ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა გიორგაძე
ჟანრი: პროზა
11 სექტემბერი, 2024


89 24

შეიძლებოდა ყველაფერი საზოგადოებრივ ტრანსპორტშივე დაწყებულიყო, მაგრამ არავის და არაფერს არ აჰყვა, სკამზე დაჯდა და გონება გათიშა. დრო და დრო ამჩნევდა მის მიმართ წამოსულ ამრეზ მზერებს, „გამომწვევი“ ვიზუალის გამო, მაგრამ დიდი ხანია ერთ რამეს მიხვდა, რომ თუ მზერას დააიგნორებს, თავდაცვის რეჟიმი ასე უფრო მომგებიანი ხდება.
არა და ისეთიც არაფერი ეცვა, ჩვეულებრივი ჯინსი, კედები, ზედა, რომლიდან გამოჩენილ ჭიპსაც ვერცხლისფერი თვალი ამშვენებდა, მსგავსად წარბისა, ცხვირისა და ყურებისა. სწორედ ეს აქსესუარები და არაბუნებრივი შეფერილობა თმისა, (ამ კონკრეტულ შემთხვევაში იისფერი) საფუძველს აძლევდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს, რომ მასზე ის ეფიქრათ რაც უნდოდათ.
ხმის ამოღება, ამ ფიქრებს უფრო საფუძვლიანს გახდიდა, შეიძლება სწორედ ამიტომაც დუმდა ხოლმე, და ამ დუმილის დორს, ნერვები ეშლებოდა ფრაზაზე, რომლის მიხედვითაც დროს ყველაფერი უნდა დაერეგულირებინა, მაგრამ აი, ოცდამეერთე საუკუნის მეხუთედი უკვე გასული იყო, და ხალხი, რომელთა უმეტესობასაც შეიძლება ტრანსპორტის საფასურიც კი არ ჰქონოდა, დრო და დრო გამოაპარებდნენ მისკენ მზერას და გვერდით მჯდომს გადაულაპარაკებდნენ რაღაც „მნიშვნელოვანს“ ყურში.
რაც შეეხება დროს, მას არაფერი დაულაგებია, პირიქით, აურია კიდეც რადგან წლების წინ, იგივე სიტუაციაში თუ მხოლოდ მსუბუქი ყოფაქცევის პიროვნებად შეიძლებოდა აღქმულიყო, ახლა ხალხის თვალში, სამშობლოს, სარწმუნოების, გენის, ისტორიისა და ყველაფერი მსგავსის გამყიდველი, ამას დამატებული პროპაგანდისტი, და ის რაც კლასიკასავით შემორჩა ძველი დროიდან, მსუბუქი ყოფაქცევის მქონე _ ისევ იყო.
მაგრამ ამაზე ვინ დარდობდა? მას დიდი და მძიმე ბრძოლა ჰქონდა ახლა გადასატანი მისივე დიდ და სამაგალითო ოჯახთან, რომლის სახელშიც, ერთად ერთ შავ ლაქად არსებობდა და რამდენად რევოლუციურიც არ უნდა ყოფილიყო ეს შავი ლაქობა, იმდენადვე ხდებოდა დამთრგუნველი, ვინაიდან, როცა სადღაც იბადები, ადამიანებს ხედავ, უყურებ, ეჩვევი, იყვარებ, გზრდიან, გეფერებიან, პრობლემებს გიგვარებენ და გაყენებენ ისეთ გზაზე, რომ განმარტოების უნარი შეგრჩეს, მათგან დადებითი განწყობა და დამოკიდებულება ხშირ შემთხვევაში სულაც არ იქნებოდა ურიგო.
მართალია, ის სახლიდან წამოვიდა და თავისი პირადი სივრცე შექმნა, მაგრამ არა სიძულვილის, არამედ მხოლოდ და მხოლოდ აღნიშნული პირადი სივრცის გამო, თორემ დედაც, მამას, ბებიაც, ბაბუაც, უმცროსი დაც და პატიმრობაში მყოფი უფროსი ძმაც ძალიან უყვარდა.
უყვარდა, მაგრამ არ მოსწონდა. ამ სიტყვის ახსნა კი იმაზე მეტად უჭირდა მათთვის, ვიდრე იმისა, თუ რატომ გადავიდა მარტო საცხოვრებლად.
რა სათქმელია და, ერთხელ ეგეთი პასუხიც კი გასცა კითხვას.
_ არა, კაცების ამოსაყვანად არ მჭირდება მარტო ცხოვრება, პირიქით, არ მინდა რომ ამდენი კაცი მედებოდეს ფეხებში და ნაბიჯებს მიკონტროლებდეს.
დაუჯერეს? ვინ იცის, თუმცა მას თუ ჰკითხავ, არ გონია რომ დაუჯერეს, რადგან კონტროლის ერთგვარ მექანიზმებს, არც იმდენად მძაფრად რამდენადაც თანაცხოვრებისას, თუმცა მაინც გრძნობდა.
თავიდან აწუხებდა და გამოსავალზე ფიქრობდა, მერე კი, უცებ აქციები დაიწყო, და თავიდან ბოლომდე ამ ამბებზე გადაერთო, რადგან რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, უყვარდა კიდეც საპროტესტო აქციები, ამის მიზეზი კი ალბათ ის ისტორიები იყო, რომელსაც მთელი ბავშვობის განმავლობაში უყვებოდნენ ხოლმე.
აქტოობების გამო, აქამდე ერთხელ უკვე მოუწია ბრალდებულის როლის მორგება ოჯახის წინაშე. ცხადია ოჯახი მისი მხრიდან აქციებზე გასვლის აღმოფხვრას ითხოვდა, ითხოვდა კატეგორიულად, მრისხანედ, კიარ ითხოვდა, მოითხოვდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა ამ საქმიდან და საბოლოოდ გამოუცხადეს რომ უარს ამბობდნენ მასზე, მაგრამ აი, გამოცხადებული უარიდან დაახლოებით ათი დღის თავზე, ის საზოგადოებრივ ტრანსპორტში იჯდა და ოჯახში მიდიოდა, სადაც დარწმუნებული იყო, რომ ბრალდებულის სკამი ელოდა.
ამჯერად ძნელი იყო კონკრეტული მიზეზის გამოცნობა, არა, ბრალმდებლები ნამდვილად არ იყვნენ პათეტიკურები, ისინი ისევ არ შემოაბრუნებდნენ აქციის თემას, მაგრამ რაღაც კავშირი სწორედ ამ თემასთან რომ ექნებოდა ახალ საქმეს, ამას წყალი არ გაუვიდოდა.
ბევრი არც ამაზე უფიქრია, ასე ფიქრგათიშულმა იმგზავრა, ამავე რეჟიმში ჩამოვიდა სასურველ გაჩერებაზე.
_ როგორ ხარ ლეა, რა არის შენთან ახალი? მუშაობ? ხომ არ აპირებ დაოჯახებას? _ კორპუსის სადარბაზომდე მოასწრეს მეზობლებმა აუცილებელი კითხვების დასმა.
_ გმადლობთ, კარგად, თქვენ როგორ გიკითხოთ? ახალი? ისეთი არაფერი, აქციები და აქციები. მუშაობით _ ვმუშაობ, კი, ისევ იქ. დაოჯახებას? არა, არ ვაპირებ, ჯერ კიდევ ბევრი დროა მაქამდე.
_ ვინ გითხოვს ასეთს _ ეს სიტყვები არ გაუგონია, შეიძლება არც არავის უთქვამს, უბრალოდ სადარბაზოში შესვლისას, გაიფიქრა, რომ ზუსტად და სწორედ ამ კომენტარს გააკეთებდა მეზობელი, რომელმაც მისდა სამწუხაროდ, ვერც ერთ კითხვაზე ვერ მიიღო მოულოდნელი პასუხი.
სახლის კარი ჩუმად შეაღო, რადგან იქედან პიანინოს ხმას აყოლილი, უმცროსი დის სიმღერა გამოდიოდა, არ უნდოდა ხელი შეეშალა, მოსმენითაც, ღიმილნარევი ხმით უსმენდა დის წკრიალა ხმას, თუმცა მელოდიამ და ტექსტმა, მაინც მოახერხა მისი ნერვების მოშლა, რადგან ახლაც, ისევე როგორც მაშინ როცა თავად იყო 10-11 წლის, წვიმა მოდიოდა, წვიმა მოდიოდა შხაპა-შხუპით, საქათმისკენ გამორბოდნენ ტყაპა-ტყუპით, უკვირდათ, უკვირდათ, გოჭებსა და ქათმებს უკვირდათ, რომ არ სველდებოდა, არ სველდებოდა ბატის ჭუკი.
_ რა იდიოტიზმია, იმედია, ჩემსავით არ გადააღებინებენ სოფიასაც კლიპს, რომ მერე მთელმა სანათესაომ ტელევიზორში უყუროს და წლების მერე დაკომპლექსებულ ბავშვს, არ ეშინოდეს, რომ აი ახლა მიაგნებს რომელიმე მისი მეგობარი ამ ვიდეოსო! _ გაიფიქრა მაგრამ ხმის ამოღებას აზრი არ ჰქონდა, რადგან შეიძლებოდა ეს დიალოგი, სოფიას გაეგონა, მოსწონებოდა, და მშობლებისთვის ეთხოვა კიდეც დახმარება აღნიშნულ საქმეში.
ცხრა სართულიანი კორპუსის პირველ და მეორე სართულს იკავებდა მათი სახლი. როცა ლეა დაიბადა, პირველი იყო მხოლოდ მათი, მეორე _ წლების მერე იყიდეს მეზობლებისაგან და გააერთიანეს შიდა კიბით, ლამაზი სახლის ოფიციალური მისაღები ოთახი, ზალა იყო, რომლის ცენტრში, მგვრალ მაგიდასა და მის ირგვლივ შემორაგულ სკამებს, ბევრ ნათურიანი, დიდი ჭაღი ამშვენებდა, ოთახის ბოლოს კი, იმ კუთხეში, რომლიდანაც ყოველთვის მოდიოდა სასიამოვნო საკმევლის სუნი, ხატების კუთხე იყო მოწყობილი. სულ მაღლა, ჯვარცმა ეკიდა, ოდნავ ქვემოთ, გვერდიგვერდ, ღვთისმშობელი და პატრიარქი, მათ ქვემოთ, ძველის ძველი, გახუნებული ფოტო იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტისა, და მისი ტრაგიკულად გარდაცვლილი თანამოაზრისა. უფრო ქვემოთ კი ისეთი რიგითი წმინდანები იყვნენ, როგორიც წმინდა გიორგი, წმინდა ნინო, იოანე ნათლისმცემელი, მთავარანგელოზი და კიდევ ბევრი სხვანი არიან.
ყველაზე დაბლა, უფრო სწორად კი, ხატების კუთხის ქვეშ დადებულ მაგიდაზე, რომელიც თავისმხრივ კედელს ეყრდნობოდა, დადებული იყო ათას ცხრაას ოთხმოცდა ცხრა წლის ცხრა აპრილს მოკლულთა პაწია ფოტოები, ერთ დიდ ჩარჩოში გაერთიანებული. მის წინ ყოველთვის იდო ტიტა, ყოველთვის ენთო სანთელი და საკმეველიც საოცარ სუნს აყენებდა სახლში.
მაგიდის გვერდით, ძველისძველი, სამფეროვანი დროშა იდგა ამაყად, დროშა, რომელსაც სისხლის წინწკლები, შინდისფერ ფონზეც კი ეტყობოდა.
ეს კუთე, ყოველთვის სიამაყით ავსებდა ლეას, რაღაც უხილავი ძალა შემოდიოდა მასში, როდესაც ერთი პატარა სამლოცველო კუთხის მიერ გადმოცემულ ისტორიას გააანალიზებდა. პატარაობაში, საკლასო-საკონკურსო თემაც კი დაწერა სკოლაში, ქვეყნის ისტორიის რომელ ნაწილში დაბრუნდებოდი, და რატომო _ იყო თემა. მან კი თქვა, რომ ამაყად შეიგრძნობდა იმ სულისკვეთებას, ოთხმოცდა რვა წლის ცხრა აპრილს რაც ხდებოდა საქართველოშიო. წელი შეეშალა, ამის გამო, ნიშანი დააკლეს, პირველ ადგილზე კი მისი ის თანაკლასელი გავიდა, რომელიც მომავალში მიდიოდა, როგორც შემდგარი ჯარისკაცი, და აფხაზეთსა და სამაჩაბლოს იბრუნებდა.
_ კარგია, ძალიან კარგიო _ თქვა გამარჯვებულ თემაზე მაშინ მასწავლებელმა _ მაგრამ შენ რომ გაიზრდები, ეს კუთხეები უკვე ჩვენი იქნება, ამიტომ აჯობებს შენი ენერგია მათ დაცვას მოახმარო, და არა დაბრუნებასო.
თუმცა-ღა, მიუხედავად ბავშვობიდან მოყოლებული, მსგავსი ემოციისა, ამ ისტორიული არტეფაქტით დამშვენებული სამლოცველოს მიმართ, წინა ვიზიტზე, როდესაც ბრალდებული იყო აქციებში მონაწილეობისთვის, ძველებური სიამაყე აღარ დაუფლებია, რაღაც უფრო ჩვეულებრივი იყო, რაღაც რიგითი და უმნიშვნელო.
და ასე იყო ამჯერადაც, იგი უყურებდა ხატების კუთხეს, და საკუთარ თავს უსვამდა კითხვას იმის თაობაზე, თუ რა შეძლო ასეთი დრომ? უბრალოდ გული გაუყინა, თუ გაზარდა.
მაგრამ კითხვაზე პასუხის ძიების დრო აღარ მიუცია მისთვის გარემოებას. წამები დასჭირდა სოფიას გაკვეთილის შეწყვეტასა და მოხუც მუსიკის მასწავლებელ-მეზობელთან ერთად გაშვებას, რადგან მისი უფროსი დის „სამარცხვინო“ ქმედებისთვის მოწყობილი სასამართლოს შემსწრე არ გამხდარიყო.
მგვრალ მაგიდას შემოუსხდნენ მშობლები, ბებია, მამიდა, და ორი ტყუპი მამიდაშვილი, რომელთაგან ერთ-ერთსაც, რა უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო მოცემული ვითარებისთვის, ხელში ფანდური ეჭირა.
თუმცა ფანდური იმდენად უცნაური არ იყო, რამდენადაც სასამართლო სხდომაზე თექვსმეტი წლის მამიდაშვილების დასწრება, ლეა ფიქრობდა რომ აქ რაღაც დადგმა უნდა ყოფილიყო მომზადებული, და არც გაცრუებია იმედი. „სხდომის“ გახსნა სწორედ ამ ბავშვებს მიანდეს, ისინიც ფეხზე წამოდგნენ, ერთ-ერთმა ფანდური მოიმარჯვა და სიმღერაც დაამღერეს:
„ დავიბადე საქართველოს მოდარაჯედ
შავმა ჩოხამ ჩემი ტანი დაამშვენა
ჯიშად მომდევს ჩემი ქვეყნის სიყვარული,
მისი ლომის კლანჭებიდან გადარჩენა,
თავს შევწირავ, ისე მედგრად მიცემს გული,
სუნთქვა არის ჩემი მთა და ჩემი მდელო,
თუ მოვკვდები შემოგევლოს ჩემი სული
ჩემი სული შემოგევლოს საქართველო“
_ რა კარგები ხართ _ აღფრთოვანება ვერ დამალა ლეას დედამ, მივიდა, ბიჭებს გადაეხვია და ოთახიდანაც გაიყვანა. მის დაბრუნებამდე, არც ისე უხერხული სიჩუმე ჩამოწვა ოთახში.
_ იცი ეს სიმღერა ვინ დაწერა? _ წამოიწყო საუბარი მამამ, მას შემდეგ, რაც მგვრალ მაგიდასთან დედა დაუბრუნდა საკუთარ ადგილს.
_ წარმოდგენა არ მაქვს _ ისეთი ხმით უპასუხა ლეამ, ადვილად ივარაუდებდა ადამიანი, ის ახლა უეჭველად სიცილს იკავებსო, თუმცა მგვრალი მაგიდის წევრებისათვის, იმდენად წარმოუდგენელი იყო არსებულ სიტუაციაში სიცილი, რომ არც კი დააკვირდნენ.
_ ის მაინც თუ იცი, სად და როდის შეიძლებოდა გვემღერა? ან საზოგადოების რომელ ნაწილს? _ ოდნავ აამკაცრა ტონი მამამ.
_ სავარაუდოდ სიმთვრალეში, იმედია სადმე ტყეში, და რაც გარდაუვალია, საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც წარმოდგენაც კი არ აქვს როგორ შექმნას ლირიკა. _ ირონიით კონტრ-იერიშზე გადასვლა გადაწყვიტა ლეამ, რადგან ჯერ-ჯერობით, ისევ არ ჰქონდა იმის წარმოდგენა, თუ რა სპექტაკლში ჩართეს ამჯერად, ან საერთოდ, ამჯერად რა დააშავა ახალი!
_ უკან გაიხედე _ იყვირა ბებიამ, და ყვირილს ეგრევე გულზე დადებული ხელი მოაყოლა, იმის ნიშნად რომ ცუდად იყო!
ლეამ უკან მიიხედა და კარგად დააკვირდა სამლოცველო კუთხეს, რომელსაც სავარაუდოდ ყველაფრისთვის უნდა მოეფინა ნათელი, მაგრამ ბოლომდე ამჯერადაც ვერ ჩასწვდა ოჯახის წყრომის მიზეზს. თუმცა უკან გამოხედილმა, უკვე იცოდა, თუ სად, როდის და საზოგადოების რომელ ნაწილს შეიძლებოდა ეს უნიჭო ტექსტი გაემღერებინა.
ბებიას პულსს უსინჯავდა დედა, მამა და მამიდა კი ამაოდ ეძებდნენ ლეას თვალებში სირცხვილის გრძნობას.
_ მიხვდი რამეს? _ სიჩუმე მამამ გაფანტა საბოლოოდ.
_ კი მამა, მივხვდი, რომ ათას ცხრაას ოთხმოცდა ცხრა წლის, ოთხ, ხუთ, ექვს, შვიდ და რვა აპრილს მღეროდი ამ სიმღერას, შენს გარდაცვლილ და არა მარტო გარდაცვლილ მეგობრებთან ერთად, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდით შენც, დედაც, ბებიაც, მამიდაც, მაგრამ მე ვერ ვხვდები რა შუაშია ეს ყველაფერი ახლა ჩემს გასამართლებასთან?
_ იცი ეს ტექსტი ვინ დაწერა? _ ბებია ჩაერია ისევ, ამჯერად შედარებით მშვიდი ტონით.
_ ვაჟა-ფშაველას რომ არ დაუწერია ფაქტია. _ ცდილობდა ლეა ირონიის საბოლოოდ დამკვიდრებას ხმაში.
_ არა, ვაჟა-ფშაველამ არა, მაგრამ ნესტან სულთანიშვილმა დაწერა, და საერთოდ, იცი ვინ არის ნესტან სულთანიშვილი ლაწირაკო? იცი რა გაუკეთებია იმისთვის, რომ შენ ახლა ქართულად გელაპარაკა?
_ პირველად მესმის ეს სახელი და გვარი ბებო, და თუ უკეთესად გამაგებინებთ, რატომ მაძლევთ მაგ განათლებას ასეთი ბრაზით, იქნებ მიმახვედროთ კიდეც ამით რამეს, თორე ასე ვერაფერს ვერ ვხვდები და ისიც არ ვიცი, რა გიპასუხოთ, როგორ დავიცვა თავი ან დავიცვა თუ არა საერთოდ _ ამჯერად მართლა ინტერესში ჩავარდნილმა უპასუხა ლეამ ოჯახს.
_ აჩვენე _ გასცა ბებიამ განკარგულება, მამიდა კი, თითქოს ამ ბრძანებას ელოდებოდაო, მაგიდაზე დადებულ ტელეფონს დასტაცა ხელი, და ლეას სახეზე ააფარა წინა დღეს, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარი.

„ საინტერესოა, რამდენი რუბლი დაუჯდა შენს ხელისუფლებას ეს სტატია? ისე, რუბლებს დოლარები ან ევროები რატომ არ გირჩევნიათ ვერ ვხვდები, იმიტომ რომ თქვენნაირი მონები და ლაქიები, ჩემი აზრით ყველა სივრცეში მონახავენ გასაქანს“
_ როგორ გაბედე, და ასეთი კომენტარი დაუწერე ამოდენა პოეტს? _ საუბარში ჩაერია დედაც.
_ პოეტს? _ გაეცინა ლეას. _ ვინ არის პოეტი? ეს საშინელი ქალი, რომელიც ახალგაზრდობას სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით წყევლიდა საკუთარ სტატიაში?
_ ცოტას თუ ვიცნობ, ვისაც ქალბატონი ნესტანის მსგავსად შეტკივა გული ახალგაზრდებზე, თქვენ მოტყუებული და გაბითურებულები ხართ და სიმართლის მოსმენა როგორ მდგომარეობაშიც გაგდებთ, ეს სამწუხაროდ შენი სახით დაფიქსირდა ასეთი ძვირფასი ქალბატონის გვერდზე. ჩვენ, მთელი ოჯახის სახელით მოვუხადეთ მას ამის გამო ბოდიში, მაგრამ გვინდა რომ შენც მოიხადო, და აღარასოდეს გაბედო მსგავსი რამე, თორე იცოდე, სამუდამოდ ამოგირეცხავთ გულიდან _ ემოციებს ვერ აკონტროლებდა ბებია, დედას ამჯერად წინასწარ მომზადებული კატაბალახას ბოთლი ეჭირა ხელში და ფსკერდანამულ ჭიქაში წვეთებს ასხამდა.
ლეა კი, თავდახრილი იდგა, ცდილობდა სიცილი შეეკავებინა, მაგრამ არ გამოდიოდა, ლოყები მაინც უაშკარავებდა სიცილს. ბოლოს, როცა მიხვდა რომ თავს ვეღარ შეიკავებდა, სახე გამართა და ნელი, ჩუმი ხმით წამოიწყო სიმღერა:
_„ საიუზ, ნე რუშიმი, რესპუბლიკ სვაბოდნიხ...“
_ ახლავე გაეთრიე აქედან _ ბოლო ხმაზე დაიკივლა ამჯერად ბებიამ.
მოულოდნელობისაგან შეშინებული მამა უცებ წამოხტა ფეხზე, ლეას უხეშად ამოსდო ხელკავი და კარისკენ წაათრია.
_„ პლაწილა ნე ვიკი, ველიკაია რუუუს!“ _ არ წყვეტდა სიმღერას ლეა, მანამ სანამ გარეთ არ გამოაგდეს და კარი არ მოუჯახუნეს. სიცილით ჩამოუყვა კიბეებს, თუმცა სამი ნაბიჯიც არ ჰქონდა გადადგმული, როცა ისევ გაიგონა კარის გაღების ხმა. ისევ მამა იყო.
_ იცოდე ლეა, თუ დღესვე არ მოუხდი ქალბატონ ნესტანს ბოდიშს, ჩათვალე რომ აღარც მამა გყავს, აღარც დედა, იცოდე... იცოდე...
რამდენიმე წამი თვალი თვალში გაუყარა გოგონამ მამას, მერე თბილად გაუღიმა, ხელები გაშალა და პასუხი ამჯერადაც სიმღერით გასცა:
_ „სტავაი სტრანა აგრომნაია ...  დდდდმ!“
იცოდა რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ყველაფერს, ამიტომ მეტად აღარ გაუგრძელებია, წამში მოტრიალდა და კიბეზე ჩამოირბინა, თუმცა ზურგში სიგარეტის კოლოფი ( რომელიც მამამ ბრაზისაგან ესროლა ) ხოლო ყურებში მამისვე გინება წამოეწია. გაცინებული სახით მოტრიალდა ლეა, სიგარეტის თითქმის სავსე კოლოფს ხელი დაავლო და ამჯერად უკანმოუხედავად გაიქცა.
_ რას შვები ლეა? არ თხოვდები? _ ამჯერად სხვა მეზობელმა ჰკითხა სადარბაზოდან გამოსულს.
_ კი, კი, ვაპირებ, იმედია მალე გამოჩნდება ვინმე, თორე სადაცაა მუცელი დამეტყობა და მერე ხომ იცით როგორც ხდება?! _ უპასუხა და გამოეცალა მოსმენილისაგან პირდაღებულ მეზობელს. ცოტას კიდე იხალისებდა სიამოვნებით მსგავსი ტყუილებითა და ჭორებით მასთან, რადგან საბოლოოდ, მოხდილი ბოდიშის გამო, შურისძიება იქნებოდა მისი ოჯახის მიმართ, მაგრამ დიდი იყო იმის ალბათობა, რომ გინებითა და ღრიალით წამი-წამზე გამოვარდებოდა მამამისი სადარბაზოდან, ამიტომ მოჰყვა თუ არა ყალბ ორსულობაზე, ეგრევე გაეცალა კორპუსს და მის და ბედად, ეგრევე მოსულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეაფარა თავი.
_ რას გაურბიხარ შვილო? _ შეეკითხეს ასვლისთანავე მგზავრებმა.
_ გმადლობთ, არაფერს _ ღიმილიანად უპასუხა ვითომ თავაზიან ხალხს და ფანჯარასთან დაჯდა, რომ ტრანსპორტის დაძვრამდე შეეთვალიერებინა სულ მცირე სიგარეტის გამო გარეთ გამოსული მამა.
არ გამოჩენილა, ტრანსპორტიც დაიძრა, ლეამ ახლაღა დახედა კოლოფს, რომელშიც თვრამეტი ღერი პარლამენტი იდო, გაუხარდა, ჩანთაშ შეინახა თავის ხუთ ღერ დარჩენილ პალმალის კოლოფთან ერთად და ცენტრალური მოედნისკენ გაემართა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, აქციაზე ხმის ჩაწყვეტამდე საყვირლად.

გაგრძელება იქნება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები