ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
28 აგვისტო, 2024


უსხლავი

ამოძვრებიან მზის სხივები შენი კანიდან,
შემდეგ ალიბად დაგირჩება სხეულზე ჭორფლი,
ხალი. პიგმენტი.
მეცილებიან შენთან ყოფნას სცილა. ქარიბდა.
კიდევ რამდენი უნდა ვღვარო ცრემლი და ოფლი?
დიდხანს ვითმენდი
უშენო დღეებს - უთქმელად და უზიარებლად,
დავტრიალებდი არწივივით ციხის გალავანს,
იქნებ მენახე...
ზოგჯერ აქლემსაც მობეზრდება კუზის ტარება
და მიაფურთხებს თავის მოდგმის დუნე ქარავანს,
მე კი ვენახი,
ვაზის რიგები მესიზმრება, ჯერაც უსხლავი,
შეუწამლავი და ურწყავი - შავი დირბულა,
იმ ვრცელ ველებზე...
გაგეცინება, ჩვენში მტერსაც ღვინოს უსხამენ,
სამსალის ნაცვლად, ასეთებად ვიშვით: დიდგულა
მიმტევებლებად.
ვენახის ბოლოს მდინარეა, იმ მდინარესთან,
უთუოდ გნახავ და ახლოდან დაგაკვირდები,
სადმე, ბოგირთან...
მოვალ და ხელში აგიტაცებ, სანამ გათენდეს
და ანგელოზის საყვირებით - ბრუგმანსიებით,
ლოგინს მოგირთავ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები