#ლიტმცოდნეობითი_ოპუსები ნინო დარბაისელი
ხვარამზე 2024
ეს დღეები მთიელ ხვარამზეზე ფიქრში გავატარე, კონკურსის მასალებს ვეცნობოდი. “ხვარამზეობა” - ეს არის ქართველ ქალთა სიყვარულის ულამაზესი, დაუვიწყარი დღესასწაული, რომლის შესახებაც მხოლოდ მსმენია და დასწრებით კი დიდი სურვილის მიუხედავად, შორს ყოფნის გამო არასოდეს დავსწრებივარ. სულ ვთხოვ ხოლმე მონაწილეებს, ფოტოები ბევრი დადეთ, დავათვალიეროთ მაინც შორს მყოფებმა-მეთქი. ჩვენ, ჩემი თაობის პოეტებს, შეიძლება ითქვას, რომ გურამ ასათიანმა გვასწავლა სიყვარული. მეც ერთი იმათთაგანი ვიყავი, ვინც ზეპირად იცოდა მისი წერილი ,,ასე უყვარდათ საქართველოში”. ამ წერილით ვიკვალავდით გზას ქართული პოეტური სიყვარულის მრავალწლოვან ლაბირინთში. ეს იყო ჩვენი ორიენტირი! გავიდა დრო, ნახევარი საუკუნე და მეხსიერებიდან ბევრი თან გაიყოლა, გარდა წერილის ფინალისა, რომელიც მგონია, ყველა ქართველმა დღესაც ზეპირად იცის:
“ინავლება სიყვარულიც, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ბროწეულის ლორთქო ფესვები კადნიერად გაჰკვეთენ ქვიან ბალავარს და სარკოფაგის ათაწლოვანი სიგრილიდან კვლავ ამოგიზგიზდება „ვით ბაზმა გაუქრობელი“ ჩვილი, უმწეო, სამარადისო ხმა: “– ძევახ, სიცოცხლეო ჩემო!” (თუ სადმე შემეშალა ციტირება, მაპატიეთ, ზეპირია) არ ვიცი, რატომ, აქ , ფინალში საიდანღაც, შორიდან სულ ლეონიძის ბუხუნა ხმაც მესმოდა, ალბათ ბროწეულის ხსენებისა და მარიტას სახების ლანდად გამოჩენის გამო. ახლა ვცადე გამეხსენებინა, რას ამბობდა გურამ ასათიანი ხვარამზეს შესახებ და ვერ გავიხსენე. ვინც არ იცის, ვეტყვი, ხოლო ვინც იცის, შევახსენებ, რომ ეს წერილი “სიყვარულის წიგნისთვის” დაიწერა და შიგ “ხვარამზეს ლექსი” ნამდვილად იყო შეტანილი. ხოლო ეს წერილი-შედევრი - თავიდან ჩაფიქრებული იყო, როგორც თავისებური მიმოხილვითი კრიტიკული გზამკვლევი წიგნისათვის. ვიწვალე, ვიწვალე და ვერაფერი გავიხსენე. დავურეკე საქართველოში ერთ მეგობარს, რომელიც მუდამ ანონიმად დარჩენას ამჯობინებს, გვერდების ,,სქრინშოთები” გადმომიყარე- მეთქი. წავიკითხე… გულწრფელად გითხრათ?! ფინალით ისევ აღტაცებული დავრჩი, დანარჩენი ტექსტი კი ნაკლულოვანი მეჩვენა. ვიფიქრე, მარტო ხვარამზე კი არა, საერთოდ, სად არის ქართველი პოეტი ქალების ხსენება-მეთქი?! როგორ შეიძლებოდა ეს ბატონ გურამს დამართოდა? ფინალამდე ქალის ხმა ვერსად გავიგონე. თანაც თავად კრებულში ხომ არაერთი ქალის ლექსიცაა შეტანილი…
*** მე არაერთგან მითქვამს, რომ უმთავრესი ნიშანი თანამედროვე ქართული პოეზიისა - მისი გაქალურებაა. ავტორთა გადამწყვეტი უმრავლესობა დღეს ქალია და მათი წყალობით, სიყვარულის ქალურ აღქმა- ხედვა-განცდას უფრო ვეცნობით, არეშემოზღუდული მამაკაცი პოეტები კი თითქოს მთლად ჩაკეტილ წრეში მოექცნენ პოეზიის ამ ფემინიზაციის გამო. პოეზიის თემატიკას თუ მის კვინტესენციამდე დავიყვანთ, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს - მუდამ სიყვარულია ეპოქებისა და ესთეტიკური კონტექსტის შესაბამისად, მის მრავალფეროვან გამოვლინებაში. უტრირებას თუ მივმართავდით, შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ის ლექსიც კი, რომელიც ჩანს, რომ სიყვარულზე არ არის - სინამდვილეში - სიყვარულზეა. ქართულ პოეზიაში ხომ საუკუნეთა მანძილზე სიყვარული “ღიად” წამყვანია. “ჩემი ტრფობაც რომ ქართულია” (პ. იაშვილი) ვცდილობ, ახსნა მოვუძებნო იმ ამბავს, რომ გურამ ასათიანი ხვარამზეზე, მის წყურვილმოუკლავ სიყვარულზე არაფერს ამბობს … (არადა, როგორ მოიხდენდა მისი წერილი!) ვფიქრობ, რომ გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში ხვარამზის ამბები არ იყო სათანადოდ ყურადღებამიქცეული, კონკურს “ხვარამზის” ერთი ძირითადი მიზანი ხომ ქართული სიტყვის, ქართული პოეტური ღირებულებების შენარჩუნება - განვითარებასთან ერთად ამ დიდი ქალი პოეტის ღირსეული დაფასებაცაა. მე, როგორც ჟიურის წევრმა, ჩემი საქმე დავასრულე და მინდა ვაღიარო, სუსტი ლექსი -თითქმის არ შემხვედრია. ნებისმიერი კონკურსი მოწოდებული უნდა იყოს იმისთვის, რომ კარგთა შორის საუკეთესოს გამოვლენას მოემსახუროს. მჯერა, კონკურსი “ ხვარამზე” ამჯერადაც ღირსეულ გამარჯვებულს გამოავლენს. ამჯერადაც გაიმართება პოეზიის ზეიმი! წარმატება მის ყველა მონაწილესა და მესვეურებს, ასევე ყველასა და თითოეულს, ვინც ერთგულად მხარში უდგას მათ!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. რა კარგი გადმოცემაა,არადა პოზიციონირებისთვის ქართული დღითიდღე ძველდება. რა კარგი გადმოცემაა,არადა პოზიციონირებისთვის ქართული დღითიდღე ძველდება.
1. კონკურს"ხვარამზის" ჟიურობა დიდი დაფასებაა და ნამდვილად ობიექტური იქნებით. წარმატება თქვენ და ყველა მონაწილეს! კონკურს"ხვარამზის" ჟიურობა დიდი დაფასებაა და ნამდვილად ობიექტური იქნებით. წარმატება თქვენ და ყველა მონაწილეს!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|