ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა გიორგაძე
ჟანრი: პროზა
17 სექტემბერი, 2024


89 24 (გაგრძელება)

უსაქმურობის დროს, გადათენებულ ღამეებს, დილით ხანგრძლივი ძილი მოყვებოდა ხოლმე, სწორედ ამიტომ, თორმეტი საათი ხდებოდა, როცა გაეღვიძა, პირველ რიგში ტელეფონს დახედა, ბანკის ესემესი იყო მოსული, რომელიც საკმაო რაოდენობის თანხის ჩარიცხვას იუწყებოდა. გაახსენდა გუშინდელი უცნაური საუბარი ძმასთან, ცოტა ხანს კიდე ინებივრა საწოლში, ბოლოს ადგა, მოწესრიგდა, ჩაიცვა შორტი, (ამინდის შესაბამისად) მოკლე ზედა და აფრიკული, ბოჰემურ სტილში მოხატული ბასანოჩკები. თუმცა გარეთ გავიდა თუ არა, დაფიქრდა, უკან შემობრუნდა, ერთიანი, მუხლამდე კაბა გადაიცვა, წითელი ფერის, თეთრ კოპლებიანი, პირსინგების რაოდენობაც შეიმცირა, ზურგჩანთაში თხელი თავსაფარი ჩადო და ისე გაუდგა გზას ცენტრალური მოედნისკენ, სადაც ახლო-ახლო ეგულებოდა ეკლესიაც, (რომლის გამოც გამოეწყო ასე) და წიგნების მაღაზიაც.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე დადგა, ტრანსპორტის მოსვლამდე 4 წუთი იყო, ინსტიქტურად მიმოიხედა აქეთ-იქეთ, ვითომ და ხომ არავინ მიყურებსო, თითქოს რიდი ან შიში ჰქონოდა ვინმესი, მერე სიგარეტი ამოიღო და გულიანად მოუკიდა.
ვერ ხსნიდა რატომ, მაგრამ მოსწონდა საზოგადოების მზერის დაფიქსირება მაშინ, როდესაც ეწეოდა. განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლები უყურებდნენ გაოცებით. „ქალის მოწევა ვისღა უკვირს, მაგრამ ასე, საჯაროდ, კაცივით?“ შუბლზე ეწერათ ეს ფრაზა თითქოს, და ალბათ სწორედ ამიტომ მიმოიხედა აქეთ-იქეთ ახლაც, რადგან თითქოს და მარტოს მოწევა ეხამუშაო.
მარშუტში, რომელიც დროულად მოვიდა, მძღოლიანად სულ სამი კაცი და ორი ქალი იჯდა, ასაკით ყველა მათგანი ორმოცდაათს გადაცილებულს გავდნენ, ავიდა ლეაც, ცარიელ სკამზე დაჯდა, ფანჯარას მიადო თავი და ამჯერად, სატრანსპორტო დიალოგების მოსმენა ამჯობინა რატომღაც, მუსიკის ჩართვას.
_ მაგაში გეთანხმები _ გააგრძელა, როგორც ჩანს, გაჩერებამდე დაწყებული დიალოგი ერთ-ერთმა ქალმა, _ მაგრამ ესენი რას ფიქრობენ, მაინც ვერაფრით ვხვდები.
_ სხვა ვინ ყოფილა ხალხისთვის ქალბატონო, ესენი რომ იყვნენ, _ გამოეხმაუა უკანა სკამიდან კაციც დიალოგს _ მაგრამ, რაღაც ხომ მაინც გააკეთეს? თუ არ გაუკეთებიათ? აღარც ვიცი უკვე.
_ საქართველო უყვართ ბატონო, საქართველო _ უპასუხა ქალმა, რომელიც სავარაუდოდ მთელი ამ დიალოგის წამომწყები გახლდათ.
_ ბოდიში რომ გეჭრებით _ ჩაერია ლეა საუბარში _ მაგრამ რაში გამოიხატება მათი მხრიდან საქართველოს სიყვარული ვერ მეტყვით?
