მჭირს სიყვარული განუკურნელი
ტაო-კლარჯეთის მიწის სურნელი - არის სურნელი საქართველოსი, მჭირს სიყვარული განუკურნელი ბაგრატიონთა სამფლობელოსი.
დღეს აღარ რეკენ ოშკის ზარები, თუმც კვლავ აოცებს მნახველებს ოშკი, თითქოს ყველა დღე არის ზმანების, სიზმარში ვხედავ: ხუთჯვრიან დროშით
როგორ შევდივარ წმინდა ტაძარში და როგორ მლოცავს გრიგოლ ხანძთელი, ვხედავ დედოფალს - ქართულ კაბაში და მიხარია რომ ვარ ქართველი.
ჭოროხს გაღმაც ძგერს ქართული გული, იმ ლაზისტანსაც ვლოცავ ბერივით, შეინარჩუნეს ენა ქართული ფერეიდნელი ქართველებივით.
მინდა ამიხდეს ყველა სიზმარი, ცხადად ვიხილო ყველა ზმანება, ვიდრე მასველებს ჩემი ცის ნამი, იარები მაქვს სულში ბზარებად.
ტაო-კლარჯეთის მიწის სურნელი - არის სურნელი საქართველოსი, მჭირს სიყვარული განუკურნელი ბაგრატოვანთა სამფლობელოსი.
თუმც აღარ რეკენ ოშკის ზარები, დღესაც აოცებს ოშკი მნახველებს, გულით მიქებენ ლამაზმანები დიდ წინაპართა უკვდავ სახელებს.
დედამ ფიალა ღვინით ამივსო, მსურს ვნახო ერი-გამარჯვებული, ჩემი ფესვები სამარადისოდ ამ მიწაშია დამარჯნებული.
ოთარ რურუა
..............................................................................................................................
სიზმრად ვნახე წუხელ ტაო
სიზმრად ვნახე წუხელ ტაო, ტაო - ჩვენი საქართველო, ჰოი, როგორ მინდა დაო ტკივილები გავამრთელოთ.
მტკივა, როგორც სამაჩაბლო, მტკივა, როგორც აფხაზეთი, ვცდილობ: არ გადავაჭარბო სათქმელს... შემწედ გვყავდეს ღმერთი.
რა რთულია ხვედრი ერის, ვართ ცრემლებით დანამული, მსურს ვიხილო ბედნიერი ჩვენი მიწა და მამული.
სიზმრად ვნახე წუხელ ბანა, ბანა - ძველი საქართველო, ზურგში ჩასცა ბედმა დანა, მინდა წყლული გავამრთელოთ.
დრო - დროს, დღე - დღეს, თვე - თვეს მისდევს, აღარ ხარობს ბაღში ნუში, თუმც მწამს: შეგვეწევა ქრისტე მშობლიურის სიყვარულში.
ოთარ რურუა
.....................................................................................................
ოდა ტაო-კლარჯეთს
მიყვარხარ ტაო-კლარჯეთო, სიზმარში ხშირად გნახულობ, გული სიამით მევსება ჩემო ოშკო და ხახულო.
ისევ აოცებთ მნახველებს, მე ესეც მყოფნის საკვეხნად, დიდება იმათ სახელებს, ვინც აღგაშენათ ამქვეყნად.
ეს არის-რაც დაგვრჩენია, არც გვინატრია სხვა ბედი, ჩვენია... მხოლოდ ჩვენია იშხანიც, ხანძთაც, შატბერდიც.
მეც მხიბლავს ტაო-კლარჯეთი, თუნდაც სიზმარში ნახული, გვწყალობდეს სალოცავები და ღვთისმშობელი ხახულის.
ოთარ რურუა
...............................................................................................................................
მე ეს თვალები სადღაც მინახავს
მე ეს თვალები სადღაც მინახავს, არ მავიწყდება ერთხელ ნახული, ნეტავ ასეთი რა ხარ, ვინა ხარ, მაოცებ, როგორც ოშკი, ხახული.
შენი თვალები ისე მიზიდავს, ვით იზიდავდა სოსლანს - თამარი... არსად წახვიდე შენი მიწიდან, თუ სამშობლოა შენთვის მთავარი.
მინდა მწედ ჰყავდე ამ საქართველოს და უერთგულო კუბოს კარამდის, ერს წარმოადგენ, ვიდრე ჯანმრთელობ, ერს - თვით ,,ვეფხვის და მოყმის ბალადის“.
მე ეს თვალები სადღაც მინახავს, არ მავიწყდება უკვე ნახული, სხვა გოგონებზე ბევრად წინა ხარ, მანცვიფრებ, როგორც ოშკი, ხახული.
შენი თვალები ისე მიზიდავს, ვით იზიდავდა სოსლანს - თამარი... არსად წახვიდე შენი მიწიდან, თუ სამშობლოა შენთვის მთავარი.
მუდამ გახსოვდეს ჩემი სიტყვები, მინდა კოცნებით კალთა აგივსო... წმინდა ქართულ გზას თუკი მიჰყვები, ჩვენში დარჩები სამარადისოდ!
ოთარ რურუა
..........................................................................................................................................
ჩვენ
ნათია სებისკვერაძეს
მინდა დავლიოთ ღვინო ყვარული, დავლოცოთ მათი შთამომავლობა, - ვინც რომ გვასწავლა ჩვენ სიყვარული, ყველას გულწრფელად ვუთხრათ მადლობა.
მინდა დავკოცნოთ ჩვენივე მიწა, მოგველის ტაო ხუთჯვრიან დროშით, პეშვებით შევსვამთ ფსოუს და რიწას, ეს დროც დადგება ამ სამყაროში.
ისევ ვიჯერე გული სიმღერით, მწამს: აგვიხდება ყველა ოცნება, ,,ვარ გაუთლელი ლერწამის ღერი, ტუჩმიუდებლად რომ იკოცნება“.
ეს გაუმარჯოს კაზმულ სიტყვის მადლს, მკითხველებისთვის ისევ დავშვრები, ჩვენ პოეზია ისე გვიზიდავს, როგორც სამყაროს ბავშვთა - ბავშვები.
ოთარ რურუა
.....................................................................................................................................
ქართველის მონოლოგი
,,მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია“.
ოთარ ჭილაძე
არ დამითმია ნებით ტაო და არ დამითმია ნებით ლაზეთი, თუ საქართველო უწინ ჰყვაოდა, ჩამოჭრილი აქვს დღეს აფხაზეთიც.
გული კვარივით ჩამოღვენთილა, სევდა მაწუხებს ყველა კილოსი, ტაო-კლარჯეთის ცრემლის წვეთი ვარ, სევდის სიმღერა საინგილოსი.
სამაჩაბლოდან მოტანილ მტრედის ისევ ვკითხულობ გულწრფელ ბარათებს, გულში ჩამესმის გოდება დედის, ჩვენთვის მნათობიც აღარ ანათებს.
საქართველოა - ეს ყველა მიწა, მოყვრები - მოყვრებს სანამ მითვლიან, ,,მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია“.
ოთარ რურუა
.............................................................................................................................................
ერთიან საქართველოსთვის
მინდა ვილოცო ილორში, გმირებს დავუნთო სანთელი, ტაოშიც... საინგილოშიც ისევ მღეროდეს ქართველი.
მე ის ვარ, - ვინც რომ მივიდა რწმენით გელათის ტაძრამდე... ისმოდეს ნიკოფსიიდან ერის ხმა დარუბანდამდე.
მინდვრად დავკოცნე ღიღილო, მიწა - ცრემლებით ნამული, მსურს ბედნიერი ვიხილო აღმაშენებლის მამული.
შვილებით გარემოცულო - შენს ამაგს ვერვინ ვერ მოსთვლის, ვწერ და ყოველდღე ვლოცულობ ერთიან საქართველოსთვის.
ოთარ რურუა
..............................................................................................................................
ქართველის მონოლოგი
აიეტიდან მოვდივარ - ოქროს საწმისის მფლობელი, აღმაშენებლის ლოდი ვარ, გელათის საგალობელი.
ისეთი ქვევრის ღვინო მაქვს, ისეთი ვაზის ჯიშები, მთვრალიც ჩაიდენს გმირობას, გაუქარწყლდება შიშები.
ვუმღერი დედაშვილობას, დაჭრილ გულს დრო გაამრთელებს, ვუქებ მამულიშვილობას მსხვერპლად შეწირულ ქართველებს.
ლექსს ვუწერ იმათ ცხოვრებას, ვინც იყო ერის სინდისი... ყოველთვის მემახსოვრება: ცხრა აპრილი და შინდისი.
მანცვიფრებს ფრესკა თამარის - ბეთანიაში ნახული, საქართველოა! - აქ არის ბანა, ოშკი და ხახული.
მსურს მოვილოცო სამთავე, ვიმოგზაურო წარსულში, მოვკვდები, დამასაფლავეთ ამ ჩემს სალოცავ მამულში.
წელგამართული დავდივარ, არც რა მჭირს სანანებელი, გორგასლის მუზარადი ვარ, რუსთველის ნიჭის მქებელი.
ვკითხულობ ,,ვეფხისტყაოსანს“, მაოცებს შოთას აზრები, ვითარცა დედას შაოსანს, მელიან ჩემი ტაძრები.
გავჩნდი... შუბლზე მცხეს მირონი, წყალობას ღვთისგან მოველი, ალავერდიც მაქვს, ილორიც, იყალთოც, სვეტიცხოველიც.
კვლავ სიამაყის განცდით ვწერ, სულშიც მინთია სანთელი, როს მიწა გულზედ გადმიწვენს, ცაშიც ვიქნები ქართველი.
ოთარ რურუა
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძალიან კარგებია. ძალიან კარგებია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|