ადრე, ძალიან დიდი ხნის წინათ, პეპლებს უფერო, პატარა ფრთები ჰქონდათ და ერთი თვე ცოცხლობდნენ. ერთ-ერთ, ჭუპრიდან გამომძვრალ პეპელას, რომელიც ნაირფერი ყვავილებით მოჩითულ ველზე დაიბადა, ძალიან მოუნდა თვითონაც ყვავილივით ლამაზი ყოფილიყო. შეარჩია ულამაზესი ყვითელფურცელა ყვავილი და მორცხვად სთხოვა: მეც მინდა თქვენსავით ლამაზი ვიყო, თუ შეგიძლია, მათხოვე გვირგვინის ორი ფურცელი, თუნდაც ერთი დღით. ყვავილმა ღიმილით დახედა უსახურ პეპელას. მოეწონა მისი მისწრაფება სილამაზისკენ, დაუნანებლად გამოიძრო და მისცა მას ორი ფურცელი. პეპელამ სიხარულით მიიკრა ისინი თავის პატარა ფრთებზე და ფრთხილად აამოძრავა. ისინი მყარად მისწებებოდნენ და თავისუფლად მოძრაობდნენ. გახარებულმა პეპელამ ფრთა-ფრთას შემოკრა და აფრინდა. ხან ერთ ყვავილს ესტუმრა, ხან მეორეს. მისმა მოძმეებმა რომ ნახეს საოცრად გალამაზებული პეპელა, თვითონაც მოუნდათ ლამაზებად ყოფნა. ზოგმა წითელფურცლება ყვავილს მიაკითხა, ზოგმა ჭრელფურცლებას, ზოგმა ცისფერ, ლურჯ, იისფერ ფურცლება ლამაზმანებს და ის მიდამო საოცარი ფერებით აივსო. გეგონებოდათ, ყვავილები აფარფატებულან ჰაერშიო. პეპლების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ხან აღმა დაფრინავდნენ, ხან დაღმა. ხანაც ერთმანეთს დასდევდნენ ანცი ბავშვებივით, დაჭერობანას თამაშობდნენ, ხანაც ყვავილზე დასკუპდებოდნენ. საღამოს, როცა მზე ჰორიზონტს მიუახლოვდა, ნაჩუქარ, ფრთებად ქცეულ ფურცლებს ჭკნობა შეეპარათ. მზე ჩაესვენა თუ არა, ის ფურცლებიც ჩამოცვივდნენ. - მე არ მინდა ისევ უშნო ვიყოოო - ატირდა ის პეპელა, ვინც პირველად მოიფიქრა, როგორ გალამაზებულიყო. - არც მე - წამოიძახა მეორემ - ყოველ დღე ხომ არ გვაჩუქებენ ყვავილები ფურცლებს - ცრემლები გადმოყარა მესამემ. - ღმერთო, რა იქნება ვიყოთ ისეთი ლამაზები, თუნდაც ერთი დღით - ქვითინით თხოვა უფალს პირველმა პეპელამ. - ვიყოთ, ვიყოთ ლამაზები, თუნდაც ერთი დღით - აყვნენ დანარჩენებიც და მოხდა სასწაული, ღმერთმა შეისმინა პეპლების თხოვნა. იმ დღის მერე ფერადი, ფრთაფარფატა პეპლები ალმაზებენ გარემოს და მათი უმრავლესობა მართლაც, მხოლოდ ერთი დღე ცოცხლობს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძალიან კარგი და პეპელასავით ლამაზი საბავშვო მოთხრობაა. ძალიან კარგი და პეპელასავით ლამაზი საბავშვო მოთხრობაა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|