მგზავრებმა ერთმანეთს გადაავლეს მზერა, ყველა მათგანმა იპოვნა ფრაზა ერთმანეთის თვალებში, ფრაზა, რომელიც „Gen Z” ასე გამოითქმებოდა, და რომელიც იმას ნიშნავდა რომ გოგონა სწორედ იმ თაობის წარმომადგენელი იყო, რომელსაც ვერასდროს, ვერაფრით ვერაფერს გააგებინებდი.
_ მისმინე შვილო _ მაინც სცადა ერთმა ახსნა _ თქვენ, ახალგაზრდებმს საიდან გემახსოვრებათ, მაგრამ იცით რა ცხოვრება იყო? შეიძლება თავზე არ გადაგვდიოდა, მაგრამ ადამიანობა იყო, ურთიერთობები იყო, ლხინი იყო თუ ჭირი ერთად ვიზიარებდით. სად იყო მაშინ მობილური და კომპიუტერები? მაგრამ ვაგებინებდით ერთმანეთს მაინც ყველაფერს.
_ გასაგებია ქალბატონო, _ ჩაერთო ლეა _ ახალგაზრდობისას ყველა თქვენგანი აქტიურ ცხოვრებას ეწეოდით და ეგ წლები გენატრებათ, ოღონდ თქვენი წლები გენატრებათ და არა ქვეყნის, მაგრამ მე გკითეთ, თუ რაში გამოიხატება ამათი მხრიდან ქვეყნის სიყვარულითქო? 
_ ჰოდა მეც მაგას გიხსნით შვილო რომ თქვენი თაობა იმდენად ხართ ერთმანეთისაგან დაცილებული და გაუცხოებული, რომ სიყვარულს ვერანაირად ვერც დაინახავთ და ვერც გაიგებთ, ამიტომ მე რანაირად გინდა გაგაგებინო ახლა ის, რასაც თავადაც ხედავ, მაგრამ იმდენად არ გინდა დაინახო, რომ თავსაც კი იბრმავებ, ძალით.
_ სამება _ თავი წამოყო ამჯერად სხვა კაცმა, რომელიც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ ლეას ამოსვლამდე არ ჩართულიყო დიალოგში.
_ რა ბრძანეთ? _ ჩაეძია ლეა.
_ სამების აშენება არ განაპირობებს ქვეყნის სიყვარულს? _ ბრაზითა და ზიზღით გააჯერა კითხვა კაცმა და მკაცრად ჩახედა თვალებში ლეას.
_ ვის რად უნდა ისეთი ეკლესია, რომლიდანაც ღმერთი გამოაგდეს _ მოულოდნელად ჩაერთო საუბარში მძღოლი.
_ რა თქვი? _ აიღრინა მგზავრმა.
_ რა ვთქვი და ის ვთქვი, რომ მილიონები იხარჯება ვითომ და უფლის სახლის მშენებლობაში, რომლის გარშემოც უსახლკარო ბავშვები ხურდებს ითხოვენ და ეს ყველაფერი თუ სამართლიანად გეჩვენებათ, რავიცი, რა გითხრათ?!
_ თუ შეიძლება ბატონებო, ნუ დაძაბავთ საუბარს _ ფეხზე წამოდგა ლეა, სიტუაციის დარეგულირების მიზნით _ როგორც წესი, ასეთ დიალოგებში არ შევდივარ ხოლმე, მაგრამ დღეს სხვა მიზანი მქონდა და არამგონია საუბრის ამ ფორმამ ჩემს კითვამდე მიგვიყვანოს, ამიტომ პირდაპირ გკითხავთ, რა აზრის ხართ პირველ პრეზიდენტზე?
_ ოოო, _ აღმოთქვა სამების მცველმა _ აი ეგ იყო კაცი, და ეგ იყო ქართველი, აბა ესენი არიან ადამიანები? ამათი დედა რომ მოვტყან სათითაოდ... ბოდიში ყველასთან... _ თქვა და დაჯდა სკამზე, ოღონდ მანამდე, გინებისას, ხელი მძღოლისკენ გაიშვირა, აშკარა იყო, მასაც აგინებდა, მაგრამ იმ შემთვევაში თუ სიტუაცია დაიძაბებოდა, მარტივად გაიმართლებდა თავს, მე პოლიტიკოსებს შევაგინეო.
_ მაშინ სხვა ერთობა იყო _ ღიმილიანად გაიხსენა ხელისუფლებისთვის ქვეყნის სიყვარულის დამბრალებელმა ქალმა _ იმიტომ რომ ნამდვილი ქართველი იყო, სულით, ხორცით, სისხლითა და სუნთქვით.
_ ქართველი იყო აბა რა, მაგრამ სიმართლე ითქვას, ქალებმა დაღუპეს. _ გამოეპასუხა მეორე ქალი.
_ რას ამბობ? _ შეცბა პირველი, რომელიც არანაირად არ ელოდა პირველი პრეზიდენტის მიმართ მსგავს ბრალდებას.
_ არა, ისეთმა ქალებმა კიარა _ სიცილით დაიწყო პოზიციის დაცვა. _ აი იმ ქალებმა, გვერდში ვინც ეყენათ, პოლიტიკის გაგებაში რომ არ იყვნენ და თვითონაც რომ არ იცოდნენ რა უნდოდათ.
_ სხვათაშორის, მე მასწავლიდა სკოლაში ისტორიას პირველი მოწვევის პარლამენტის წევრი, დამოუკიდებლობის აქტზეც აქვს ხელი მონაწერი, საოცარი ქალბატონი, ორი შვილის, ორი ვაჟკაცის დედა, მაგრამ სამწუხაროდ ერთი შვილი გარდაეცვალა. _ თქვა უკან მჯდომმა კაცმა.
_ გაუნათლოს ღმერთმა _ თანაუგრძნეს ქალებმა.
_ ახლა მეც გეტყვი შვილი _ ჩაერია საუბარში მძღოლიც. _ ქართველი, ეროვნული და პატრიოტი რომ იყო, მაგაზე ვინ დაობს? მაგრამ სინამდვილეში, ქალებმა კიარა, ფანატიზმმა დაღუპა, ეროვნულმა ფანატიზმმა. ეჰ, რა გითხრათ, მე სულ მძღოლი კიარ ვყოფილვარ, ისტორიკოსი კაცი ვარ მეც და თუ დაუკვირდებით, მიხვდებით რომ ბიზანტიის დამხობის მერე, საქართველო ეკონომიურად აღარასოდეს აღარ ყოფილა გამართული. აბა თუ იცით რატომ? იმიტომ რომ ჩვენნაირ პატარა ქვეყანას, აუცილებლად სჭირდება ეკონომიურად მძლავრი სტრატეგიული პარტნიორი. ხოდა შე დალოცვილო, რომ ეტაკები, ვის ეტაკები? რატო ეტაკები? რა ზურგით? ხელისუფლებაში მოსული არ ხარ, ქვეყანა საბჭოთა კავშირიდან წუთების გამოსულია და ბუშს უპირისპირდები? ეგაა ზუსტად ფანატიზმი, და მეტი არაფერი, ჩემი აზრით რათქმაუნდა.
_ დიდი მადლობა აზრის გაზიარებისთვის _ თავაზიანად თქვა ლეამ და ამავე ტონით სთხოვა მძღოლს შეჩერება.
_ აზრი და ჭკუა მოგცეს შვილო ღმერთმა _ დალოცა ჩასვლისას ერთ-ერთმა ქალმა, თუმცა რომელმა, ზუსტად ვერ მიხვდა, რადგანაც უკვე ზურგით იდგა და დიალოგთა მთელი სიმძაფრეცა და იუმორიც, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჰქონდა დატოვებული.
თავიდან ეკლესიისკენ წავიდა, იფიქრა, იქ მივიღებ რჩევას თუ რა წიგნები შეიძლება შევუგზავნო პატიმარსო, მაგრამ გზაში ეს იდეა ზედმეტად ამბიციურად მოეჩვენა, მისთვის ეკლესია ნამდვილად არ იყო ის ადგილი სადაც სწორ რჩევას მიიღებდა, თუნდაც საეკლესიო ლიტერატურის შესახებ, ამიტომ უპირატესად სასულიერო სემინარია არჩია. სემინარიაც ქალაქის ცენტრში იყო, სულ რამოდენიმე ასეულ მეტრში იმ ეკლესიიდან, რომელშიც თავიდან აპირებდა მისვლას. ნელი სეირნობით მივიდა იქამდე, შესასვლელში მდგომ კარისკაცთან მივიდა და თავაზიანად ჰკითხა, თუ როდის და როგორ შეიძლებოდა რომელიმე ლექტორის ნახვა.
_ კონკრეტულად რომელ ლექტორს ეძებთ? _ კითხვითვე დაუბრუნა დარაჯმა პასუხი.
_ დიდი მნიშვნელობა არ აქვს. _ მიუგო ლეამ.
_ ეგ რანაირად? _ გაიკვირვა დარაჯმა.
_ რაღაც მარტივი რჩევა მჭირდება, და ალბათ მართლა ნებისმიერი შეძლებს ჩემს დაკვალიანებას.
_ მაშინ მე მკითხე, იქნებ მეც კი გიპასუხო!
_ პრობლემა არ არის _ ჩაეღიმა ლეას _ ჩემი ძმა პატიმარია, გუშინ დამირეკა და მთხოვა, საეკლესიო წიგნები შემომიგზავნეო, მე კიდე არ ვიცი რა წიგნები შევიძინო.
_ ჰოოო... _ ჩაფიქრდა დარაჯი _ ალბათ ბიბლია აუცილებელი იქნება, დანარჩენის რა გითხრა, მაგრამ ლექცია რომ დამთავრდება, რასაც დაახლოებით ათიოდ წუთი უნდა კიდე, კითხე რომელიმე სტუდენტს ან ლექტორს.
_ გმადლობ _ უპასუხა და იქვე ჩამოჯდა ათი წუთის გასაყვანად.
გაჩერებაზე დგომის დროს ნახევარზე ნაკლებ ღერს თუ არ ჩავთვლით, მთელი დღე არ ჰქონდა სიგარეტი მოწეული, ტრანსპორტიდან ჩამოსვლისას იფიქრა, სანამ ფიქრობდა რომ ეკლესიაში მიდიოდა, სიგარეტის სუნით არ შევალ ტაძარშიო, მერე სემინარიაზეც იგივე იფიქრა და ასე მიება მოუწეველი წუთები წუთებს, და ახლა კიდე მინიმუმ ათი წუთი, მერე საუბარი ვინმესთან, რომელიც ასევე წაიღებს ალბათ ათიოდ წუთს...
თუმცა ეს ვინმე, თვლიდა რომ აუცილებლად ლექტორი უნდა ყოფილიყო, რადგან სასულიერო სემინარიის სტუდენტი, ვერანაირად ვერ მუხტავდა მის წარმოსახვას დადებითი აურით, პირიქით, ნერვებსაც უშლიდა წარმოსახვაში ის პიროვნება, რომელსაც ეპოქის მოცემულ მომენტში, სურვილი უჩნდებოდა სასულიერო სემინარიაში სწავლის.
არა, რელიგიის, და კონკრეტულად ქრისტიანობის მოწინააღმდეგე სულაც არ ყოფილა, უბრალოდ პოლიტიზირებული რელიგიური მმართველობა, რომელიც საუკუნეა ერთნაირად ცირკულირებდა ქვეყანაში, უფრო ბიზნეს-სექტად მიაჩნდა, და მათ წევრობაზე მეოცნებე ყველა ახალის ფიქრი, მხოლოდ ასეთი წარმოედგინა _ „გავხდები მღვდელი და არაფერი მომაკლდება.“
ასეთ ფიქრებში გაისეირნა ათმა წუთმა, ლექციაც მორჩა და საკვირაო წირვაზე დამსწრე მრევლივით ჩაცმლულმა სტუდენტებმა დაიწყეს კორიდორში ფუსფუსი, ჩაცმულობას ყოველთვის აქცევდა ყუდარღებას ლეა, თუმცა სნობიზმის კუთხით არ მიჰყავდა ეს ყურადღება, მისთვის ტანსაცმელი და მისი ფერები, ბუნებისა თუ განწყობის გამომხატველი იყო, შესაბამ,ისად ვერაფრით წარმოედგინა მის თანამესაუბრედ მოკლემკლავიან, კუბოკრულ პერანგში ჩაცმული, მაჯებზე სრულიად უაქსესუარო ახალგაზრდა, რომლის ყელში შეხსნილი ღილიც მკერდში ჩამალული ჯვრის ძაფს ან ცეფს მალავდა. წელს ქვემოთ ყველას ჯინსი და კლასიკური ფეხსაცმელი ეცვა, თითქოს რაიმე ძალას აეკრძალოს მათთვის კედების ჩაცმაო. მერე უცებ ძმა წარმოიდგინა ასეთ ფორმაში, ასე მოფისფუსე და ამ წარმოდგენამ გულიანად გააცინა, ასეთ ფიქრში და სიცილში გართულს, უეცრად თავზე დარაჯი წამოადგა, საშუალო ხნის მღვდელთან ერთად.
_ გამარჯობა _ მიესალმა ლეას მღვდელი, _ თქვენ მეძებდით?
_ გეძებდით? თქვენ? მე? _ იუკადრისა კონკრეტული პირის ძებნა, _ არა რას ამბობთ, მე უბრალოდ ნებისმიერ ლექტორთან მინდოდა გასაუბრება.
_ მაშინ გისმენთ როგორც ლექტორი _ გაეღიმა მღვდელს.
_ მართლა ლექტორი ხართ? _ ჩაეძია ლეა.
_ კი, ლექტორი ვარ, ძველი აღთქმის საღვთო ისტორიას ვასწავლი. _ ხალისიანად პასუხობდა მღვდელი და ცდილობდა არ შეტყობოდა გოგონას ეჭვებით თავადაც რომ გაკვირვებულიყო.
_ ესეიგი ლექტორი ხართ, და არა მღვდელი? _ სულ დაიბნა ლეა, რადგან რაღაცნაირ კონტრასტში მოდიოდა მის გონებაში აუდიტორიაში მღვდლის მიერ ჩატარებული ლექცია.
_ მღვდელიც ვარ, ლექტორიც და რა აქ მოსატანია, თუმცა საოპერო სიმღერაც შემიძლია, მღვდლობამდე ოპერის მომღერალი ვიყავი _ უცნაური კითხვების დასრულების სურვილის მიზნით, ასეთი ხუმრობა სცადა მღვდელმა.
_ კარგი, გასაგებია, უბრალოდ არ მეგონა მღვდლებს თუ შეეძლოთ ლექციების ჩატარება, როგორც ჩანს ვცდებოდი, ერთი სიტყვით, მე ჩემი პატიმარი ძმის გამო გაწუხებთ, გუშინ მთხოვა, საეკლესიო წიგნები შემეგზავნა მისთვის, მე კიდე მხოლოდ ბიბლია მომდის თავში და მინდოდა ვინმესთვის მეკითხა რჩევა.
მღვდელი ჩაფიქრდა, ჯერ მაღლა აიხედა, ორი თითით წვერი მოისრისა, მერე გოგონას ჩახედა თვალებში, ხელით ანიშნა გარეთ გავიდეთო და გავიდნენ კიდეც სემინარიის ეზოში, რომელიც მდინარის პირას იყო გაშენებული და რამდენადაც სემინარიის, იმდენად ეკლესიის ეზოც გახლდათ.
_ არ მინდოდა ეს სხვების მოსასმენად მეკითხა _ წამოიწყო საუბარი მღვდელმა _ მაგრამ მაინტერესებს, რამდენად ნაკითხია თქვენი ძმა?
_ ჩემი ძმა _ გაეცინა ლეას _ ყველაზე დიდი, თხა და გიგო ჰქონდეს წაკითხული.
_ ცუდად არ გამიგოთ _ მორიდებით საუბრობდა მღვდელი _ საეკლესიო ლიტერატურა არც ისე მარტივი საკითხავია, ფანატიზმში ნუ ჩამითვლით, იმას არ ვგულისხმობ რომ ვერ გაიგებს ან არასწორად გაიგებს, უბრალოდ თუ რამე მარტივი ან, უხეშად რომ ვთქვათ მოდური არ შევურჩიეთ, დაიბნევა კითხვის დაწყებისთანავე და მიატოვებს. ამიტომაც მოდი, ბერი გაბრიელის ცხოვრება ვიშოვნოთ, არამგონია შოვნა გაძნელდეს, ასევე შეგიძლიათ ძველი და ახალი აღთქმის სათვთო ისტორია, ოღონდ ბავშვებისათვის დაბეჭდილი შეიძინოთ, ამ ეტაპისთვის სამწუხაროდ მეტი არაფერი მახსენდება, მაგრამ ბოდიშის მოხდით, რამდენიმე წუთით დამელოდეთ. _ თქვა მღვდელმა და პასუხს არც დაელოდა, შეძლებისდაგვარი, სწრაფი ნაბიჯით წავიდა სემინარიის შენობისკენ.
_ ისევ ლოდინი _ ჩაილაპარაკა ლეამ და მდინარის ხეობას ჩახედა. მოწევის სურვილი ხეობის სილამაზედ აღქმასაც ფარავდა, უცებ წარმოიდგინა თუ რა მოხდებოდა აქ და ახლა სიგარეტისთვის რომ გაეკიდებინა, ალბათ ალაგ-ალაგ მოფუსფუსე, ხელში პატარა ლოცვის წიგნანი და თავსაფრიანი ქალები ჩაქოლავდნენ დაუფიქრებლად.
მართლა მალე დაბრუნდა მღვდელი, ხელში რამდენიმე თხელი წიგნი ეჭირა.
_ ესენი წმინდა მამების მიერ განმარტებებია, შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის, ათი მცნების, ეს კიდე ერთ ერთი ნაკლებად ცნობილი, თუმცა საკითხავად ძალიან საინტერესო წიგნია, წმინდა მამა მამანტის ცხოვრებაზე. _ პატარა პრეზენტაცია მოაწყო მღვდელმა, _ ესეც მისი ხატი, _ თქვა და წიგნების თავზე დადებული ორი თხელი ხატი აიღო, პირველ ხატზე, ლომზე შემჯდარი კაცი იყო გამოსახული. _ ერთი შეხედვით, კანონიკური ხატი საერთოდ არ გეგონება, მისი ცხოვრებაც უფრო ძენ-ბუდისტისას გავს, ამიტომაც არის ასეთი უცხო. აი ეს კი, _ მეორე ხატიც გამოაჩინა მღვდელმა _ წმინდა ნიკოლოზის ხატია, გეცოდინება მის შესახებ, თუმცა არ ვიცი იცი თუ არა, რომ იგი სწორედ სხვა მრავალ განსაცდელში მყოფთან ერთად, პატიმრების მფარველიც არის. ესენი ჩემგან თქვენ, თქვენ კიდე თქვენს პატიმარ ძმას შეუგზავნეთ და თუ რაიმე კითხვა გექნებათ, არ მოგერიდოთ, შემეხმიანეთ.
_ არა რას ამბობთ _ ეუხერხულა ლეას წიგნების გამორთმევა, მაგრამ როდესაც მღვდელმა გაუცინა და კიდე ერთხელ გამოუწოდა საჩუქარი, ჩათვალა რომ თავპატიჟი ბევრად უფრო უხერხული იყო. _ როგორ შეგაწუხეთ _ ჩაილაპარაკა მორცხვად.
_ აბა რა შეწუხება ეგ არის? ეგეც რომ არა, რა სჯობს იმ გრძნობას, როცა ადამიანს რაღაცით ეხმარები. აიღეთ აიღეთ, და მეტიც, სად იხდის სასჯელს თქვენი ძმა?
დაბნეული იყო ლეა, მღვდელი, როგორც ასეთი, რადიკალურად განსხვავებულ არსებად წარმოედგინა, მის წინ მდგარი პიროვნება კი, ნამდვილად გულწრფელი იყო ყველა მის სიტყვაში, და ძალიან შორს მდგომს გავდა ფანატიზმისაგან.
ლეამ უთხრა ძმის ამჟამინდელი ციხე, რომელიც ქალაქის გასასვლელთან მდებარეობდა.
_ თუ მიკადრებთ _ უთხრა მღვდელმა _ ერთი გზა გვაქვს და მე წაგიყვანთ, დანარჩენი წიგნების საყიდლადაც გაგიჩერებთ.
_ ეს მეტისმეტი შეწუხება იქნება _ ამჯერად უფრო მეტად შერცხვა ლეას.
_ ჰო, შორი გზაა, _ დაეთანხმა მღვდელი _ და მართლა იქნებოდა შეწუხება, მაგ მიმართულებით რომ არ მივდიოდე, მაგრამ ახლა მეც ეგ გზა მაქვს, და მთელი გულით გთავაზობთ ჩემს მოკრძალებულ აპარტამენტს.
_ თუ ასეა _ მორცვხვობდა ლეა _ რატომაც არა, მადლობის მეტი რა მეთქმის.
_ წავიდეთ მაშინ _ თქვა მღვდელმა და გასასვლელისკენ გაუძღვა.
რამოდენიმე ლამაზი მანქანის გვერდით, გახუნებული თეთრი ფერის, საბჭოური ნივა იდგა. საქარე მინასთან, ჯვრები და ხატები იყო დაკიდებული. ლეა ახლაღა მიხვდა, მოკრძალებული აპარტამენტი რასაც ნიშნავდა. ჩაჯდა მანქანაში, პირველ რიგში ღვედი მოიზიდა, მაგრამ ვერსად გაუყარა.
_ დიდად არ მიყვარს მღვდლის პრივილეგიებით სარგებლობა, მაგრამ მანამ სანამ ღვედის სამაგრს გავაკეთებ, მიწევს, არ იდარდო, მაინც ნელა დავდივარ, პატრული კი, არასოდეს გვაჩერებს. _ თქვა მღვდელმა, ლეამ კი ღვედი თავის ადგილას დააბრუნა.
თუმცა როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ ღვედი არ იყო პრობლემა, გადაატრიალა თუ არა მღვდელმა გასაღები, მანქანის მატორმა ისეთი ხმა გამოსცა, ადამიანების ენაზე გადათარგმნის შემთხვევაში, აუცილებლად ასე უნდა გამოთქმულიყო _ ჩემდათავად დამქოქავის დედა ვატირე.
შერცხვა მღვდელს, გრძელ თმასა და წვერში, მხოლოდ ღაწვები უჩანდა, და სწორედ იმ ღაწვების აწითლებაზე დაეტყო სირცხვილი. დაბნეულმა გახედა ლეას, გოგონამ გაიფიქრა, ახლა ეს მიწოლას არ მთხოვდეს და სხვა არაფერი მინდაო. მღვდელი კი, თითქოს თავიდან მართლა ამის თხოვნას აპირებდა, მერე კი გადაიფიქრაო, ისე ნერვიულად ჩამოვიდა მანქანიდან და უკვე მეორედ სთხოვა ლეას, სულ ერთი წუთით დამელოდეო.
_ იოანე, ბიჭო, იოანე _ მოესმა ლეას რამოდენიმე წამში მღვლის ხმა.
_ გისმენთ მამაო _ პასუხი უფრო შორიდან ისმოდა.
_ მიდი ორი სამი ბიჭი ნახე და უცებ მოდით აქ,
რამოდენიმე წამში კუბიკრულ პერანგიანი ბიჭები აწვებოდნენ მღვდლის მანქანას, რომელმაც ცოტა კიდევ წაიზარმაცა მაგრამ საბოლოოდ მიხვდა რომ სხვა გზა არ ჰქონდა და დაიქოქა.
_ ასე მაწვალებს ხოლმე, _ უხერხულობიდან რამე ფრაზას უნდა გამოეყვანა მღვდელი.
_ რა პრობლემაა _ დაამშვიდა ლეამ.
_ ახლა წიგნების მაღაზიასთან გაგიჩერებ, და თუ არ მიწყენ, მე არ გადმოგყვები, თორემ ძრავი თუ ჩავაქრე, შეიძლება ისევ გაუჭირდეს გაშვება, ამიტომ...
_ კარგი რა პრობლემაა, ჩაწერილი მაქვს რაც უნდა ვიყიდო _ თქვა ლეამ და ტელეფონი მოიმარჯვა, რომელშიც დიდი ასოებით ეწერა _ მამა გაბრიელის ცხოვრება, ძველი და ახალი აღთქმის საღვთო ისტორია, ბრჭყალებში საბავშვო, და ბოლოს ბიბლია.
წიგნები მალევე იყიდა, მანქანაში დაბრუნდა და გზა განაგრძეს.
_ ბოდიშს გიხდით არეულობისთვის, _ კიდე ერთხელ გაუსვა ხაზი მის არაკომფორტულ ავტომობილს მღვდელმა.
ლეა დაფიქრდა, შეეცადა რამე პოზიტივი ეპოვნა ირგვლივ, რითაც დაამშვიდებდა მღვდელს, და იპოვნა კიდეც, როცა სიჩუმეში ღრმად შეისუნთქა, საკმევლის სუნი იგრძნო.
_ მომწონს ეს მანქანა, სახლს მახსენებს. _ თქვა ბოლოს.
_ შენი სახლიც ასე მოუწესრიგებელია? _ გაეცინა მღვდელს.
_ არა, უბრალოდ, მანამ, სანამ მშობლებთან ვცხოვრობდი, პატარა საეკლესიო კუთხე გვქონდა, იქედან სულ საკმევლის სუნი მოდიოდა, საკმევლის და ზეთის, ისევე როგორც თქვენს მანქანაშია.
მღვდელი ოციოდ წამით გაჩუმდა, აშკარა იყო, ესიამოვნა გოგონას კომენტარი, ბოლოს ისე მორცხვად და ბავშვურად მოიხადა მადლობა, ლეამ გაიფიქრა, ახლა წამოვიწევი და ლოყაზე ვაკოცებ, ისე საყვარელიაო, თუმცა მხოლოდ გაიფიქრა, განხორციელებაზე არც უფიქრია, ამასობაში, მივიდნენ კიდეც დანიშნულების ადგილას.
_ აბა, ბედნიერად, _ უთხრა მღვდელმა _ ძმას კი სულიერი მხნეობა და მოულოდნელი თავისუფლება.
_ დიდი მადლობა _ გაუცინა ლეამ, _ ბედნიერად _ დაემშვიდობა, ცოტა ხანს თვალი გააყოლა მანქანას, და მაშინვე, როგორც კი დისტანციამ გადაყლაპა, გიჟივით ეცა ჩანთას, სიგარეტი ამოიღო და ისე ღრმად ჩაუშვა ნიკოტინი ფილტვებში, თითქოს მთელი განვლილი ცხოვრება ელოდებოდა ამ მომენტსო.

გაგრძელება იქნება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები