ბალყარელ ძმადნაფიც აბრაგს, ბილალ ზანკშს დათა თუთაშხია ასეთ რამეს ეუბნება: ,,იმ კაცმა სამი წლის წინ იცოდა, მისთვის ძღვენი რომ უნდა მიმერთმია“ (გვ.648. 2003 წლის გამოცემა). ცნობილია, რომ ეს კაცი მუშნი ზარანდიაა.
რას ნიშნავს ეს? იმას, რომ დათა თუთაშხია, როგორც დევნილი, იწყებს სტატუსის შეცვლას - იგი იწყებს აქტიურ მოქმედებებს იმ სახელმწიფოსა და მისი ერთი აღზევებული მოხელის წინააღმდეგ, რომელი მოხელეც, ვარაუდის დონეზე, თავის უშუალო მდევნელად ჰყავს შეცნობილი.
მოკლედ შევეხოთ ამ ოპერაციასთან დაკავშირებულ თარიღებს. შალვა თუხარელის მონათხრობის მიხედვით ,,დათა თუთაშხია ცხრაას შვიდი წლის სექტემბრის ბოლო რიცხვებში გაიქცა“ (გვ.607) ციხიდან. ციხეში მყოფი აბრაგი ჟანდარმს ძღვენის მირთმევის შესახებ შეტყობინებას არ გაუგზავნიდა. ეს ყოველგვარ ლოგიკასა და აზრსაა მოკლებული. სავარაუდოდ, მას ეს გაქცევის შემდეგ უნდა გაეკეთებინა.
გრაფი სეგედის ცნობით, ,,ათას ცხრაას ცხრა წლის მაისი თავდებოდა“(გვ.621), როცა მას, აგარაკზე მყოფს, მოულოდნელად მუშნი ზარანდია ესტუმრება. სეგედის თქმით, ამ შეხვედრისას ზარანდია მინიშნებებით ამცნობს მას, ,,...რომ მან დათა თუთაშხიას უკვე დაუგო რაღაც ჯოჯოხეთური ხაფანგები“ (გვ.624). თუმცა, როგორც ქვემოთ დავინახავთ, სეგედის ეს ვარაუდი, დროში სრულად ვერ ასახავს სინამდვილეს. იმავდროულად, აბრაგმა არაფერი იცის ამ ხაფანგების, ან თუნდაც მათი რაღაც ნაწილის დაგების შესახებ, ვიდრე ზარანდია სეგედის არ მიაწვდის ამის თაობაზე ზოგადი ხასიათის ინფორმაციას, ეს უკანასკნელი კი სანდრო კარიძეს. გრაფი სეგედი სასწრაფოდ, ზარანდიას სტუმრობის მეორე დღესვე იბარებს თავისთან სანდრო კარიძეს, რათა ჟანდარმისგან მოსმენილი ინფორმაცია გაუზიაროს მას, რომ მანვე გააფრთხილოს დათა თუთაშხია მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ.
სეგედისვე მონათხრობის მიხედვით, დათა თუთაშხიამ აგვისტოს დასაწყისში ენგური აიარა (წელს არ აფიქსირებს, შესაბამისად, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ისევ ცხრაას ცხრა წელია) და ბალყარეთისკენ მიმავალ გზას დაადგა. ბილალ ზანკშმა მას მოჰგვარა მუჰამედ გუტეს თავლებიდან გამოყვანილი ულამაზესი ცხენი, რის შემდეგაც ,,თუთაშხია მულახში გადმოვიდა, ოქტომბრის ბოლომდე ისევ გუჯეჯიანებთან სტუმრობდა“ (გვ.648). დათა თუთაშხიას თავისი ოპერაციის ეს ნაწილი დაზამთრებამდე უნდა მოესწრო, ვიდრე გზები ჩაიკეტებოდა, თანაც ,,ნაპარავი“ ცხენი დიდი ხნით არ ჰყოლოდა ბარად. სწორედ ამიტომ, იგი დროულად ბრუნდება სვანეთში და ოქტომბრის ბოლომდე რჩება იქ, - მისთვის და ძღვენისთვის უსაფრთხო ადგილას. იმავდროულად მას აინტერესებს სვიმონ გულიას ვაჟის ქორწილის დღე, რომელიც დეკემბრის დასაწყისშია ჩანიშნული და რომელ ღონისძიებაზეც მას, მის მიერვე შერჩეული პირის (მოსე ჯაგალია) ხელით, მუშნი ზარანდიასთვის, როგორც ამ ქორწილის ერთი სტუმრისთვის, ულამაზესი ,,ნაპარავი“ ცხენი უნდა მიერთმია. სწორედ ამიტომ არ გაითვალისწინა აბრაგმა გუჯეჯიანების თხოვნა, მათთან დარჩენისა და გამოზამთრების შესახებ (გვ.649).
