერი და იისფერი ღრუბლების სანახაობით. ნელ-ნელა დაბლა ეშვებოდნენ, ნისლში თანდათან გამოიკვეთა მთის მწვერვალები, მერე კი მოკამკამე, იასამნისფერი ზღვები ოქროსფერი სანაპიროებით... მწვანე და ლურჯი ტყეები. მხოლოდ მცირე სასუნთქი გარდამქმნელები გამოიყოლეს და გადმოვიდნენ. ყველგან რბილი ბალახი იყო, ნამით მოწინწკლული და ფერად-ფერადი ყვავილების ხშირი, მაღალი ბუჩქები. აიოკომ წითელი ყვავილი მოწყვითა და თმაში გაიკეთა. ტყის პირას იყვნენ, აქ იცოდა ძალზე ტკბილი და არომატული გაიუა დიდრონი, წვნიანი, ლურჯი ნაყოფებით. ტყიდან იქაურ ცხოველთა და ფრინველთა უცნაური ხმები ისმოდა. აიოკო ტყისკენ წავიდა, ძალიან მაღალი ხეები იყო მსხვილი, პლასტმასისებური ფოთლებით. გერუ თვალის დახამხამებაში გაიუას ხეს მოექცა კენწეროში. - ჩვენ ცოტა გავისეირნოთ, რა, - სთხოვა აიოკომ ტრუტის. ტყეში უცნაური, ვიწრო ბილიკები იყო ზედ დაყრილი ყვითელი ფოთლებით, თითქოს ვიღაცას დაეფინა ხალიჩასავით, დაბალი ბუჩქები ფერად-ფერადი მრგვალი ნაყოფებით და ხის ძირებზე ლურჯი ხავსი. ხეებზე პატარა, უბეწვო ცხოველები დარბოდნენ და წრიპინებდნენ. საიდანღაც წყლის ჩხრიალი ისმოდა, იქით წავიდნენ და მალე ვარდისფერი წყარო იპოვეს, თბილი იყო და ორთქლი ასდიოდა. აიოკომ ხელები დაისველა და სახეზე და თმებზე გადაისვა, მერე ტრუტის შეაწუწა. ტრუტიმ გაიცინა და იმანაც შეაწუწა. ცოტა ხანს იწუწავეს, ირბინეს და ითამაშეს ტყეში, მერე გაიუას ხესთან დაბრუნდნენ. - დაგვიტოვე რამე? – ჰკითხეს გერუს და ისინიც ხეზე აძვრნენ. რამდენიმე ნაყოფის გადასანსვლა კი მოასწრეს და კუნწულების სახლში წამოღებას აპირებდნენ, უზარმაზარი ფრინველის კივილი და ფრტების ტყლაშუნი რომ მოისმა, მისი ფრთების ჩრდილი თავზე დაეფინათ. ტრუტიმ ჰაერის ჭავლი ესროლა და დააფრთხო. - ჩქარა, თორემ ახლა სხვებს მოიყვანს! ანტიგრავიტანტისკენ გარბოდნენ. წივილით მოფრინავდნენ სხვა ფრინველებიც. გერუ ჩამორჩა, უშველებელ, ნაყოფებით დახუნძლულ ტოტს მოათრევდა. ფრინველები წამოეწივნენ, ერთმა მათგანმა კლანჭის გაკვრა დაუპირა, მაგრამ გერუმ ჰაერის ჭავლი ესროლა, ფრინველი დაფრთხა. ახლა მეორემ შეუტია, გაიუას ტოტს დაებღაუჭა, ის ერთ მხარეს ექაჩებოდა, გერუ მეორე მხარეს, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, ფრინველმა გამოგლიჯა ეს ტოტი, დაუსისინა გერუს და ფრთების რყლაშუნით გაფრინდა, სხვა ფრთოსნებიც უკან მიყვნენ. აიოკო სიცილს ვერ იკავებდა. - საზიზღარი ჩიტი! – ბრაზობდა გერუ. - დაწყნარდი, მე მოგცემ ერთ ცალ გაიუას! – დაპირდა ტრუტი.
***
პლანეტა დედამიწაზე ბინდი ეშვებოდა. სალი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, ზურგზე დიდი ჩანთა ეკიდა. მოწყენილი იყო, თავს რაღაცნაირად მარტოდ გრძნობდა. თითქოს არაფერი აკლია ცხოვრებაში და მაინც სულ რაღაც აწუხებს... მოდიოდა, თან საკუთარ შეგრძნებებს აყურადებდა - ... აი ქუჩა, ხეები, ტროტუარები, ადამიანები... შენ მიდიხარ... თუ ქუჩა მიდის შენს ფეხქვეშ, ვერ ხვდები... ტრიალებს და მიყავხარ, არ ჩერდება... ადამიანთა სახეები ენაცვლებიან ერთმანეთს... ყველას სხვადასხვა და ყველას ერთი სახე აქვს... შენი სახე გეკარგება ამ ადამიანთა შორის... შენი წარმოსახვაა ეს ყველაფერი, თუ თავად ხარQქუჩის სიზმარი... ნეტავი ვინ ვარ?..
***
- ჩვენს გალაქტიკაში 10907600 ვარსკვლავია, მათ შორის 375-ზე არის ცივილიზაცია, 9869-ზე – სიცოცხლე საწყის ან პრიმიტიულ სტადიაში. ჩვენს პლანეტას აღმავლობის პერიოდი აქვს – უკვე რამდენიმე საუკუნეა, ომი არ ყოფილა, როგორც იქნა, ადამიანები მიხვდნენ, რომ ომი უდიდესი ბოროტებაა... მიხვდნენ იმასაც, რომ ყველა სულიერში საერთო ღვთიური ნაპერწკალია – ანუ ერთი მთლიანის ნაწილები ვართ... ყველა ერთნი ვართ... როგორც ერთი ხის ფოთლები. ერთმა ტოტმა მეორეს რამე რომ დაუშაოს, ამით ხომ ხე დაზარალდება?.. ბევრ პლანეტაზე ახლაც ომია. არის საპლანეტათაშორისო ომებიც... საკუთარ ქვეყნებში და საკუთარ პლანეტებზე ვერ ეტევიან! ზოგ პლანეტაზე უკვე საცხოვრებელი პირობებიც აღარ არის, რესურსები ამოწურეს, გარემო დააბინძურეს... ან თავად პლანეტამ იცვალა სახე – ზოგან აცივდა, ზოგან დაცხა... დაიწყო ნგრევა, კატაკლიზმები...
სალი აივანზე დგას და სივრცეს გაყურებს: - რატომ მიყვები ამ ყველაფერს? - ვიცი, რომ გაინტერესებს. - მე რომ ვერ გხედავ? - სამაგიეროდ, ხომ გესმის ჩემი? - ჩემთან რატომ მოხვედი? - ძალიან მგევხარ. - მართლა?.. როგორ მინდა, მეც დაგინახო! - გამოიხედე ღამის ცაზე სამხრეთ-დასავლეთით მწვანე ვარსკვლავისაკენ და დამინახავ. - შენ სხვა დროში ხარ? - არა, შენს დროში. - ჩემამდე ხომ შენი ვარსკვლავის საუკანის წინანდელი სხივები მოდის?.. - გულის ხედვას დრო არ სჭირდება.
***
ოთახიდან ხმაური და მუსიკის ხმები გამოდის. - სალი სად არის, სალი? – ამხანაგები ეძებენ, მერე აივანზე გამორბიან. - აი, თურმე სად ყოფილა! – ხელს დაავლებენ, მიათრევენ ოთახში – ვიცეკვოთ, ვიცეკვოთ! აივანზე რა გინდა?! სალიც მომენტალურად მხიარულდება, ამხანაგებთან ერთად ცეკვას იწყებს. მერე პიანინოზე უკრავენ და მღერიან... სალის ძმა ბესიკი რაღაცას ყვება და იცინიან. როცა სტუმრები მიდიან, სალომე ზის და მეცადინეობს, მისაღები გამოცდებისთვის ემზადება. მათემატიკის წიგნი უდევს წინ – ინტეგრალები, ზღვრები, უწყვეტობა... ციფრები უსასრულოდ მრავლდებიან, ქმნიან მიმდევრობის უსასრულო რიგს და უსასრულოდ იყოფიან, სანამ ნულისკენ მიისწრაფიან... საზღვარი არსად არის, არც სასრული... უსაზღვრო, უსასრულო სამყარო, უსასრულო დრო, უსასრულო სივრცე... სად იწყება და სად მთავრდება სამყარო? ჩვენ სად ვართ? ან რატომ ვართ? საიდან მოვდივართ და სად მივდივართ?..
***
აიოკო ტრუტისტან ერთად არის ასტრო-ლაბორატორიაში. ულტრაძლიერი ტელესკოპებით გალაქტიკის თითქმის ყველა პლანეტის ახლოდან დანახვაა შესაძლებელი. ტრუტი გალაქტიკების ყველაზე “ბნელ ადგილებს”, შავ ხვრელებს სწავლობს, სპინალური ლაზერის სხივით შეიძლება მათში შეღწევა, ასევე, სულიერი თვალითაც. აქ სრულიად განსხვავებული ფიზიკური სტრუქტურაა. - შენი მეგობარი როგორ არის პლანეტა პომპეოდან? აიოკოს ეღიმება, ახსენდება თავისი ვირტუალური შეხვედრები უცხოპლანეტელთან. ძალიან იყო გატაცებული, მაგრამ იმან ბოლოს მაინც თავისი პლანეტის მიწიერი სიყვარული აირჩია. - კიდე ხვდები? - არა, უკვე წარსულს ჩაბარდა. - ის დედამიწელი გოგო? - ძალიან მომწონს, იცი, როგორია? – აიოკო ჯიბიდან ფანქრებს იღებს და სწრაფად ხატავს. - ეს ხომ შენა ხარ? - ჰო, ძალიან მგავს. - ხომ არ გადავფრენილიყავით იმ პლანეტა დედამიწაზე? - ძალიან შორია, თანაც, ყოველდღე ვხედავ. - როგორი პლანეტაა დედამიწა? - ლამაზია, ცისფერი მანტიით, ყვითელი მზით და ერთი თანამგზავრით. საშუალო რანგის პლანეტაა, მე-4 ცივილიზაციას იცვლის. - როგორი ბუნება აქვს? - ბობოქარი ზღვები, მდინარეები, შრიალა ტყეები, შხაპუნა წბიმები და შენ წარმოიდგინე, ფაფუკი თოვლიც! - ადამიანები? – საკმაოდ ემოციურები, კეთილები და ჭკვიანები... მედიტაციის ტექნიკასაც ფლობენ, უხსოვარი დროიდან ჰყავდათ სულიერი ოსტატები. თუმცა, უარყოფითი თვისებებიც ქვთ, რა თქმა უნდა, მატერიალურ ღირებულებებზე ჭკუას კარგავენ! თუმცა, ცხოვრებაა ასეთი, ახლა ძალიან უჭირთ... ლაბორატორიაში მასწავლებელი შემოდის წიგნებით ხალში. - ნაშრომებს როდის წამომიდგენთ?
***
“...რა მჭირს ნეტავი? თავში ყველაფერი არეული მაქვს – ხან ხმაური მესმის, ხან – მუსიკა! ახლა კიდევ ეს ლაპარაკი!.. საიდან მესმის? ვინ არის ნეტა? მართლა არის, თუ მეჩვენება? უცხოპლანეტელია!.. არსებობენ უცხოპლანეტელები? სიზმარშიც ვნახე... თუ ცხადი იყო? თუმცა, რა განსხვავებაა ცხადსა და სიზმარს შორის? ორივე სუბიექტური რეალობაა, ჩნდება და ქრება...
- გაიზრდები და ყველაფერს მიხვდები. - რას მივხვდები? - რომ უფრო დიდი რეალობა არსებობს. შენი სამყარო კი ამ დიდი რეალობის მხოლოდ ნამცეცია. თუმცა, ყველაზე პატარაც კი ყველაზე დიდია, მცირე – დიდის შემცველია, დიდი – მცირესი, პატარაში დიდი აისახება და დიდში პატარა...
***
დედამ თეფშები და ჭიქები დააწყო მაგიდაზე – ჩაი ჩამოასხა. - ბესიკი, სალომე რატომ არ მოდის? – ჰკითხა შვილს. - არ სცალია, თავის თავს ელაპარაკება! - ისევ?.. - გაგიჟდა მგონი, საწყალი! - რას ამბობ, აბა, შენს დაზე! ალბათ ზედმეტი სწავლისგან გადაიღალა...
***
სალომე აივანზე გავიდა, ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი, ჩრდილო-დასავლეთისკენ კი მწვანე ვარსკვლავი კიაფობდა. “აი, მწვანე ვარსკვლავი,” – სალომემ საოცარი სითბო იგრძნო, რომელიც ამ ვარსკვლავიდან მოდიოდა და თითქოს გულში ეღვრებოდა. ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა...
- ახლა ჩემთანაც ღამეა და შენთანაც - შენ დგახარ და უყურებ ვარსკვლავიან ცას. ახლა სწორედ ჩემსკენ იყურები, მწვანე ვარსკვლავისკენ – დაჟინებული მზერა გაქვს, მოშტერებული. სახეზე უცნაური ნათელი დაგფენია, თაფლისფერი თვალები გაგფართოებია... შენ მიყურებ! – თითქოს სულ ახლოს ხარ ჩემთან... აიაკოს სიხარულისგან გული უფანცქალებს - – ოჰეჰოიი..! – ეძახის და ხელს უქნევს. აიაკო დახტის სიხარულისგან – ოჰეჰოიიი..! – სალომე უყურებს, იღიმება, ისიც დახტის და ხელს უქნევს!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. დიდი მადლობა დიდი მადლობა
1. მშვენიერი ფანტასტიკური მოთხრობაა მშვენიერი ფანტასტიკური მოთხრობაა
|
|
მონაცემები არ არის |
|
|