მაპატიეთ, სხვადასხვა მიზეზთა გამო გაგრძელების დადება დამიგვიანდა. ბოდიშს გიხდით
თავი 2 - როგორც გენებოთ, ზღვა ჩემი საკუთრება კი არაა - გავუღიმე და გულაღმა გავწექი დასასვენებლად. მანაც მომბაძა. - ხომ არ გაგვეცნო ერთმანეთი? მე ანდრეი მქვია. ანდრეი ეგოროვის ძე. თქვენ უბრალოდ ანდრეი დამიძახეთ. - კეთილი, გავუღიმე - ანდრეი ჩვენებურად ანდრიაა. ასე რომ მოგმართოთ? - როგორც თქვენ გაგიხარდებათ - გამიღიმა მან და უზადო კბილებმა თვალი მომჭრა. - თქვენ როგორ მოგმართოთ? - მერი მქვია. გიორგის ასული ვარ, მაგრამ თქვენც უბრალოდ მერი დამიძახეთ. ქართველები არ ვხმარობთ მიმართვაში მამის სახელს. - ეგ ვიცი. მე ქართველი მეგობარი მყავდა, ნოდარი ერქვა. სამწუხაროდ, საკმაოდ ადრე გარდაიცვალა. - ქართული მისგან ისწავლეთ? - დიახ. გულმოდგინედ მასწავლიდა - გაიცინა ანდრიამ, - თუმცა ბევრი ვერაფერი მასწავლა. გაგებით უფრო მეტს ვგებულობ, ვიდრე ვლაპარაკობ. თქვენ საიდან იცით ასე კარგად რუსული? - ჩემი თაობა ასე თუ ისე, ნორმალურად ეუფლებოდა რუსულ ენას, თან მე მიყვარს რუსული ფილმები, ხშირად ვუყურებ მათ და ენის მარაგიც ივსება - ვუპასუხე მე და გადმოვბრუნდი, რათა ნაპირისკენ გამეცურა. ანდრიაც გვერდით მომყვა. ნაპირზე ხალხი გამოსულიყო. პირსახოცი შემოვიხვიე და ანდრიას დავემშვიდობე. - რატომ მემშვიდობებით? ჯერ მხოლოდ დილაა, ისევ შევხვდებით - გააპროტესტა მან.- სად ისვენებთ? აღმოჩნდა, რომ ერთი და იგივე სასტუმროში ვისვენებდით, ოღონდ ის მეოთხე სართულზე იყო, მე მეორეზე. ეზოში ერთად შევაბიჯეთ და ჩვენ-ჩვენი ოთახებისკენ გავწიეთ. მე მოვწესრიგდი, ჩემდა უნებურად მსუბუქი მაკიაჟიც კი გავიკეთე და სასაუზმოდ წავედი. სასადილო ოთახში თითქმის ყველა მაგიდა დაკავებული იყო. მიმოვიხედე ცარიელი ადგილის მოსაძებნად. უცებ ჩემი სახელი მომესმა. ფანჯარის ახლო მდგომ მაგიდასთან ანდრია იდგა და ხელს მიქნევდა. საუზმემ მხიარულად ჩაიარა. ანდრია კარგი მოსაუბრე, თან იუმორის გრძნობის მქონე აღმოჩნდა. - როგორც ვხვდები, აქ მარტო ისვენებთ, მეუღლეს არ ეცალა? - გამეღიმა. რა შეფარვით მკითხა, მყავდა თუ არა მეუღლე. - მეუღლე არ მყავს. - უი, მაპატიეთ. ალბათ გარდაცვლილია. - არა, არც არსდროს მყოლია. მან გაკვირვებით შემომხედა და შევამჩნიე, გაუხარდა ჩემი ნათქვამი. ცოტა ხანს ხმა არც ერთს არ ამოგვიღია. - ახლა რას აპირებთ? - მკითხა ანდრიამ, როცა სასადილოდან გამოვედით. - გავისეირნებ, შემდეგ ისევ პლაჟზე გავალ. - შეიძლება მეც შემოგიერთდეთ? შევყოყმანდი. რომ დავთანხმდე და ცოტა ქარაფშუტად ჩამთვალოს? არადა, მეც მსიამოვნებდა მასთან ყოფნა, მასთან საუბარი. მან