როგორ მოქმედებს მუშნი ზარანდია ცხენის ,,ჩუქების“ შეტყობინების მიღების შემდეგ? იგი აბრაგს სასიკვდილო მახეებს უგებს და ამ საქმისთვის ირჩევს სამ ძირითად ადგილს, რომელ ადგილებსაც თუთაშხია, აუცილებლობიდან გამომდინარე, ყველაზე ხშირად სტუმრობდა: ა)ბიკენტი იალქანიძე და მისი დუქანი სოფელ ხარნალში; ბ)ბეჩუნი პერტიას სახლთან ახლოს, ბექობზე მდგომი შარუხიას წისქვილი, რომელ ბექობსაც და წისქვილის გარშემო არსებულ მიდამოებს აბრაგი, ზარანდიას ვარაუდით, საყვარელ ქალთან მისვლამდე სიტუაციის დასაზვერად გამოიყენებდა. გ)თვით ბეჩუნი პერტიას სახლი. ვინ შეარჩია, ანუ ვისი მეშვეობით დაგეგმა მუშნი ზარანდიამ აბრაგთან დაპირისპირება? რამდენად ძალუძდათ მათ აბრაგთან პირისპირ შებმა? ნაწარმოების მიხედვით, მხოლოდ ასთიონაა მიჩნეული მკვლელად. ბონია მეწისქვილეს, როგორც ქვემოთ დავინახავთ, არცთუ დიდი ხნის წინ შეასყიდვინა ზარანდიამ ზემოხსენებულ შარუხიასაგან წისქვილი და მხოლოდ ამის შემდეგ ასწავლა სროლა; მესამე დასაპირისპირებელი პირი გახლავთ აბრაგის უკანონო შვილი, თოთხმეტი წლის არასრულწლოვანი გუდუნა პერტია. გრაფი სეგედი ბონია მეწისქვილეზე საუბრისას ასეთ დასკვნას აკეთებს - ,,ამის შემდეგ (წისქვილის შესყიდვა - ა.ბ.) ყველაფერი ზარანდიას მიერ გადაბირებული მეწისქვილის ღირსებებსა და შესაძლებლობებზე იქნებოდა დამოკიდებული“ (გვ. 665-666). რეალურად კი, ჟანდარმის მიერ დაგეგმილი კონტროპერაცია უფრო მეტ ფაქტორებზე იყო დამოკიდებული - რომანში აღწერილი ხაფანგებისა და მათში მონაწილე ყველა დაპირისპირებული პირის ღირსებებსა და შესაძლებლობებზე და ახლადწარმოქმნილ (თუ ხელოვნურად შეცვლილ) სიტუაციურ გარემოებებზე. რა შედეგები დადეს ზარანდიას მიერ შერჩეულმა პირებმა? ანუ, რა ღირსებებისა და შესაძლებლობების მქონე პირები დაუპირისპირა ჟანდარმმა აბრაგს? დუქანში მიმტანად მომუშავე ასთიონა მარტივად გააბრიყვა მედუქნე იალქანიძემ და თუთაშხიას ნაცვლად ბოდღო ყვალთავა და დათა ჩოჩია მოაწამლვინა; ბონია მეწისქვილე, როგორც აბრაგის წინააღმდეგ მოწყობილი ერთ-ერთი ხაფანგის აქტორი, დათა თუთაშხიამ თავად გააბა მახეში (კატის გამოყენება) და მსოფლმხედველობრივ დაპირისპირებაში დაამარცხა იგი; ყველაზე რთული თუთაშხიასთვის საყვარელი ქალის სახლში მისივე უკანონო შვილის გამოყენებით დაგებული ხაფანგი აღმოჩნდა, რასაც პრინციპული ახსნა აქვს. ამ შემთხვევაში უკანონო შვილის რაღაც უნარებზე საუბარი უადგილოა. საქმე თვით აბრაგშია, რომელიც ერთხელ, საირმეში, მიწის მთხრელ სეთურს სტუმრობდა აბრაგ მოსე ზამთარაძესთან ერთად. ეს ორი აბრაგი იქაური მაცხოვრებლების აგრესიულად განწყობილ შვილებს (40-50 სული) გადაეყარნენ ტყეში, რომელი შეხვედრაც მათი მარცხით დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ დათა თუთაშხიამ ციხეში ყოფნისას აითვისა ფართო მასების მართვის ცოდნა, არასრულწლოვნებთან ურთიერთობის ენა, როგორც ჩანს, მისთვის ბოლომდე უცხო ენად დარჩა. სწორედ ამიტომ იყო, რომ მას თავის შვილთან საუბარი არ გამოუვიდა (ცალკე საკითხია ის, რომ იგი არ ელოდა ხაფანგს საყვარლის ოჯახში), რასაც მისი სასიკვდილო დაჭრა მოჰყვა. მუშნი ზარანდია ცხენის ,,ჩუქების“ შეტყობინების მიღების შემდეგ აბრაგს მახეებს ერთდროულად არ უგებს. იგი მიმართავს თანმიმდევრობითობის პრინციპს. სავარაუდოდ, ხარჯებიდან და საჭიროებიდან (დრო, სივრცე) გამომდინარე. ხარჯებთან დაკავშირებით ზარანდიას მომჭირნე დამოკიდებულების საკითხი ნაწარმოებში ბევრგანაა დაფიქსირებული და აქ დამატებით არაფერს ვიტყვი. გრაფი სეგედის მონათხრობის მიხედვით (გვ.672), ბონია მეწისქვილე უდასტურებს მასთან ღამის სამ საათზე შევლილ თუთაშხიას, რომ ამ საქმეზე იგი მუშნი ზარანდიამ ივნისის თვეში დაითანხმა ქუთაისის ჟანდარმერიაში. ეს ნიშნავს იმას, რომ მაისის ბოლო რიცხვებში სეგედისთან სტუმრად მისული ჟანდარმის მიერ აბრაგის წინააღმდეგ გახმოვანებულ საფრთხეებში წისქვილთან დაკავშირებული ხაფანგი, როგორც აწ უკვე დაგებული, არ იგულისხმება. ამ ხაფანგის დაგებას ზარანდია სეგედისთან სტუმრობის შემდეგ მიმართავს. გარდა ამისა, ბონია მეწისქვილე თუთაშხიას ასეთ რამესაც ეუბნება: ,, - ახლა მასწავლეს სროლა, ამ საქმისთვის... ქუთაისში“ (გვ.667). როდის შეაგზავნა-დაასაქმა ზარანდიამ მკვლელი ასთიონა იალქანიძის დუქანში? გუჯეჯიანებს გამომშვიდობებული და ბარისკენ ,,მოპარულ“ ცხენთან ერთად დაშვებული დათა თუთაშხია სოფელ ხარნალში მეგობარ ბიკენტი იალქანიძეს შეუვლის. დროის თვალსაზრისით, ნოემბრის დასასწყისია. მედუქნე მასთან სტუმრად მისულ აბრაგს საუბრის დასაწყისშივე უხსნის, რომ ასთიონას კანდიდატურა ციხის ზედამხედველმა უდოდოვმა მისი წინა სტუმრობისას შესთავაზა, რაზეც იალქანიძემ, გარკვეული მოსაზრებებიდან გამომდინარე, უარი არ თქვა (გვ.653). როდის შედგა ეს ბოლო სტუმრობა? გრაფი სეგედისავე მონათხრობის მიხედვით, მეგობრებს ,,...წელიწადზე მეტი იყო, ერთმანეთი არ ენახათ“ (გვ.649). ეს ნიშნავს იმას, რომ ასთიონას მონაწილეობით ზარანდიამ თუთაშხიას გაცილებით უფრო ადრე დაუგო ხაფანგი (წელიწადზე მეტი ხნის წინ), ვიდრე ბონიას ჩართულობით (დაახლოებით ხუთი თვე). ამ მსჯელობისას ათვლის წერტილი, დროის თვალსაზრისით, გახლავთ ოქტომბრის ბოლო, ნოემბრის პირველი რიცხვები.
რაც შეეხება გუდუნა პერტიას თუთაშხიას მოსაკლავად მომზადებას, ამის შესახებ ისევ გრაფი სეგედის მონათხრობიდან (გვ.624) ვიგებთ, რომ ბეჩუნი პერტიამ თავის შვილს რუსულის მასწავლებლად პატარაობაშივე დაუქირავა ვინმე ბიქტორ სამუშია, რომელიც შემდგომში ლათინურსაც ასწავლიდა ბავშვს. ეს მასწავლებელი პოლკოვნიკ კნიაზევს მუშნი ზარანდიას დავალებით გადაუბირებია. გუდუ პერტია თორმეტ-ცამეტი წლის იყო, როცა მისმა ტოლმა ბიჭებმა რამდენჯერმე უთხრეს, - ნაბიჭვარი და დათა თუთაშხიას ბუში ხარო! სწორედ ამ ფონზე იწყებს მასწავლებელი სამუშია ბიჭის მკვლელად ქცევა-მომზადებას, თუმცა თვით მომზადების შესახებ ნაწარმოებში კონკრეტული ცნობები არ გვხვდება. როდის უნდა დაეწყო ზარანდიას აბრაგის არასრულწლოვანი უკანონო შვილის მკვლელად მომზადება? გუდუნა პერტია მათთან სახლში შუაღამით მისულ თუთაშხიას ერთ-ერთ კითხვაზე პასუხობს, რომ იგი, იმ მომენტში არის თოთხმეტი წლის, მეთხუთმეტეში (გვ.673). თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მისმა ტოლებმა ნაბიჭვრობის ინფორმაცია მას თორმეტ-ცამეტი წლის ასაკში გააგონეს, გამოვა, რომ მუშნი ზარანდიამ გუდუნა პერტიას მკვლელად მომზადება, ცხენის ,,მოპარვა-ჩუქების“ ცნობის მიწოდებიდან ახლო პერიოდში (დაახლოებით ორი წლის წინ) დაიწყო, რაც ლოგიკურია, ვინაიდან ეს საქმე უფრო მეტ დროს საჭიროებდა, ვიდრე ასთიონასა და ბონიას შემთხვევაში.
მცირე დასკვნები: ა)მუშნი ზარანდიამ ცხენის ,,ჩუქების“ ოპერაციის შეტყობინების მიღებიდან ახლო დროში აბრაგის წინააღმდეგ პირველი რაც მოიფიქრა და შემდეგში განახორციელა, არასრულწლოვანი უკანონო შვილის მომზადება იყო მამის მოკვლის მიზნით. ამ საქმისთვის მან პოლკოვნიკ კნიაზევს გუდუნა პერტიას მასწავლებელი გადააბირებინა; ბ)ვინაიდან ზარანდიამ იცის თუთაშხია-იალქანიძის ახლო მეგობრობისა და თანამოაზრეობის ამბავი (ციხეში დაწყებული) და ისიც, რომ ამ უკანასკნელს ხარნალში იჯარით დუქანი აქვს აღებული, მედუქნეს უდოდოვის მეშვეობით ასთიონა შესთავაზა მიმტანად; გ)სეგედისთან სტუმრობის მომენტისთვის ზარანდია ამ ორი, - ,,ა“ და ,,ბ“ ხაფანგების იმედადაა, ხოლო სტუმრობის შემდეგ, იგი, რატომღაც, იღებს კიდევ ერთი ხაფანგის დაგების გადაწყვეტილებას - უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები, მრავალშვილიანი, თუმცა უკვე გადაბირებული ბონიასთვის ვინმე შარუხიასგან ყიდულობს ბეჩუნი პერტიას სახლთან ახლოს მდგომ წისქვილს და დაჩქარებული წესით იწყებს ამ ახალი მფლობელის სროლაში მომზადებას. დ)ზარანდიამ თუთაშხიას კიდევ ერთი ხაფანგი დაუგო, რომელსაც თავისი დანიშნულება ჟანდარმის საქართველოში ჩამოსვლისას (დეკემბრის დასაწყისი) უნდა შეესრულებინა (გვ.680), თუმცა ამის შესახებ ნაწარმოებში დაწვრილებითი ხასიათის ცნობები არ გვხვდება. რა შედეგებით დასრულდა ზარანდიას მიერ ორგანიზებული ოპერაცია, მოწყობილი აბრაგის წინააღმდეგ, მისი ფიზიკური მოსპობის მიზნით, რომელიც, რეალურად ცხენის ,,ჩუქების“ შეტყობინების მიღების შემდეგ დაგეგმა, როგორც კონტროპერაცია? აი, ეს შედეგებიც: ა)ცხენის ,,ჩუქების“ თუთაშხიასეული ოპერაციისთვის ხელის ვერ შეშლა (,,მოპარვისთვის“ ხელის შეშლის მცდელობები ნაწარმოებში არ ჩანს); ბ)ზარანდიას მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაბირებული ასთიონას გაბრიყვების გზით (იალქანიძის მხრიდან) ორი ბოროტმოქმედის მოწამლვა; გ)ორი გადაბირებულის (მოსე ჯაგალია, ბონია მეწისქვილე) დაკარგვა მათი გადასვლით აბრაგის სამსახურში (თუნდაც დროებით, ერთჯერადად); დ)გადაბირებული ასთიონას სიკვდილი; ე)გადაბირებული ბიქტორ სამუშიას სიკვდილი; ვ)გუდუნა პერტიას მკვლელად ვერ ქცევა, ვერ გაფორმება; ზ)დათა თუთაშხიას ,,აორთქლება“ და მის სიკვდილში ბოლომდე ვერდარწმუნება; თ)თვით ,,...მუშნი ზარანდიას ავადმყოფობა მელანქოლიის მძიმე ფორმებით...“(საქართველოდან პეტერბურგში დაბრუნებისთანავე) ,,...და სამიოდ წლის მერე რაღაც სხვა მძიმე სენით...“ გარდაცვალება (681).
