 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 30 აგვისტო, 2024 |
#ლექსები ნინო დარბაისელი
ტრიკლინიუმი. ღმერთი - ინახად
ამბობენ, მოსე პურობისას ფეხმორთხმით იჯდა, ფეხმორთხმით ისხდნენ პურობისას პატრიარქები, გამოხდა ხანი და რომაელ დამპყრობელთაგან ებრაელებმაც აითვისეს ტრიკლინიუმი - სამი მართკუთხა, დიდი ტახტი, განლაგებული ნალისებურად, შუაში იმავ ტახტის სიმაღლე რაიმე ტაბლა, მეოთხე მხრიდან - ღია ალაგი - მომსახურეთა მიმოსასვლელი. რომ თავისუფლად მოეზიდათ საჭმელ-სასმელი.
მიწოლილ სტუმრებს წინ დაუდგეს ტაბლა ქალებმა, ბალიშ-მუთქა დაუყარეს ტახტზე ასფერი. სერობის ჟამად მაცხოვარი იწვა ინახად. იყო მარცხენა მხარ-თეძოზე წამოწოლილი, ხოლო მარჯვენით საზრდოს იმას შეექცეოდა, წინ ედოთ თევზი, ცოტა პური, ხილის ჩირი და გაზავებული ღვინით სავსე თითო ფიალა…
უცებ იალა!
რაც გულს ანათებს, მადლი კი არა, ზოგჯერ მეხია! ფიქრის გორგალი გულზე დარდად რად დამეხვია? საიდუმლოსთვის, სჯობდა, გარსი არ შემომეხია და არ მეხილა, სინამდვილე რა უკმეხია.
ამა სოფლისა მბრძანებელს და დემონებს ემტრე. - ფარას გაბარებ, შენ დამწყსეო ჩემი ცხოვარი, - ვისაც უთხარი და სიმტკიცით კლდეს შეადარე, უწოდე პეტრე, მამლის მესამე დაყივლებამდე სწორედ იმან სამგზის უარგყო.
ხოლო იმას კი, ვინც მექოთნეთა მიწისათვის ძლივს გასაწვდენად, - ოცდაათ ვერცხლად შეგაფასა, ღმერთი გაყიდა, შეიქნა ვინაც მოკავშირე მბრძანებელთა ამქვეყნიურთა და ვინც საქვეყნოდ თავის ამბორით ქრისტეობა დაგიდასტურა, ერქვა იუდა.
თუკი საქვეყნოდ უარყოფა, სამჯერ, ზედიზედ - ღალატს არ ნიშნავს, და საქვეყნოდვე შენი ცნობა არის ღალატი, ვით ყველაფერი ამ ცხოვრებაში, თვით ღვთაებრივი მეგობრობაც კი რთულია და გაუგებარი. ამოცანაა ამოუხსნელად ჩვენწინ მდებარე, ჩვენ რა ვქნათ, კაცთა, ვინც მოგენდეთ და მოგებარეთ!
სერობის ჟამად მაცხოვარი იწვა ინახად. რენესანსულად ვსვამთ მაგიდასთან, ვუჯერებთ ნახატს!
იესო, ქრისტე, მაცხოვარო მჯდომო ინახად, გზას აცდენილმა კეთილ მწყემსად შენ დაგისახა, გეძება რაკი, მონატრულმა, თქვა გულმან ,,აჰა!” ან რომ ევედრე, ის სასმისი მამამ რატომ არ აგაცილა ანდა სოფელმა ავი თვალით რად დაგინახა!
* * * #ლექსები
ნინო დარბაისელი
ახალგაზრდა პოეტს
თუ პოეზია გადაუხდელი არის ნისია, ზოგი ალბათ თვლის, რომ ეს არის მისი მისია, ზოგს - მხოლოდ უყვარს, მერე რა, რომ ლექსი სხვისია, ზოგმა - ტიტველზე დაგეშილი მკითხველებიც შემოისია … სხვაც ბევრი ვიცი, განმკითხველი - წინ - მერმისია… მაგრამ არსებობს ამა ქვეყნად ერთი ნაცნობი და ეტმასნება მას რატომღაც მრავალი სნობი; ის - პატარაა და არასდროს არ შემხვედრია, რომ არ ვიცნობდე მას რეალში - ჩემი ხვედრია. და რით მამძიმებს მასზე ფიქრი, მისახვედრია.
და პოეზია მისთვის შვებაა და ნეტარება, როგორც გადაჭრილმაჯიანი ხელის ჩაყოფა ნელთბილ ვანაში, გაკვირვებული ფიქრის მოსწრება და გატარება, რომ შიგ - ვენიდან მოთქრიალე სისხლის ნაკადი უცებ დუნდება და აქეთ- იქით აღარ ესხმება. გასტანჯეს ხმებმა! იბრძვის, თან ხმება, (თუმცა ამ პორტრეტს არ ეთანხმება).
მე მეშინია, რომ ერთ დილას გამეღვიძება, გამოვალ გარეთ და დამიხვდება ძირს გაფანტული, სულ გამოხრული იმისი ძვლები და მოზლუქუნე არსებანი მეტყვიან ასე: - იცი, წუხელი როგორც სჩვეოდა, ის ეგდო მარტო, უმისამართო, ნახა მშიერმა პოეზიამ და ბოლო ძვლამდე შემოეჭამა.
ყოველი ლექსი - სიკვდილამდე - ბოლო წამია. იქნებ ყველასაც დაავიწყდეს, რაც უწამია. ეგეც გაივლის, ყველას გველის გაღმა ნაპირი, არ გვეყოლება ის გულწრფელი და პირდაპირი, მხარდამხარ დასდევს პოეზიის მუზა-ვამპირი.
ყველაზე ძნელი დღეს რა არის?! რა და რჩენაა! და მე არ ვიცი, სიკვდილი თუ ცოცხლებში ყოფნა - მისთვის რომელი უფრო ნაღდი გადარჩენაა!
*** #ლექსები ნინო დარბაისელი
ღამის ესკეიპი (ნახევარი საუკუნის წინ საბჭოთა გემიდან ცურვით გაიქცა სტანისლავ კურილოვი)
შიგნით ვინ იცის გარეთა დარი, მზეა თუ საავდროა! ღამით გარბიან ციხეებიდან, ღამე გაქცევის დროა.
როცა სიცოცხლე ყელში გაწვება, აუტანელი როა, ღამით გარბიან ციხეებიდან, ღამე გაქცევის დროა.
უნდა გასტყორცნოს სულმა სხეული, მძიმეა, ვით ბადროა! ღამით გარბიან ციხეებიდან, ღამე გაქცევის დროა.
გარეთ რამდენი ვარსკვლავი ცვივა, ცხოვრება რა მყუდროა! ღამით გარბიან ციხეებიდან, ღამე - გაქცევის დროა!
აპოკალიფსის მოსჩანს მხედარი. აქ - ყველა - სამხედროა. გაქცეულები - არ ბრუნდებიან. ღამე გაქცევის დროა!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მუხა საყვარელო, ვერ წარმოიდგენ, როგორ მახარებს შენი ყოველი გამოჩენა და კომენტარები. ადრეც მითქვამს და კიდევ ვიმეორებ. ურაკზე რამესპირადად შენი და კიდევ ორიოდე ახლობლის გულისთვის ვდებ… და არა იმიტომ, რომ მკითხველი არ მიყვარს. ძალიანაც მიყვარს და მყავს იგი, იმდენი და ისეთი, როგორსაც ჩემი ნაწერები ოთხოვენ, მაგრამ დანარჩენი მეგობრები - ფეისზე აქტიურობენ და ძირითადად იქ ეცნობიან ნაწერებს. არამხოლოდ ჩემთვის, არამედ ნებისმიერი ავტორისთვის დიდი ფუფუნებაა, ჰყავდეს შენნაირი ფართოდ ერუდირებული და გემოვნებიანი, ესთეტიკური ალღოთი დაჯილდოებული, ერთგული მკითხველი. მუხა საყვარელო, ვერ წარმოიდგენ, როგორ მახარებს შენი ყოველი გამოჩენა და კომენტარები. ადრეც მითქვამს და კიდევ ვიმეორებ. ურაკზე რამესპირადად შენი და კიდევ ორიოდე ახლობლის გულისთვის ვდებ… და არა იმიტომ, რომ მკითხველი არ მიყვარს. ძალიანაც მიყვარს და მყავს იგი, იმდენი და ისეთი, როგორსაც ჩემი ნაწერები ოთხოვენ, მაგრამ დანარჩენი მეგობრები - ფეისზე აქტიურობენ და ძირითადად იქ ეცნობიან ნაწერებს. არამხოლოდ ჩემთვის, არამედ ნებისმიერი ავტორისთვის დიდი ფუფუნებაა, ჰყავდეს შენნაირი ფართოდ ერუდირებული და გემოვნებიანი, ესთეტიკური ალღოთი დაჯილდოებული, ერთგული მკითხველი.
1. გამაოცე იმდენად საინტარესო ინფორმაციას, მელოდიურობას, რიტმიანობას , თქვენს პოეზიაში კარგად ჩანს მხატვრული ენის სპეციფიკური არსის კანონიზებული საფუძვლები. ლექთაწყობის თეორიები ბრავო.
გამაოცე იმდენად საინტარესო ინფორმაციას, მელოდიურობას, რიტმიანობას , თქვენს პოეზიაში კარგად ჩანს მხატვრული ენის სპეციფიკური არსის კანონიზებული საფუძვლები. ლექთაწყობის თეორიები ბრავო.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|