შემატყო, რომ ვყოყმანობდი - ხელს არ შეგიშლით. თუ გნებავთ, ხმასაც არ ამოვიღებ. გთხოვთ, უარს ნუ მეტყვთ. გამეცინა. - ჩემს გამო ნუ დამუნჯდებით. ხელი რაში უნდა შემიშალოთ? კარგი, წავიდეთ, გავისეირნოთ. თითქმის ერთი საათი დავდიოდით. ორჯერ ავიარ-ჩავიარეთ ურეკის მთავარი ქუჩა. ხან რაზე ვილაპარაკეთ და ხან რაზე. საკმაოდ კარგად იცნობდა საქართველოს ისტორიას, ქართველ მწერლებს, მსახიობებს, მხატვრებს, სპორტცმენებს. ჩვენს კულტურულ ძეგლებს. ეს რომ ავღნიშნე, მითხრა: - ჩემი პირველი შეყვარებული ქართველი იყო. სამ წელზე მეტი ხანი გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა. მაშინ დავინტერესდი თქვენი ქვეყნით. მაგდამ, ასე ერქვა იმ გოგონას, ბევრი რამ შემაყვარა ქართული. პირველად მაშინ ჩამოვედი საქართველოში. ოჯახშიც კარგად მიმიღეს. მომატარეს თითქმის ნახევარი საქართველო. შემდეგ ზაფხულს ვგეგმავდით დაქორწინებას. მე წყალქვეშა ნავზე მოვხვდი. სამი თვე დავყავით ზღვაში. დაბრუნებულს შემზარავი ცნობა დამხვდა. ჩემი მაგდა ალპინიზმით იყო გატაცებული. იმ ზაფხულს, ექსპედიციაში წასულიყო და მწვერვალაზე ასვლისას მომწყდარიყო. ცოცხალი კი გამოიყვანეს თურმე, მაგრამ მხოლოდ ერთი ღამით. მეორე დღესვე წამოვედი საქართველოში. მისმა ოჯახმა შვილივით მიმიღო. დედამისი მოთქვამდა:“ასე მგონია, მაგდა გაცოცხლდაო“. ორი დღის მეტი ვეღარ გავჩერდი. მეგონა, გული გასკდებოდა. წამოვედი და ისევ იმ წყალქვეშა ნავზე ვითხოვე გადაყვანა, რომელიც უახლოეს დღეებში გადიოდა. იქ დამხვდა ნოდარი, ქართველი მეზღვაური, რომელსაც მალე დავუახლოვდი და ძმასავით შევიყვარე. წლები დამჭირდა, მაგდას არ არსებობას რომ შევჩვეოდი. შემდეგ შევხვდი ოლგას, რომელიც გარეგნულადაც და ხასიათითაც საკმაოდ ჰგავდა მაგდას. ბედნიერად ვიცხოვრეთ 18 წელი და ოლგას ონკოლოგიური დაავადება აღმოაჩნდა. ერთადერთი გოგონა გვყავდა, მაგდა. გერმანიაში სწავლობდა და იქვე გათხოვდა, ასე რომ დავრჩი მარტო. სამსახურიდანაც თადარიგში გადავედი. რაც მინდა იმას ვაკეთებ, სადაც მინდა იქ დავდივარ - გაიცინა მან. მონაყოლმა დამასევდიანა. წარმოვიდგინე მათი სიყვარულის ისტორია, ჩემებურად ისიც, როგორ შეიძლებოდა გაგრძელებულიყო მათი ცხოვრება. გული დამიმძიმდა. ანდრიამ შემატყო, რომ მისმა მონაყოლმა ცუდად იმოქმედა ჩემზე. - არ მინდოდა ჩემი ისტორიის მოყოლა, რაღაც უნებურად გამოვიდა ასე. ნუ მოიწყინეთ მერი, თორემ მეც მოვიწყენ - ისე გულიანად მთხოვა, ვეცადე, გამეღიმა. - აი, მოვედით კიდეც. დროებით. ნომერში ავალ, გამოვიცვლი და ზღვაზე გავალ. - მე იქ დაგხვდებით. მე მხოლოდ გავუღიმე და სასტუმროში შევედი.
თავი 3
ოთახში შესულს თვალი სარკისკენ გამექცა. იქიდან ასაკოვანი, ჯერ კიდევ საკმაოდ მიმზიდველი ქალი მიყურებდა. ლამაზი სხეული, ქერა თმა, რომელსაც ვერცხლისფერი სიმები არ ეტყობოდა, მუქი, ჭაობისფერი თვალები, პატარა ცხვირი, დილის მზისგან შეწითლებული ლოყები, ჯერ კიდევ უნაოჭო, გადატკეცილი შუბლი ცუდ შთაბეჭდილებას არ ტოვებდა. საწოლზე დავეშვი. „რა იყო მერი? რამ აგაფორიაქა? რატომ დაგანაღვლიანა ვიღაც რუსი მამაკაცის წარსულმა? რატომ გსიამოვნებს მასთან საუბარი? მის გვერდით ყოფნა? ეს წლები არავის აძლევდი შენს გვერდით ყოფნის უფლებას, ახლა კი რა ხდება? მოგეწონა ანდრია?“ ამ ფიქრისაც კი შემრცხვა, სახეზე ალმური მომედო, თვალებზე ხელები ავიფარე. „ რა იქნება რომ არ გავიდე საბანაოდ? ან სულაც, ახლავე ავიბარგო და სახლში დავბრუნდე?“ ხელები ჩამოვუშვი და ისევ სარკეს მივაჩერდი. თვალები სევდიანად იყურებოდნენ. სულში მეორე „მე“ ამიჯანყდა. „ძლივს გაიმეტე შენი თავისთვის დრო, ფინანსები, რომ ერთხელ მაინც ნორმალურად დაგესვენა და სად უნდა გაიქცე? ვის უნდა დაემალო? რატომ გგონია, რომ ანდრია გადაწყვეტს შენთან ფლირტაობას, ან სერიოზულად დაახლოებას? რატომ არ უნდა გახვიდე საბანაოდ? რატომ უნდა მოიკლო ეს სიამოვნება?“- გავუბრაზდი საკუთარ თავს. წამოვდექი, გავემზადე და კიბეზე დავეშვი. იმ მხარისკენ არც კი გამიხედავს, სადაც დილით ვიყავით. მეორე მხარეს, შედარებით მყუდრო ადგილზე გავშალე საფენი, ბარგი კოხტად დავდე და ზღვას მივაშურე. ახლაც საკმაოდ ღრმად შევცურე და რუპორიდან გამაფრთხილებელი შეძახილიც გაისმა. მალე გლისერმაც აიღო ჩემკენ გეზი, მკვეთრად მოვტრიალდი. „რატომ რისკავთ ქალბატონო? ამოდით, გაგიყვანთ ნაპირზე“, შემომთავაზა ერთ-ერთმა მაშველმა. უარის ნიშნად თავი გავაქნიე, მათ გავუღიმე და სწრაფად გამოვცურე. ნაპირზე გამოვედი. ქვიშა საკმაოდ გაცხელებულიყო, პატარა გოგოსავით თითის წვერებზე გამოვიქეცი. ჩემს საფენზე ანდრია იჯდა, თან ქოლგა ექირავებინა, რომ მწველი მზისგან თავი დაეცვა. ჯერ მხოლოდ თერთმეტი საათი იყო, მაგრამ მზე საკმაოდ აცხუნებდა.
- მობრძანდით - წამოდგა და დემონსტრატიულად თავი დამიკრა მან. - რატომ წამოხვედით აქეთ მერი? - იქით ბევრი ხალხი იყო - უგერგილო ტყუილით ვცადე თავის დაძვრენა, პირსახოცს დავწვდი, შემოვიხვიე და საფენზე დავეშვი. - ვითომ? - იჭვნეულად ჩამეკითხა ანდრია. არაფერი მითქვამს. - კარგი, იყოს ასე. ძალიან ცხელა. აწი ზღვაზე ყოფნა მავნებელია. - სწორი ბრძანდებით, ცოტა შემაშრეს საბანაო კოსტუმი და წავალ. - დაისვენეთ და მერე ბათუმში გეპატიჟებით, დელფინების შოუზე. - ბათუმში? - გამიკვრდა მე. - აბა, დელფინებს აქეთ არავინ მოიყვანს - გაეცინა ანდრიას. - მანქანა ვიქირავე, სანამ აქ ვარ, მინდა, ბევრი რამ ვნახო. - არ ვიცი... - შევყოყმანდი. - საღამომდე ზღვაზე მაინც ვერ გახვალთ. მთელი დღე ძილიც მავნებელია - სერიოზულად მითხრა მან. - დაძინებას არც ვაპირებ, წამოვწვები, წიგნს წავიკითხავ, რაიმე ფილმს ვუყურებ. - ამას სახლშიც შეძლებთ. წავიდეთ რა, მერი. „წადი“, მიბრძანა მეორე „მემ“. - კარგი, წავიდეთ. ბილეთებს ვიშოვით? - ნუ იდარდებთ. ბილეთები დაგხვდება. შოუ ოთხ საათზე იწყება. სამზე წავიდეთ. ნაყინის მირთმევასაც მოვასწრებთ. - ნაყინზეც მეპატიჟებით? - წავიკეკლუცე. - თუ ნაყინი არ გიყვართ, ყავაზე, ხაჭაპურზე - ვარიანტები ჩამოთვალა ანდრიამ. - არა, მიყვარს ნაყინი. ბავშვობიდან ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით კარამელით. - იქნება კარამელით. - დამაიმედა ანდრიამ. წამოვდექი. იგი მომეხმარა, საფენი დაფერთხა და დაკეცა. - ქოლგა? - წაიღებენ. წამოვედით. - მერი, არც კი მიკითხავს, რამდენი ხანი რჩებით აქ? - კიდევ ცხრა დღე. - აა, ათი დღით ხართ, ხომ? მე თხუთმეტით. მეოთხე დღეა აქ ვარ, ე.ი. თერთმეტი დამრჩა. აი, როგორი საჭიროა მათემატიკა. - გაიღიმა კაცმა - ნამდვილად, თქვენ მათემატიკასთან მწყრალად ნამდვილად არ იქნებით, მით უფრო, თქვენი პროფესიიდან გამომდინარე. - მათემატიკა და ხაზვა, ჩემი საყვარელი საგნები იყო. სასტუმროში შევედით. - სამზე ფოიეში გელოდებით. დროებით, მერი. - დროებით. ნომერში შესვლამდე მეზობლები, რუსი დედა-შვილი შემხვდნენ. - ახლა მიდიხართ ზღვაზე? - გამიკვირდა. - დიახ. უნდა გავირუჯოთ - მიპასუხა შვილმა. - კი, მაგრამ აწი რადიაციული ფონი მატულობს. - დილის ძილი გვიყვარს - გაეცინა დედას. - ლიდა ვერ იტანს ადრე ადგომას. თან დილით გარუჯვა ნაკლებად ხდება. - თან ჩვენ ოცი დღით ვართ ჩამოსულები. მერე, იქ, რუსეთში მზე მოგვენატრება, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მზეზე - რაღაცნაირი სინანულით მითხრა ლიდამ. - კარგით, ბედნიერად. - მერი, სასიამოვნო კაცია თქვენი კავალერი - გამიღიმა ტანიამ. ალმურმა ამკრა. - კარგი რა დედა, რა შენი საქმეა? - უსაყვედურა ლიდამ. - უბრალოდ ავღნიშნე. რა მოხდა? - გაიკვირვა ტანიამ. - არც არაფერი. მადლობა - ვუთხარი და ნომრის კარი შევაღე. ჯერ წყალი გადავივლე, მერ ცოტა ხანი სარკესთან ვიტრიალე, მერე დასასვენებლად წამოვწექი და წიგნი ავიღე, მაგრამ ისე უაზროდ ვკითხულობდი, ვარჩიე, თავი დამენებებინა. სულ ანდრიაზე მეფიქრებოდა. მისი სახე, მისი თვალები მელანდებოდა. „რა არის ეს? რამ ამაცუნდრუკა? თუმცა, არც ისე ასაკოვანი ვარ, რომ ვინმეს არ მოვეწონო და მეც არ ამიჩქროლდეს გული, მაგრამ აქამდე ეძინა ამ გრძნობას? სულ რამოდენიმე საათია გავიცანი და რატომ ამეკვიატა მასზე ფიქრი? თვითონ რომ არაფერს მაგრძნობინებს? თუმცა, თვალები სულის სარკეაო და თვალებში ვხედავ ჩემით დაინტერესებას. ვნახოთ, როგორ გაივლის დარჩენილი დღეები.“ ამ ფიქრებში ჩამძინებია კიდეც.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ძალიან მომეწონა! ძალიან მომეწონა!
2. დაკარგული თაობა, მადლობა დაკარგული თაობა, მადლობა
1. გამიხარდა გაგრძელების ნახვა. ძალიან კარგია. გამიხარდა გაგრძელების ნახვა. ძალიან კარგია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|