აქ ჩამოთვლილი შემთხვევებიდან (ცხადია, ბოლო პუნქტის ჩაუთვლელად) ჟანდარმისთვის ყველაზე მძიმე, ალბათ, ბონია მეწისქვილის სახეცვლილება უნდა ყოფილიყო, რომელიც, არა უბრალოდ მიემხრო დათა თუთაშხიას წისქვილში გამართული საუბრის დასასრულს და პირადი სამსახურიც კი შესთავაზა მას (,,არ მინდა ფული, ისე გეტყვი იმ კაცებს, ვინც მოვა და მკითხავს...“ გვ.671), არამედ აბრაგს ზარანდიასთან შეხვედრის ყველა ნიუანსი მოუყვა და ისიც უთხრა, რომ ,,ძალიან ვერაგი კაცია მუშნი ზარანდია...“-ო (გვ.672). ამის შემდეგ მეწისქვილე აბრაგს დიდი სიფრთხილისკენ მოუწოდებს, ანუ იწყებს ვერბალურ ზრუნვას მის უსაფრთხოებაზე. ეს იყო აღზევებული ჟანდარმის სრული ფიასკო. სავარაუდოდ, ამის შემდეგ, მას ძალიან უნდა გასჭირვებოდა იმ საქმის წარმოება-კეთება, რასაც გადაბირება ჰქვია. მუშნი ზარანდიასთვის არანაკლებ მძიმე უნდა ყოფილიყო მოსე ჯაგალიას ქცევის გაცნობიერებაც. ყოფილი მეჯინიბე ჯაგალია, თვეში სამ მანეთად ნოკო ბასილაიასთან მისული კაცების დამმახსოვრებელი და პოლიციისთვის ამ ცნობების სისტემატურად მიმწოდებელი, ამავე პოლიციას არაფერს ატყობინებს იმის თაობაზე, რომ მას თუთაშხიამ საიდუმლოდ, ოცდახუთი მანეთის სანაცვლოდ ულამაზესი, ორი ათას თუმნიანი ცხენის შენახვა-მოვლა დაავალა, რომელი ცხენიც, თუთაშხიასავე დავალებით პირადად უნდა მიერთმია მუშნი ზარანდიასთვის სვიმონ გულიას ვაჟის ქორწილში, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ. ეს ფაქტიც ჟანდარმის ფიასკოზე მეტყველებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ცხენის ჯაგალიასთვის მიბარებიდან რამდენიმე საათში აბრაგი მარადისობაში გადადის თავისივე უკანონო შვილის მიერ განასროლი ტყვიისგან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუთაშხიას გარდაცვალების მიუხედავად, რომელი გარდაცვალების ვარიანტებს, ჭორის დონეზე არსებულს, ჯაგალიაც შეიტყობდა უცილობლად, იგი უარს არ ამბობს აბრაგისგან მიღებულ დავალებაზე და მას ბოლომდე პირნათლად ასრულებს, რაც ჟანდარმისა და მის უკან მდგომი იმპერიული სახელმწიფოს საფუძველთა საფუძვლების შერყევის ტოლფასია, ვინაიდან ასეთი სახელმწიფოსთვის საყრდენის გამოცლას ნიშნავს. უფრო ცუდი ამ ტიპის სახელმწიფოსთვის აქ ის არის, რომ წინააღმდეგობის გამწევ ძალას უჩნდება გარკვეული ცოდნა-გამოცდილება მსგავსი საყრდენების გამოცლის შესახებ. ახლა მივმართოთ დამატებით ანალიზს. ვინაიდან დათა თუთაშხია ციხიდან ათას ცხრაას შვიდი წლის სექტემბრის ბოლოს გაიქცა, ხოლო ძმადნაფიც ზანკშს ათას ცხრაას ცხრა წლის აგვისტოში შეხვდა, სამი წელი მხოლოდ რიგითობის მიხედვით გამოდის და არა აბსოლუტური გამოხატულებით. ეს ცნობისათვის. მუშნი ზარანდიასთვის ძღვენის მირთმევის ცნობის წინდაწინ შეტყობინების არსი, თუთაშხიასავე სიტყვებით იმაშია, რომ აბრაგი ჟანდარმს საკმაო დროს აძლევს მოსამზადებლად და დარწმუნებულია, რომ მას მაინც არაფერი გამოუვა, რომ მდევნელი დევნილს ვერ აჯობებს. მუშნი ზარანდია მხოლოდ მაშინ ესტუმრება ჟანდარმთა ყოფილ შეფს, აწ უკვე სამსახურიდან გადამდგარ გენერალს - გრაფ სეგედის, - როცა რამდენიმე სასიკვდილო მახე უკვე აქვს დაგებული თუთაშხიასთვის და სასურველი შედეგის დადგომის მოლოდინშია. დათა თუთაშხია პირიქით - წინდაწინ, ცხენის ,,მოპარვის“ ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე წლით ადრე ატყობინებს ჟანდარმს თავისი ოპერაციის მთავარ დეტალებს - მხოლოდ ცხენის პატრონისა და მომპარავის ვინაობას, მის ,,მოპარვა-ჩუქებასთან“ და საქართველოში მისაყვან გზებთან დაკავშირებულს. ზარანდიას სეგედისთან სტუმრობის ერთი სავარაუდო მიზანი თავისი ,,საგმირო საქმისთვის“ მოწმის (ამბის გამხმოვანებლის) შეძენაა! გარდა ამისა, მას აინტერესებს ერთხელ უკვე დამარცხებული ყოფილი შეფის კიდევ ერთხელ ,,შენჯღრევა,“ვინაიდან იცის, რომ ეს უკანასკნელი, გადადგომის შემდეგ, საზოგადოებაში კარგად ცნობილი თავისუფალი ადამიანებით (კარიძე, თუთაშხია) ინტერესდება და გარკვეულ სიმპატიებს ავლენს თვით ამ საზოგადოების მიმართაც. ზემოთქმულის გარდა, მოცემულ შემთხვევაში, ზარანდია ცდილობს ისარგებლოს სეგედის საინფორმაციო არხით, რათა ამცნოს თუთაშხიას ის, რომ იგი გენერალური დაპირისპირებისთვის მზად არის. ცხრაას ცხრა წლის მაისის ბოლოს კარიძისგან ინფორმაცია-მიღებული თუთაშხია იღებს გადაწყვეტილებას აგვისტოს პირველ რიცხვებში გაემგზავროს შეპირებული ძღვენის - ულამაზესი ცხენის მისაღებად (ძმადნაფიცის მეშვეობით) და საქართველოში გადმოსაყვანად. ანუ, დათა თუთაშხია ოპერაციის უშუალო განხორციელებას მხოლოდ მას შემდეგ იწყებს, როცა იგებს, რომ ზარანდიამ გამოწვევა მიიღო და იგი მზადაა საპასუხო მოქმედებების განსახორციელებლად. იმავდროულად ვიცით ისიც, რომ თუთაშხიას ბალყარეთში ჩასვლის მომენტისთვის, ბილალ ზანკშს მისთვის გადასაცემი ულაყი გუტეს თავლებიდან უკვე გამოყვანილი ჰყავს და სრულიად სხვაგან, - ლისკენის ტყეებში მალავს.
მუშნი ზარანდიამ თითქმის ყველაფერი იცოდა დათა თუთაშხიას ცხოვრების, მისი შეხვედრებისა და საუბრების შესახებ, აფიქსირებდა რა აბრაგის აზრებსა და შეხედულებებს აგენტურული შეტყობინებებით. დათა თუთაშხია კი, იცის რა იმის შესახებ, რომ ზარანდია მას აჩრდილივით დასდევს და იცის ისიც, რომ ამ რეალობას ვერ გაექცევა, მიმართავს ღია თამაშს და სწორედ ამიტომ უთვლის რამდენიმე წლით ადრე ჟანდარმს - ულამაზესი ცხენი უნდა გაჩუქოო. ეს, ერთი მხრივ. მეორე მხრივ, აბრაგი პირდაპირი ფორმით იწვევს ჟანდარმს მანამდე არნახულ დაპირისპირებაში, რომელიც სცდება პიროვნული დაპირისპირების საზღვრებს და იძენს თავისუფალი აზრისა და თავისუფალი მოქმედებების მასშტაბურ ჰორიზონტებს. თუმცა, ზარანდიას დარად (სეგედისთვის მისაწოდებელი ინფორმაციებიდან ერთი ნაწილის მიწოდება და რაღაც ნაწილის გამოტოვება), თუთაშხიაც მხოლოდ იმ დონის ცნობებს აწვდის ჟანდარმს, რაც მას აწყობს, მის მიერვე დაგეგმილი ოპერაციის ეფექტიანად განსახორციელებლად - მხოლოდ ცხენის პატრონისა და მომპარავის ვინაობას, ასევე საქართველოში მისი შემოყვანის გზებს. შესაბამისად, ჟანდარმმა წინდაწინ არაფერი იცის იმის შესახებ, თუ სხვა რა ფაქტების წინაშე აღმოჩნდება იგი ცხენის ,,ჩუქების“ შეტყობინებული ოპერაციის განხორციელების პროცესში. მუშნი ზარანდია ვერავის გაუმჟღავნებდა აბრაგისგან მიღებული ცხენის ,,მოპარვა-ჩუქების“ შეტყობინებას - სახელმწიფო, მამის ოჯახი და ა.შ. სწორედ ამიტომ ესტუმრა იგი თავის ყოფილ შეფს, გადამდგარ გრაფ სეგედის. თუმცა იგი ვერც სეგედის უმხელს ღიად იმ ხათაბალის ამბავს, რომელ ხათაბალასაც თუთაშხიამ გადაჰყარა. სწორედ ამიტომ, ზარანდია მასპინძელ სეგედის ძალიან შორეული მინიშნებების დონეზე ამცნობს იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს ბოროტების სიკეთედ გარდაქმნას (ცხადია, იმპერიის სასარგებლოდ და აბრაგის ფიზიკური არსებობის საზარალოდ).
მუშნი ზარანდიამ კარგად იცის, რომ აბრაგი არ განკარგავს საძღვნე ულამაზესი ცხენის შესასყიდ თანხებს. ამიტომ, ჟანდარმი უნდა მიმხვდარიყო, რომ ,,ნაპარავი“ ულამაზესი ცხენის ,,ჩუქებასთან“ ექნებოდა საქმე და რომ ამ ინფორმაციის მიწოდებით, აბრაგმა მას რეალურად ამცნო შემდეგი - ვიცი, ჩემ წინააღმდეგ დღემდე წარმოებული ყველა ოპერაციის თავი და თავი შენ ხარ; თუმცა დათა თუთაშხია, ზარანდიას პიროვნულ მეტოქეობაში სულ ბოლოს რწმუნდება - ჯერ გრაფი სეგედის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მეშვეობით (მაისის ბოლოს, რაც მისთვის ნაწილობრივი რწმუნებაა), შემდეგ კი ბონია მეწისქვილესთან საუბრისას (ნოემბრის დასაწყისი - საბოლოო დარწმუნება). გუდუნასგან დაჭრილი დათა თუთაშხია სწორედ ამიტომ ამბობს თავისთვის, - ,,რამ მოაფიქრებინა ეს!.. მაჯობა მაინც,...“(გვ.676). ეს არ გახლავთ ვარაუდის დონეზე ნათქვამი, ან ნაგულისხმევი აზრი, არამედ უკვე დარწმუნებულის სიტყვებია, ვინაიდან დაჭრილმა თუთაშხიამ ეს მას შემდეგ წარმოსთქვა, რაც ბონია მეწისქვილისგან რამდენიმე წუთით ადრე მარწმუნებელი ხასიათის ინფორმაცია მიიღო წისქვილის შესყიდვის საქმეში ჟანდარმის უშუალო მონაწილეობის თაობაზე. ცხენის ,,მოპარვა-ჩუქების“ თუთაშხიასეული ოპერაცია გაცილებით უფრო დიდი ოპერაციაა, ვიდრე ის ოპერაციები, რაც თავად ზარანდიამ დაგეგმა ჯერ დოცენტის, ხოლო შემდეგ სახნოვის წინააღმდეგ. ეს ოპერაციები იმ საზოგადოების ცალკეული წევრების წინააღმდეგ მიმართული ოპერაციები იყო და მიზნად იმპერიული სახელმწიფოს გაძლიერებას ისახავდა. დათა თუთაშხიას მიერ დაგეგმილი ოპერაცია კი პირიქით, აღზევებული ჟანდარმისა და მის უკან მდგომი იმპერიული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ოპერაციაა. ამიტომ აბრაგის მიერ მოფიქრებული ოპერაცია, თავისი მასშტაბებითა და შედეგებით, საბოლოო ჯამში კი, მნიშვნელობით, გაცილებით უფრო დიდი ოპერაციაა. მუჰამედ გუტეს ულამაზესი ცხენის ,,მოპარვა-ჩუქების“ ოპერაცია არ გახლავთ მხოლოდ საკუთრივ ცხენთან, მის ,,მოპარვა-ჩუქებასთან“ დაკავშირებული პროცესი. იგი მრავალმხრივი ოპერაციაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მას ახლავს თანამდევი პროცესები - ზარანდიას მიერ მოსყიდული, იმპერიის სასარგებლოდ გადაბირებული პირების უკან გადმობირება-გამოსყიდვისა და მათი აბრაგის სამსახურში ჩაყენების წარმატებული მცდელობები - მოსე ჯაგალია, ბონია მეწისქვილე. ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს გადმობირებულების რაოდენობას, ვინაიდან უმთავრესი გახლავთ პრინციპის პოვნა და პრაქტიკაში მისი წარმატებით გამოცდა-გამოყენება. თუთაშხიას ეს ოპერაცია არსებული იმპერიული სისტემისა და მისი ერთი იდეური ავტორის - მუშნი ზარანდიას საპირწონე ოპერაციაა. ეს ოპერაცია გვიჩვენებს იმას, თუ როგორ შეიძლება ერთმა, თავისუფალი ნების მოფიქრალ-მოაზროვნე ადამიანმა დაშალოს უკვე არსებული, ძლიერმოქმედი იმპერიული სისტემა, მშვიდობიანად გააუვნებელყოს მისი სტრუქტურული ნაწილები და ისინი ამავე სისტემის წინააღმდეგ გამოიყენოს. მუშნი ზარანდიამ წინდაწინ არაფერი იცის იმის შესახებ, რომ ,,ნაპარავი“ ცხენის ,,ჩუქებასთან“ ერთად, რომელსაც იგი ვერ დაიტოვებს და იძულებული იქნება გაზაფხულზე, გზების გახსნის შემდეგ დაუბრუნოს ნამდვილ პატრონს - მუჰამედ გუტე, - დასუსტდება რამდენიმე გადაბირებულით, რომელთაგან ერთი (მოსე ჯაგალია) ნოკო ბასილაიასთან მისულ ადამიანებს იმახსოვრებს თვეში სამი მანეთის სანაცვლოდ და აწვდის შესაბამის ინფორმაციას პოლიციას, ხოლო მეორე - ბეჩუნი პერტიას სახლთან ახლოს მდგომი წისქვილის ახალი მეპატრონე (პოლიციის ფულით შეძენილი), ბონია - გაცილებით უფრო დიდი ამოცანის წინაშეა: აბრაგის საყვარელ ქალთან მისულებს აფიქსირებს თხუთმეტ მანეთად და იარაღასხმული ელოდება თუთაშხიას იმ არემარეში გამოჩენას ან მის წისქვილში შევლა-სტუმრობას მისივე მოკვლის მიზნით.
ოპერაციის მსვლელობისას, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებისა, ჟანდარმი მარცხდება დუქანში, დათა თუთაშხიას მეგობრისა და თანამოაზრისგან - ბიკენტი იალქანიძე. როგორც უკვე ითქვა, ამ დუქანში ზარანდიას შეგზავნილი (დასაქმებული) ჰყავდა მკვლელი - მიმტანი ასთიონა, რომლის გასაგონადაც იალქანიძე სამზარეულოში ახმოვანებს ყალბ ინფორმაციას, რომელი ინფორმაციის გამგონეც, ამ ცნობის საფუძველზე წამლავს ყაჩაღ ბოდღო ყვალთავასა და მის ამხანაგს - დათა ჩოჩია. სიკვდილის პირას მყოფი ყვალთავა კი, ცეცხლსასროლი იარაღით კლავს ასთიონას. ყოველივე ეს იმის პირდაპირი დადასტურებაა, რომ ნაწარმოებში აღწერილ რეგიონში არსებობენ იმპერიული სახელმწიფოსთვის წინააღმდეგობის გამწევი ძალები და რომ დათა თუთაშხია ,,...გალოკილი თითივით მარტოკაცი“ (ზარანდიას თვითშეფასება. გვ.99) კი არაა, არამედ ძალაა, ასეთი ძალის ცენტრია, მისი ერთი უპირველესი ამძრავი. გავიხსენოთ, თუ რას ეუბნება იალქანიძე აბრაგს განშორებისას, დუქანში დატრიალებული მოწამლვა-მკველობების შემდეგ: ,,შენთან რომ ვარ, ისეთი მინდა გავაკეთო რამე... შენს გვერდით რომ არის, ყველას ასე უნდა ეს... ვინც გიცნობს კარგად...“(გვ. 663). რა ძალებზეა საუბარი? თავისუფალი ადამიანების მიერ იმპერიული სახელმწიფოსადმი წინააღმდეგობის გამწევ ძალებზე. ნაწარმოების მიხედვით, ამ ძალებს დათა თუთაშხია აერთიანებს ცხენის ,,მოპარვა-ჩუქების“ ოპერაციამდეც, მისი განხორციელების დროსაც და ნაწილობრივ, გარდაცვალების მერეც. ამ ძალას თუთაშხიასთან ერთად განასახიერებს ჟანდარმთა ყოფილი შეფი - გრაფი სეგედი, სანდრო კარიძე, ბილალ ზანკში, გუჯეჯიანები, ბიკენტი იალქანიძე, ნოკო ბასიალაია, მალაქია ნინუა (მან თუთაშხიას სახელით ჯაგალიას უნდა მიაკითხოს მოგვიანებით და უთხრას - ვის და როდის მიუყვანოს ცხენი გვ.678.), ვინმე უცნობი (ვინც ბიქტორ სამუშიას შუაღამით კარებზე მიუკაკუნა და უთხრა - ,,თუთაშხია ვარ, ძაღლის შვილო!“ - რის შემდეგაც პირველს გული გაუსკდა). ეს და სხვა ადამიანები აბრაგს მხოლოდ სიტყვით კი არ თანაუგრძნობენ, არამედ საჭირო დროს მის გვერდით დასადგომად და სამოქმედოდ არიან მზად. სწორედ ამ ძალების იმედად დაგეგმა დათა თუთაშხიამ ცხენის ,,მოპარვა-ჩუქების“ ბრწყინვალე ოპერაცია და მათივე უშუალო მონაწილეობით (მეტნაკლები ხარისხის), ბოლომდე განახორციელა იგი კიდეც, მიუხედავად გარდაცვალებისა.
ცხენის ,,მოპარვა-ჩუქების“ ოპერაცია ჰუმანური ოპერაციაა, რომელიც აბრაგის გეგმის მიხედვით არ ითვალისწინებს ბოროტ ან რაიმე ტიპის უზნეო ქცევებსა და მოქმედებებს, ვინმესთვის მატერიალური ან სხვა სახის ზიან-ზარალის მიყენებას, გარდა ერთი პირის დარწმუნებისა და მისი სამსახურებრივი რეპუტაციის შელახვა-შერყევისა - მუშნი ზარანდია. თუთაშხიას სიტყვებით, მისი მიზანი შემდეგშია: ,,თვითონ თუ ვერ დარწმუნდა, რომ ვერ მჯობნის და თუ ვერ მიხვდა, რატომ ვერ მჯობნის - ხალხი დარწმუნდება და ერთხელ კიდევ დაინახავს, ავი საქმე კარგ საქმეს რომ ვერ აჯობებს საბოლოოდ“ (გვ.648). შესაბამისად, დათა თუთაშხიას მიზანი ისაა, კარგმა საქმემ (არა კეთილმა!) აჯობოს ავ საქმეს. ოპერაციის მსვლელობისას, როგორც ამის შესახებ ითქვა ზემოთ, ადგილი აქვს დამატებით მოვლენებს, რასაც ,,მოპარვა-ჩუქების“ ოპერაციასთან პირდაპირი და უშუალო კავშირი არ აქვს. იგულისხმება იალქანიძის დუქანში მომხდარი მოწამლვა-მკვლელობები, რომელთა ინფორმატიული სულისჩამდგმელი და ,,რეჟისორი“ თუთაშხიას მეგობარი მედუქნეა. ვინაიდან ცხენის ,,მოპარვა-ჩუქების“ ოპერაცია არ ითვალისწინებდა მოვლენების ასეთ განვითარებას, ამიტომ ეუბნება დათა თუთაშხია ბიკენტი იალქანიძეს: ,,მაგას თუ აპირებდი, მოვალე იყავი, გეთქვა!.. მე ხომ ვერ გკითხავდი?! ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე!..“ (გვ.661).
ახლა შევეხოთ ცხენის ,,მოპარვა-ჩუქების“ ზოგიერთ დეტალს: ა)ბალყარეთში გადასული თუთაშხია ხვდება ძმადნაფიც აბრაგს, ბილალ ზანკშს, რომელმაც ამ შეხვედრიდან ,,...სამი დღის შემდეგ ჯერ კიდევ გაზაფხულზე მუჰამედ გუტეს თავლებიდან გამოყვანილი და ლისკენის ტყეებში საიმედოდ გადამალული ულაყი დათას მოჰგვარა“(გვ.646). როგორც ვხედავთ, საძღვნე ცხენი ბილალ ზანკშმა ცხრაას ცხრა წლის გაზაფხულზე გამოიყვანა (ნაწარმოების მიხედვით, ბალყარელს ეს ცხენი არ მოუპარავს, არამედ გამოიყვანა) გუტეს თავლებიდან, ანუ წინდაწინ მოამზადა ძღვენი, რათა თუთაშხიას, დროის თვალსაზრისით, ჩუქების პროცესში ხელი არ შეშლოდა და მხოლოდ საქართველოში მისი გადაყვანის საკითხი ყოფილიყო აქტუალური. ვფიქრობ, საძღვნე ცხენის წინდაწინ გამოყვანა გუტეს თავლებიდან და ზანკშის ,,ტერიტორიაზე“ გადამალვა თუთაშხიას გეგმის შემადგენელი ნაწილი უნდა ყოფილიყო. ბ)როგორი იყო აბრაგის რეაქცია ამ ცხენის ხილვისას? ,,თუთაშხიას ამ ულაყის მშვენება და სახელი გაგონილი ჰქონდა, მაგრამ ასეთს მაინც არაფერს მოელოდა. ისე მოეწონა, რომ ერთიანად აცახცახდა, მოახტა, იქამდე იჯირითა, სანამ თვითონაც გამოეცალა არაქათი და ცხენსაც“ (გვ.646). როგორ შეაფასა ბილალ ზანკშმა ეს ჯირითი? მან ,,უკვე ჭარმაგი, სახელგანთქმული აბრაგისა და კეთილშობილი ცხოველის ერთმთლიანობა ნახა, აღტაცებამ თუ სიამაყემ ყელში ცრემლი მოაბჯინა. როცა თუთაშხია ჩამოხტა, ბილალმა აღგზნებულსა და სახეგაბრწყინებულ ძმადნაფიცს სინანულით უთხრა: - ამ ულაყზე ჯდომა ქვეყანაზე მხოლოდ შენ გეკუთვნის, ალლაჰსა ვფიცავ, დათა!“ (გვ.646).
ეს ორი ციტატა, არა მარტო ,,სახელგანთქმული აბრაგისა და კეთილშობილი ცხოველის ერთმთლიანობას,“არამედ ცხენის, როგორც თავისუფლების სიმბოლოსა და მისი მხედრის, როგორც თავისუფალი ადამიანის ერთმთლიანობას გამოხატავს. დათა თუთაშხია, როგორც ლიტერატურული პერსონაჟი, გმირი აქ უკვე თავად გვევლინება თავისუფლების სიმბოლოდ. იმავდროულად, ეს ერთმთლიანობა ნიშნავს იმასაც, რომ თუთაშხია სრულად ეუფლება თავისუფლებას, მის აღქმა-გაგებას და სამოქმედო პრინციპებს, რომელთა გამოყენებითაც იწყებს ასეთ თავისუფლებაზე დაფუძნებული ოპერაციის განხორციელებას (მართვას) ჟანდარმისა და მის უკან მდგომი იმპერიული სახელმწიფოს წინააღმდეგ; გ)აბრაგი ასაკოვან მოსე ჯაგალიას არამარტო ცხენს უტოვებს მოსავლელად, არამედ დაასწავლის ტექსტს, რომელიც ყოფილმა მეჯინიბემ ზარანდიას ცხენთან ერთად უნდა გადასცეს, როგორც თუთაშხიას დანაბარები; დ),,ქორწილის მეორე დღეს ერთმა კაცმა გულიას ეზოში გასაოცარი სილამაზის ცხენი შეიყვანა, მუშნი ზარანდიას მიართვა და თუთაშხიას დანაბარები გადასცა. პოლკოვნიკმა სინანულით განაცხადა, - აბრაგი შეცდა, ძღვენი მე არ მეკუთვნისო. ცხენი პოლიციამ წაიყვანა.“ (გვ.681). დავაზუსტებ: ამ ცხენის მუშნი ზარანდიასთვის გადაცემის მომენტისთვის აბრაგი ერთი თვის გარდაცვლილია; თუთაშხიას ჟანდარმისთვის წინასწარ არ შეუთვლია, თუ სად და როდის გადასცემდა (მით უფრო, პირადად გადასცემდა თუ სხვისი მეშვეობით) ,,ნაპარავ“ ულაყს. ამიტომ, დეკემბრის დასაწყისში ქორწილში სტუმრად მისულ ზარანდიას, თუთაშხიას გარდაცვალების ცნობებიდან გამომდინარე, ცხენის ჩუქება-გადაცემის მოლოდინი, წესით, აღარ უნდა ჰქონოდა. თუმცა, ჯერ მოვუსმინოთ გრაფ სეგედის: ,,მუშნი ზარანდიასთვის თუთაშხიას ამბავი, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ გახდა ცნობილი, მაგრამ არ აჩქარებულა, საქართველოში დეკემბრის დასაწყისში ჩამოვიდა, ანუ იმ დროს, როცა მისი წინასწარი ვარაუდით, დათა თუთაშხიასთვის დაგებულ ერთ-ერთ მახეს თავისი დანიშნულება უნდა შეესრულებინა. ჩამოსვლის ოფიციალურ მიზეზად ზარანდიამ ახლო მეგობრის, სვიმონ გულიას ვაჟის ქორწილი დაასახელა“ (680-681). როგორც ვხედავთ, ზარანდიასთვის ზემოხსენებული ქორწილი მხოლოდ მიზეზია, რეალურად კი იმისთვისაა ჩამოსული, რომ პირადად შეესწროს თუთაშხიას ხაფანგში გაბმას. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის აბრაგი ერთი თვის გარდაცვლილია და ჟანდარმს აქვს ცნობები ამის შესახებ, უჭირს დაჯერება და მორიგ ხაფანგზე უარს არ ამბობს. რატომ არ თქვა ზარანდიამ უარი ბოლო ხაფანგზე? რა ვარაუდი შეიძლებოდა ჰქონოდა მას, ამ შემთხვევაში? პასუხი ორნაწილიანია: ა)დათა თუთაშხიას უხილავობის უძლიერესი მომენტი, გამომდინარე აბრაგული ცხოვრების წესიდან, რაც ნაწარმოებს ერთ-ერთ მთავარ ხაზად გასდევს. სწორედ ეს მომენტი აიძულებს ჟანდარმს არ ენდოს თუთაშხიას გარდაცვალების შესახებ არსებულ ცნობებს, გაცემულს მისივე ყოფილი სამსახურის მიერ; ბ)ზარანდიას ვარაუდი, იმავდროულად, შეიძლება კავშირში იყოს საძღვნე ცხენის მაღალ ფასთან - ორი ათასი თუმანი (გვ.647). მუშნი ზარანდიას ძალიან უნდა გასჭირვებოდა იმის დაჯერება, რომ აბრაგი ასე ძვირადღირებულ ულაყს ვინმეს ანდობდა (,,...ამ პიროვნული და საყოველთაო სულმოკლეობის პირობებში“ - სანდრო კარიძე გვ.485), მოსავლელად მიაბარებდა, მით უფრო მის მიერვე გადაბირებულ მოსე ჯაგალიას, რომელი გადაბირებულის თვიური ანაზღაურება სამი მანეთი იყო. ამიტომ, ყველა ლოგიკით, ზარანდიას ვარაუდი ის უნდა ყოფილიყო, რომ, დათა თუთაშხია, ასე ძვირფას საჩუქარს თავად მიართმევდა მას. სწორედ ამაზე უნდა ჰქონოდა გათვლა ზარანდიას, რომ სვიმონ გულიას სახლთან მისასვლელ გზებზე ან თუნდაც სადღაც უფრო შორს დაეხვედრებინა აბრაგისთვის ვინმე მკვლელი და მკვლელობის ფაქტს ცხელ კვალზე თავადაც შესწრებოდა.
რა ხდება მას შემდეგ, რაც ,,ცხენი პოლიციამ წაიყვანა“? ჟანდარმი უნდა დარწმუნებულიყო იმაში, რომ აბრაგი ნამდვილად მკვდარია, ვინაიდან ძღვენის გადაცემის თუთაშხიასეული განზრახვა, - უძვირფასესი (და ულამაზესი) ცხენის სხვისი ხელით (არა პირადად) მირთმევა - სახეზეა. სწორედ ამიტომ იყო, რომ ულაყის სხვისი ხელით ,,მირთმევიდან“ ,,ცოტა ხნის შემდეგ პოლკოვნიკმა ორი კაზაკისა და მეგზურის თანხლებით თუთაშხიას შესაძლო სიკვდილის ადგილისკენ გასწია“(გვ.681). ამ წერილის სათაურში გამოყენებული სიტყვა ,,ოპერაცია,“ მართალია, ცხენის ,,მოპარვა-ჩუქების“ პროცესებს ასახავს, თუმცა იგივე პროცესი სხვა რამესთან გვაახლოვებს, სხვა რამეს გვიხსნის - ესაა აბრაგის მინიშნებითი ხასიათის საუბარი ჟანდარმთან. ამ ცხენთან დაკავშირებული თუთაშხიასეული ოპერაცია თავისუფალი აზრის მქონე თავისუფალი ადამიანის საუბარია ასეთის არმქონესთან, გარკვეული, ჩაკეტილი სისტემის შიგნით აღზევებულთან, რომელი სისტემაც არამხოლოდ ადამიანების, არამედ ძალის გამოყენებით დაპყრობილი ხალხების თავისუფალი ნების წინააღმდეგ მიმართული სისტემაცაა.
მაინც რა უთხრა დათა თუთაშხიამ თავის მამიდაშვილ ჟანდარმს ამ ულამაზესი ცხენის ,,ჩუქებით? რა იყო ამ საუბრის დედააზრი? აი, ისიც: ა)სიბრტყე, რომელზეც იმყოფები, თავისუფლებაშეზღუდული (და შემზღუდავი) სიბრტყეა და რომ მაგ სიბრტყიდან კარგი საქმის მკეთებელ თავისუფალ ადამიანს პიროვნულად ვერ აჯობებ; ბ)სიბრტყე, რომელზეც იმყოფები, არამხოლოდ თავისუფლებაშეზღუდული, არამედ ,,შეზღუდული და სულიერად ხელმოკლე კაცები“-ს (სეგედი, გვ.325) სიბრტყეა და შეუძლებელია მათი გამოყენებით აჯობო მოფიქრალ-მოაზროვნე და სულიერად შეძლებულ, სწორი ხედვა-ანალიზის მქონე კაცებს.
მუშნი ზარანდიასა და მის უკან მდგომი იმპერიული სახელმწიფოს მარცხი, ზემოაღნიშნული ფაქტორების გარდა, განაპირობა ამ ორგანიზებული ძალის მხრიდან გამოვლენილმა ადამიანის, მისი ღირებულებითი სისტემის არცოდნა-უგულებელყოფამ. ზარანდია ადამიანში, როგორც ზემოთ გაანალიზებული შემთხვევებისას დავინახეთ, უპირატესად ბოროტსა და მოღალატეს, ფულზე დახარბებულს ხედავდა, ასეთს აქეზებდა, ხოლო დათა თუთაშხიამ თავისი საუბრებით მოსე ჯაგალიასა და ბონია მეწისქვილესთან გვაჩვენა და აჩვენა ჟანდარმს, რომ ადამიანი გაცილებით მდიდარი, მრავალფეროვანი ბუნებისაა და მისი დაყვანა მხოლოდ ბოროტების ჩამდენ სუბიექტამდე მხოლოდღა იმ ტიპის იმპერიულ სახელმწიფოშია შესაძლებელი, რომელშიაც იგი ასე აღზევდა. გარდა ამისა, ასეთი დაყვანა მაშინვე მარცხდება, როგორც კი ჩნდება ალტერნატივა. ზარანდიას კონტროპერაციის მთავარი მიზანი სწორედ ამ ალტერნატივის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციაა და ეს ალტერნატივა, უპირველეს ყოვლისა, დათა თუთაშხიაშია, მის გარშემო არსებულ ადამიანებშია, ხოლო გარეგნულად აბრაგის მიერ გარკვეული დროით გამოყებულ ცხენშია, როგორც მინიშნებასა და თავისუფლების საყოველთაო სიმბოლოში.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ფლორენცია, თქვენ მადლობა შეფასება-კომენტირებისთვის! წარმატებებს გისურვებთ! ფლორენცია, თქვენ მადლობა შეფასება-კომენტირებისთვის! წარმატებებს გისურვებთ!
1. საინტერესოა, თუმცა ჩემთვის, არაპროფესიონალისთვის ოდნავ მშრალი. ვტოვებ მაქსმალურ ქულას 5 რადგან არასდროს ასე არ გამირჩევია ეს ნაწარმოები. მადლობა საინტერესოა, თუმცა ჩემთვის, არაპროფესიონალისთვის ოდნავ მშრალი. ვტოვებ მაქსმალურ ქულას 5 რადგან არასდროს ასე არ გამირჩევია ეს ნაწარმოები. მადლობა
|
|
მონაცემები არ არის |
|
|