პროლოგი არ ჰგავსო სხვებსო, ასე ლაპარაკობდა ხალხი სოფლის ბოლოში მცხოვრებ ერთ მოხუცზე. არავინ იცის რამდენი ხანია რაც ეს კაცი ამ სოფლის მშვიდ გარემოს შემოკედლებია, თუმცა რჩებოდა შთაბეჭდილება რომ ის ამ მიდამოს მუდმივი მაცხოვრებელი გახლდათ. არავინ უწყოდა როდის ჩამოსახლდა სოფელში ან იქნებ არც არასდროს უცხოვრია სხვაგან და მუდამ აქ იყო, მათ შორის?! ყველას თვალწინ და ყველასგან მალულად დადიოდა ცოცხალი აჩრდილი. ის უბრალოდ არსებობდა, ცხოვრობდა თავისი ცხოვრებით, არ აწუხებდა არავის, თვალში არავის ეჩხირებოდა და სწორედ ამიტომაც დაავიწყდათ მისი არსებობა და სანამ სოფლის ერთ ნაწილს იმის სჯეროდა, რომ ის მუდამ აქ ცხოვრობდა და იხსენებდნენ თუ როგორ ესალმებოდნენ მას და ალბათ სადღაც, რომელიღაც შარა გზაზე თუ ორღობეში უსაუბრიათ კიდეც რაიმე უბრალო თემაზე, იმდენად გაცვეთილზე და მოძველებულზე, რომ ორ წუთში უკვე გონებიდანაც კი შლიდნენ ჯერ ლაპარაკს, ხოლო შემდეგ თავად მოსაუბრესაც, ამ დროს სოფლის მეორე ნაწილი იმას გაიძახოდა რომ ის აქამდე სოფელში არასოდეს უნახავთ. ის უბრალოდ ვიღაც ახალ ჩასახლებული, მარტოხელა მოხუცი კაცი იყო კონწიალა სკამით, რომელმაც ქალაქის ხმაურისგან დაღლილმა არჩევანი ამ მშვიდ, პატარა და ლამაზ სოფელზე შეაჩერა და შემდეგ უბრალოდ აქ ცხოვრება განაგრძო. სოფელი ორ ნაწილად კი მხოლოდ იმიტომ გაიყო რომ სახლი, სადაც პეტრე ცხოვრობდა სოფლის ბოლოში გახლდათ, სადაც ხალხის არც თუ დიდი ნაწილი ხვდებოდა და შესაბამისად იმის გარკვევაც რთული იყო, ცხოვრობდა თუ არა ოდესმე ამ სახლში ვინმე. პეტრესთვის კი მნიშველობა არ ჰქონდა რას ფიქრობდა ხალხი. ის უბრალოდ ცხოვრობდა. მისთვის დღე გათენებასთან ერთად იწყებოდა, სანამ ცას ჯერ კიდევ პირი გაუხსნია და მზის პირველი სხივი დედამიწის ჩაბნელებულ კუნჭულებს გაანათებდა, ის უკვე ფეხზე იყო და გარედან რამოდენიმე შეშა შემოეტანა და აწ უკვე ანთებულ ფეჩზე დამდგარი წყლით სავსე ჩაიდნის ადუღებას ელოდა. საბოლოოდ, ჭიქა ჩაითა და ძველი დღიურით ხელში, გარეთ, თავის კონწიალა სკამზე ჩამოჯდებოდა, ფეხებზე პლედს მოისხამდა და გაჰყურებდა მშვენიერ აისს. ამ დროს ის ყველაზე ნაკლებად ფიქრობდა, სწორედ ამიტომაც იყო მისთვის დილა დღის ყველაზე საყვარელი პერიოდი. პეტრემ ცარიელი ჭიქა კიდევ ერთხელ შეავსო და ჭიქაში წყლის ჩასხმასთან ერთად მისი თითქმის მოდუნებული და ფიქრებისგან ცარიელი თავი ისევ ფიქრებით აივსო. არ იცოდა საიდან, მაგრამ სწორედ მეორე ჭიქა ჩაი იყო მისი ფიქრების უშრეტი წყარო. ჩაით სავსე ჭიქით კი კვლავ კონწიალა სკამს მიაშურა თმასა და წვერში ოდნავ ჭაღარა შეპარულმა მოხუცმა, დადარდიანებული სახით რომ შეჰყურებდა მისი აივნის წინ აღმართულ მთებს ნაბადასავით რომ შემოურტყიათ ნისლი და ამაყად გადმოჰყურებენ მათ საბადებელს. პეტრესთვის უცნაურიც კი იყო ეყურებინა მის წინ აღმართულ, თითქმის არარეალური, ზღაპრული კლდეებისთვის, მთებისთვის, რომელთა ისტორიაც და სიამაყეც ყველასა და ყველაფერზე იმდენად აღმატებული და მრავალსაუკუნოვანი იყო, რომ ნებისმიერი ადამიანის არსებობას ეჭვქვეშ დააყენებდა. თავად პეტრეს კი უკვე დაჰკარგვოდა საკუთარი თავის შეგრძენების უნარი, ის არსებობდა არსებობისთის, სიცოცხლისთვის, იმისთვის რომ არ მომკვდარიყო, რამეთუ მან არ იცოდა თუ რა იყო თავისუფლება, იმდენად მიჯაჭვული გახდა საკუთარ სახლზე რომ დაავიწყდა მის გარშემო არსებული სამყარო, მისი სიდიადე და განუსაზღვრელობა და შეგრძნება ამ ქვეყნად არსებობისა. ის იჯდა სკამზე, უყურებდა გარემოს და არავინ ითხოვდა მისგანს მიზანს, უბრალოდ არსებობდა სამყაროში, სადაც იღებდა სიამოვნებას პროცესისგან, რამეთუ რეალურ ცხოვრებაში იყო მხოლოდ ტკივილი, იმედგაცრუება, უიმედობა, სევდა და სიბოროტე. ცხოვრება კი გრძელდება და მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პასუხი მიიღოს მისი ცხოვრების ძირითად კითხვაზე. მას ყველაფერი დაავიწყდა, დაავიწყდა ვინ იყო, საიდან მოდიოდა, საით მიდის და საბოლოო დანიშნულებაც ბუნდოვნად ჩანდა, თუმცა ვინ იცის ამ დროის განმავლობაში რამდენჯერ დაუწყია და არ დაუმთავრებია ან მალე ამთავრებდა დაწყებულს, ეზარებოდა, წუწუნებდა, არ მიდიოდა, ეძინა და უფრო ხშირად არც ეძინა, უტირია, დაუბრალებია, სძულდა, ჰყვარებია, გიჟდებოდა, მერე ფეთქდებოდა, ჩუმდებოდა, ყვიროდა, მარტო იყო ხალხში და უფრო მარტოც მარტოობაში, ყოფილა უიმედოდ, შეშინებია, უფიქრია სიკვდილზე, მერე სიცოცხლეზეც, ხშირად თავიც მოუკლავს, დასწრებია საკუთარ პანაშვიდს და უტირია საკუთარ სასაფლაოზეც... იჯდა პეტრე და მერამდენედ ფიქრობდა უპასუხო კითხვებზე, თუმცა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ჯერ კიდევ სუნთქავდა, ჯერ კიდევ გრძნობდა და ჯერ კიდევ აზროვნებდა. უყვარდა ფიქრი და არც ღალატობდა მას, უყვარდა კითხვა და მასთან ერთად წერა კიდევ უფრო მეტად შეყვარებოდა, განა მისი ბიბლიოთეკის პატრონს, მის ლექსიკონს დააკლდებოდა სიტყვების მარაგი?! წერდა ყველაფერზე, ფიქრობდა ყველაფერზე და ლაპარაკობდა ყველაფერზე, მხოლოდ საკუთარ თავთან, მაგრამ ლაპარაკობდა. მეორე ჭიქა ჩაიც დაცალა და თავში ფიქრების კორიანტელიც ნელნელა დასავლეთიდან მოყოლილმა ქარმა გაიყოლა, მის მაგივრად კი იქ ყოფიერების შეგრძნება დატოვა. სკამიდან წამოდგა, ჭიქა იქვე, მაგიდაზე დადო, ტანისამოსი გამოიცვალა, ბოტები ამოიცვა და შეიარაღებულმა ბაღისკენ გასწია. - პეტრეს გაუმარჯოს, - სალამი ივანე ბატონო, როგორ გიკითხო? - როგორ ვიქნები, ჩემო პეტრე, შვილიშვილების ხელში? სულ ბაბუ, ბაბუს გაიძახიან და წუთით მარტოს არ მტოვებენ, გაგიგია კაცო?! - ჩაიხითხითა ივანემ. - ღმერთმა კარგად ყოფნა არ მოგიშალოს, ჩემო ივანე.- ასე ორი სიტყვით გამოელაპარაკებოდნენ ხოლმე ერთურთს თანასოფლელნი, მშვიდობიან დღეს უსურვებდნენ და კვლავ თავის გზას ეშურებოდნენ. ბაღის კარზე მიმდგარ პეტრეს კი მხოლოდ ერთი რამ უტრიალებდა თავში და მოსვენებას არ აძლევდა, ვერაფრის დიდებით ვერ იხსნებდა თუ საიდან, როგორ ან რამ გადააწყვეტინა ამ სოფელად ჩამოსვლა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. და მართლაც საიდან, როგორ, ან რამ გადააწყვეტინა ამ სოფელად ჩამოსვლა.?! და მართლაც საიდან, როგორ, ან რამ გადააწყვეტინა ამ სოფელად ჩამოსვლა.?!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|